№44 როდის გამოხატავდნენ თათა გიორგობიანისადმი მოწონებას ბიჭები ცემით და რა დიდი ტკივილის შემდეგ გახდა ის უკარება და პრეტენზიული გოგო
თათა გიორგობიანი „გიორგი გაბუნიას შოუს“ ახალ სეზონზე საკუთარ ბენდთან ერთად გამოჩნდა და მაყურებლის ყურადღების მიპყრობა მალევე მოახერხა.
თათა გიორგობიანი: წელიწად-ნახევარია, რაც ბენდი „იელოუ“ შეიქმნა. გელა გნოლიძემ გვიპოვა და ამ გადაცემაზე მუშაობა შემოგვთავაზა, რასაც სიხარულით დავთანხმდით. აქამდე რამდენიმე ბენდი გამოვიცვალე, მაგრამ ასე კარგად ვერსად ავეწყვეთ. ბავშვობიდან ფორტიპიანოზე დავდიოდი და ეს პროცესი მეზიზღებოდა, მაგრამ დედას ძალით დავყავდი (იცინის). არ მომწონდა სხვისი თანდასწრებით მეცადინეობა, ვკომპლექსდებოდი და დიდი ხვეწნისა და ცრემლის გუბეების შედეგად, როგორც იქნა, გამომიყვანეს (იცინის). მუსიკის გაგონება აღარ მინდოდა, თუმცა „თინეიჯერობის“ პერიოდში ბავშვობაში ნასწავლის გახსენება დავიწყე.
– ცეკვავდი კიდეც, არა?
– ახლაც მინდა ცეკვის გაგრძელება, მაგრამ ამისთვის დრო არ მრჩება. ჩვენი ბენდი ერთგან რომ დაუკრავს, ოთხი ზარი მაინც შემოგვდის თხოვნით, რომ მათთანაც დავუკრათ, ამიტომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. ზოგჯერ დღეში რამდენიმე ადგილას ვუკრავთ. დავდიოდი თეატრალურ სტუდია „ბერიკებში“.იქ სწავლა ძალიან მომწონდა, მაგრამ „დებილი ბავშვი“ ვიყავი და მჩაგრავდნენ (იცინის). ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, მე კი უნარი არ მქონდა, რომ პასუხი გამეცა. ბიჭები მირტყამდნენ კიდეც. ახლა ვხვდები, რომ მოვწონდი და ასე გამოხატავდნენ (იცინის). ძალიან ბუნჩულა და მიამიტი ვიყავი, ვცდილობდი, მეპოვა ახსნა, რატომ აკეთებდნენ ამას, რა დავუშავე-მეთქი და იმდენად ვცდილობდი, მათი თვალით შემეხედა ამ ყველაფრისთვის, რომ სიბრიყვეში გადამდიოდა. სანამ კრიტიკულ ზღვრამდე, ანუ რტყმევამდე არ მივიდნენ, სახლში მანამდე ვერ ვთქვი, გამომიყვანეთ-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პედაგოგების თანდასწრებით არ ხდებოდა, პირიქით, შიგნით სისტემა ძალიან მოწესრიგებული იყო, მაგრამ დერეფანშიც ჰყოფნიდათ დრო (იცინის). ცეკვას რომ დავუბრუნდეთ, ვცეკვავდი თანამედროვე და ქართულ ცეკვებს, მაგრამ მაღალ კლასებში სწავლა გახდა პრიორიტეტი და ამაზე უარის თქმა მომიწია. სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლე და წყნარი ბავშვი ვიყავი. გრანტით ჩავაბარე უნივერსიტეტში, მაგრამ ისეთ პროფესიაზე, რომელიც აქამდე არ გამომიყენებია – ბიზნესსა და ტურიზმზე „ილიაუნიში“. აქაც ოჯახის გავლენა იყო. ბენდთან მუშაობის პარალელურად, საავტორო მუსიკასაც ვწერ, მაგრამ ჯერ არ მივსულვარ იმ ეტაპამდე, როცა უნდა გამოვააშკარავო.
– შოუში გამოჩენის შემდეგ არ გსმენია ხმები შენზე, გიორგის შეყვარებულიაო?
– ერთხელ მკითხეს, გაბუნია მოგწონსო და ვაიმე, მაგას ნუ მეკითხებით, ჯერ ვერ ვიტყვი-მეთქი, გავიხუმრე (იცინის). სინამდვილეში მეგობრები ვართ.
– შეყვარებული გყავს?
– შეყვარებული არ მყავს. ეს ამბავი ძალიან რთულია, რადგან ძალიან პრეტენზიული ვარ (იცინის). პირველ რიგში, ის ადამინი ჩემს უფლებებს უნდა სცემდეს პატივს, ისევე, როგორც მე – მისას. ალბათ, რთულია იყო ისეთი გოგოს გვერდით, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მაგრამ თუ, კარგი გაგებით, თანამედროვედ აზროვნებს, პრობლემა არ გვექნება. ბიჭმა კოჭები არ უნდა დამიხვრიტოს, ანუ, თავისუფლება არ უნდა შემიზღუდოს (იცინის). გარდა ამისა, განვითარებადი ადამიანი უნდა იყოს, რაც დღეს ბიჭებს ძალიან აკლიათ. ყველაზე ნაკლებ ყურადღებას გარეგნობას ვაქცევ. უფრო საპიოსექსუალი ვარ, ინტელექტუალური მამაკაცები მიზიდავს. მთავარია, გარეგნულად, ძალიან მახინჯი არ იყოს (იცინის).
– არასდროს გყვარებია?
– კი. წლების წინ ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვერ დამთავრდა ეს ურთიერთობა კარგად. რთული იყო შემდეგი პერიოდი, დაშორება მძიმედ გადავიტანე, მაგრამ ამ გამოცდილებამ ძალიან გამზარდა. ის პერიოდი დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მერე რა, ცხოვრებაში ხდება. ალბათ, ამის შემდეგ გავხდი ცოტა უკარება და პრეტენზიული. ადამიანს რომ გავიცნობ, მაშინვე ვხვდები, რამდენად საჩემო ტიპია და რა შეიძლება, მასთან გამოვიდეს. ძალიან მაგარი უნდა იყოს ბიჭი, რომ გადამიბიროს (იცინის).
– შენ როგორი ხარ ბიჭებთან ურთიერთობაში?
– ძალიან მხიარული და თავისუფალი. ვთვლი, რომ ქალი უნდა იყოს კდემამოსილი. ჰქონდეს საკუთარი ღირსება და დონე, რასაც არაფრით უნდა ჩამოსცდეს. ვერ ვიტან, როცა ქალი იგინება, ჩემი თავმოყვარეობისთვის ეს მიუღებელია. ქალს სიამაყე უნდა ჰქონდეს, საკუთარი თავი უყვარდეს. მე ძალიან მომწონს ჩემი თავი, თუმცა ამპარტავანი არ ვარ. ურთიერთობაში თავისუფალი და უშუალო ვარ. რა ემოციასაც გამოხატავენ ჩემ მიმართ, ორმაგად ვუბრუნებ უკან.
– ქორწინებამდე სექსუალურ თანაცხოვრებაზე რას ფიქრობ?
– ვფიქრობ, წყვილმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, ქორწილამდე ექნებათ ეს თუ ქორწილის შემდეგ. ზოგადად, როგორ უნდა იყოს, ამაზე საუბრის უფლებას ჩემს თავს არ მივცემ. პირადად მე ძალიან მომწონს ცხოვრების ევროპული მოდელი და ვფიქრობ, რომ არაფერი შავდება იმით, თუ ადამიანები თუნდაც რამდენიმე წელი იცხოვრებენ ერთად და ურთიერთობის დაკანონებას შემდეგ გადაწყვეტენ.
– არ გეუბნებიან ხოლმე, პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაქვს გაკეთებულიო?
– მართლა მაქვს გაკეთებული ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და ძალიან ბედნიერი ვარ. ვისაც უნდა გაკეთება, ყველას ვურჩევ. თან მე სუნთქვის პრობლემაც მქონდა და დავისვენე. არ მესმის, რატომ უნდა დავმალო, როცა ადამიანი საკუთარ თავთან არაკომფორტულად ხარ და მით უმეტეს, სცენაზე დგახარ. რატომაც არა? ტუჩიც მაქვს ცოტათი გაკეთებული, მაგრამ ცოტა ხანში დაცხრება და აღარ ვაპირებ გაკეთებას. გარეგნობაზე სულ ექსპერიმენტებს ვატარებ, თმაზეც ყველა ფერი მოვსინჯე – ეს ცვლილებები ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. აი, მკერდი ნამდვილად ჩემია.
– თაყვანისმცემლებზე რას მეტყვი? რას ამბობენ შენზე, როგორი გოგოაო?
– ყველას „სწერვა“ ვგონივარ. მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი, რომ ლამაზი გოგონების უმეტესობა ოდნავ „სწერვობს“, არ ვიცი რის გამო, მაგრამ ასეა. მაგრამ როცა მოვლენ და რამდენიმე წინადადებას გავცვლით, ხვდებიან, რომ სულ სხვა ტიპაჟი ვარ. უკარება ვარ მათთვის, ვინც უხეშად მომმართავს. ამორალურ და არავაჟკაცურ ქცევას ვერ ვიტან, ისევე, როგორც არაქალურს. ქალი ყოველთვის ლედი უნდა იყოს, არაქალს არ უნდა დაემსგავსოს. ამიტომ უზრდელურ და უხეშ მომართვებს ვერ ვეგუები. აი, კომპლიმენტებისთვის ყველას დიდი მადლობა. არავინ თქვას, რომ ეს სასიამოვნო არაა. სახლში დათუნიების კოლექცია მაქვს. ყველაზე სასაცილოა, როცა საჩუქარს გიტოვებენ და არ იცი, ვისგანაა, თუმცა ბევრჯერ ბარათიც აქვს ხოლმე (იცინის). ერთი სახალისო შემთხვევა მახსენდება: კონცერტზე ერთ ბიჭს ყვავილები მოჰქონდა. ძალიან შთაგონებული თვალებით მომიახლოვდა და სცენასთან რომ მოვიდა, ფეხი წამოჰკრა და დაენარცხა, ჩემს ფეხთით განერთხა თავის ვარდებიანად (იცინის).