№44 როგორ უმკლავდება ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი ოჯახთან დაკავშირებულ სირთულეებს
ბოლო პერიოდში, ცნობილი ფაქტების გამო, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ საუბარი კვლავ გააქტიურდა. რაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით რთული მისი ოჯახისთვის აღმოჩნდა. ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრია საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ლიზა მაღრაძე, ბიზნესმენის შვილიშვილი, რომელიც პროფესიული აქტივობების, გარეგნობისა და ახალ-ახალი იმიჯების დამსახურებით, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
ლიზა მაღრაძე: სულ მინდოდა ის სტილი მქონოდა, რომელიც ახლა მაქვს, მაგრამ ვერასდროს ვბედავდი თმის შეჭრას, ცუდ ხასიათზე მაყენებდა. მაგრამ ერთ დღეს აბაზანაში შევედი და ჩემი დიდი ნაწნავი ჩემივე ხელით მოვიჭერი. მერე, რა თქმა უნდა, სტილისტთან მივედი და გამისწორეს, მაგრამ მანამდე მე ჩავატარე ექსპერიმენტი.
– ახალი იმიჯით ფოტოებს რომ დებ, სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გწერს. რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– ჩემს ფოტოებს მართლა ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ბევრი უცხო ადამიანი მწერს, ზოგი – ძალიან თბილად. მაგრამ კრიტიკას ვერსად გავექცევით და ძალიან ხშირად მაკრიტიკებენ კიდეც, თუნდაც იმიტომ, რომ საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოს ვდებ. თუმცა, მგონია, რომ ზღვაზე პალტოთი ვერ ვიქნები, ასე რომ, მსგავს კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ (იცინის). თუმცა, ჩემთვის ძალიან თბილი კომენტარებიც ბევრჯერ მოუწერიათ. რაც შეეხებათ თაყვანისმცემლებს, ალბათ, არიან, მაგრამ სერიოზული – არაფერი. მყვარებია და არ დამიმალავს. სოციალური ქსელიდანაც ყველამ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ რაღაც ეტაპის შემდეგ მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის არ ვიყავით და ეს ურთიერთობა დამთავრდა. ჯერჯერობით ახალი არაფერია. მიყვარს ეს გრძნობა, მაგრამ ძალიან იშვიათად მიყვარდება ხოლმე.
– შენი სტატუსიდან და სოციუმიდან გამომდინარე, არ გიფიქრია, სხვა ინტერესებიც ხომ არ ამოძრავებთ შენთან მიმართებაში?
– ვისთანაც მქონია ურთიერთობა, მსგავსი არაფერი მიგრძნია. ძალიან დიდი ხანი მჭირდება ადამიანთან ურთიერთობის ასაწყობად. ჯერ კარგად უნდა გავიცნო, გავიგო, რას წარმოადგენს. ურთიერთობა თავიდან მეგობრობით იწყება ხოლმე. მქონია შემთხვევა, ერთი წელი ვმეგობრობდით და მერე გადაზრდილა სხვა ურთიერთობაში. ზოგადად, ჩემი სტატუსიდან და ვინაობიდან გამომდინარე, ძალიან ვფრთხილობ ხოლმე.
– ურთიერთობა რომ მთავრდება, მაშინ როგორი ხარ?
– კირჩხიბებს ძალიან უჭირთ ხოლმე ადამიანების გაშვება. ძალიან არასასიამოვნოა ჩემთვის ეს პროცესი. თუმცა, ასეთ დროს ვცდილობ, ჩემთვის სასარგებლო რაღაცები გავაკეთო. მაგალითად, ასეთ ცუდ პერიოდში დავიწყე დიეტა და თვე-ნახევარში თხუთმეტი კილოგრამი დავიკელი. ახლაც ვაგრძელებ, დავდივარ ენდოკრინოლოგთან, თან ვმკურნალობ, თან დიეტაზე ვარ და ეს ყველაფერი ჩემთვის სასიამოვნო პროცესად იქცა, ცხოვრების სტილი გახდა. თუმცა დიეტის პირველი ერთი კვირა საშინლად ვიყავი. სრულიად უკონტაქტო ადამიანი გავხდი, არავინ არ მიყვარდა და ყველას ვეჩხუბებოდი (იცინის). მერე, სასწორსა და სარკეში შედეგი რომ დავინახე, ისე მომეწონა, რომ საოცრად დიდი სტიმული ვიგრძენი, ამიტომ ახლა „ბოლომდე ვაწვები“.
– ბიჭის იდეალი გყავს?
– ჩემთვის მამაკაცის იდეალი მამაჩემია. ის ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი და ძალიან მაგარი მამაა, ჩემ გარდა, კიდევ ორი შვილი ჰყავს და რომ ვუყურებ, სულ მინდა, მისნაირი ქმარი მყავდეს, რომელსაც არაფერი ეზარება და პატარა ბავშვებთან საოცრად მეგობრობს. კარგი ტიპია, თან ვიზუალურადაც ძალიან სიმპათიურია.
– შენი ოჯახის გარშემო რომ სულ ქარტეხილებია, ამას როგორ ეგუები.
– ამ ასაკში, უკვე, ყველაფერთან გამკლავება ვისწავლე. სახლში თუ ძალიან გამწარებული მივდივარ ხოლმე, პირველი, რასაც ვაკეთებთ, მე და დედაჩემი ოთახში შევდივართ, კარს ვკეტავთ, რომ ხელი არავინ შეგვიშალოს და მიდის ამ სიტუაციის გარჩევა. ნახევარი საათის მერე მიყურებს და მეკითხება: ხომ დამშვიდდიო. ნახევარ-საათიანი თერაპია არის ჩემთვის ამ სიტუაციიდან გამოსავალი, მაგრამ მარტო დედაჩემის, სხვა არაფერი მშველის. თან, ისედაც ცოტა უცნაური ტიპი ვარ. რთული ბავშვები რომ არიან ხოლმე, მეც ეგეთი ვიყავი (იცინის). ახლაც ყველა მეუბნება, რომ ძალიან რთული ხასიათი მაქვს. საოცრად ემოციური ვარ, ყველაფერი ზედმეტად ახლოს მიმაქვს გულთან და ამის გამო ძალიან ბევრჯერ დავზარალებულვარ.
– მით უმეტეს, რომ არასდროს მთავრდება თქვენს ოჯახთან დაკავშირებული თემების განხილვა.
– ახლანდელ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, მართლა ეგრეა და ეს ძალიან ძნელია. ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც ძალიან ხშირად მაქვს მომენტი – იმიტომ ხომ არა, რომ... ჩემი სტატუსიდან გამომდინარე ხომ არა? მაგრამ უკვე მივეჩვიე ამას, რადგან ბავშვობიდან ასეა. თუმცა, რა დროც არ უნდა გავიდეს, როცა ჩემი ოჯახის წევრების შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას ვიგებ, ყოველთვის ცუდად ვხდები. ვიცი, როგორი მაგარი ოჯახი მყავს და ეს ძალიან ბევრ სრულიად უცხო ადამიანისგანაც გამიგია, რა დროსაც ყველაზე ამაყი ვარ ხოლმე. ის, რაც ახლა ხდება, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთულია. მგონია, მეორეჯერ განვიცადე ის ყველაფერი, რაც თერთმეტი წლის წინ მოხდა. მაშინ პატარა ვიყავი და ისე მძიმედ ვერ აღვიქვამდი, მაგრამ ოცი წლის ასაკში, კარგად ვაცნობიერებ და ძალიან რთულია იმ ყველაფერთან გამკლავება, რაც თავს დაგვატყდა. მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მოვითხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიონ.
– თუმცა, ყველაზე რთული, ალბათ, მაინც ბებოსთვისაა.
– ბოლო მოვლენების დროს, ვცდილობდით, ბებო ეკრანისთვის მოგვერიდებინა. მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ სანამ ჩვენ გავიგებდით რამეს, მან უკვე ყველაფერი იცოდა. არ ვიცი, როგორ ახერხებდა, მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ ეს პერიოდი ძალიან ცუდად იყო. ბებო თავისებური ტიპია, თავის განცდებს ჩვენთან არ იმჩნევს ხოლმე. ახლაც, ემოციები რომ ვერ გამოხატა, ამიტომაც გახდა ცუდად. განსაკუთრებით მას უჭირს ამ ყველაფერთან შეგუება. კარგად არ მახსოვს, რა ხდებოდა იმ დღეების განმავლობაში. ბავშვობის ის მონაკვეთი, ჩემი მეხსიერებიდან ამოვჭერი. ალბათ, ეს თავდაცვის მექანიზმია. განსაკუთრებულად მახსოვს მის გვერდით გატარებული ყველა დღე. მიხარია და მეამაყება, რომ ამ ოჯახის წარმომადგენელი ვარ. ბევრი შვილიშვილიდან მე პირველი ვარ და ბაბუა ყველაზე კარგად მახსოვს. ადამიანი პოზიტივი, ყველა ბავშვის თოვლის ბაბუა იყო. მაგრამ მისი მოღვაწეობის შესახებ მოგვიანებით გავიგე, მანამდე მხოლოდ ჩემი ბაბუა იყო.
– და ბოლოს, შენს კარიერაზე მითხარი, რა გეგმები გაქვს?
– შოუ-ბიზნესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს. არ მინდა, ვიღაცის შვილიშვილი ვიყო და ჩემს პოპულარობას ოჯახი განსაზღვრავდეს. მინდა, ვიყო ლიზა მაღრაძე, რომლის ბაბუაც იყო ბადრი პატარკაციშვილი.