კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ მოუხადა ლაშა-გიორგიმ ბრძოლის შემდეგ დიდებულებს ბოდიში და როგორ გამოიწვია მათმა აღზევებამ დიდი საქართველოს დაცემა

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე თამარ მეფემ ივანე მხარგრძელს ამირსპასალარობა და ათაბაგობა უბოძა. ათაბაგობა მანამდე არ არსებობდა საქართველოს სავაზიროში. ივანე ძალიან პატივმოყვარე ადამიანი გახლდათ. თურქულ სამყაროში ათაბაგები უფლისწულის აღმზრდელებად ითვლებოდნენ, მოგვიანებით კი ეს ტიტული დამოუკიდებელი მთავრების სტატუსს აღნიშნავდა, ან – საპატიო წოდებას. იმდროინდელ საქართველოში ვაზირთა შორის უპირველესად ითვლებოდა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, მაგრამ ივანემ თანდათანობით დაჩრდილა ისიც და სხვებიც და სამეფოში ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა.
თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ განძა განდგა და ხარკის მოცემაზე უარი თქვა. განძის დასარბევად გაემართა ჭაბუკი მეფე დიდი სპით. განძელებმა ვერ გაუბედეს ბრძოლა და ქართულმა ჯარმა ადვილად დაიკავა საათაბაგო. მრავალი ტყვედ აიყვანეს და მიადგნენ განძას.
განძის ათაბაგი ქალაქში გამაგრდა. ქართულმა ლაშქარმა არ შეუტია ქალაქს, რადგან მსხვერპლს მოერიდა (სხვათა შორის, ორივე მხრიდან შესაძლო მსხვერპლს).
მხოლოდ ქალაქის კედლებთან იმართებოდა ჩალიბად, ერთი-ერთზე ბრძოლა. ურჩეულესი მეომრები ერკინებოდნენ ერთმანეთს.
ახალგაზრდა მეფემ მცირედი ნაწილებით მოისურვა ქალაქისთვის გარეშემოვლა, შემოუარა ქალაქს მტკვრის გადავლით და მიუახლოვდა კარიბჭეს. შეამჩნიეს ქართველთა მეფე და მისი ნაწილების სიმცირე განძელებმა და ათი ათასი მეომარი გამოუხტა მას გასანადგურებლად.
ქართველები ოთხი ათასი იყვნენ მხოლოდ, მათ შორის უმეტესი – მესხები.
ქართველთა ძირითადი ნაწილები ქალაქისგან მოშორებით იდგნენ.
გულუშიშარმა ლაშამ არად ჩააგდო ქალაქიდან მოულოდნელად გამოვარდნილი განძელების სიმრავლე. მისმა ერთგულმა მეომრებმა, რომელთაც სასიკვდილო ხიფათი დაემუქრათ, იყვირეს:
„მეფეო, სიკვდილამდე ვიბრძოლებთ, თავს დავდებთ და არ შევარცხვენთ შენი მეფობის პირველ ომს!” – და მიეტევნენ მტერს.
მედგრად დახვედრილმა ქართველებმა უამრავი განძელი დახოცეს. თვით ლაშა-გიორგი წინამბრძოლობდა მხნედ და ძლიერად, გოლიათივით და თავისი ვაჟკაცური მკლავით მუსრავდა მტერს. მასთან ერთად წინამბრძოლობდნენ: ყვარყვარე ჯაყელის უფროსი ძე, ბიბილა გურკლელი, ბოცო ბოცოს ძე.
განძელებმა სიმრავლით ვერ შეძლეს ქართველთა დაძლევა, სწრაფად მიტრიალდნენ და გაიქცნენ ქალაქისკენ. ქართველებმა ჭიშკრამდე სდიეს და მცირე ნაწილმაღა შეასწრო ქალაქში.
ქართველთა სხვა ნაწილებმა რომ შეიტყვეს, მეფე ხიფათშიაო, მყის გამოიჭრნენ ხელმწიფის დასახმარებლად, მაგრამ ლაშა-გიორგის შენაერთი მათ გარეშეც გაუმკლავდა მტერს.
საშველად მოსულმა ნაწილებმა მეფე უვნებლად დაცული იხილეს და სიხარულით აღივსნენ. მაგრამ, მეფის ხიფათში ჩავარდნისა და შეუთანხმებლობის გამო დიდებულები გაბრაზდნენ და აცხადებდნენ, რომ აღარ სურდათ ლაშქრობაში ყოფნა და არც მეფის კარზე გაჩერდებოდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ივანე მხარგრძელი. ათაბაგი და ამირსპასალარი, ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანი. შემცბარი ახალგაზრდა ხელმწიფე ჩამოხტა ცხენიდან, აღვირში ხელი სტაცა მხარგრძელის ცხენს და თავისი გამოუცდელობით ჩადენილი შეცდომისთვის შენდობა ითხოვა.
დიდებულები იქნებ მართლები იყვნენ, მეფეს არ უნდა გაერისკა ასე თავისი სიცოცხლით, მაგრამ, ამ ეპიზოდში მაინც ჩანს სახელმწიფო კრიზისის დასაწყისი.
გავიდა რამდენიმე წელი. ლაშა-გიორგი გარდაიცვალა.
1223 წელს ლაშას ანდერძის მიხედვით, დროებით გამეფდა რუსუდანი. ივანე მხარგრძელის ხელში დიდი ძალაუფლება იყო თავმოყრილი, ის იყო ამირსპასალარიც – სამხედრო მინისტრი. მის საგამგებლოში შედიოდა ქვემო ქართლის სამხრეთი და ასევე, სომხეთის დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში იყო. გადამწყვეტი სიტყვა სამეფო კარზე ივანე მხარგრძელს ჰქონდა.
საქართველოს სახელმწიფო დიდ კრიზისს განიცდიდა.  სახელმწიფოს არ ჰქონდა მკვეთრად ჩამოყალიბებული მოქმედების გეგმა და არც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ ჰქონდა ნათელი წარმოდგენა.  ამას ემატებოდა,  ზოგიერთი დიდებულის მეტისმეტად აღზევება, დიდ არისტოკრატთა პირადი ინტერესები და მოუქნელი სახელმწიფო მანქანა. რაც მთავარია, ქართულ სახელმწიფოს არ ჰყავდა ძლიერი მეთაური – მეფე, მამაკაცი.
იმ დროს საქართველოში მოღვაწეობდნენ დიდი მეომრები თორელთა საგვარეულოდან – ძმები, შალვა და ივანე ახალციხელები.
შალვა ახალციხელი  – „არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი“. სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სარდალი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ვაზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდგომ მანდატურთუხუცესი), ერისთავთ-ერისთავი. და ივანე კარის (ყარსის) ათაბაგი. მათი გმირობა და სწორუპოვრობა, ხშირ შემთხვევაში, სხვისი სამხედრო მარცხის გამოსწორება, თავდადებული ქართველობა და პატიოსნება შურის საგანი გახდა ზოგიერთი დიდებულისთვის, განსაკუთრებით, ივანე ათაბაგისთვის.  
1225 წელს საქართველოს სამფლობელოებს მოადგა ხვარაზმის ყოფილი სახელმწიფოს უკანასკნელი შაჰი და სულთანი ჯალალ ად-დინი.
 ქართული სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა ჯალალედინის შემოსევას.
1225 წელს ჯალალედინი დიდი ჯარით მოადგა საქართველოს სომხურ ქალაქ დვინს. საქართველოს სამხედრო უწყებამ ძალიან იჩქარა და შესაძლო ჯარის სრული რაოდენობა არ გამოუყვანია ბრძოლაში.
მოწინააღმდეგენი ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ გარნისის ველზე, სომხეთში. ამირსპასალარ ივანე მხარგრძელს გადაწყვეტილი ჰქონდა თავდაცვითი ხაზის დაკავება და ამიტომ, მაღლობზე გამაგრდა. მესხები, შალვა და ივანე ახალციხელების მეთაურობით, წესისამებრ მეწინავედ განაწყვეს.
როდესაც ჯალალედინის ბრბოები დაიძრნენ, მესხებს, რომელთა რიცხვი 4 000 იყო, სხვა არაფერი დარჩენოდათ, გარდა შეტევისა. პირველ ხანს წარმატებული შეტევაც განახორციელეს. თუმცა, მაჰმადიანთა ძალები გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, ამიტომ ახალციხელებმა რამდენჯერმე მიმართეს მთავარ შტაბსა და ამირსპასალარს, დამხმარე ძალების მიშველების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ქართველი ისტორიკოსი ამას შურს აბრალებს, რომელიც აღძრული იყო ივანე ათაბაგის გულში ახალციხელებისადმი. შესაძლოა, ივანე მხარგრძელი ბრძოლას წაგებულად თვლიდა და ზედმეტ მსხვერპლს მოერიდა, თუმცა, ამგვარად, მესხები მაინც განწირული აღმოჩნდნენ. მათი განადგურების მერე კი – მთელი ჯარი.
ძირითადმა ძალებმა არაორგანიზებულად დაიხიეს უკან. უკანდახევისას კი, ადგილობრივი ტერიტორიის არცოდნის გამო, მსხვერპლიც საკმაო იყო.
სანამ შეეძლოთ, გაუძლეს მესხებმა ჭარბი ძალების შემოტევას. ივანე ახალციხელი და მისი ნაწილების მცირე ნარჩენი უკანდახევისას კლდიდან დაგორებულმა ქვებმა იმსხვერპლა. შალვა ახალციხელი კი ტყვედ ჩაუვარდათ მაჰმადიანებს.
ივანე ახალციხელი ბიჯნისის ციხეს შეეხიზნა და მალე იქვე მოკვდა.
დაეცა დიდი საქართველო.
скачать dle 11.3