№45 როგორ გაიტაცეს ბოლშევიკებმა ბრიტანელი გენერალი ლავრენტი ბერიას დახმარებით
ბერიას სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მთავარი ბრალდება სამშობლოს ღალატი და შპიონაჟი იყო. ამის დასაბუთებად კი ბერიას მუსავატურ დაზვერვაში მუშაობა მოჰყავდათ. პროფესორი ინოკენტი კოპეიკინი წერს: „ბერიას არასდროს უარუყვია მუსავატელთა დაზვერვაში მუშაობის ფაქტი და ამ თემაზე საუბრისას დასძენდა, რომ მუსავატელებთან იატაკქვეშა ბოლშევიკური ორგანიზაციის დავალებით შეიგზავნა. ეს ჯგუფი ბაქოში მოქმედებდა. მას სერგეი კიროვი ედგა სათავეში და სწორედ კიროვი კურირებდა ბერიას. კიროვი კი სტალინის ახლო მეგობარი და ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. იმავე კიროვმა დაიცვა ბერია 1923 წელს, როდესაც „ნორჩი“ მაღალჩინოსანი „ჩეკისტი“, ბერია მუსავატელებთან კავშირში „ამხილეს“ და მისი არა მარტო საქართველოს „ჩეკადან“ გაგდება, არამედ ციხეში ჩასმა მოითხოვეს. მაშინ, თბილისში სტალინმა ბერიას დასაცავად სერგეი კიროვი გამოაგზავნა, რომელმაც „ჩეკას“ კოლეგიის სხდომაზე, სადაც ბერიას ასამართლებდნენ, განაცხადა: „ამხანაგებო, იძულებული ვარ, გავხსნა „საიდუმლო საქაღალდე“ და გაცნობოთ, რომ ამხანაგი ლავრენტი ბერია განსაკუთრებული მისიით შევაგზავნეთ მუსავატურ დაზვერვაში. ამან თავისი შედეგები მოიტანა და აზერბაიჯანის გასაბჭოებაში დიდი როლი ითამაშა. ამ ოპერაციის ავტორი ამხანაგი სტალინი იყო და აქაც მისი დავალებით გეწვიეთო...“ სტალინის ხსენებამ და კიროვის მტკიცე სიტყვამ წერტილი დაუსვა ბერიაზე აგორებულ ჭორებს. „ჩეკას“ კოლეგიას მეტი აღარ წამოუწევია ეს საკითხი. სულ მალე ბერია ჯერ საქართველოს „ჩეკას“ უფროსი გახდა, შემდგომ კი – საქართველოსა და ამიერკავკასიის პარტიული ლიდერი. საგულისხმო ფაქტია, რომ 1938 წელს „ჩეკას“ კოლეგიის იმ თერთმეტი წევრიდან, რომლებიც 1923 წელს ბერიას გასრესას ცდილობდნენ, თერთმეტივე დახვრიტეს და მართალია, ბერია ამ საქმეებში არ ფიგურირებდა, მაგრამ ეს ნამდვილად მის მიერ მოწყობილი შურისძიების აქცია იყო ცილისწამების საპასუხოდ... ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია ყვებოდა: „1939 წლის 29 მარტს მამა 40 წლის გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ის წინააღმდეგი იყო, სახლში სუფრა გავუშალეთ. კვირა არასამუშაო დღე იყო, მაგრამ მამა სამსახურში მაინც წავიდა, თუმცა მე და დედას შეგვპირდა – მალე მოვალო. მე უკვე თხუთმეტი წლის ვიყავი, თავს უკვე დიდად ვთვლიდი და ვაპირებდი, მამის სადღეგრძელო ყანწით შემესვა. ისე მოხდა, რომ მამის მოსვლამდე მისი მეგობრები მოვიდნენ. სპეციალურად ბაქოდან მოსკოვში ჩამოფრინდა აზერბაიჯანის კომპარტიის პირველი მდივანი, მირ-ჯაფარ ბაგიროვი. ის ანასტას მიქოიანთან ერთად მოვიდა, რომელიც ასევე, მამას მეგობარი იყო (თუმცა უსინდისოდ უღალატა) და ბაქოში სამივე ერთად იატაკქვეშელობდა. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. სტუმრები მამის მოლოდინში სასტუმრო ოთახში საუბროდნენ და ამ დროს „ვეჩემ“ (მაღალსიხშირიანი სპეცტელეფონი) დარეკა. მე ყურმილს დავწვდი და ვუპასუხე. ჩემდა გასაკვირად კი, სტალინის ხმა მომესმა, რომელმაც მიცნო და მამა მოიკითხა, დაბადების დღე უნდა მივულოცოო. მე კი ბელადს ვუთხარი: ძია იოსებ, მამა სამსახურიდან ჯერ არ დაბრუნებულა და ყველანი მას ველოდებით-მეთქი. სტალინმა მითხრა, რომ მამას სამსახურში დაურეკავდა, დამემშვიდობა და ყურმილი დაკიდა. სულ მალე მამაც მოვიდა და ძალიან გაუხარდა, როდესაც სახლში სტუმრები დახვდა. ყველა მაგიდასთან მიიწვია, მაგრამ, როცა სტალინის ზარის შესახებ ვუთხარი, სახე შეეცვალა და თქვა: სამწუხაროა, რომ ამხანაგ სტალინს ვერ ველაპარაკე. ალბათ, სამსახურში რომ დამირეკა, მე უკვე წამოსული ვიყავიო. მიუხედავად ამისა, ქეიფი დაიწყო და თამადობა მირ-ჯაფარ ბაგიროვს სთხოვა, რომელიც საამისოდ მზად იყო და რადგან წინასწარ იცოდა, რომ მე მსურდა მამისთვის მიმელოცა დაბადების დღე, თვალი ჩამიკრა და მანიშნა – მიდი, თქვიო. მე ყანწი მოვიმარჯვე, წინასწარ მომზადებული სიტყვა ვთქვი, წითელი ღვინო დავლიე და მამას ჩავეხუტე. თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ მოულოდნელად თვით სტალინი მოვიდა და მამას საჩუქარი – ქართული ფარ-ხმალი გადასცა. მაგრად ჩამოართვა ხელი და ჯერ წითელი ღვინით დალოცა, შემდეგ კი სუფრას მიუჯდა და ქეიფში ჩაება. თავიდან ოდნავ დაძაბული სიტუაცია იყო. შემდგომ კი, სუფრის წევრები მოდუნდნენ და უფრო გახსნილად და შინაურულად იქცეოდნენ. უცებ სტალინმა მირ-ჯაფარ ბაგიროვს უთხრა:
– ერთი ის მოყევი, როგორ დაატყვევეთ ბრიტანელი გენერალი შენ და ლავრენტიმო.
ბაგიროვს გაეცინა და თქვა: „მეგობრებო, როგორც იცით, 1918 წელს აზერბაიჯანმა მალევე დაკარგა დამოუკიდებლობა და მას მუსავატური მთავრობა მართავდა. მე და იუბილარი კი, ამხანაგ სტალინის დავალებით, მათ დაზვერვაში ვიყავით შეგზავნილები და ბოლშევიკური აჯანყებისთვის ვემზადებოდით. მუსავატელები ბრიტანული ჯარის მეშვეობით სულდგმულობდნენ. ამ ჯარს კი გენერალი პიტერ ჰოუპი მეთაურობდა. იატაკქვეშა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჰოუპი უნდა გაგვეტაცებინა. ეს კი იოლი საქმე არ იყო, რადგან მას კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები იცავდნენ. ამიტომ მე და ლავრენტიმ იმდენი მოვახერხეთ, რომ ბაქოს ეროვნულ თეატრში კონცერტი მოვაწყვეთ, რომელზეც ორივე გამოვდიოდით. მე ვცეკვავდი, ჩვენი დღევანდელი იუბილარი კი საოპერო არიებს ასრულებდა. კონცერტს მთელი ბაქოური „ნაღები“, მათ შორის ბრიტანელი გენერალიც, ესწრებოდა. ანტრაქტის დროს მე და ლავრენტიმ სამალავიდან ჩვენი საბრძოლო ჯგუფის წევრები გამოვუშვით. თეატრში შუქი გავთიშეთ და მათ ჰოუპი ბუფეტიდან კოქტეილის სმის დროს გააქრეს. შემდეგ ბრიტანელებს ჰოუპის გამოსასყიდად 100 ათასი გირვანქა სტერლინგი გადავახდევინეთ, რომელიც აჯანყებას მოხმარდა. თუმცა გენერალი მაინც არ გავუშვით და მხოლოდ 1920 წლის 2 მაისს, მას მერე გავათავისუფლეთ, რაც რესპუბლიკაში საბჭოთა ხელისუფლებამ გაიმარჯვა...“ ბაგიროვის მონათხრობზე გულიანად იცინოდა სტალინი, რომელიც ბოლომდე დარჩა სუფრასთან და ნაშუაღამევს წავიდა ჩვენგან...“