კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ მოიპოვა „კეჭიამ“ ავტორიტეტი „ქურდულ სამყაროში“ და რატომ ჰყავდა მას ნახევარი თელავი დაჭერილი

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ომარ იმერლიშვილი, იგივე „კეჭია“ წინა თაობების თბილისელი ახალგაზრდებისთვის კარგად ცნობილი სახელია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც „წამალთან“, ქურდულ სამყაროსთან ან „ქუჩის ცხოვრებასთან“ ჰქონდა შეხება. ამ სისტემაში 35 წელი ისე გაატარა, რომ პატივისცემასთან და ავტორიტეტთან ერთად, ყველასგან პოზიტიური დამოკიდებულება მოიპოვა და თავის დაჭერილ ხალხთან მეგობრობს კიდეც.
ომარ იმერლიშვილი: 1973 წლიდან, ათი წლის განმავლობაში, ჯერ ვაკის პოლიციაში ვმუშაობდი, შემდეგ თელავში წამომიყვანეს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსად. საერთო ჯამში, ამ სისტემაში ოცდათხუთმეტი წელი ვიმუშავე. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მე და ჩემი ძმა ქალაქ გორკში გაგვანაწილეს, შემდეგ – კიროვში. თბილისში დავბრუნდი და გეოლოგიურ სამმართველოში ვაპირებდი მუშაობის დაწყებას. ჩვენი მეგობარი გრიგოლ შონია პოლიციის უფროსი იყო ვაკეში. მაშინ გეოლოგიური სამმართველოც იქ იყო და მუშაობა რომ დავიწყე, ბატონ გრიშასთან მივედი, ვკითხე, ნაცნობი ხომ არ ჰყავდა იქ, რომ პრობლემები არ შემქმნოდა. გრიგორიჩმა მითხრა: მოდი, კაცურად აქ დაიწყე მუშაობაო. ჩემთვის ეს ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო. სვანეთის უბანში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ და ერთი ხელის მოსმით პოლიციაში წასვლა არ შეიძლებოდა. მაგრამ ოჯახი და სამეგობრო წრე დაინტერესებული იყო ამით და ბოლოს გადაწყდა, რომ მუშაობა იქ უნდა დამეწყო.
– თქვენთან დაკავშირებით გიორგი გურგულიას საუბარი მოვისმინე, ძალიან პოზიტიურად გიხსენებდათ. იშვიათად –პოლიციელებისადმი ასეთი დამოკიდებულება...
– ქუჩაში გაზრდილი კაცი ვიყავი, ნარკომანების ცხოვრებას ჩემი თვალით ვუყურებდი. სულ ორი აფთიაქი იყო თბილისში, ერთი – საბჭოს მოედანზე, ერთი – სამაიას ბაღთან. მაშინ სახელმწიფოს აღრიცხვაზე ჰყავდა ნარკომანები, აიღებდნენ „წამალს“ ამ აფთიაქებში, წავიდოდნენ პოლიციაში, სადაც ექთანი იჯდა და ის უკეთებდა „წამალს“. ამ ყველაფერს ვუყურებდი, იმ მოედანზე ყველა ჯურის ხალხი მოდიოდა: ქურდები, მამაძაღლები, მკვლელობაზე ნაჯდომები და ასე შემდეგ. კაცი რომ „წამალს“ გაიკეთებს, გაუბედურებულია. იმათი ცხოვრება ნანახი მქონდა და სიარულის მანერაზეც ვცნობდი, ადამიანს „წამალი“ ჰქონდა გაკეთებული თუ „პლანი“ – მოწეული. ვაკეში ყველას ვცნობდი და უცხო კაცს რომ დავინახავდი, მანქანას გავაჩერებდი, ვკითხავდი, ვინ იყო და რას აკეთებდა. ერთხელ, მე და ჩემი პარტნიორი ვიყავით შემოვლაზე და ერთი კაცი გავაჩერეთ. რომ დაგვინახა, ჩემოდნები დაყარა და გაიქცა. მე ჩემოდნები ავიღე, მეწყვილემ დაიჭირა და ვეკითხებით: რა არის ამ ჩემოდნებშიო და არ ვიციო, გვპასუხობს. მერე აღიარა, რომ ქორწილში ყოფილა მეჯვარე. ნეფე-პატარძალი თაფლობის თვეში სამოგზაუროდ რომ გააცილეს, ეს მობრუნებულა, მათი ბინის კარი გაუტეხავს და ყველაფერი მოუპარავს, რაც კი ნეფე-დედოფლისთვის უჩუქებიათ. მერე დავუკავშირდით ამ ადამიანებს და ყველა ნივთი დავუბრუნეთ, მაგრამ ეს ხომ არაკაცი იყო. ერთხელ, მანქანა გამიფუჭდა. ავლაბარში ტაქსიში ჩავჯექი და სიგარეტი დავინახე. შეიძლება მოვწიო-მეთქი, ვკითხე მძღოლს. ააფეთქებო?  – მეკითხება. მივხვდი რომ „პლანი“ იყო და ვუთხარი: აბა, თქვენ ასაფეთქებელს მე როგორ ავაფეთქებ, ვაკეში წამიყვანეთ-მეთქი?! გზაში აიღო, თან ეწევა, თან მელაპარაკება. სუნზე ვრწმუნდები, რომ ეს მამაძაღლი ნამდვილად „პლანს“ ეწევა. არაყიშვილზე შეუხვიე, ბინაში უნდა შევიდე-მეთქი, ვუთხარი და მილიციასთან რომ მივიყვანე, გაოცებული მეკითხება, აქ რა მინდაო?! შედი-მეთქი (იცინის). შევედით და მოყვა, საიდან და როგორ აიღო. სხვათა შორის, სერიოზულ ბარიგაზე გაგვიყვანა, მაგრამ ამ საქმეზე მარცხიც მოგვივიდა – „წამლის“ ამოსაღებად რომ მივდიოდით მძღოლი დაგვეღუპა, სხვა მანქანას დაეჯახა. მე და ჩემმა მეწყვილემ კი ტრავმა მივიღეთ.
– თქვენს დაჭერილ ხალხთან მეგობრობთ?
– კი. ნახევარი თელავი დაჭრილი მყავს, მაგრამ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მთავარია, კაცს ღირსება არ შეულახო. შეიძლება, გალახო, შეაგინო კიდეც, მაგრამ კაცის ღირსებას არ უნდა შეეხო. არც ჯიბეში უნდა ჩაუდო. როცა ადამიანი სასჯელის მოსახდელად შედის კამერაში, ნარზე რომ თავს დადებს, ის უკვე ფიქრობს – სად დაუშვა შეცდომა. როცა უსამართლოდ ზის, ბოროტდება და შურისძიებაზე ფიქრობს. რომ უთქვამთ: გიორგევიჩ, როგორ დამიჭირეო, ვპასუხობდი: მე რომ მუშაობა დავიწყე, ჯერ სტადიონზე დავრბოდი, სირბილი რომ მესწავლა. შენ არც სირბილი იცი, არც მოპარვა, ავდექი და დაგიჭირე, რა პრობლემაა-მეთქი?! ეცინებოდათ ხოლმე. ციხიდან რომ გამოსულან, მერე მოუკითხავთ ჩემთვის. შვილები, შვილიშვილები ჰყავთ და მიხარია.
– საფრთხეში ბევრჯერ აღმოჩენილხართ?
– ეს ისეთი პროფესიაა, დასწრებაზეა. მაგრამ ადამიანისთვის სიცოცხლე მე არ მიმიცია და არც წართმევის უფლება მაქვს. თუ უკანასკნელი სიტუაცია არაა, ან შენ გკლავს, ან სხვას, მაშინ შეიძლება, მაგრამ სხვა შემთხვევაში, იარაღი არ უნდა გამოიყენო. ახლა დადიან გრძელი იარაღებით, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ასე არ შეიძლება. მე ამ საქმეს დიდ პატივს ვცემ. პოლიციელი რომ ხარ, დამნაშავის ენა უნდა ისწავლო. ქურდს სხვანაირად უნდა ელაპარაკო, ნარკომანს – სხვანაირად და ყაჩაღს კიდევ – სხვანაირად. როგორ შეიძლება, ყველას ერთნაირად მიუდგე?! კაცს უნდა მოუძებნო წერტილი, სადაც უხარია ან სტკივა – ეს ორი ვარიანტია. ამას რომ იპოვი, მერე ყველასთან ადვილია ლაპარაკი. დამნაშავემ შენზე არ უნდა გაიცინოს. წინ რომ უზიხარ და ელაპარაკები, თუ შეგატყო, რომ შენ ის კაცი არა ხარ, ვინც მის ცხოვრებაში ერკვევა, სიცილით მოკვდება. თუ დაინახავს, რომ შენც „აზრზე ხარ“, მაშინ უფრო გახსნილი საუბარი მიდის – ლაპარაკობ იმაზე, რაც შენ გაინტერესებს. ზოგს პურის ჭამა უყვარს, ზოგს – დალევა, ზოგს – დედა, ზოგს შვილი... უნდა გამოიცნო, საიდან დაიწყო ლაპარაკი. საფრთხეს რაც შეეხება, ორს ვაკავებდით ყაჩაღობაზე და შიგნიდან გვესროდნენ. ჩვენც გავხსენით გარედან ცეცხლი და სროლაში თანამშრომელი დაიჭრა. ბოლოს ვუთხარი: ესა და ეს კაცი ვარ. მორჩა, თორემ არ არსებობს, შიგნით დარჩებით-მეთქი. ცოტა ხანში დაიძახეს, „კეჭია“ შემოვიდესო. შევედი და იარაღი ჩამაბარეს, მაგრამ რისკი სულ იყო.
– ქურდებისა და „კაი ბიჭების“ სამყაროში, პოლიციელისთვის ავტორიტეტის მოპოვება მარტივი არ იქნებოდა.
– როგორც დღეს ელაპარაკებიან პოლიციელებს – „წადი შენიო“, ამას ვერავინ გამიბედავდა. იმიტომ კი არა, რომ მე დავარტყამდი, იცოდნენ, რომ არასწორი იყო და აღარაფერს ვაპატიებდი. ახლაც რომ დავინახო ჩხუბი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე პენსიაზე ვარ და 75 წლის კაცი ვარ, გასაშველებლად აუცილებლად მივალ. ასეა თუ ისე, რომ მხედავენ, ჩერდებიან. შეიძლება, მერე უარესი ქნან, მაგრამ იმ მომენტში მიგებენ. ისეთებიც არიან, დღეს რომ მუშაობენ პოლიციაში, მაგრამ ისე ჩაუვლიან გვერდს ჩხუბს, მანქანასაც არ გააჩერებენ. მახსოვს, ერთი ქალი მოვიდა და მეუბნება, ჩემი შვილი უნდა შეაშინოო. როგორ შევაშინო, ქალბატონო, ბაბაიაგა ვარ-მეთქი? არა, მაგრამ რამეს რომ აშავებს, ვეუბნები „კეჭია მოდის“ და მაშინვე ჩერდებაო. რას აშავებს-მეთქი და ხან პაპიროსს ეწევა, ხან სახლში არ მოდისო, მოკლედ არაფრით მეშვება. დაბლა მყავს და უნდა ამოვიყვანოო. სირცხვილია, ქალბატონო, სად უნდა ამოიყვანოთ, მერე სახლში მოვალ თქვენთან და დავარიგებ-მეთქი. არა, აქ უნდა ამოვიყვანოო და ჯანდაბას-მეთქი. მეც არ ვიცი, ამხელა კაცს რა დამემართა, კარის უკან დავდექი და ეს ბიჭი რომ შემოვიდა, დავიყვირე და გადმოვხტი. ბიჭი დივანზე დავარდა, ფერი დაკარგა, ვფიქრობ: მორჩა, დამღუპა ამ ქალმა-მეთქი. მივვარდი, ძლივს მოვიყვანე აზრზე და ამოვისუნთქე – აი, ხომ შევაშინე-მეთქი და ცალკე იმას აუტყდა გიჟივით სიცილი, ცალკე – მე. ახლა დიდია ის ბიჭი და რომ შემხვდება, ვეუბნები ხოლმე, შეშინება კიდევ ხომ არ გინდა-მეთქი? ეცინება – არა, საკმარისად შეშინებული ვარო. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ისე შემეშინდა ან რამ მომაფიქრა კარის უკან დადგომა?! (იცინის).
– ლეგენდები დადიოდა თქვენთან დაკავშირებით – „კეჭიას“ ფული მიუტანეს, არ დათვალა, სკამზე დადო დააჯდა და თქვა, ორასი დოლარი აკლიაო. აიღეს, დათვალეს და მართლა აკლდაო.
– (იცინის) არა, შვილო, ვინ მოიგონა ეგ. ეგ კი არა, აქ ჩამოვიდნენ 21 წლის ბავშვები. მილიციამ დააკავა და მოიყვანა. ვაკელები ვართო, მითხრეს და აღმოვაჩინე, რომ მათ მამებსაც ვიცნობდი. აქ რა გინდათ-მეთქი და აღდგომა მოდის და მამამ გამოგვაგზავნა, ბატკნების საყიდლადო. რომ გაჩხრიკეს, შეგროვილი ფული უპოვეს, დაჭმუჭნული ქაღალდებით. მივხვდი, რომ სამამაძაღლოდ არიან, ან პლანი უნდათ, ან „წამალი“. ესენი რას გამომაპარებენ. რას ამბობთ, უმცროსები ხართ და ყველაფერს მე მოვაგვარებ-მეთქი, ვუთხარი. დავუძახე პოლიციელს, წადი და ამ ფულით კარგი ბატკნები იყიდე-მეთქი. ოთხი თუ ხუთი ბატკანი მოიყვანეს, ჩავუსვი მანქანაში და აბა, შვილებო, ბედნიერად იყავით-მეთქი. თბილისში მამები ელოდებოდნენ, „წამალი“ უნდა ჩაეტანათ და ბატკნები ჩაუყვანეს (იცინის). ატყდა ერთი ამბავი, ეგ აქ არ გვასვენებდა და იქიდან მაინც დაგვანებოს თავიო.
– როგორია თქვენი ოჯახური ისტორია?
– ჩემი მომავალი მეუღლეც ჩემს უბანში ცხოვრობდა და ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მაგარი ქალია, თვითონაც შეეჩვია ჩემს პროფესიას. დაბადების დღეზე მივდიოდით და ვხედავთ, ვიღაცას საბურავი მიაქვს. მეუბნება, ომარ, ამას ისე მიაქვს ეს ბორბალი, მოპარული უნდა ჰქონდესო და მართლა მოპარული არ აღმოჩნდა?! (იცინის).
– რაც შეეხება შვილებს?
– ერთი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი მყავს. რომ გათხოვდა, ერთი წელი არ ველაპარაკებოდი. არ იყო მართალი და იმიტომ. ვუთხარი, ასე არ მოიქცე-მეთქი, მაგრამ მითხრა, მე ეს მიყვარს და შენს სამსახურს ვუყუროო? წამოვიყვანე. ეს მერვე სართულზე იყო, ის მეორე კორპუსის სახურავზე ადიოდა და ერთმანეთს ხელებით ელაპარაკებოდნენ. რა მექნა, ვერაფერი მოვახერხე. თან, 17 წლის იყო. რადგან მე უარი ვუთხარი, ადგა და ჩუმად გაჰყვა. ქორწილიც გადაიხადეს, დამიძახეს, მაგრამ არ წავედი. ბორში მქონდა სახლში, მე ამას შევჭამ და ქორწილში მაინც არ წავალ-მეთქი (იცინის). სხვის შვილებს დავდევდი, რომ გაპარულები სახლში დამებრუნებინა და ჩემი გაიპარა. ჩემ დაუკითხავად რომ გააკეთა, არ ველაპარაკებოდი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ შვილიშვილი დაიბადა და რაღა უნდა მექნა. ახლა სხვებს ვეუბნები, თუ უნდა, გაყვეს-მეთქი. სხვანაირად არ გამოდის, სიყვარულს წინ ვერც „კეჭია“ დაუდგება და ვერც სხვა.
скачать dle 11.3