№45 ბიჭი, რომელიც მიყვარდა, ცოლიანი აღმოჩნდა
ლამაზ, ფერად, უღალატო, ნამდვილ და გულწრფელ სიყვარულზე ვოცნებობდი. ვფიქრობდი, თუ შემიყვარდა, მთელს ჩემს არსებას ვაჩუქებ, მისთვის არაფერს დავინანებ-მეთქი. ასეც მოხდა. ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით გავიცანი ვატო – ადამიანი, რომლისთვისაც თავსაც გავწირავდი. ზღვის სანაპიროზე დავინახე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი, ეს ადამიანი ჩემი იყო. არც მას გამოჰპარვია ჩემი მზერა, მომიახლოვდა და გამეცნო. იმ დღიდან, ჩემი ცხოვრება გაფერადდა, შეიცვალა, იმედი მომეცა, რომ მეც დავიმსახურე ბედნიერება და სიყვარული. სამი თვის განმავლობაში, ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. მისგან სითბოსა და ყურადღების გარდა, არაფერი მიგრძნია. მოკლედ, იმდენად დავახლოვდით, რომ ბოლომდე ვენდე და მასთან დავწექი. ვატო ბავშვის გაჩენის წინააღმდეგი იყო, თუმცა, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავდი. მეგონა, სანამ არ დავოჯახდებით, შვილი არ უნდა-მეთქი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სახლში შვილიც ჰყავს და სამი წლის მოყვანილი ცოლიც. როგორ დამიმალა ეს? როგორ ვერ მივხვდი? ახალაც შოკში ვარ! წარსულს რომ ვაანალიზებ და ფაქტებს ვუფიქრდები, რაღაცებს ვხვდები, თუმცა, მაშინ არ ვაქცევდი ყურადღებას. როცა ტელეფონი ურეკავდა, ყოველთვის ასე პასუხობდა: ხო, საყვარელო, მალე მოვალ, რამე ხომ არ გინდა, წამოგიღო? ან, საყვარელო, არ დამელოდო დაიძინე და მეც მოვალო. პირველად რომ ასე უპასუხა ტელეფონს, ვკითხე ვინ იყო-მეთქი და მიპასუხა: დედაჩემია, ყველაზე მატად მიყვარს. მარტო გამზარდა, მამის გარეშე და ბავშვობიდან „საყვარელოს“ ვეძახი, „დედა“ არ დამიძახიაო. როგორ შევიტანდი ეჭვს? თან, იმდენ დროს ატარებდა ჩემ გვერდით, მის ცოლიანობაზე ეჭვი როგორ შემეტანა. მოკლედ, ერთ დღესაც, დაქალმა მითხრა: შენ რომ ბიჭს ხვდები, კაფეში ვიღაც გოგოსთან ერთად იჯდა, იმ გოგოს საქორწინო ბეჭედი ეკეთა და ნამდვილი ცოლ-ქმარივით იქცეოდნენო. დავტუქსე, ვუთხარი, ხომ შეიძლება, დაქალია, ნათესავი ან თანამშრომელი, ეგრევე, კუდებს რომ აბამ-მეთქი. თუმცა, მაინც დავეჭვდი. მოკლედ, მოვიგონე და ვატო მოვატყუე, ეს დღეები რაიონში მიწევს წასვლა და არ მინდა უშენობა ვიგრძნო, ყოველ საღამოს დაგირეკავ, ისე არ დავიძინებ-მეთქი. მითხრა, ხომ იცი, ისეთი სამსახური მაქვს, ადრე ვიძინებ, რომ არ დავაგვიანო და თერთმეტ საათამდე დამირეკე, მერე არ გამაღვიძოო. ერთი სიტყვით, დავუწყე ჩუმად თვალთვალი. დაახლოებით ვიცოდი მისი სახლი, სადაც იყო. თან, იმ სახლთან ახლოს, ჩემი ყოფილი კურსელი ცხოვრობდა და მას ვთხოვე გაერკვია, ვატოს ოჯახური ამბები. თუმცა, ჩვენი სიყვარულის ამბავი დავუმალე, ვუთხარი, ჩემს დაქალს ურეკავს და მაინტერესებს, ვინ არის-მეთქი. სწორედ, მან მითხრა, ცოლიანია და შვილიც ჰყავსო. ერთ საღამოს, გვიან დავურეკე და არ მიპასუხა. დილით მომწერა მესიჯი, მეძინა და ხმა ჩაწეული ჰქონდა ტელეფონსო. ზუსტად ვიცი, ცოლის გვერდით იწვა და არ მიპასუხა. ერთ დღეს კი, სახლთან „ჩავუსატკავე“ და ცოლთან ერთად გამოსული დავინახე. არც ვაციე, არც ვაცხელე და მივაჭერი. ფერი ეცვალა. მივესალმე, მოვიკითხე და ვუთხარი: უი, ეს არის შენი ცოლი, რა ლამაზი გოგოა-მეთქი. გაფითრებული მიყურებდა, დამუნჯებული. იმ დღის მერე სახლში ჩავიკეტე, ჩემთვის სამყარო ამოტრიალდა და მივხვდი, არავის უნდა ენდო. ისე შეეშინდა იმ არაკაცს, იმ დღის მერე არც გამოჩენილა, არც კი დაურეკავს. არა უშავს, იმედია, ესეც გაივლის და ვისწავლი ცხოვრებას, შეცდომებსაც აღარ დავუშვებ. უბრალოდ, მამაკაცების მიმართ ნდობა დავკარგე, მგონია, ყველა მოღალატე და არაკაცია.
თაკო, 28 წლის.