№45 როგორ შევარჩიოთ მაღალქუსლიანი კომფორტული ფეხსაცმელი
მაღალი ქუსლი ქალის სექსუალურობას უსვამს ხაზს. მაგრამ, როცა მთელი დღე ქუსლებზე დგახართ, დღის ბოლოს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, ტკივილსა და დაღლილობას ვერ გაექცევით. თუმცა, თუ გიყვართ მისი ტარება და სამსახურიც მოითხოვს, რომ ქუსლებზე შემდგარი იყოთ, მაშინ გარკვეული რჩევების გათვალისწინება მოგიწევთ.
სასურველია, ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე, რომელსაც ყოველდღიურად ატარებთ, ექვსი ან რვა სანტიმეტრი იყოს. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით მეტ პრობლემას ქმნის. უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ მისი სიგრძე არ იზომება იატაკიდან – ამ სიმაღლეს უნდა გამოაკლოთ ფეხსაცმლის ტერფის წინა ნაწილის შემაღლების ზომა. თუ ქუსლი 2-3 სანტიმეტრის არის, ეს შეესაბამება ტერფის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და ასეთი ფეხსაცმელი ნამდვილად არ შეგაწუხებთ. 6-სანტიმეტრიანი და უფრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას დისკომფორტი ყოველთვის შეგექმნებათ. თუმცა, მაღალი ქუსლის ტარებისას, ფეხი უფრო ნაკლებად იღლება, თუ მაქსიმალურად მოხერხებული ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი გაცვიათ. ყველაზე მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანო კი, მაღალქუსლიანი და ძალიან ვიწროცხვირიანი ფეხსაცმელია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქალის ტერფი ჩამოყალიბებას 20-23 წლის ასაკისთვის ამთავრებს. ასე რომ, ამ ასაკის მიღწევამდე 6 სანტიმეტრზე მაღალი ქუსლის ფეხსაცმლის ტარებას არ გირჩევთ.
სწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ, მაშინაც კი, თუ ქუსლებზე სიარულს არ ხართ შეჩვეული. ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების შემდეგ, საღამოობით ფეხების დაღლა, ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოთ, რადგან, ეს შეიძლება მომავალში სახსრების, კუნთებისა და სისხლძარღვების პრობლემებში გადაიზარდოს.
არ ვარგა ქუსლიანი ფეხსაცმლის მუდმივი ტარება, განსაკუთრებით წვრილქუსლიანის. ასეთი ფეხსაცმელი არა მხოლოდ ტერფებზე, არამედ, ხერხემალსა და წვივებზეც მოქმედებს. ირღვევა სისხლის მიმოქცევა, შეიძლება გაჩნდეს ცელულიტი. ასევე, კატეგორიულად იკრძალება მაღალი ქუსლი ართრიტის, ვენების ვარიკოზული დაავადებებისა და ზედმეტი წონის პრობლემის მქონე ქალებისათვის.
არსებობს სიმპტომები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. მაგალითად, სიმძიმე ფეხებში, სისხლჩაქცევები, გაბუჟება, ქავილი, ტკივილი, ვენების ან სახსრების შესიება – თუ მსგავსი სიმპტომები აღგენიშნებათ, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისგან თავი შეიკავეთ. ზოგადად, ფეხსაცმელმა შეიძლება ართრიტი და ართროზიც კი გამოიწვიოს. ეს დაავადებები კი, რთულად ექვემდებარება განკურნებას. დაავადება სახსრების ტკივილით, მათ გარშემო ქსოვილის ტემპერატურის მომატებით, შესიებითა და მოძრაობის შეზღუდვით ხასიათდება.
რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით მეტია ფეხის თითებისა და ზოგადად, ტერფის მოყვანილობის დეფორმაციის ალბათობა, რაც, საბოლოოდ, ფეხს ფორმას უცვლის. დადგენილია, რომ ფეხსაცმლის ქუსლის ყოველ 2 სანტიმეტრით გაზრდისას 25 პროცენტით იმატებს თითებზე დაწოლა. პირველ რიგში, დიდი თითი დეფორმირდება, შემდეგ დანარჩენები. ხშირად თითები ქვემოთ იხრებიან, სახსარი დეფორმირდება და ყალიბდება პათოლოგია.
ასე რომ, ნუ ივლით, დილიდან საღამომდე ქუსლიანი ფეხსაცმლით. შეგიძლიათ, სამსახურში ქუსლიანი ფეხსაცმელი გეცვათ, ხოლო, როცა ქუჩაში გამოდიხართ, ამისთვის ჩანთით დაბალძირიანი ფეხსაცმელი გქონდეთ და ის ჩაიცვათ. ასევე, სახლში მისული თუ გრძნობთ, რომ ფეხები დაგეღალათ, გაიკეთეთ წყლის აბაზანები და მასაჟი.