კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რისთვის დახვრიტეს ორთაჭალის ციხეში მილიციის პოლკოვნიკი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური


აღიარებითი ჩვენება
1971 წლის 14 მაისს თბილისის მილიციის სამმართველოში 52 წლის ჯიმშერ ხერხაძე აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა და განაცხადა, რომ 12 მაისს მან „შემნახველი სალაროდან“, რომლის მმართველიც თვითონ იყო, 400 ათასი მანეთი წამოიღო და მისთვის უცნობ პიროვნებას გადასცა. თავისი საქციელი კი იმით ახსნა, რომ გატაცებული იყო მისი მეუღლე – ნანა ქავთარაძე და 24 წლის ვაჟი – კობა ხერხაძე. გამტაცებლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს და რადგან ამდენი ფული არ მქონდა, ფული სეიფიდან გავიტაცეო. შემნახველი სალაროს შემოწმებამ მმართველის სიტყვები დაადასტურა და ხერხაძე ციხეში ჩასვეს. გამოძიება დაიწყო. გატაცებული თანხა იმ პერიოდში უზარმაზარი ფული იყო და მილიცია ყველა ღონეს ხმარობდა დაკარგული ფულის მოსაძებნად. ამ საქმეზე საუკეთესო გამომძიებლები მუშაობდნენ. რამდენიმეჯერ დაიკითხნენ დაპატიმრებული ხერხაძის ცოლ-შვილი, რომლებიც  აცხადებდნენ, რომ ისინი ფუნიკულიორის პარკიდან გაიტაცეს. მათივე განცხადებით, იქ რძალს, 24 წლის ლია ფოჩხუას ელოდებოდნენ, რომელიც ტუალეტში იყო. მათი თქმით, უცებ მანქანაში სამი მამაკაცი შეუხტა. დედა-შვილს იარაღები მიუშვირეს და მანქანიანად გაიტაცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯიმშერ ხერხაძის მიმართ ძალა იხმარეს, მას პირველადი ჩვენება არ გადაუთქვამს და მილიცია დარწმუნდა, რომ ის სიმართლეს ამბობდა.
მეტსახელად „ბარდო“
გამოძიება, ფაქტობრივად, ჩიხში იყო შესული და საქმეში „მურის“ ლეგენდარული მაძებარი, კონსტანტინე (კოკა) რუსაძე ჩართეს. სამშობლოში მოვლინებულმა რუსაძემ განმეორებითი დაკითხვები ჩაატარა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ლია ფოჩხუას, რომელიც გამოცდილ ქართველ მაძებარს საეჭვო ადამიანად მოეჩვენა. თუმცა, არ შეიმჩნია და ხერხაძეების რძალი სახლში გაუშვა. როგორც კი ქალმა კაბინეტის კარი გაიხურა, რუსაძემ თავისი ახალგაზრდა თანაშემწე თაზო ქვარცხავა იხმო და უთხრა:
– თამაზ, ლია ფოჩხუას ჩუმად გადაუღე სურათები. შემდეგ მოსკოვში გაფრინდი და ჩვენს არქივში შეამოწმე, ხომ არ ფიგურირებს ის. ოღონდ, ძალიან ფრთხილად, შენს ჩვეულ სტილში იმოქმედე.
ქვარცხავა სანიმუშო შემსრულებელი იყო. ფოჩხუას ქუჩაში აედევნა და შეუმჩნევლად რამდენიმე ფოტოც გადაუღო. შემდეგ დაბეჭდა და მოსკოვში გადაფრინდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ქალის იდენტიფიკაცია მოახდინა. კოკა რუსაძეს არც ამჯერად უმტყუნა ინტუიციამ. ლია ფოჩხუა, სინამდვილეში, არა 24 წლის, არამედ, 32 წლის ნონა ქუჩიშვილი, მეტსახელად „ბარდო“ აღმოჩნდა. ეს მეტსახელი მას იმიტომ შეარქვეს, რომ ძალიან ჰგავდა ფრანგ კინოვარსკვლავს, ბრიჯიტ ბარდოს. ნონა ქუჩიშვილი თბილისში იყო დაბადებული, თუმცა სოჭში გაიზარდა და „შავ სამყაროს“ იქვე ეზიარა. „ბარდო“ ორჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ქურდობაში თანამონაწილეობისთვის. მეორე პატიმრობიდან ორი წლის წინ იყო გათავისუფლებული და ციხიდან ახალი გამოსული იყო, როდესაც ხერხაძეების რძალი გახდა. რუსაძე რომ ქალის დოსიეს გაეცნო, ლია ფოჩხუა, სინამდვილეში კი ნონა ქუჩიშვილი, განმეორებით დაკითხვაზე დაიბარა და ქალი რომ კაბინეტში გამოცხადდა, სკამზე დასვა და დაჟინებით მიაჩერდა:
– ამხანაგო რუსაძე, ასე  რატომ მიყურებთ? – ჰკითხა „ბარდომ“ გამომძიებელს.
რუსაძემ ქალს გაუღიმა და მიუგო:
– პირველი დაკითხვის შემდეგ რომ წახვედით, მთელი დღე ვფიქრობდი, ვის მაგონებდით და ახლა მივხვდი, რომ თქვენ ზედგამოჭრილი ბრიჯიტ ბარდო ხართ.
სიტყვა „ბარდო“ რუსაძემ ხაზგასმით წარმოთქვა და ქალი, ცოტა არ იყოს, შეცბა კიდეც, მაგრამ არ შეიმჩნია და გამომძიებელს უთხრა:
– აქ კომპლიმენტების სათქმელად დამიძახეთ?
– არა. აქ თქვენ კონკრეტულ კითხვებზე უნდა გამცეთ პასუხი და ტყუილის თქმას არ გირჩევთ.
– როგორ მაკადრებთ?! –  აღშფოთდა ქალი. რუსაძემ კი მას უთხრა:
– თქვენ ხართ ნონა აკაკის ასული ქუჩიშვილი, ოცდათორმეტი წლის. ორჯერ ნასამართლევი და მეტსახელად „ბარდოს“ გეძახიან. ახლა კი დაწვრილებით მომიყევით ვისთან ერთად განახორციელეთ ჯიმშერ ხერხაძის დაშანტაჟება და როგორ გამოსძალეთ მას 400 ათასი მანეთი.
– მე მხოლოდ „ნაკოლი“ მივეცი. დანარჩენი კი მათ შეასრულეს. მთელ ამ საქმეში მხოლოდ ნუგზარ ქირიას, იგივე „შიბზიკას“ ვიცნობ, – განუცხადა კოკა რუსაძეს „ბარდომ“.
„შიბზიკას“ ჩანაწერები
39 წლის, ორჯერ ნასამართლევი, უმუშევარი ნუგზარ ქირია მილიციისთვის კარგად ცნობილი სუბიექტი იყო და „შიბზიკა“ მას ტანმორჩილობისა და სიგამხდრის გამო შეარქვეს. რუსაძე და ქვარცხავა ქირიას ასაყვანად მაშინვე გაემართნენ, მაგრამ  ის ბინაში ვერ აღმოაჩინეს  და ძებნას შეუდგნენ, რაშიც მილიციის გაფართოებული ძალებიც ჩაერთნენ, მაგრამ  უშედეგოდ. ორი დღის შემდეგ კი „შიბზიკას“ ცხედარი მეთევზეებმა ორთაჭალჰესთან აღმოაჩინეს – გვამი  მათ ბადეს გამოჰყვა. ზედაპირული, ვიზუალური დათვალიერებითაც აშკარა იყო, რომ ქირია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით იყო მოკლული. ტყვია მას კეფაში ჰქონდა მოხვედრილი. ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ „შიბზიკას“„ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტიდან ესროლეს. კოკა რუსაძე საგონებელში იყო ჩავარდნილი და თაზო ქვარცხავას უთხრა:
– ინტუიცია მკარნახობს, რომ ამ საქმეში ჩვენი კოლეგების ხელი ურევია. ჩიხში ვართ შესულები და სასწაული თუ გვიშველის. აშკარაა, რომ „შიბზიკა“ თავიდან მოიშორეს, როგორც მოწმე და ჯაჭვი მასზე გაწყვიტეს. ამაში თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
– რა უნდა ვქნათ? – იკითხა ქვარცხავამ.
– დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ „შიბზიკას“ ბინა გავჩხრიკოთ. იქნებ, იქ აღმოვაჩინოთ რაიმე ხელჩასაჭიდი, – მიუგო ხელქვეითს რუსაძემ.
და, მართლაც, ნუგზარ ქირიას ბინაში აღმოჩნდა ბლოკნოტი, რომელშიც „შიბზიკა“ თავის განცდებს აფიქსირებდა. იქ კი ეწერა, რომ მილიციის პოლკოვნიკი კარლო ხაჭაბურიძე ორმაგი სტანდარტით ცხოვრობდა და სახელმწიფო სამსახურთან ერთად კრიმინალურ საქმიანობას ახორციელებდა. რადგან ბოროტმოქმედებაში მილიციის მაღალჩინოსანი ფიგურირებდა, რუსაძემ,  ფარულად, საქმეში „მურის“ სამძებრო-ოპერატიული სამსახური ჩართო. ჯგუფმა, რომელიც თბილისში საიდუმლოდ ჩამოვიდა, ხაჭაპურიძეზე თვალთვალი დაიწყო. ხუთი დღის მერე კი, გადაცმული პოლკოვნიკი წყნეთში, მისი მეუღლის აგარაკზე დააკავეს და სახლის ჩხრეკის შემდეგ 200 ათასი მანათი ამოუღეს. პოლკოვნიკმა თავისი თანამზრახველებიც დაასახელა, რომელთა შორის სამი მილიციელიც იყო. დანარჩენი 200 ათასი მანეთიც სწორედ მათ აღმოუჩინეს. „შავებისა“ და მილიციელების ბანდა გაასამართლეს. თითოეულს 15-15 წელი მიუსაჯეს, ხოლო პოლკოვნიკ ხაჭაპურიძეს კი „შიბზიკას“ მკვლელობისთვის დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი ორთაჭალის ციხეში აღასრულეს.
скачать dle 11.3