№45 ექიმის რჩევები
კითხვა: მაქვს ციტომეგალოვირუსი და ჰერპესი ქრონიკულ ფორმაში. ამიხსნეს, რომ რადგან ამ დაავადებების მიმართ ანტისხეულები მაქვს, აღარ დამემართება, ხოლო ინტერნეტში ამოვიკითხე, რომ შეიძლება ისევ დაგემართოსო. თქვენ რას მეტყვით?
პასუხი: შესაძლებელია, ამ ინფექციების აქტივაცია ისევ მოხდეს, მაგრამ ეს უკვე იქნება განმეორებითი ინფექცია, რაც ნაკლებად საგანგაშოა პირველად ინფექციასთან შედარებით.
კითხვა: შიდსის ვირუსი რამდენ ხანს ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს თუ მაგალითად, დაინფიცირებული სისხლი მოხვდება სავარძელზე ან რაიმე სხვა ნივთზე? არის ღია ჭრილობით მათთან შეხების ან დაზიანებისგან დაინფიცირების რისკი?
პასუხი: მშრალ პირობებში შიდსის ვირუსი რამდენიმე საათში იღუპება, თუმცა შესაძლოა 1-3 დღეც გაძლოს. ქსოვილოვან კულტურაში ვირუსი ოთახის ტემპერატურაზე 15 დღე ძლებს, ხოლო 37 გრადუსზე – 11 დღე. 56-60 გრადუსზე ვირუსი 30 წთ-ში იღუპება. ვირუსი ადვილად ინაქტივირდება ქიმიური საშუალებებით დამუშავებისას.
კითხვა: ხანდახან მაქვს შეგრძნება, თითქოს პირში ბუსუსები მაქვს. ზოგმა მითხრა, ნევროზიაო, ზოგმა – სიმშრალე გაქვსო და ასე შემდეგ. რისი ბრალი შეიძლება, იყოს სინამდვილეში?
პასუხი: შესაძლოა, ალერგიის გამოვლინებაა. დააკვირდით, ასეთი შეგრძნება კონკრეტულად რომელიმე საკვების ან სასმლის მიღების შემდეგ ხომ არ გიჩნდებათ.
კითხვა: წინა კბილის კუთხე ჩამომიტყდა. ამოღებაა საჭირო თუ შეიძლება რესტავრაცია?
პასუხი: რა თქმა უნდა, ჩამოტეხილი კბილის რესტავრაცია შესაძლებელია.
კითხვა: თუ შეიძლება ნოოფენი მივცეთ 9 თვის ბავშვს – გაღიზიანებულია და ღამით ცუდად სძინავს, როგორ უნდა მიიღოს და რამდენჯერ?
პასუხი: ნოოფენის მიცემა ბავშვისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. ბავშვის ჭირვეულობისა და უძილობის მიზეზის დასადგენად პედიატრს ან ნევროპათოლოგს მიმართეთ.
კითხვა: ვარ 37 კვირის ორსული, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა თმის შეღებვა?
პასუხი: შეიძლება, მხოლოდ რეკომენდებულია თმის შეღებვის პროცესში პირბადე გაიკეთოთ. ამასთან, ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად, შეღებვამდე 1-2 დღით ადრე საღებავი წინასწარ გამოსცადეთ კანის პატარა უბანზე, უმჯობესია კისერზე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე