№45 როგორ გამოსტაცა სტალინმა ბრიტანელებს ბალკანები ტიტოს მეშვეობით
მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ძლევამოსილი მმართველი იყო და მეორე მსოფლიო ომის „მეორე ნაწილიდან“ (1943 წლიდან) უდიდესი სამხედრო და ადამიანური საბჭოური რესურსი ჰქონდა, დასახული გეგმების განსახორციელებლად ის ყოველთვის წინდახედულობას იჩენდა, რაც თითქმის ყოველთვის ამართლებდა. თუმცა, იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. პროფესორი სემიონ კორპუხინი წერს: „სტალინის მიერ „წინდახედულობის გამოჩენაში“ იგულისხმება ის, რომ ევროპის რომელიმე ქვეყნის გაკომუნისტებისას საბჭოთა ბელადი „ადგილობრივ კადრებს“ იყენებდა და არა რუსებს ან საბჭოეთის რომელიმე სხვა ერის წარმომადგენლებს, რასაც შესაძლოა, დიდი არეულობა გამოეწვია და ბელადის გეგმები ჩაეშალა. „გასაწითლებელი“ ქვეყნის ადგილობრივ, ეროვნულ კადრებს კი სტალინი, ძირითადად, „კომინტერნიდან“ (კომუნისტური ინტერნაციონალი) არჩევდა, რომლებსაც მანამდე უფრთხილდებოდა, სათავისოდ გამოზრდიდა და ფაშისტებისგან გათავისუფლების შემდეგ მშობლიური ქვეყნების ხელისუფლებაში მოჰყავდა. ასე რომ, სტალინის ფორმულა – „კადრები წყვეტენ ყველაფერს“, ძირითადად, ამართლებდა, თუმცა იყო იშვიათი გამონაკლისებიც და ყველაზე დიდ გამონაკლისს იოსიპ ბროზ ტიტო წარმოადგენდა. ცნობილი საბჭოთა მზვერავი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ტიტო საკმაოდ მამაცი, ჭკვიანი და იდეური პიროვნება იყო და სტალინიც დიდად აფასებდა, თუმცა, ბოლოს გული აუცრუვდა და მასთან ურთიერთობა უკიდურესად გაუფუჭდა. არადა, სწორედ სტალინის წყალობით გადაურჩა ტიტო ფაშისტურ ლიკვიდაციას და სტალინისვე წყალობით ჩაუდგა იუგოსლავიას სათავეში“.
იოსიპ ბროზ ტიტო, მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი და მამაცი ადამიანი იყო, საკმაო თავნებობით, ამპარტავნობითა და ნარცისიზმით გამოირჩეოდა. ტყუილად არ შეარქვა მას სტალინმა „კოხტაპრუწა ტყის მარშალი“. კოხტაპრუწობაში საბჭოთა ბელადი იმას გულისხმობდა, რომ ფაშისტებთან მამაცურად მეომარი იუგოსლაველი პარტიზანების მეთაური, ტიტო ტყის პირობებშიც კი ახერხებდა ყოველდღიურად წვერის სუფთად გაპარსვასა და ისეთი სუფთა სამოსით სიარულს, რომელიც, ბელადის აზრით, შეუფერებელი იყო მებრძოლი პარტიზანისთვის. „ტყის მარშალი“ კი იმიტომ უწოდა, რომ იუგოსლავიელ პარტიზანთა მეთაურმა საკუთარ თავს მარშლობა მიანიჭა, შესაბამისი ფორმა შეაკერინა, რომელიც თავადვე გააფორმა (დიზაინი გაუკეთა) და თანამებრძოლებს აიძულებდა, რომ მისთვის „მარშალ ტიტოთი“ მიემართათ და ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაზე (სიცოცხლის ბოლომდე) მარშლის ფორმით დადიოდა და ყველგან მარშლად მოიხსენიებდნენ.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „მას მერე, რაც ტიტო საბოლოოდ განუდგა საბჭოეთს და სტალინს აღარ ემორჩილებოდა, ბელადმა მას მეტსახელად „თვითმარქვია მარშლის“ ეპითეტიც მიამატა და ერთხელ საკმაოდ გულდაწყვეტილმა მითხრა: ტიტო უმადური აღმოჩნდა და ნუთუ არ ახსოვს, თუ როგორ გამოვტაცეთ ის სკორცენის კლანჭებს ჩვენი საუკეთესო ძალების სიცოცხლის დიდი რისკის ფასადო...“
საქმე კი ის იყო, რომ 1944 წლის დასაწყისში საბჭოთა დაზვერვამ სტალინს აცნობა ტიტოზე თავდასხმის მზადების შესახებ ფაშისტური გერმანიის მხრიდან. საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა ბელადს მოახსენა:
– ამხანაგო სტალინ, ჰიტლერმა სკორცენს დაავალა ტიტოს ლიკვიდაცია და ის (სკორცენი) თავის ხელაღებულ დივერსანტებთან ერთად უკვე ზემო ბოსნიის ტყეების გზას დაადგა, სადაც ტიტოს პარტიზანული შტაბია განთავსებული.
გენერალ ფიტინს რომ მოუსმინა, სტალინმა უთხრა:
– ტიტო დიდი ძალა და დასაყრდენია ჩვენთვის. მისი პარტიზანები დიდ ზიანს აყენებენ ფაშისტებს და მისი ლიკვიდაცია არასგზის არ უნდა დავუშვათ. ტიტო გამოგვადგება ომის მერეც, როცა ჰიტლერს კისერს მოვუგრეხთ და იუგოსლავიაში ის გასაბჭოებულ ქვეყანას უხელმძღვანელებს, ამიტომ ტიტოს გადასარჩენად საუკეთესო ძალები გაგზავნეთ. თუ საჭირო გახდა, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციაც ჩაატარეთ არმიის გამოყენებითო.
სტალინი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და თუ შეიძლება ითქვას, ტიტოს იმიტომ ელოლიავებოდა, რომ ის (ტიტო) ბრიტანელებს არ „დაეთრიათ“ და თავიანთი პოლიტიკის გამტარებლად არ ექციათ. სტალინს ძალიან სჭირდებოდა ბალკანები და ტიტოს მეშვეობით ის ბრიტანელებს, რომ იტყვიან, „აახია“ და ამას თვით უინსტონ ჩერჩილიც აღიარებდა. საბჭოთა დაზვერვის პოლკოვნიკი ანტონ კესარევი იხსენებდა: „1944 წლის იანვარში, ხელმძღვანელობის საიდუმლო ბრძანებით, მე სათავეში ვედექი იმ სპეცჯგუფს, ვისაც ნაბრძანები ჰქონდა ტიტოს გამოყვანა ზემო ბოსნიის ტყეებიდან და მოსკოვში ჩაყვანა. სკორცენსა და მის „გალავარეზებს“ ტიტოსთან მისვლა დავასწარით და რომ იტყვიან, ცხვირწინ ავაცალეთ მათ იუგოსლავიელ პარტიზანთა მეთაური. იმ ყინვა-თოვლში, კლდეებზე სპეციალური ტროსებით ჩამოსვლა დაგვჭირდა. მშვიდობით მივაღწიეთ ველამდე, სადაც საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავი იდგა და რომელმაც ტიტო მოსკოვში უსაფრთხოდ ჩაიყვანა...“
სტალინის დაცვის უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი იხსენებს: „სტალინის დავალებით, სამხედრო აეროდრომზე ტიტოს მე დავხვდი და კრემლშიც მე მივუყვანე. იოსებ ბესარიონის ძემ გულითადად მიიღო ის, მაგრად ჩამოართვა ხელი, სავარძელში დასვა და სამი საათის განმავლობაში პირისპირ ესაუბრა“.
სტალინი ტიტოს სიმამაცესა და შეუპოვრობას პატივს სცემდა, თუმცა, ამავდროულად, არ მოსწონდა მისი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება. გიორგი დიმიტროვს კი ერთხელ უთხრა: „მართალია, ტიტო მებრძოლი, ჭკვიანი კაცია, მაგრამ მას, ამავდროულად, ბურჟუაზიული გადახრებიც აქვს, ეს კი მის პოლიტიკაზე გავლენას ახდენს და სოციალისტურ სისტემას სიკეთეს არ მოუტანსო...“ საბჭოთა ბელადი არც შემცდარა, ტიტომ განსხვავებული სოციალიზმის მშენებლობა გადაწყვიტა თავის ქვეყანაში და სტალინურ-საბჭოური დიქტატისგან საბოლოოდ გათავისუფლება სცადა, რაც, შეიძლება ითქვას, გამოუვიდა კიდეც და ის (ტიტო) ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც სტალინს დიდი ღია წინააღმდეგობა, ურჩობა გაუწია და ცოცხალი გადარჩა.“