№44 მხედველობის კორექცია ბოლო თაობის ფემტო-ექსიმერ ლაზერით „რეგიონული ჰოსპიტლის“ ოფთალმოლოგიურ ცენტრში
რამდენიმე თვის წინ „რეგიონულ ჰოსპიტალში“, ქავთარაძის ქუჩა ¹23-ში (ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობა), უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური ცენტრი გაიხსნა, რომელსაც სათავეში უდგანან ქვეყნის ცნობილი და გამოცდილი ოფთალმოლოგები, პროფესორი მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე.
ოფთალმოლოგიურ ცენტრში თვალთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი. საოპერაციო ბლოკები დაპროექტებულია მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც თვალზე რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია უახლესი თაობის ფემტო-ექსიმერ ლაზერის აპარატი, რომელიც რამდენიმე წამში ახორციელებს ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექციას.
პროფესორი მიხეილ ომიაძე (ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი): რეგიონულ ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიური ცენტრი 2018 წლის აპრილის თვეში გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ოფთალმოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი – დაწყებული რეფრაქციული ქირურგიიდან, დამთავრებული ბავშვთა ოფთალმოლოგიით. ჩვენთან თვალის ათი ექიმი მუშაობს და ტარდება ყველა ტიპის ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. ვაკეთებთ ყველა სირთულის ოპერაციას. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ფუნქციონირებს 24-საათიანი ურგენტული სამსახური, რომელიც ნებისმიერი სირთულის თვალის ტრავმის დროს მზად არის, პაციენტებს ყველა ტიპის დახმარება გაუწიოს.
სამწუხაროდ, რეფრაქციული პრობლემები – შორსმხედველობა, ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი, მოსახლეობის 25 პროცენტს აღენიშნება. შესაბამისად, საკმაოდ დიდია ასეთი პაციენტების მომართვანობა.
– როგორია თქვენი ტექნიკური აღჭურვილობა?
– ჩვენი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს. ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო ამერიკული კომპანია „ალკონის“ წარმოების, ბოლო თაობის ფემტო-ექსიმერ ლაზერზე, რომლის მეშვეობითაც ახლომხედველი, შორსმხედველი და ასტიგმატიზმის მქონე პაციენტები რამდენიმე წამში გათავისუფლდებიან სათვალის ტარებისგან.
– როგორია ფემტო-ექსიმერ ლაზერით ოპერაციისწინა მოსამზადებელი და პოსტოპერაციული პერიოდი?
– ფემტო-ექსიმერ ლაზერით სათვალის მოხსნის ოპერაციის წინა დღეს ერთი საათით მოდის პაციენტი, იტარებს შესაბამის გამოკვლევებს და მეორე დღეს ინიშნება ოპერაცია.
ოპერაცია ორეტაპიანია და სწორედ ამიტომ დამონტაჟებულია ლაზერის ორი აპარატი. პირველი ფემტო ლაზერი ექვს წამში აკეთებს რქოვანის ანათალს, ხოლო მეორე ეტაპის დროს უკვე ექსიმერ ლაზერი 15-20 წამში აკეთებს უშუალოდ ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის მოშორებას რქოვანის გარდატეხის ძალის შეცვლის ხარჯზე. პაციენტი შედეგს იმავე დღის ბოლოს ხედავს.
– რით გამოირჩევა თქვენს ცენტრში ბავშვთა ოფთალმოლოგიის სერვისი?
– ჩვენს ცენტრში არის ბავშვთა მხედველობის დაცვის სამსახური, რომელსაც ქალბატონი თამარ ოდიშარია ხელმძღვანელობს. პატარებს აქ უტარდებათ სრულფასოვანი გამოკვლევები, ასევე, მხედველობითი ვარჯიშები უახლესი გერმანული აპარატებით. კეთდება ყველა ტიპის სიელმის ოპერაციები.
ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი მიხეილ გაბრიჩიძე გაგვესაუბრა ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა დიაბეტური თვალი, ბადურის ჩამოცლა და კატარაქტის მკურნალობა.
მიხეილ გაბრიჩიძე (ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე): დიაბეტური თვალის გართულების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტმა დროულად მოგვმართოს, რათა ეფექტურად დავეხმაროთ. ადრეულ სტადიაზე გამოვლენით და სწორი მკურნალობით ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ მაღალი მხედველობა. ამ თვალსაზრისით ხდება ჩვენთან ლაზერული ჩარევა და ინტრაოკულარული ინიექციები. არანაკლებ მნიშვნელოვანია დიაბეტიანი პაციენტების შემდგომი მართვა, რასაც სერიოზული გამოცდილება, სათანადო აპარატურა და რაც მთავარია, პაციენტების თანამშრომლობა სჭირდება.
– ვინ არიან ბადურის ჩამოცლის მაღალი რისკის ქვეშ?
– სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია ბადურის ჩამოცლა. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი არიან ახლომხედველი პაციენტები. აქაც მნიშვნელოვანია დროული ჩარევა. ვაკეთებთ პროფილაქტიკა-პრევენციას ლაზერით, რათა არ მივიღოთ ბადურის ჩამოშლა და მერე უფრო დიდი და სერიოზული ქირურგიული ჩარევა არ დაგვჭირდეს, რაც პაციენტს მუდმივ შეზღუდვებს დაუწესებს და ნახევრად ინვალიდს გახდის.
– როგორ მკურნალობთ კატარაქტას?
– კატარაქტის ოპერაციები ამბულატორიულად ტარდება. მისი ხანგრძლივობა 7-8 წუთია. ოპერაციას ვაკეთებთ ულტრაბგერის გამოყენებით, რა დროსაც ხდება თანამედროვე მულტიფოკალური ბროლების გადანერგვა.
– რა არის მულტიფოკალური ლინზები?
– როდესაც პაციენტს სჭირდება სათვალე შორსმხედველობისთვისაც და ახლომხედველობისთვისაც, ექმნება დისკომფორტი, რადგან მუდმივად უწევს სათვალეების ცვლა. მათთვის თანამედროვე შეთავაზებაა მულტიფოკალური ლინზის გადანერგვა, როდესაც პაციენტი, ერთი მხრივ, თავისუფალია ყველანაირი სათვალისგან და მეორე მხრივ, აღარ ემუქრება კატარაქტა, იმიტომ რომ ხელოვნური ბროლი აქვს.
– რას გვეტყვით ოფთალმოლოგიური ცენტრის ურგენტულ სამსახურზე?
– როგორც ბატონმა მიხეილმა აღნიშნა, ჩვენთან ფუნქციონირებს 24-საათიანი ურგენტული სამსახური ექიმ ნინო ბერაძის ხელმძღვანელობით, სადაც მორიგეობენ მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგ-ქირურგები და 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი სირთულის ურგენტული ოპერაციების ჩატარებაა შესაძლებელი.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ძალიან დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს. გავხსენით რიგით მეორე ასეთივე თვალის ცენტრი ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში (ყოფილი 31-ე ქარხნის საავადმყოფო), ეს გახლავთ მოსკოვის პროსპექტის ბოლოს, რომელიც მოემსახურება, ისნის, ვარკეთილის, კახეთის, რუსთავისა და მარნეულის მოსახლეობას. ჩვენი ცენტრის ლოკაცია მათგან მოშორებითაა და ახალი ცენტრი სპეციალურად მათთვის გაიხსნა. ზუსტად ასეთივე ცენტრის გახსნას ვგეგმავთ ქუთაისშიც.