კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 სიყვარული კულისებში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44(931)


​ტაქსიდან გადმოვიდა თუ არა, მაშინვე დაინახა. გოგო ვიტრინას მიყრდნობილი იდგა. ცალი ფეხი ოდნავ მოეხარა მუხლში და მოკლე კაბიდან უნაკლოდ ლამაზი კიდური ისე ვნებიანად მოუჩანდა, რომ ნიკას სუნთქვა შეეკრა. ეჭვიც შეეპარა, იქნებ ეს „ის“ კი არა, სხვა გოგოაო. გულაფანცქალებულმა გადაუხადა მძღოლს მგზავრობის საფასური და გოგოს მიუახლოვდა.
– გამარჯობა! – გაუცინა გოგომ და მოულოდნელად ხელში სწვდა, – როგორი მადლობელი ვარ შენი...
– მოიცა, ისეთი არაფერი გამიკეთებია.
– არ გინდა, ჩემ გარშემო ბევრს არ ვიცნობ ისეთს, ვინც შენსავით მოიქცეოდა. აქამდე მეგონა, რაინდები მარტო ფილმებსა და წიგნებში არსებობდნენ...
ნიკა გაწითლდა, როგორ უნდა ეთქვა ახლა გოგოსთვის, რომ საერთოდ არ ახსოვდა, რა „საგმირო“ საქმე ჩაიდინა. მით უფრო, რომ მისმა გარეგნობამ კინაღამ დაამუნჯა. გადაწყვიტა, ცოტა ეეშმაკა და ინფორმაცია ნელ-ნელა გამოეტყუა გოგოსთვის, რომლის სახელიც კი არ იცოდა...
–  შევიდეთ კაფეში. როგორც მივხვდი, თქვენ აქ პირველად არ ხართ.
– ასე ნუ მელაპარაკები. პირდაპირ დეა დამიძახე, კარგი?
ნიკა გაიბადრა. გულზე ცოტათი მოეშვა. სახელი უკვე იცოდა. ანუ, ერთი ნაბიჯით მაინც წაიწია წინ. იქვე, კაფესთან, მოხუცი კაცი ვარდების თაიგულებს ყიდდა. შეყოყმანდა. მის ნაცნობ გოგოებს ყვავილები არ უყვარდათ. ბიჭს, რომელიც თაიგულს მიუტანდა, ირონიულად აქილიკებდნენ, „გოიმად“, ჩამორჩენილად თვლიდნენ.
– რა ლამაზი ყვავილებია... იცი, ეს ბაბუ აქ ხშირად დგას და ნაირ-ნაირ ყვავილებს ყიდის. როცა ფული მაქვს, აუცილებლად ვყიდულობ, რომ დავეხმარო. მოწყალებას კი არ ითხოვს, ამაყია.
ნიკა მიხვდა, რომ ეს შეხვედრა რაღაც მნიშვნელოვანის დასაწყისი იქნებოდა მის ცხოვრებაში და ამის გაფიქრებამ ძალიან გაახარა. თაიგული იყიდა. გოგოს მკლავზე მოჰკიდა ხელი და გაბრწყინებულმა შეაღო კაფეს მასიური კარი. ჩარჩოში ჩამაგრებულმა ზანზალაკმა სასიამოვნოდ გაიწკარუნა.
***
... ორი ქალი სულგანაბული, თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა კაცს და ელოდა, როდის დალევდა ყავას, რომ საუბარი გაეახლებინა.
პაატამ ფინჯანი ლამბაქზე დადგა და ცოლს ისე შეხედა, როგორც სულელ, ჭირვეულ ბავშვს.
– მარიკა, ძალიან მაინტერესებს, რა გიხარია.
– ვერ ვხვდები, რას მეკითხები, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – პაატა, რატომ მიბრაზდები?
– კი არ გიბრაზდები, გეკითხები, რა გიხარია-მეთქი... რომ გამომიცხადე, ბავშვი შეყვარებულია და უნდა გავუგოთო... რა უნდა გავუგოთ, როცა სისულელეებს სჩადის და არავის არაფერს ეკითხება. შენს შვილს სახლი სასტუმრო ჰგონია, სადაც ღამე უნდა გაათენოს და არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა იგრძნოს. როგორმე აუხსენი, რომ ასე არ არის. მაგრამ შენ რას აუხსნი, როცა ისიც კი არ  იცი, რა დააშავა წუხელ შენმა შვილმა.
– რა დააშავა? ალბათ, ცოტა ნასვამი იყო და პატრულმაც ამიტომ გააჩერა.
– არა, საყვარელო, პატრულმა კი არ გააჩერა, პირიქით, პატრული იქით გააჩერა, ეჩხუბა და გალანძღა.
– რა? – მარიკამ შეშფოთებით გახედა მანანას.
– დიახ. ისეთი ამბავი აუტეხავს, სამი ბრიგადა ვერ აჩერებდა თურმე. მანქანიდან გადმოხტა, მიატოვა იქაურობა და გაიქცა. ერთი უნდა ვკითხო, რა ეტაკა და სად გარბოდა. იცი, რატომ არ დააკავეს? ჩემი შვილი რომ იყო, მხოლოდ იმიტომ. როგორ გგონია, მახარებს ეს ამბავი? არა, საყვარელო, გულს მიხეთქავს. ამ დროს ჩემი ცოლი ბედნიერია იმით, რომ მისმა ქარაფშუტა, არაადეკვატურმა შვილმა შეყვარებული გაიჩინა. არ გამიკვირდება, თუ ხვალ ბავშვით მოგვაყენებს კარზე და შენც, ალბათ, ხელგაშლით შეხვდები.
– ბავშვი? რა ბავშვი, პაატა... რაიმე იცი და მიმალავ?
კაცმა ამოიოხრა.
– ღმერთო, მარიკა... შენ საერთოდ შეგიძლია დაფიქრება? ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. მეტი არაფერი. ახლა სად ბრძანდება?
– არ ვიცი.
– კარგი, წავალ ახლა მე და როცა მობრძანდება, ფეხი არსად გაადგას, უნდა დაველაპარაკო.
– ეჩხუბები, პაატა? – მარიკა დააფრთხო ქმრის მკაცრმა, რადიკალურმა ტონმა. როგორც ყველა დედისერთას მშობელს, მარიკასაც უჭირდა შვილთან დაკავშირებული რეალობის აღქმა.
– უნდა დაველაპარაკო. ეს  არ ნიშნავს ჩხუბს. გააფრთხილე, ჩემს მოთმინებიდან გამოყვანას ნუ ეცდება. ისევ მაგისთვის აჯობებს.
– ჰო, რა თქმა უნდა, – სწრაფად დაეთანხმა ქალი და გულუბრყვილოდ იკითხა, – მანქანა ხომ წესრიგშია. რამე ხომ არ დაუზიანეს – გაგიჟდება ნიკუშა.
პაატამ ხელი ჩაიქნია და სინანულით გადააქნია თავი.
– ელაპარაკე ახლა ამას, –  მარიკა, გირჩევნია, იმაზე იფიქრე, მე არ გავგიჟდე.
***
ბიჭს საერთოდ დაავიწყდა, კაფეს კედლებს მიღმა სამყარო და სხვა ადამიანები რომ არსებობდნენ. მონუსხულივით შესცქეროდა გოგოს და დროდადრო ანგარიშმიუცემლად წრუპავდა გაცივებულ ყავას.
– ნიკა, მართლა აღფრთოვანებული ვარ შენით, – დეამ აციმციმებული თვალებით შეხედა ბიჭს და გრძელი, ლამაზი თითები მკლავში ჩაავლო. ნიკას ჟრუანტელმა დაუარა. გოგოს სხეულის სითბომ მოთენთა და სიხარულით აავსო.
– ჩემი სახელი მე გითხარი?
– ბიჭებმა მითხრეს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რაც შენ გუშინ გააკეთე.
„ღმერთო, გამახსენე, რა გავაკეთე გუშინ და რაც გინდა, მთხოვე“, – გაიფიქრა ნიკამ.
– რაღაც ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, სულ ჩემზე რომ ვლაპარაკობთ, მომიყევი, როგორ გავიცანით ერთმანეთი.
გოგომ გაოცებით შეხედა და გადაიკისკისა.
– მშვენიერი იუმორის გრძნობა მაქვს. ჩვენი გაცნობის ამბავი მოგიყვე? შენ არ გახსოვს?
– როგორ არ მახსოვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ შენ ამას განსკუთრებულად მომიყვები.
დეამ გაიღიმა და ლოყაზე საყვარელი ფოსოები გაუჩნდა, ნიკა დაიფიცებდა, რომ არასოდეს ენახა ასეთი მომაჯადოებელი, თვალისმომჭრელი ღიმილი.
– ძალიან უცნაური ბიჭი ხარ. რამდენი წლის ხარ? ცხრამეტის? ოცის?
ნიკას წყენისა და მღელვარებისგან ყურები გაუწითლდა.
– ოცდაორის. პატარა აღარ ვარ.
– ოცდაორი წლის შვიდი წლის წინ ვიყავი.
– ანუ? – ბიჭმა ვერ გაიგო, რისი თქმა უნდოდა გოგოს.
– ანუ, მალე ოცდაათი წლის გავხდები.
– მერე რა? მე ეს ნაკლებად მაინტერესებს. ხომ თქვი, გმირი ხარო, ჰოდა, გმირებს ასეთი უმნიშვნელო ფაქტები არ ადარდებთ. გინდა, გავისეირნოთ?
– მანქანით?
– არა, დღეს მანქანით არ ვარ, ისე გავისეირნოთ. თბილი საღამოა, კიდევ გიყიდი რამეს.
– ყვავილებს? გმადლობ, ამდენი თაიგული სახლში არ დამეტევა. ისეთი პატარა ბინა მაქვს, სულ ერთი ციცქნა.
დეა ამას რომ ამბობდა, თან ბიჭს ხელით აჩვენა, როგორი იყო ის ერთი ციცქნა. ნიკას უკვე ყველაფერი მოსწონდა მისი.
– სახლამდე მიგაცილებ.
– რას ამბობ? აქედან შორს ვცხოვრობ. ოთხი გაჩერება მაინც იქნება, თან ბავშვიც უნდა წამოვიყვანო. დედას ჰყავს.
ნიკა გაშრა. ჯერ იფიქრა, მომესმაო. მერე ჩაეკითხა:
– შვილი გყავს?
– ჰო. ორი წლის არის. ძალიან საყვარელია. ანუკი ჰქვია.
ნიკა შედგა. გოგოს მხარზე მოჰკიდა ხელი და თავისკენ შეატრიალა.
– ქმარიც გყავს? ოღონდ, სიმართლე მითხარი.
დეამ მოიწყინა. სახე მოეღუშა და თვალები დაუსევდიანდა. ნიკამ ლამის ინანა, უნებლიეთ სევდიანი ფიქრები რომ აუშალა. მაგრამ იეჭვიანა კაცზე, რომელიც შეიძლებოდა, ამ ქალის გვერდით ყოფილიყო.
– არა, ქმარი არ მყავს. ორი წელია, რაც დავშორდი და საკუთარი თავის პატრონი ვარ. მინდა გითხრა, ძალიანაც მომწონს ის რეალობა, რომელშიც ახლა ვარ.
– მგონი, რაღაცით გაგაღიზიანე.
– არა, უბრალოდ, არ მიყვარს ჩემს წარსულზე ლაპარაკი. მხიარული ადამიანი ვარ, დიდხანს მოღუშული ვერ ვიქნები.
– ძალიან კარგი, ისეთი ლამაზი ხარ, მოღუშვაც გიხდება, მაგრამ მირჩევნია, გაღიმებულს გხედავდე.
– რა კარგია, რომ მოხვედი და შენი გაცნობის საშუალება მომეცა.
– ახლა მე მკითხე, როგორ მიხარია? – ნიკამ გოგოს შეჰღიმა, – უკვე ვნერვიულობ, რომ დამემშვიდობები და წახვალ.
გოგომ გაიცინა.
 – ნიკა... ნუ დაემსგავსები ჩემს აბეზარ თაყვანისმცემლებს, კარგი? შენ ისეთი განსხვავებული მგონიხარ, ისეთი კარგი ბიჭი... მოკლედ, ქებითა და დიდებით თავს არ შეგაწყენ, მაგრამ გუშინ ნამდვილი ფილმის გმირივით მოიქეცი.
– ფილმის გმირი ვარ! – შეიფერა ბიჭმა და სერიოზულად იკითხა, – ასე რომ ვზივართ, არ გშია? მოდი, შევუკვეთოთ.
– ნიკა, მე უნდა წავიდე. ამდენი დრო არ მაქვს. ბავშვი დედაჩემთან მყავს დატოვებული, ძალიან ვერ დავაგვიანებ.
– მანქანა არ მყავს დროებით, მაგრამ პრობლემა არ არის, ტაქსით მიგიყვან.
დეამ ყავა მოსვა და ისე გაუღიმა, ბიჭს თხემით ტერფამდე ჟრუანტელმა დაუარა. მსგავსი არაფერი არასდროს უგრძნია და მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ბედნიერება.
დეა რომ სახლში მიიყვანა, ნიკამ გადაწყვიტა, ბიჭები ენახა და მათგან მაინც გაერკვია წინა დღის ამბები. მანამდე დედას დაურეკა.
– ნიკა, სად ხარ? მამაშენი იყო მოსული, ისეთი გაბრაზებულია, ისეთი... ლაპარაკი უნდა შენთან.
– მარიკა, მომისმინე, დაველაპარაკები პაატას... ჰო, კარგი, რა... არ გინდა ისტერიკები. დაველაპარაკები-მეთქი.... მანქანა მოიყვანა? ჰოდა, მანდედან უნდა დაგეწყო. ბიჭებთან ავდივარ. შეიძლება, ცოტა დამაგვიანდეს... მაგრამ მოვალ. კარგი რა, მარიკა, პირველად ხომ არ გამოვედი ქალაქში?
ნიკამ მობილური ჯიბეში ჩაიტენა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა. ისევ დეაზე ფიქრობდა. თვალწინ მისი სახე ედგა და მისი ხმა ჩაესმოდა. ზუსტად იცოდა, რომ დეა ცხოვრებას შეუცვლიდა, ოღონდ როგორ, ეს ჯერ ვერ წარმოედგინა.
– ვა, ნიკუშ?! გირეკავდი. სად გაქრი, ტო? – ნამძინარევი სახითა და აბურძგნილი, ბუჩქივით თმით გამოეგება საშუალო სიმაღლის, დაკუნთული ბიჭი ნიკას.
– მიხო, კარგია, რომ სახლში ხარ. თქვენები სად არიან?
– სამსახურებში. ეგენი გვიან ბრუნდებიან...
– ბიჭო, გუშინ ნოდოსთან რომ ვიყავით, რა ხდებოდა?
 მიხომ გაიცინა.
– რა იყო, ტო, არ გახსოვს? ვა, შენ რა ტიპი ხარ, გადამრევ.
– რა ტიპი ვარ და როგორი, შენი საქმე არ არის, – ნიკა გააღიზიანა მეგობრის დამცინავმა ტონმა, – გუშინდელი ამბები მაინტერესებს.
– რა ამბები, ტო... განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ბიჭები ვიყავით ნოდოსთან, ცოტა დავლიეთ, მოვწიეთ...
– რა მოვწიეთ?
– სიგარეტი, ტო, რა უნდა მოგვეწია. გიოს ცოტა ბალახი ჰქონდა, იმდენი ვიყავით, ძლივს გვეყო.
– მარიხუანა მოვწიე?
– აუ, რა გჭირს, ტო? ერთი-ორი მოქაჩე, რა... მერე ის ნაშა გეტმასნებოდა, რა ჰქვია? ჰო, ლიზა. სადღაც გაყოლას გთხოვდა... შენ რა, მართლა არაფერი გახსოვს?
– არა. მანქანა წამართვა პატრულმა და აზრზე  არ ვარ, რატომ. დედაჩემი გაგიჟებულია. ეტყობა, მამაჩემიც გადაირია და მოკლედ, რა... მაგრად მაინტერესებს, გუშინ რა გავაკეთე.
– ეტყობა, დაარღვიე რაღაც და პატრულს „აუხიპიშდი“, სხვა რა უნდა მომხდარიყო.
– ვიღაც გოგო გადავარჩინე.
– რა? – მიხომ ჯერ გაოცებით შეხედა, მერე სიცილი აუტყდა.
– ე, რა გაცინებს, ბიჭო?
– ნაღდად ბევრი მოგიწევია, „სპაიდერმენი“ გაიჩითე, ტო? მართლა და, რისგან გადაარჩინე? სუში ხომ არ გადასცდა ან „მოჰიტოს“ პიტნის ფოთოლი.
– შენ იღადავე და იცი, რა გოგოა? ეგეთი ლამაზი მართლა არავინ მინახავს, – გულწრფელად აღმოხდა ნიკას და ისევ დეა დაუდგა თვალწინ.
– მოიცა რა, გუშინ რა მოხდა, თუ არ გახსოვს, იმ გოგოს სილამაზე როგორღა აღიქვი.
– იდიოტო, დღეს შევხვდი, თორემ გუშინდელი არაფერი მახსოვს.
– აჰა, ეს უკვე საინტერესოა. მიდი, მოყევი... დალევ რამეს? მიხო მინი-ბართან მივიდა, – მაგარი შოტლანდიური ვისკი მაქვს. მამაჩემს გამოუგზავნეს.
– არ მინდა დალევა. ფხიზელი გონება მჭირდება. გუშინდელი ამბები რომ არ გავიხსენო, გავაფრენ.
– დაიკიდე, რა... მანქანას დაიბრუნებ. მამაშენი იჩალიჩებს, რა გადარდებს.
– ბიჭო, შენ ისევ დაბოლილი ხომ არ ხარ? მანქანა კი არ მადარდებს, ამ გოგოს გმირი რომ ვგონივარ, რა გავაკეთე-მეთქი, ამისთანა.
მიხომ ვისკი მოწრუპა და მხრები აიჩეჩა.
– ჰკითხე, ტო... რა პრობლემაა?
ნიკამ ამოიოხრა.
– ვერ ვკითხავ. პრობლემაც მაგაშია.
– რატო, ტო?
– ბიჭო, გოგოს გმირი ვგონივარ და შტერად გავეჩითო? აზრზე მოდი.
– ჰო, მაგაზე არ მიფიქრია. რა გიყო, ტო, როგორ დაგეხმარო? მართლა არაფერი ვიცი. შენზე ადრე წამოვედი ნოდოსგან.
– დაურეკე რა, ნოდოს?! ამოვიდეს, იქნებ რამე ახსოვდეს.
– მე კი დავურეკავ, მაგრამ.
– მაგრამ რა? – დაიძაბა ნიკა, – რისი თქმა გინდა?
მიხოს გაეცინა.
– შენ ძალიან ვერ ხარ, ტო, რას ვარდები, ეგრე მოგეწონა ის გოგო? დაები, ტო?
– დავები. შემიყვარდა, მგონი, ბიჭო.
– ვახ! რას ამბობ, ტო? ამისთანა რა არის? შენ ასე ადვილად რომ არ ებმები? ლიზა იმდენი ხანია გეჩალიჩება და არაფერი გამოსდის, არადა, სიმპათიური ნაშაა.
– მოიცა რა, რა დროს ლიზაა? აქ სერიოზულად არის საქმე. სახლში მივაცილე და კარი რომ მომიხურა, კინაღამ ავტირდი. უკვე მენატრება.
მიხომ ხელები მოიფშვნიტა.
– ვოვ, ეს რა მესმის. მაშ, ქორწილი გვიჭამია!
– გეყოფა, არ ვარ ხუმრობის გუნებაზე, – შეუბღვირა ნიკამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3