კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 დაანონსებული შურისძიება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #39-44(931)


„გიურზამ“ ტანსაცმელი გამოიცვალა. გრიმ-პარიკიც სხვა გაიკეთა. ჯიბეში არტურ გროვსის სახელზე გაკეთებული საბუთები ჩაიდო  და „მეტროპოლიტენ ოპერისკენ“ აიღო გეზი, რომ მის დირექტორს, მისტერ ჰიუს შეხვედროდა, რომელსაც ადრევე მოელაპარაკა შეხვედრაზე, თავი კი ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული ჟურნალის კორესპონდენტად გააცნო. „გიურზამ“ ჰიუს ინტერვიუ სთხოვა მომავალ კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ერთი კვირის მერე უნდა გამართულიყო „მეტროპოლიტენში“ და მსოფლიოს ამ უდიდესი ქალაქის იუბილეს ეძღვნებოდა. ამ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა შეერთებული შტატების მთელი მთავრობა, „კონგრესმენები და სენატორები, თვით პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ოჯახებითურთ. ამიტომ მომავალ კონცერტზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იყო მოსალოდნელი და „გიურზა“ სწორედ ამის დასაზვერად შეხვდა ჰიუს და ყალბი ინტერვიუ ჩამოართვა. გამომშვიდობების წინ ჰიუმ „გიურზას“ ჰკითხა:
– მისტერ გროვს, ეს ინტერვიუ როდის დაიბეჭდება?
– კონცერტის დასრულებიდან მეორე დღესვე, – მიუგო „გიურზამ“ და დააყოლა, – მისტერ ჰიუ, ეს პუბლიკაცია იქნება მომავალი გრანდიოზული კონცერტის აღწერა, რომელსაც ლაიტმოტივად თქვენი ინტერვიუ დაედება. მერწმუნეთ, რომ ეს იქნება საუკეთესო პუბლიკაცია და იმედი მაქვს, რომ შეფისგან სოლიდურ ჰონორარსაც მივიღებ.
– ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ჩემო მეგობარო, – გაუღიმა ჰიუმ „გიურზას“. მან კი უთხრა:
– მისტერ ჰიუ, თქვენთან ერთი დელიკატური თხოვნა მაქვს.
–  ბრძანეთ, ჩემო მეგობარო, – მიუგო დირექტორმა.
– მისტერ ჰიუ, როგორც მიღებულია, მსგავსი ღონისძიებების დროს აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეზღუდული გვაქვს ხოლმე გადაადგილების საშუალება, რაც უსაფრთხოების მოსაზრებითაა ნაკარნახევი, – „გიურზამ“ ჰიუს აკრედიტაციის ბარათი უჩვენა და დაამატა, – აი, აქ წერია, რომ „ბ“ და „ც“ სექტორებში მაქვს გადაადგილებისა და სამუშაოს განხორციელების უფლება, ეს მხოლოდ ვესტიბიული და დარბაზია. მთავარი კი „ა“ სექტორია, სადაც ელიტა იქნება თავმოყრილი და ყველაზე საინტერესო სწორედ ამ სექტორში მუშაობაა. კონგრესმენები, მინისტრები, „ვიპ“ სტუმრები, გამორიცხული არაა, რომ თვით  პრეზიდენტსაც კი გავაკეთებინო კომენტარი და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამდიდრდება ჩვენი პუბლიკაცია. ჩემი თხოვნა კი ისაა, რომ თუკი ამის საშუალება გექნებათ, „ა“ სექტორში მომიხერხოთ შესვლა ფოტოაპარატიანად.
ჰიუმ კეთილგანწყობილი თვალებით შეხედა „გიურზას“ და უთხრა:
– კეთილი, ჩემო მეგობარო, მოგიხერხებთ „ა“ სექტორის საშვს. მხოლოდ სიაში უნდა ჩაგწეროთ, არა როგორც ჟურნალისტი, არამედ, როგორც საპატიო სტუმარი.
– გმადლობთ, მისტერ ჰიუ, მაგრამ არაფერი გამოვა, – თქვა „გიურზამ“ და დაამატა, – მე ხომ აკრედიტებული ჟურნალისტი ვარ და საპატიო სტუმრებში ჩემი ჩაწერა არ გამოვა. ერთი და იგივე პიროვნება ორ სიაში, მე მგონი, არ შეიძლება.
ჰიუ წამით ჩაფიქრდა და „გიურზას“ უთხრა:
– ყურებს ნუ ჩამოყრით, ჩემო მეგობარო. ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. „ვიპ“ სტუმრების სიაში ჩემი ცოლის ძმას, არნოლდ კოლიჯს ჩავწერ, ხოლო „ვიპ“ საშვს კი თქვენ გიბოძებთ. საშვებს მათი მფლობელების ვინაობები არ აწერია და „ა“ სექტორში თავისუფლად მოხვდებით. რას იტყვით, კარგად მოვიფიქრე?
– გენიალურად მოიფიქრეთ, მისტერ ჰიუ, – უთხრა „გიურზამ“ დირექტორს. შემდეგ მაგრად ჩამოართვა ხელი, გამოემშვიდობა და წავიდა.
„გიურზა“ არ მოელოდა, რომ ყველაფერი ასე კარგად გამოვიდოდა. ჰიუსთან მისი ვიზიტის მიზანი მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვა იყო და თეატრის დირექტორისა და საერთო მდგომარეობის გაცნობა, უსფართხოების სისტემაში სუსტი რგოლების მოძებნა, რაც პრაქტიკულად, არ არსებობდა. ხოლო „ვიპ“ მოსაწვევის ხელში ჩაგდება კი ძალიან დიდი წარმატება იყო და ამით „გიურზამ“ მომავალ საქმეში დიდი ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება „გიურზას“ ჟურნალისტობასა და წამყვანი ბრიტანული ჟურნალის კორესპონდენტობას, აბსოლუტური სიმართლე იყო და აკრედიტაციაც – ნამდვილი. „გიურზა“, არტურ გროვსის სახელით, მართლაც თანამშრომლობდა ჟურნალთან და აბა, აკრედიტაციაზე როგორ ეტყოდნენ უარს, როდესაც ის შეფ-რედაქტორს მომავალი კონცერტიდან შესანიშნავ რეპორტაჟს შეჰპირდა. კონსპირაციულ ბინაში დაბრუნებულმა „გიურზამ“ გრიმ-პარიკი მოიშორა. შხაპი მიიღო, დატენილი პისტოლეტი ბალიშის ქვეშ ამოიდო და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მომავალი მოქმედების გეგმის შედგენას შეუდგა. თანდათან ძილი მოერია და ჩაეძინა.
***
მას მერე, რაც „გამოძიების ფედერალურმა ბიურომ“ თორნიკე პატარიძე ჩიკაგოს ციხიდან დროებით გამოიყვანა, „ჯიხვის“ მიერ დაანონსებული მკვლელობის გაშიფვრაზე მუშაობა უფრო მეტად გაძლიერდა. „ბიუროში“ შეიქმნა დროებითი ცენტრი, რომელიც შემოსულ ინფორმაციებს ახარისხებდა და ამოწმებდა იმ იმედით, რომ მათი მეშვეობით „გიურზას“ კვალს დაადგებოდნენ. პატარიძე კი, ამ ცენტრში, როგორც „გიურზას“ უნარ-ჩვევების ერთგვარი ექსპერტი, მთავარი ფიგურა იყო. სწორედ „გორგასალი“ აკეთებდა ძირითად ანალიზს და რეკომენდაციებს აძლევდა „ბიუროს“ თანამშრომლებს. პატარიძის „ბიუროს“ „ბინაში“ ყოფნის მეორე დღემაც, ფაქტობრივად, უნაყოფოდ ჩაიარა და „გიურზას“ კვალს ვერც ამჯერად დაადგნენ. ადგილობრივი დროით, შუაღამე უკვე კარგა ხნის გადასული იყო, როცა „გორგასალი“ „ბინაში“ ძალიან დაღლილი დაბრუნდა. საჭმელიც კი არ უჭამია, მხოლოდ ფეხსაცმელები გაიხადა, საწოლზე ტანსაცმლიანად წამოწვა და უზარმაზარი ტელევიზორი ჩართო. პატარიძე ტელევიზორს არხიდან არხზე რთავდა, თან ნელ-ნელა თვალებიც ეხუჭებოდა. უცებ „გორგასლის“ ყურადღება ტელეკორესპონდენტის ფრაზამ მიიპყრო – „მეტროპოლიტენ ოპერაში“ საზეიმო კონცერტისთვის უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული, რადგან მას შეერთებული შტატების მთელი მთავრობა, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტიც დაესწრებიან ოჯახებითურთო... ამ სიტყვებმა პატარიძეზე მაგიური ზემოქმედება მოახდინა და მომენტალურად გამოფხიზლდა. საწოლზე წამოჯდა და პულტით სიუჟეტი გადაახვია, თავიდან ბოლომდე უყურა. შემდეგ წამოხტა, ფეხზე ჩაიცვა, დამხმარეებს უხმო და უთხრა:
– სასწრაფოდ ალექს კარასთან დამაკავშირეთ.
ორიოდე წუთის შემდეგ „გორგასალმა“ „ბიუროს“ დირექტორის მოადგილეს ტელეფონით უთხრა:
– მისტერ კარა, სასწრაფო საქმე მაქვს და ახლავე უნდა შევხვდეთ.
– რა პრობლემაა, მოდით, გელოდებით, – უთხრა კარამ პატარიძეს.
ათიოდე წუთის შემდეგ პატარიძე კვლავ ალექს კარას პირისპირ იჯდა, რომელსაც სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დაშორდა და „ბიუროს“ დირექტორის მოადგილე უკვე სახლში მიდიოდა, მაგრამ გზიდან მობრუნდა.
– გისმენთ, ჩემო მეგობარო. აბა, რა სასწრაფო ინფორმაცია გაქვთ, – უთხრა კარამ „გორგასალს“, რომელსაც თვალები უელავდა.
– მისტერ კარა, თავს დავდებ, რომ ვიცი, სად და როდის აპირებს „გიურზა“ თავისი შეკვეთის შესრულებას, – უთხრა „გორგასალმა“ კარას.
– ბრძანეთ, სად და როდის, – მოკლედ თქვა კარამ.
– სამი დღის შემდეგ ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“, სადაც ნიუ-იორკის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს მთელი პოლიტიკურ-სამთავრობო ელიტა დაესწრება. იქ იქნებიან – პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ოჯახებითურთ. მე ამ კონცერტის თაობაზე წეღან შემთხვევით გავიგე ტელევიზორით და ნუთუ არც თქვენ იცოდით?
კარას გაეღიმა და „გორგასალს“ უთხრა:
– ცოდნით როგორ არ ვიცოდი. თავადაც აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში და კონცერტსაც უნდა დავესწრო, მაგრამ ეს იმდენად არარეალური საქმეა, რომ აზრადაც არ მომსვლია, თქვენთვის მეთქვა, – კარამ პაუზა გააკეთა. ოფლი მოიწმინდა და დაამატა, – როგორც ვიცით და თქვენც ადასტურებთ, „გიურზა“ უმაღლესი კლასის პროფესიონალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის იმ ღონისძიებას სათოფეზეც არ გაეკარება.
 – ეგრე რატომ ფიქრობთ, მისტერ კარა? – იკითხა „გორგასალმა“, თან, თვალი თვალში გაუყარა „ბიუროს“ დირექტორის მოადგილეს.
– ხომ გითხარით უკვე, – მხრები აიჩეჩა კარამ, – „გიურზა“ პროფესიონალია და ისეთ ადგილას არ შეყოფს თავს, სადაც წარმატების მემილიარდედი შანსიც არ აქვს. ეს ხომ ძალიან მარტივია.
– არა, მისტერ კარა, – უკვე პატარიძეს გაეცინა, – „გიურზას“ უძლიერესი მხარე სწორედ ისაა, რომ მოწინააღმდეგეს იქ  მიაყენოს დარტყმა, სადაც არ ელოდება. გარწმუნებთ, რომ „გიურზა“ სამი დღის მერე აპირებს თავისი მიზნის მიღწევას და მას სასწრაფოდ უნდა შევუშალოთ ხელი.
კარას კვლავ გაეცინა და „გორგასალს“ უთხრა:
– მით უარესი მისთვის და უკეთესი – ჩვენთვის. როგორც კი „გიურზა „მეტროპოლიტენში“ შეყოფს ცხვირს, იმ წუთასვე სათაგურში მოხვდება. ჩვენ გარდა, უსაფრთხოებას იქ საიდუმლო სამსახური უზრუნველყოფს და განსაკუთრებული შემოწმების გარეშე  თეატრში ჭიანჭველაც კი ვერ შევა. ასე რომ, კეთილი იყოს მისი ფეხი „მეტროპოლიტენ ოპერაში“.
– არა, მისტერ კარა, – თავი გააქნია პატარიძემ, – მერწმუნეთ, რომ ისე არაა, როგორც თქვენ ამბობთ და „გიურზას“ ასე იოლად ვერ მოვიხელთებთ. მას უეჭველად ისეთი რამ აქვს მოფიქრებული, რაც ჩვენ არ ვიცით. მით უმეტეს, რომ მისი სამიზნის ვინაობაც არ ვიცით და სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.
– რას გვთავაზობთ?
– დაუყოვნებლივ ნიუ-იორკში გაფრენას და ყველაფრის ადგილზე გარკვევას. დამატებით რეკომენდაციებს კი, უსაფრთხოების ძირითად ზომებთან ერთად, ნიუ-იორკში შევიმუშავებთ.
– გამოდის, რომ თქვენც უნდა წამოხვიდეთ? – იკითხა კარამ.
– რა, არ მენდობით, მისტერ კარა? – მიუგო „გორგასალმა“.
– გენდობით, როგორ არ გენდობით. ასე რომ არ ყოფილიყო, ციხიდან არ გამოგიყვანდით, – თქვა კარამ და პაუზის მერე დააყოლა:
– აქ ერთი დელიკატური საკითხია?
– რა საკითხი? – იკითხა პატარიძემ.
– როგორც უკვე გითხარით, უსაფრთხოების მთავარ ზომებს იმ ღონისძიებაზე საიდუმლო სამსახური ახორციელებს და მსჯავრდებული ტერორისტის ასე ახლო გამოჩენა იქ, სადაც პრეზიდენტი უნდა მივიდეს, ერთგვარ უხერხულობას შექმნის. ამიტომ, მათ დასარწმუნებლად რაიმე უნდა მოვიფიქროთ. მე საიდუმლო სამსახურს ვგულისხმობ, – თქვა კარამ და ნერვიულად მოჰყვა ბოლთის ცემას.
„გორგასალმა“ ერთხანს უყურა კარას და ბოლოს უთხრა:
– მისტერ კარა, მეტი რა უნდა ვუთხრათ მათ და რით შევფუთოთ ეს ყველაფერი ან სულაც, რაში სჭირდება შეფუთვა იმას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაშიშესი მკვლელი-ტერორისტი შეტევას აპირებს და მისთვის ხელის შეშლაა საჭირო. რა, დავიჯერო, ვერ მოტვინავენ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები, რომ ჩემი დახმარება გამოადგებათ? კი, ბატონო, არა და არა. ცხვირს არ ჩავყოფ მათ საქმეში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ დრო არ ითმენს და შეიძლება, ყოველი წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მაშინ, თუ ასეა, პირდაპირ გეტყვით, – ჩემი არც აქ ყოფნაა ნაყოფიერი და დამაბრუნეთ ჩიკაგოში.
პატარიძის სიტყვამ კარაზე მაგიურად იმოქმედა. მან ღიმილით შეხედა „გორგასალს“ და უთხრა:
– კეთილი. ახლავე გადავფრინდეთ ნიუ-იორკში. თქვენც  ჩვენთან ერთად მოდიხართ და მთელ პასუხისმგებლობას ჩემზე ვიღებ.
ერთი საათის შემდეგ გამოძიების ფედერალური ბიუროს თვითმფრინავი უკვე ჰაერში იყო და გეზი ნიუ-იორკისკენ ეჭირა.
***
კარა, პატარიძე და „კამპანია“ შეერთებული შტატების უდიდეს ქალაქში გამთენიისას ჩაფრინდნენ. თვითმფრინავი ნიუ-იორკის სამხედრო აეროდრომზე დაჯდა და „ცენტრალური ოფისის“ ხალხი „ეფბეერის“ ფილიალში მიიყვანეს. კარამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეკრიბა, გაფართოებული თათბირი ჩაუტარა და შემდეგ კი საიდულმო სამსახურის მესვეურს, სტივენ მალიკს შეხვდა, რომელსაც კონცერტის უსაფრთხოება ჰქონდა დავალებული. კარამ პატარიძეც თან იახლა. მალიკს წარუდგინა და უთხრა:
– მისტერ მალიკ, ეს თორნიკე პატარიძეა. ტერორიზმისთვის სასჯელს იხდის ჩიკაგოს ციხეში და დროებით ჩვენთანაა, რომ მკვლელი მოგვაძებნინოს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მაღალჩინოსანი ჰყავს მიზანში ამოღებული და მოკვლას უპირებს.
– რომელი მაღალჩინოსანი? – იკითხა მალიკმა.
– ჯერჯერობით არ ვიცით, – მიუგო კარამ.
მალიკს ირონიულად გაეცინა და კარას უთხრა:
– ჩემთან რატომ მოხვედით?
– თქვენთან იმიტომ მოვედით, რომ იმ კაცის კვალს „მეტროპოლიტენ ოპერაში“ მივყავართ, – თქვა კარამ.
– მერე, მე რა შუაში ვარ? – გაიკვირვა მალიკმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3