№45 რა საფრთხეს შეიცავს უფასო უკაბელო ინტერნეტი მთელი დედამიწისთვის და როგორ ავრცელებენ საქართველოს მოქალაქეები უფასოდ და ამომწურავად ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ
ჯერ კიდევ 2015 წელს შეუთანხმდა OneWeb ფრანგულ Arianspace-სა და რუსულ „როსკოსმოსს“, რომ კოსმოსში რამდენიმე ასეულ ხელოვნურ თანამგზავრს გაუშვებდა. როგორც რუსული კოსმოსური უწყების ყოფილი გენდირექტორი ამბობს, ხელშეკრულების თანხა მილიარდ დოლარს აჭარბებდა. პირველი თანამგზავრი 2017 წლის ბოლოს უნდა გაეშვათ, თუმცა პროცესი გაიწელა და, ბოლო ინფორმაციით, პირველი ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსს 2018 წლის ბოლოსკენ ან 2019 წლის თებერვლამდე იხილავს.
ეს ის თანამგზავრებია, რომელთა მეშვეობითაც პროექტის ავტორები დედამიწელებს უფასო და მაღალსიჩქარიან უკაბელო ინტერნეტს ჰპირდებიან.
OneWeb აპირებს 900 დაბალორბიტული თანამგზავრის ქსელი შექმნას, პროექტის სპონსორები არიან: Airbus Group, Bharti, Coca-Cola, Hughes, Virgin Group, Qualcomm და SoftBank, რომლებმაც 1,7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია გაიღეს. კომპანიის დამფუძნებელი კი Google-ის ყოფილი მენეჯერია.
რუსულმა „ეფ ეს ბემ“ განაცხადა, რომ ეს ამერიკული პროექტი მიმართულია რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ, რადგან შესაძლოა, სადაზვერვო მიზნით გამოიყენონ და არ სჯერა პროექტის ავტორების დაპირების, რომ თანამგზავრები კოსმოსში დედამიწელების საინტერნეტო ბედნიერებისთვის იფრენენ. ამას გარდა, ჩრდილოეთში ფიქრობენ, რომ OneWeb გახდება მონოპოლისტი პროვაიდერი რუსეთის შორეული რეგიონებისთვის და იქ რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მუშაობას არარენტაბელურს გახდის, ამიტომაც ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად საკუთარი თანამგზავრული სისტემის შექმნა განიზრახეს.
უცნობია, რატომ შეცვალეს ჩრდილოეთში 2015 წელს მიცემული თანხმობა 2018 წელს განგაშით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორც წესი, სპეცსამსახურები ქმნიან, იყენებენ და შემდეგ ხდება ისინი საჯარო მოხმარების პროდუქტი: მათ შორის, დახარჯული თანხის ამოღების მიზნითაც. ასევე, ცნობილია, რომ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიუმჯობესონ და გაიმარტოვონ ცხოვრება, ტექნოლოგიების პატრონებმა კი მიიღონ ინფორმაცია, რათა ის ადამიანები მარტივად მართონ და აკონტროლონ.
აქედან გამომდინარე, უფასო და მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი, მართლაც, მისწრებაა დედამიწის მოსახლეობისთვის, თუმცა, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ ამ პროექტის ავტორებს ერთ პაკეტში ექნებათ სრული ინფორმაცია ნებისმიერზე, ვინც ამ უკაბელო ინტერნეტით ისარგებლებს.
მართალია, დღეს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიასა თუ ინტერნეტპროვაიდერებს, ისევე, როგორც საძიებო სისტემებს, სოციალურ ქსელებსა ლა ელექტრონულ ფოსტებს, ისედაც აქვთ წვდომა ჩვენს ნებისმიერ აქტივობაზე, რასაც ზემოჩამოთვლილი მომსახურეების მიღებისას ვეწევით, ოღონდ ისინი გვარწმუნებენ, რომ ჩვენი პირადი ინფო დაცულია, ამირან სალუქვაძესთან ერთად განვიხილავთ ახალი პროექტის ნათელსა და არც თუ ისე ნათელ მხარეებს.
– ტოტალური კონტროლისკენ გადადგმული ნაბიჯია თუ მართლაც ჩვენი ბედნიერებისთვის იხარჯება ამდენი ფული?
– ტოტალურ კონტროლს რაც შეეხება: ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის, კონტროლი ისედაც არსებობს და, ფაქტობრივად, მსოფლიო სფეროებადაა დაყოფილი, თუ ვინ რომელ სივრცეს აკონტროლებს მეტ-ნაკლებად. რუსეთი და ჩინეთი ახსენეთ და რუსეთმა, ფაქტობრივად, უზრუნველყო თავისი უსაფრთხოება იმით, რომ შექმნა დამოუკიდებელი საძიებო სისტემები, „იანდექსი“ თუ „მაილ.რუ“ და მისი მოსახლეობის უმეტესობა ამ საძიებო სისტემებს იყენებს. ასევე, შექმნეს თავიანთი სოციალური ქსელები, „ვ კონტაქტე“, „ოდნოკლასნიკი“ და სხვა. რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა ამ სოციალურ ქსელებს იყენებს. რუსეთში უფრო გავრცელებულია „ინსტაგრამი“ და „ვ კონტაკტე“, ვიდრე „ფეისბუქი“. ანუ უზრუნველყვეს, რომ საკუთარი მოსახლეობის მეტი ნაწილი, ჟარგონით რომ ვთქვათ, „შეესვათ“ საკუთარ ვირტუალურ პროდუქტებზე, რომლებსაც რუსული სპეცსამსახურები ასი პროცენტით აკონტროლებენ.
იგივე ხდება ჩინეთშიც: ვირტუალური სივრცე იქ კიდევ უფრო მკაცრად კონტროლდება. თავიანთი საძიებო სისტემა აქვთ და გარე ჩარევებისგან ჯერჯერობით დაცულები არიან. მაგრამ ზოგადად მოსახლეობისთვის, ჩინელი იქნება, ქართველი, რუსი თუ სხვა ეროვნების, ერთი რამ უნდა იყოს გასაგები და ნათელი. უნდა გაერკვნენ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური გაგაკონტროლებს, იმიტომ რომ ადამიანმა ყველა სპეცსამსახურისგან უნდა დაიცვას თავი და უნდა იცოდეს, სოციალური ქსელით, ელექტრონული ფოსტითა თუ საძიებო სისტემით სარგებლობისას, რა ტიპის პირადი ინფორმაცია გასცეს და რა – არა. რადგან დღეს ნებისმიერი ადამიანი აქტიურად იყენებს მობილურ ტელეფონს, რომელშიც ინახავს უამრავ ინფორმაციას და ზემოჩამოთვლილი პროდუქტების მფლობელთათვის მომხმარებელზე სრული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი – დაწყებული კონტაქტებით და დამთავრებული ფოტომასალებით.
– ვიდეოები, მიმოწერა, გადაადგილების ტრაექტორია...
– დიახ, აბაზანაში გადაიღებს ფოტოს თუ რესტორანში, ეს ინფო ხელმისაწდომია არა მხოლოდ ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორებისა და ინტერნეტპროვაიდერებისთვის, არამედ აპლიკაციების მფლობელთათვისაც კი. დღეს უამრავი აპლიკაცია გამოდის და ისინი პირდაპირ ითხოვენ დაშვებას მომხმარებლის კონტაქტებზე, ფოტოებზე.
– ზოგი მომხმარებელი მექანიკურად აჭერს ხელს თანხმობას და აპლიკაციით სარგებლობის პირობებს არ კითხულობს.
– დიახ და თუ არ მისცემ ამის ნებართვას, იმ აპლიკაციას ვერ გამოიყენებ. არ გაძლევს სარგებლობის უფლებას. ერთი სიტყვით, გვინდა თუ არა, მივედით იქამდე, რომ არა მხოლოდ მცირე ქვეყნები, არამედ უკვე ევროპული ქვეყნებიც კონტროლდება. თუმცა, მაგალითად, გერმანიასა და ინგლისს ათასგვარი პროდუქტი აქვთ, მაგრამ ის ვირტუალური სივრცეები აშშ-ს მიერ მაინც კონტროლდება. და არა მარტო მათ მიერ, ვიცით, რომ ამ საქმეში, ინტერნეტსივრცეებში შეღწევასა და ინფორმაციის მოპოვებაში, ძლიერები არიან რუსები, ჩინელები. ასე რომ, უფასო ინტერნეტი გვექნება თუ ფასიანი, დაზღვეულები მაინც არ ვართ.
– მე ის ვიგულისხმე, რომ 900 თანამგზავრი ძალიან დიდი ფული დაჯდება. ანუ ერთ ჯგუფს უნდა, რომ მის ხელში მოიყაროს თავი მთელმა ინფორმაციამ? ეს არ არის ბომბის ტოლფასი?
– იმიტომ გავაკეთე მცირე მიმოხილვა, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, არაფერი იცვლება, იმიტომ რომ ჩვენი სივრცე მაინც კონტროლდება, მთელი საქართველო „ფეისბუქზეა“ შემჯდარი, უკაცრავად ჟარგონისთვის და, თუ დასჭირდება აშშ-ს სპეცსამსახურებს, „ფეისბუქი“ გასცემს ნებისმიერ ინფორმაციას და ჩვენ ვიხილეთ რუსულ საქმესთან დაკავშირებით, რომ ყველა წამყვანი სოციალური ქსელი, საძიებო სისტემები და ინტერნეტპროვაიდერები, ყველა, თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან. უსაფუძვლოა ფიქრი, რომ, პიროვნულად თუ არავის დასჭირდი და რამე არ ჩაიდინე, შენი პირადი ინფორმაცია დაცულია და არც არაფერი მოხდება. ეს ინფორმაცია დაშიფრულია მესინჯერებში, „ვოთს აფი“ იქნება, „ფეისბუქის“ მესინჯერი თუ სხვა. ეს პრობლემა არ არის. სახელმწიფო არ დაინტერესდება შენით, თუ რამეს კანონის მიღმა არ ჩაიდენ, მაგრამ მოქალაქემ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავისი პირადი ინფორმაცია, თუ აქვს პლანშეტები და მობილური ტელეფონები. ამდენად, ამ პროექტით, საქართველოსთვის იცვლება ის, რომ, თუ ინტერნეტი გვქონდა ფასიანი, გაგვიხდება უფასო, რაც, თუ უსაფრთხოების ელემენტარულ მოთხოვნებს იცავ, სიკეთეა. იგივე შედეგს მიიღებენ აფრიკული და სხვა მსგავსი რეგიონები, სადაც ინტერნეტი არც კი იციან, რა არის და ამ რეგიონებს ძალიან შეცვლის. ჩვენ ხომ ვიცით, ინტერნეტს რა ძალა აქვს და რამდენად შეცვალეს მსოფლიოს რეგიონები ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა. ამიტომ ინტერნეტით ჯერ არუზრუნველყოფილ რეგიონებში ეს პროექტი რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს.
– რუსულმა „ეფ ეს ბემ“, ჩემი აზრით, სწორად იგრძნო საფრთხე, თუმცა რატომ დათანხმდა 2015 წელს პროექტში მონაწილეობას.
– რაც შეეხება რუსეთსა და ჩინეთს: რთული იქნება ასეთი სისტემებისგან თავდაცვა და არ არის გამორიცხული, ამ პროექტმა სერიოზული დაძაბულობებიც გამოიწვიოს. წესით, რუსეთისთვისაც არ უნდა იყოს პრობლემა, მათ შეუძლიათ ინტერნეტის ამ ქსელში არ შევიდნენ, ჩინოვნიკებს, სპეცსამსახურებს, სამხედროებს აუკრძალონ ამ ქსელით სარგებლობა. მაგრამ აი, ტექნიკურად „ვაი ფაის“ დაბლოკვა როგორაა შესაძლებელი, არ ვიცი. პაროლი არ აქვს და ყველას შეუძლია, მოიხმაროს.
– მაგრამ მოქალაქეებს როგორ აუკრძალავენ უფასო უკაბელო ინტერნეტით სარგებლობას?
– მოქალაქეებს ვერ აუკრძალავენ და საინფორმაციო დაპირისპირების საგანი იქნება. გააგრძელებენ პროპაგანდას, რომ ტოტალური კონტროლია და შეეცდებიან, თავადაც გააკეთონ იგივე. ხომ შექმნა რუსეთმა „ჯი პი ესის“ საპირწონე?! ბოლო წლებში კოსმოსშიც გაზარდა კოსმოსური დაჯგუფება, განსაკუთრებით სადაზვერვო თანამგზავრებით. რუსეთი და ჩინეთი გაერთიანდებიან და აშშ-სა და ევროპის თავზე შეეცდებიან, გააკეთონ უფასო ინტერნეტი, ანუ გადადგამენ საპასუხო ნაბიჯებს. ეს რთული არ იქნება.
– მაგრამ აშშ-სა და ევროპის მოსახლეობას არავინ უბლოკავს ინფორმაციას და რაც აინტერესებთ, ისედაც იგებენ.
– რუსული ტელევიზიით ხომ სარგებლობდნენ?! „რაშა თუდეი“ ბევრ ქვეყანაში აკეთებს თავის საქმეს. აშშ-ში ცოტა შეუზღუდეს დაშვება სახელმწიფო დაწესებულებებში, თორემ თავისუფლად დასეირნობდნენ.
– ვინ უფრო მეტად დაზარალდება ამ ვირტუალურ ომში: აშშ თუ რფ?
– კითხვაში ახსენეთ ტოტალური კონტროლი და აქეთ მიდის საქმე, ანუ უფრო მეტი ტოტალური კონტროლისკენ. იმიტომაც ვამბობ, რომ ჩვენთვის არაფერი იცვლება, ახლაც გვაკონტროლებენ, უბრალოდ, ახლა ამაში ფულს ვიხდით, შემდეგ კი უფასო იქნება. მაგრამ რუსეთის მოსახლეობისთვის იცვლება: უამრავი რეგიონის ინტერნეტიზაციას ვერ ახერხებენ და თუ ახერხებენ, ძალიან ძვირი და ნელი ინტერნეტია. ამ კუთხთი ჩვენ გაცილებით წინ ვართ, მხოლოდ წელს გააუქმეს როუმინგები რეგიონებს შორის. აქამდე მოსკოვის ოლქიდან სანკტ-პეტერბურგში დარეკვა როუმინგად ითვლებოდა, ეს იგივეა, თბილისიდან ქუთაისში დარეკვა რომ სამმაგი ღირდეს. ამდენად, რუსეთის მოსახლეობისთვის ძალიან დიდი სარგებელი იქნება. მაგრამ ხელისუფლებისგან შეხვდებათ ძალიან დიდი წინააღმდეგობა. რუსები ახლა ფულს იხდიან ინტერნეტში, მაგრამ, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს თუ მოუნდათ, იქ ვერ შეაღწევენ და ინფორმაციას ვერ აიღებენ?! თუმცა ძალიან ბევრი კომპანიისთვის დიდი დარტყმა იქნება, ინტერნეტპროვაიდერებს ვგულისხმობ.