№45 როგორ გაძარცვა ბუდაპეშტის ბანკი ქართველ სპორტსმენთა ბანდამ
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ქართველებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უპრეცედენტო დანაშაული ჩაიდინეს, რომლის გახსნაც კარგა ხანს ვერ ხერხდებოდა და მხოლოდ მას მერე გახდა ცნობილი ყველა დამნაშავის ვინაობა, როდესაც უმეტესი მათგანი ცოცხალი აღარ იყო, თუმცა პასუხისგებაში ვერც ცოცხლებს მისცემდნენ დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის გამო.
დღევანდელი პუბლიკაციის მონაწილეთა ვინაობები და პროფესიები შევცვალეთ და ვწერთ, რომ ისინი სპორტსმენები იყვნენ. ამიტომ, მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
მოლაპარაკება
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მილიციის სამმართველოში განგაშის ზარი 1971 წლის 26 აპრილს, დილის 11 საათზე შევიდა. ორშაბათი დღე იყო და უნგრელი მშრომელები უქმეების შემდეგ სამუშაო ადგილებს უბრუნდებოდნენ. კაპიტანი შანდორ გაბორიც საკუთარ კაბინეტში იჯდა, როდესაც მას მორიგემ დაურეკა და შეატყობინა:
– მეექვსე შემნახველ ბანკში შეიარაღებული მძარცველები იმყოფებიან და მძევლები ჰყავთ. მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას დახოცვით იმუქრებიანო.
კაპიტანი გაბორი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც მის კოლეგებს უკვე ალყა შემოერტყათ ბანკისთვის და ცნობისმოყვარეების ბრბოს გარეკვას უშედეგოდ ცდილობდნენ. კაპიტანი სპეციალურ ავტოფურგონში ავიდა, რომელშიც კომუტატორი იყო მოწყობილი. ბანკში დარეკა და მძარცველს ჰკითხა, რას მოითხოვდა. ახალგაზრდა მამაკაცის ხმამ კი კაპიტანს მშვიდად უპასუხა:
– ვითხოვთ ფურგონიან მანქანას, რომელიც აეროპორტში წაგვიყვანს. იქ კი – თვითმფრინავს, რომ დასავლეთ გერმანიაში ჩავფრინდეთ. თუ ორი საათის განმავლობაში არ შეასრულებთ ჩვენს პირობებს, ყველა მძევალს დავხოცავთ.
გაბორმა აუხსნა მძარცველს, რომ ორი საათი ძალიან მცირე დრო იყო და რვა საათი მოითხოვა. საბოლოოდ კი მოლაპარაკება იმით დასრულდა, რომ ოთხ საათზე შეთანხმდნენ, ამასთან, დღის სამ საათზე ბანკთან ავტოფურგონი უნდა მდგარიყო, აეროპორტში კი – თვითმფრინავი.
გაუჩინარებული 5 მილიონი
კაპიტანი გაბორი თავის უშუალო ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, ისინი კი – ქვეყნის პარტიულ ელიტას და გადაწყვეტილებაც მათ მიიღეს. უნგრეთის მეთაურმა იანოშ კადერმა შინაგან საქმეთა მინისტრს უთხრა:
– მძევლების გათავისუფლების ოპერაცია არ ჩაატაროთ, რომ მსხვერპლი არ იყოს. ბოროტმოქმედებს ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილეთ. დაე, ჩავიდნენ ისინი დასავლეთ გერმანიაში. მათ ლიდერს უკვე შევუთანხმდი. როგორც კი მძარცველები იქ ჩავლენ, მათ ადგილობრივი პოლიცია დააპატიმრებს, ჩვენ გადმოგვცემენ და შემდეგ მივხედავთ.
და, მართლაც, როგორც შეთანხმდნენ, დღის 3 საათზე ბანკთან ფურგონიანი ავტომობილი იდგა. აეროპორტში კი – გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი. გაბორმა კომუნიტატორიდან ბანკში დარეკა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. შემდეგ მძარცველებს მეგაფონით მოუწოდა – არ მესროლოთ, უიარაღოდ ვარო და ხელებაწეული შევიდა ბანკის შენობაში. იქაურობა სიმშვიდეს მოეცვა, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ერთ-ერთ ოთახში კი ორმოცი მძევალი იყო გამომწყვდეული. მათთვის თავზე ტომრები ჩამოეცვათ და პირზე კი „სკოჩი“ აეკრათ. შენობის დათვალიერებისას კი ბანკის ტუალეტში ოცდათხუთმეტმეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც მოპირდაპირე საცხოვრებელი სახლის სარდაფში ამოდიოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ადგილი ჰქონდა აფერას. ანუ, როდესაც მძარცველებმა ბანკის კარიდან ვერ შეძლეს გასვლა, რადგან ერთ-ერთმა თანამშრომელმა საგანგაშო ღილაკს დააჭირა თითი, ბოროტმოქმედებმა წინასწარ გათხრილი გვირაბით ისარგებლეს და თან ხუთი მილიონი დოლარიც გაიტაცეს, რომელიც სეიფიდან აიღეს.
შესანიშნავი შვიდეული
2011 წელს ახალი ზელანდიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა, 62 წლის უნგრელმა ქალბატონმა ურსულა ბალინტმა ბუდაპეშტის პოლიციას განუცხადა, რომ მზადაა, დაწვრილებითი ჩვენება მისცეს 1971 წლის 26 აპრილის ბანკის ძარცვის თაობაზე და იმ ორმოცი წლის წინანდელი გახმაურებული ძარცვის ყველა მონაწილე დაასახელოს. ბალინტის რედაქტირებული ჩვენება ასეთია: „ურსულას მეუღლე, შანდორ ბალანტი მოჭიდავე იყო და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა თავის ქართველ საბჭოთა კოლეგებთან, რომლებთან ერთადაც ხან უნგრეთში, ხან კი საბჭოთა კავშირი ერთობლივ წვრთნებს ატარებდა. სწორედ მათ წრეში წამოაყენა მერაბ ლესელიძემ ბანკის გაძარცვის იდეა. შეიმუშავეს შესაბამისი სტრატეგიაც. იმ ორი თითოთვიანი მომზადების პერიოდში, როდესაც ქართველი მოჭიდავეები უნგრეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ, გაითხარა 35 მეტრის სიგრძის გვირაბი და ყველაფერი მზად რომ იყო, 26 აპრილს საქმეც გაკეთდა. ბანკში შვიდი ადამიანი შეიჭრა, რომლებიც ხისგან გამოთლილი, შეღებილი იარაღებით იყვნენ აღჭურვილი. ბალინტისა და ლესელიძის გარდა, ძარცვაში მონაწილეობდნენ ომარ გაგუა, ბადრი კაკაურიძე, ბადრი ზანდუკელი, გურამ ხარაიშვილი და მერაბ მეუნარგია. როდესაც საქმე გაკეთდა და მძარცველებმა ფული ბანკიდან გამოიტანეს, მთელი თანხა ბუდაპეშტის გარეუბანში, ცოლ-ქმარი ბალინტების აგარაკზე გადამალეს. გეგმის მეორე ნაწილის მიხედვით, სწორედ ცოლ-ქმარმა ბალინტებმა უზრუნველყვეს თანხის შვეიცარიაში გატანა და ბანკში შენახვა. გეგმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ქართველი მოჭიდავეები რომელიმე უცხოური შეჯიბრების დროს არალეგალურად უნდა დარჩენილიყვნენ კაპიტალისტურ ქვეყანაში და ნაძარცვი თანხა მიეღოთ. გეგმა წარმატებით განხორციელდა და „შესანიშნავი შვიდეული“ პლუს ურსულა ბალინტი 1973 წლის მაისში მიუნხენში შეიკრიბნენ და ყალბი საბუთებით აღჭურვილები 5 მილიონი დოლარით, ოკეანისგაღმა გაემგზავრნენ, სადაც თავ-თავიანთი ბიზნესები შექმნეს“. ბალინტები ახალ ზელანდიაში დასახლდნენ. შანდორის გარდაცვალების შემდეგ ურსულა სამშობლოში დაბრუნდა და ძველი საქმე გახსნა. იმ პერიოდისთვის, ამ საუკუნის დანაშაულის ქართველ მონაწილეთაგან მხოლოდ მერაბ ლესელიძე და ომარ გაგუა (ის 2013 წელს გარდაიცვალა) იყვნენ ცოცხლები, თუმცა მათი დაკითხვაც კი არავის უცდია.
მერაბ ლესელიძე დღეს 73 წლისაა, ურუგვაიში ცხოვრობს და ავტოგაქირავების ბიზნესს ფლობს.