№45 შიზოფრენიის სიმპტომები
შიზოფრენია ხასიათდება პიროვნების თანდათანობით მზარდი ცვლილებით (აუტიზმი, ემოციური გაღარიბება, უცნაურობების გაჩენა), სხვა ნეგატიური ცვლილებებითა (ფსიქიკური მოქმედების დისოციაცია, აზროვნების მოშლა, ენერეტიკული პოტენციალის დაცემა) და ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებებით (აფექტური, ნევროზული და ფსიქოპათურისებრი, ბოდვითი, ჰალუცინაციური, ჰებეფრენიული, კატატონური). დაავადების განსაკუთრებით მძიმე ფორმები გვხვდება მამაკაცებში, ნაკლებად გართულებული – ქალებში. ახალგაზრდობაში დაწყებული შიზოფრენია მიმდინარეობს ნაკლები ავთვისებიანობით, ვიდრე მოზრდილებში.
სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების განვითარების სტადიაზე და ფორმაზე. გამოყოფენ შიზოფრენიის სამ ძირითად ფორმას: უწყვეტად მიმდინარე, შეტევით – პროგრედიენტული (გართულებული) და რეკურენტული (პერიოდული). უწყვეტად მიმდინარე შიზოფრენიის დროს აღინიშნება ავადმყოფური გამოვლინებების თანდათანობითი დამძიმება, ნევროზისებრი, ჰალუცინაციურ-ბოდვითი და კატატონურ-ჰებეფრენიული დარღვევების თანმიმდევრული ცვლით. დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის დროს პროცესის განვითარება დიდხანს არ იწვევს პიროვნების გაუხეშებასა და სოციალური ადაპტაციის გამოხატულ დარღვევებს. კლინიკურ სურათში დომინირებს შემდეგი სიმპტომატიკა (აკვიატებები, ფობიები, ისტერიული, სენესტოიპოქონდრიული, დეპერსონალიზაციის გამოვლინებები და სხვა). კლინიკურ სურათში ისეთი ჰალუცინაციურ-პარანოიდული დარღვევების სიჭარბისას, როგორიცაა თვალთვალის, განდიდების ბოდვები, ფიზიკური ზემოქმედების, ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენები (პარანოიდული შიზოფრენია), მატულობს ნეგატიური ცვლილებები და ინტელექტის დაქვეითება, რომელიც არახელსაყრელ პირობებში მთავრდება საბოლოო მდგომარეობის ფორმირებით. ავთვისებიანი შიზოფრენიისთვის, რომელიც იწყება ბავშვობაში და ახალგაზრდობაში, დამახასიათებელია ნეგატიური ცვლილებების ადრეული გამოვლინება, ასევე დაავადების სწრაფი განვითარება, რომელიც უკვე 1-4 წელში მთავრდება საბოლოო მდგომარეობით – უხეში ემოციური დეფექტით, ქცევის რეგრესითა და აპათიური ჭკუასუსტობით.
შიზოფრენიის დიაგნოსტიკას აიოლებს პიროვნების თანდათანობითი ან ეტაპობრივი ცლილებები, ასევე აზროვნების დარღვევები, აბსტრაქტული, მეტაფიზიკური შინაარსის ბოდვითი იდეები, ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენები.
შიზოფრენიის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ სურათზე, მიმდინარეობაზე და ეტაპზე. გამოხატული ფსიქოზური მდგომარეობების დროს, რომლებიც არღვევენ ავადმყოფთა ადაპტაციას და მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციას, გამოიყენება ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე მკურნალობის შოკური მეთოდები.