კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა აგრესიულ ნაბიჯს ამზადებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ლუგარის ლაბორატორიაზე დიპლომატიური იერიშის შემდეგ

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თუმცა ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ლამისაა, 2006 წლიდან ფუნქციონირებს (ის სრული დატვირთვით 2013 წელს ამოქმედდა), რუსეთის ფედერაციამ განგაშის ზარები სულ ახლახან დაარისხა და, თუკი თავდაპირველად განაცხადა, რომ ქართველ ხალხზე არ დაუშვებდა ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას ამერიკელი სამხედროების მიერ, მოგვიანებით, სწორედ ლუგარის ლაბორატორიას დააბრალა რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეპიდემიის გავრცელება, რამაც ეკონომიკური ზიანიც მოგვიტანა და ადამიანური მსხვერპლიცო. საბოლოოდ, გამოაცხადეს, რომ საკუთარ საზღვრებთან ამ ტიპის ლაბორატორიას არ აიტანენ. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს „არატანა“, ანუ სამხედრო მოქმედებების დაწყებას ლაბორატორიის პირისაგან მიწისგან აღსაგველად თუ რამე სხვას, თუმცა ვიცით, რომ რუსულმა მხარემ უარი თქვა ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებაზე. მეორე მხრივ, ბიოლოგიური, ანუ ბაქტერიოლოგიური იარაღი თანამედროვე ომების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფორმაა და ისიც ფაქტია, რომ ამ ტიპის იარაღი აშშ-საც უნდა ჰქონდეს და რუსეთსაც (ისევე, როგორც ისტორიულად ცნობილია ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ფაქტებიც). ბუნებრივია, ჩვენ დანამდვილებით ვერასდროს გავიგებთ, კონკრეტულად რა სამუშაოები ტარდება ლუგარის ცენტრში. ოფიციალური ვერსიით, ლაბორატორიის მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროულად აღმოჩენა და იდენტიფიცირება „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით. აქვე ვიტყვი, რომ 2018 წლიდან ლუგარის ცენტრს საქართველოს მთავრობა აფინანსებს.
რატომ გაახსენდა რუსეთს ლუგარის ცენტრი, მაინცდამაინც, 2018 წელს? – ამ თემას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან,
ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ.  

– სანამ ლუგარის ცენტრით რუსეთის დაინტერესების მიზეზებზე ვისაუბრებთ, მკითხველს ბიოლოგიური იარაღის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია.
– ბიოლოგიური, იგივე ბაქტერიოლოგიური იარაღი, ესაა სპეციალურად „გაწრთვნილი“ ბაქტერიების, ვირუსების, სოკოებისა და მათი გავრცელების ტექნოლოგიების ერთობლიობა. ის გაცილებით საშიშია, ვიდრე დღემდე არსებული სხვა მასობრივი განადგურების საშუალებები: ბირთვული და ქიმიური იარაღი. ის შეიძლება გავრცელდეს, ფაქტობრივად, ნებისმიერი გზით: სასუნთქი ორგანოებიდან, კანიდან, მწერებისა და მღრღნელების ნაკბენიდან და ასე შემდეგ. ამ უხილავ, უსუნო და ყოველმხრივ ფარულ იარაღს ეპიდემიის გამოწვევა და მილიონობით ადამიანის დაავადება შეუძლია.  სასიკვდილო ბაქტერიებისა და ვირუსების ფარულად გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ: თვითმფრინავებიდან გადმოასხურებენ ან აგდებენ კონტეინერს, სადაც ვირუსებით დაავადებული მღრღნელებია მოთავსებული. კონტეინერი იმსხვრევა, თაგვები და ვირთხები გარბიან და სასიკვდილო ვირუსებს ირგვლივ ავრცელებენ. ამავე დროს არსებობს ბიოიარაღის გავრცელების უფრო თანამედროვე საბრძოლო ტექნოლოგიებიც, კერძოდ ბაქტერიოლოგიური რაკეტები, საავიაციო და საარტილერიო ჭურვები და სხვა. სპეცსამსახურებისა და ტერორისტების საყვარელი სამიზნე ხალხმრავალი ადგილებია (მეტრო, ბაზარი, სავაჭრო ცენტრი), სადაც სასიკვდილო ვირუსის ფარულად გავრცელება იოლია. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს მიიღო ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის განადგურებისა და წარმოების აკრძალვის კონვენცია, დღესაც ბევრი ქვეყანა არა მარტო აგრძელებს სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით, არამედ საიმედოდ ინახავს ძველს და ფარულად ქმნის ახალ ბიოიარაღს. მათი მიზანია მოწინააღმდეგის არა მარტო ცოცხალი ძალის მწყობრიდან გამოყვანა, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, პირუტყვისა და ნათესების განადგურებაც.
– რუსეთში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის როგორი ტრადიციაა?
– 1987 წლისთვის საბჭოთა კავშირში ბიოლოგიური იარაღის წარმოების საიდუმლო პროგრამებზე მუშაობდა ათამდე ინსტიტუტი და ლაბორატორია, სადაც ბიოიარაღის სამრეწველო ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებს 15 000-ზე მეტი ადამიანი ქმნიდა. ბიოიარაღის მწარმოებელ მხოლოდ ერთ-ერთ ცენტრში, კერძოდ, „ზაგორსკ 6-ში“, 1980-იანი წლების ბოლოს „ყვავილის“ მიკრობების 20-ტონიანი მარაგი ჰქონდათ. ხოლო სვერდლოვსკის საიდუმლო ლაბორატორიებში კი შეეძლოთ, ყოველწლიურად 200 კილოგრამამდე „სუპერ შავი ჭირის“ ბაქტერიები ეწარმოებინათ, რაც საკმარისი იყო 5 მილიონი ადამიანის გასანადგურებლად. ეს ციფრები განსაკუთრებით საბჭოთა გენერლების გულებს ახარებდა. მათ ისიც გაიანგარიშეს, რომ მოწინააღმდეგის ქალაქის თავზე ჩამოგდებულ ციმბირის წყლულის ბაქტერიებით დატენილ 50-კილოგრამიან ჭურვს 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის დაავადება შეეძლო.  „რკინის ფარდის“ ჩამოხსნამ საბჭოთა იმპერიას ბევრი პრობლემა შეუქმნა. ამერიკელების ზეწოლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ბორის ელცინი იძულებული გახდა, 1992 წლის აპრილში სპეციალური განკარგულებისთვის მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც რუსეთს უნდა შეეწყვიტა თავდასხმითი ბიოლოგიური იარაღის წარმოება. თუმცა ბიოიარაღის სამეცნიერო კვლევები და საწარმოო პროგრამები ფარულად კვლავ გრძელდებოდა. ამჟამად რუსული ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაზე ისევ მუშაობენ ზაგორსკში, ეკატერინბურგსა (ყოფილი სვერდლოვსკი) და კიროვში განლაგებული სამეცნიერო-საწარმოო ლაბორატორიები.
პროფესორ ლევ ფიოდოროვის ინფორმაციით, რუსეთში ვლადიმირის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში დღესაც მოქმედებს საიდუმლო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მოწინააღმდეგის პირუტყვის (ძირითადად, ძროხებისა და ღორების) დაავადების გამომწვევ ბიოიარაღის შექმნაზე მუშაობს. რუსი მეცნიერები ცდილობენ, ისე „გამოზარდონ“ ბაქტერიები, რომ, აცრის მიუხედავად, ნებისმიერ ორგანიზმში შეიჭრნენ და იმუნური სისტემა დაარღვიონ.  მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ნათესებისა და პირუტყვის განადგურების „პროზაული“ მიზნების მიღწევის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა მეცნიერებს უფრო რთული ამოცანები დაუსახეს. ამჟამად რუსეთში განსაკუთრებით გასაიდუმლოებულია კვლევები, რომლებიც მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის ან საწვავის „მჭამელი“ ბაქტერიებისა და ვირუსების გამოყვანას ისახავს მიზნად.  წარმოიდგინეთ, უხილავი, „დამშეული“ ბაქტერიები მადიანად ნთქავენ  ტანკის ელექტროიზოლაციას, მოკლე ჩართვას კი მომენტალურად გამოჰყავს მწყობრიდან საბრძოლო მანქანის მთელი ელექტროობა და ჩნდება ხანძარი. ან კიდევ, ავზი, რომელშიც საწვავი იყო, უცბად წყალდება. ნუ გაგიკვირდებათ, შეიძლება, ესეც ბაქტერიების დამსახურება აღმოჩნდეს. ეს სტანისლავ ლემის ან აიზეკ აზიმოვის ფანტასტიკური ნოველიდან ნასესხები სიუჟეტი არ გეგონოთ, ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში სერიოზული და ძვირად ღირებული საიდუმლო სამეცნიერო კვლევები დღესაც მიმდინარეობს.
– ფაქტია, ამერიკელებიც იმუშავებენ ბიოლოგიურ იარაღზე, თუ თავდასასხმელად არა, თავდაცვისთვის მაინც, რაც, ფაქტობრივად, მაინც ერთი და იგივეა.
– ერთმა შემთხვევამ, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ინფორმაციით, წერტილი დაუსვა აშშ-ში ბიოიარაღის შექმნის სამუშაოებს.  1969 წელს აშშ-ის ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიიდან შემთხვევით გამოტანილმა ბაქტერიებმა ახლო მცხოვრები ფერმერის ცხვრის ფარა დაასნეულა და ერთიანად ამოწყვიტა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად აკრძალა ბიოლოგიური იარაღის წარმოებაზე მუშაობა. თუმცა რუსეთის ოფიციალური მასმედია დღესაც თავგამოდებით იმეორებს „კა გე ბეში“ თითქმის ოცდაათი წლის წინათ შექმნილ ერთ დეზინფორმაციას, რომ 1980 წელს ამერიკელებმა მომაკვდინებელი ბაქტერიებით დაავადებული კოღოები ჰავანის აეროპორტში გაუშვეს. ამის შედეგად, როგორც ამ ვერსიის აქტიური მხარდამჭერები აცხადებენ, კუბაზე ღორები სულ გაწყვეტილან, ხოლო შაქრის ლერწმის მოსავლის 80 პროცენტი განადგურებულა.
– მართლა უქმნის ლუგარის ცენტრი რუსეთს ხიფათს? თავადაც ხომ მუშაობენ, თუ ამ პერიმეტრზე მხოლოდ მათი ბიოლოგიური იარაღის მოქმედების არეალი უნდა იყოს?
– ბიოლოგიური იარაღი არის ჯოხი ორი ბოლოთი, ასპროცენტიანი გარანტია, რომ ის მხოლოდ მტერს დააზიანებს, არ არსებობს. ასე რომ, ვინც იყენებს ბიოლოგიურ იარაღს, მას უდგას საფრèხე, რომ მისი დამუშავების, ტრანსპორტირების დროს მოხდეს გაუთვალისწინებელი რამ, მოხდეს მუტაცია. ერთი სიტყვით, მეცნიერებაც კი ბოლომდე ვერ ერკვევა იმ საფრთხეებში, რაც შეიძლება არსებობდეს. ცალსახად რუსეთის ან ნებისმიერი ქვეყნის მტკიცება, რომ ესა თუ ის დაავადება მიზანმიმართულად საქართველოდან არის წამოსული, არგუმენტებით გამყარებული არ არის. იმის თქმა მინდა, რომ ბიოლოგიური იარაღი არ ემორჩილება დისტანციურ მართვას, როგორც, მაგალითად, საფრენი აპარატები.
რატომ გაახსენდა ეს თემა რუსეთს ახლა? რუსეთი ამ თემას შემოაგდებს ხოლმე, როდესაც უნდა, რომ საქართველოს რამე ჩხვლეტა მიაყენოს. სხვათა შორის, ოთხოზორიას მკვლელობის დროსაც გაიხსენეს. აქეთ შემოდავების პრინციპით მოქმედებენ. ამასობაში, ბრიტანეთმა პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი სკრიპალების მოწამვლაში და ფოტოები გამოაქვეყნა. რის შემდეგაც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე ამბავი დაემთხვა ერთმანეთს: გამოქვეყნდა სტატია ბულგარულ პრესაში, ამას მოჰყვა იგორ გიორგაძის დიდი ინტერვიუ რუსულ პრესაში და საბოლოოდ ზახაროვამ, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ის ორი წყარო ოფიციალურად მოიშველია, რომ ოფიციალურადვე შემოეტია საქართველოსთვის. ჩემი აზრით, ეს არის სოლსბერის სკანდალის გადაფარვის მცდელობა.
– თუ მხოლოდ ეს არის, ჩვენთვის ცუდი არ უნდა იყოს.
– რა თქმა უნდა, გარკვეულ სამუშაოებს ორივე ქვეყანა აწარმოებს. იარაღს უკვე აღარ არქმევენ ამას, თავდაცვის საშუალებებს უწოდებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, თავდაცვა და თავდასხმა რთული გასამიჯნი იქნება. მაგალითად, ჩვენ არ გვინდა ჩვენს ტერიტორიაზე ატომური სადგური, იმიტომ რომ, თუმცა სიკეთეს მოიტანს, მაგრამ მისგან წამოსული საფრთხე ბევრ ამ სიკეთეს ბევრჯერ გადაფარავს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გვაქვს, რა ხდება ლუგარის ცენტრში. წინა ხელისუფლების ინიციატივა იყო ლუგარის ლაბორატორიის გახსნა, მაინცდამაინც, ჩვენთან. გახსოვთ, რომ გუანტანამოს პატიმრების შემოყვანაც უნდოდათ და ბევრი სხვა ამგვარი ინიციატივაც ჰქონდათ. ლუგარის ლაბორატორიის დაცვა აუცილებელია, რადგან ის საფრთხეს შეიცავს და, წესით, ყველა ამ საფრთხეს ხელისუფლება უნდა ანეიტრალებდეს.
– მაგრამ რუსები უარს აცხადებენ ლუგარის ცენტრის მონიტორინგზე.
– რუსეთს საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს დიპლომატიური სკოლა, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული. მინიშნებები იყო რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში: მაინც არ გვაჩვენებენ რეალურ სამუშაოებს და ჩვენი ჩასვლით  ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს „გააპრავებენო“. ამდენად, რუსეთს ხელს არ აძლევს, მონაწილეობა მიიღოს ამ ლაბორატორიის შემოწმებაში, რომ ერთხელ და საბოლოოდ გაარკვიოს. მათთვის ხელსაყრელია, ეს თემა მუდმივად იყოს საქართველოზე ზეწოლის საშუალება. რუსეთი ამ ლაბორატორიის გამო ომს არ დაიწყებს, მაგრამ გამოიყენებს სავაჭროდ, მაგალითად, ჩვენი ექსპორტის დასაბლოკად.
скачать dle 11.3