№44 რას მიანიშნებს დიასახლისს სამზარეულოს დანით თითის უნებლიე გაჭრა და რა შემთხვევაში ემუქრება გოგონას გაუთხოვრობა
ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება დიასახლისი, რაც არ უნდა განთქმული კულინარი იყოს, სადილისთვის რომ მწვანილს ან ხახვს ჭრის, უნებლიეთ, ზედ თითიც არ „მიეყოლებინოს“, ანუ დანით არ გაეჭრას. რომ აღარაფერი ვთქვათ, ახლად წამოჩიტულ გოგონასა და დამწყებ დიასახლისზე. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, გამორჩებოდათ ეს ფაქტი ჩვენს შორსმჭვრეტელსა და მიხვედრილ წინაპრებს?!. და არც გამორჩენიათ – საკმაოდ ბევრი რამ ენიშნათ, დააკვირდნენ, გამოსცადეს და გამაფრთხილებელ „დებულებებად“ აკინძეს ხალხურ წინასწარმეტყველება-მკითხაობის „გუდაში“... მოგეხსენებათ, ძირითადად ახლაც ასეა და მით უმეტეს, ძველად, სადილის მომზადება ერთმნიშვნელოვნად ქალის საქმე იყო. ამიტომაც, ყველა მინიშნება თითის უნებლიე გაჭრასთან დაკავშირებით, მხოლოდ მანდილოსნებსა და მათი მომავლის წინასწარმეტყველებას ეხება, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა, ან რომელი ხელი თუ თითია გაჭრილი. მე მგონი, მამაკაცები არ გაგვინაწყენდებიან, თუ ამჯერად მხოლოდ მშვენიერი სქესის პრობლემების გადაჭრას შევეცდებთ „შეუცნობლის“ რუბრიკით. თუ როგორ? – მოვუსმინოთ პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოს, ქალბატონ ეთერ ბ-ს და ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობთ.
– ეს საკმაოდ უსიამოვნო შემთხვევა, რაც ქალსა და მის გაჭრილ თითს ეხება, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელ რიგ სასიამოვნო ამბებს უწინასწარმეტყველებდა ძველად დაზარალებულს. რადგან მზარეულის „საწარმოო ტრავმა“ მხოლოდ დისახლისის ღირსებასა და შრომისმოყვარეობაზე მიუთითებდა, ამიტომაც ერგო ალბათ, „ტრავმირებულ“ ქალს სამომავლო ნუგეშად თაყვანისმცემელთა ტრფობა და სიყვარული. მაგალითად, თუ გოგონამ გაიჭრა დანით თითი, ესე იგი, ვიღაც მასზე ფიქრობს. რა თქმა უნდა იგულისხმება ნაცნობი ყმაწვილი, ქმარი ან სულაც იდუმალი თაყვანისმცემელი. თანაც, გრძნობის სიღრმე და სიმძაფრე იმაზეა დამოკიდებული, რა სიმძიმისაა ტრავმა: რაც უფრო ღრმაა ჭრილობა, მით უფრო ძლიერია გრძნობა მიჯნურისა. ასე რომ, თითქმის ყველა მინიშნება თითის გაჭრასთან დაკავშირებით, დადებითი მნიშვნელობისაა. გამონაკლისია მხოლოდ, საყოფაცხოვრებო ტრავმა მარჯვენა ხელის ცერზე, რაც სულაც არ უკავშირდება სიყვარულსა და შეყვარებულს – თან, ერთს კი არა, უსიამოვნებათა მთელ წყებას უქადის „საწყალ“ გოგონას და უფრო მეტიც, შეიძლება, ცერის გაჭრამ საერთოდ გაუთხოვარიც კი დატოვოს.
– ესე იგი კარგი ყოფილა, სადილი ვერ გამიკეთებია, აღნიშნული „საწარმოო ტრავმა“ რომ არ მივიღო – სულ დაჭრილი მაქვს თითები...
– არც მთლად მასეა საქმე. არსებობს უფრო თანამედროვე მინიშნებები, რომლებიც, უძველესისგან განსხვავებით, არც ერთფეროვანია და არც მთლად – თაფლი და შაქარი. შიგადაშიგ მწარესა და მჟავესაც გამოურევს ხოლმე. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზულია ტრავმა და რომელი ხელის, რომელ თითს გაიჭრით.
– თუ უმნიშვნელოა ჭრილობა, ეს არაფერია?
– ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. მსუბუქად გაჭრის შემთხვევაში, თუ ეს მარჯვენა ხელის (ცაციასთვის – მარცხენა) ცერია – მოგიწევთ, ნათესავებსა და მეგობრებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ. ამის გამო კი პირადი საქმეები უნდა გადადოთ. თანაც, დახმარება მაშინაც უნდა შესთავაზოთ, თავად რომ არც მოგმართონ ამისთვის. მათ ხომ ერიდებათ. შემდეგია საჩვენებელი თითი – გაგეჭრათ? ხარჯები შეამცირეთ, რადგან ფინანსების მხრივ საქმე არც ისე კარგად წაგივათ. ასევე, შეიძლება, ხელმძღვანელობასა თუ კოლეგებთან მოგივიდეთ კამათი. წამოჭრილ პრობლემებს კი, სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვეს. საჩვენებელს შუათითი მოსდევს – თავი დაანებეთ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას, მაშინაც კი, თუ ის თქვენი უახლოესი მეგობარია, თორემ მწარედ იწვნევთ. კარგი გინდოდათ, მაგრამ პირიქით კი გამოგივათ. რაც შეეხება არათითს – თანამშრომლებთან კამათსა და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს გიწინასწამეტყველებთ. ამიტომ, ეცადეთ, წინასწარ გაიგოთ, რა არის ამის მიზეზი და შესაბამისად გაანეიტრალოთ პრობლემები. ბოლოს ნეკი – გაფრთხილდით მოშურნეობა კარგს არაფერს მოგიტანთ. რაც შეეხება მარცხენა ხელს (ცაციასთვის – მარჯვენას), რეკომენდაციები ასეთია: ცერი – რაც ჩაიფიქრეთ არ შეგისრულდებათ, სამაგიეროდ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. თქვენს არჩევანზე ბევრია დამოკიდებული და შეცდომამ შეიძლება, მომავალზე ცუდად იმოქმედოს; საჩვენებელი თითი – ირწმუნეთ საკუთარი თავის, სხვის ჭკუაზე სიარული არაფერს გარგებთ. უმჯობესია, თავის შეცოდებისა და თვითგვემის ნაცვლად, თვითშეფასება აიმაღლოთ და იმოქმედოთ; შუათითი – წინ ისეთი ჩხუბი გელით, განქორწინებაც კი მოსალოდნელია. ნაკლები პრობლემა გექნებათ, თუ თავის ხელში აყვანას მოახერხებთ და ზედმეტი არაფერი წამოგცდებათ ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევისას; არათითი – ვიღაც თქვენს მოტყუებას, გაბრაზებას ან საქმეში თქვენ წინააღმდეგ რაღაცის მოწყობას ცდილობს. აუცილებლად აგრძნობინეთ მას, რომ წყენის გადაყლაპვას არ აპირებთ და თავის ადგილზე „მოსვით“. აიძულეთ, რომ ანგარიში გაუწიოს და პატივი სცეს თქვენს გადაწყვეტილებას; ნეკი – უკუაგდეთ შური, მისგან ხეირს ვერ მიიღებთ.
– ახლა სერიოზულ ჭრილობაზეც გადავიდეთ...
– ანუ, როცა სამზარეულოში ფუსფუსის დროს ქალი უნებლიეთ, დანით სერიოზულ ტრავმას იღებს. ჯერ ის ავხსნათ რომელია სერიოზული ჭრილობა: თუ მის გამო თითს მოძრაობა ეზღუდება, ნაკერების დადებაა საჭირო ან შეხორცების შემდეგ შესამჩნევი იარა რჩება. ამ შემთხვევაში მინიშნებები მარცხენა და მარჯვენა ხელის მიხედვით არ იყოფა, მხოლოდ თითებია მნიშვნელოვანი. მაშ ასე, გაგეჭრათ: ცერი – გაფრთხილებთ მოსალოდნელი პრობლემების, ავადმყოფობისა თუ სხვა უსიამოვნებების შესახებ, რასაც შეიძლება, ასცდეთ, თუ უარს იტყვით სხვის საზიანო განზრახვაზე, თავს შეიკავებთ შურისძიებისა თუ მსგავსი ქმედებებისგან; საჩვენებელი თითი – ვიღაც თქვენივე წრიდან ცდილობს, ხელი შეგიშალოთ. ამიტომ, ნაკლებად მიმართეთ დახმარებისთვის სხვებს და პრობლემები თავად მოაგვარეთ. ასე მტერსაც გაუჭირდება თქვენთვის ზიანის მოყენება, თუმცა არ გაწყენდათ, თუ დასახული გეგმების სტრატეგიასაც გადახედავდით; შუათითი – საკუთარი თავისადმი უნდობლობაა თქვენი შემოქმედებითი უძრაობის მიზეზი. ნუ მიეჯაჭვებით პარტნიორს, თავს მეტი თავისუფლება მიეცით და ახალი იდეები და შთაგონებაც უმალ გეწვევათ; არათითი – პრობლემებია ყველგან: ფულთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით, პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაში – საქმე გათვალვასა და ჯადოქორობაშია. ამ დროს მთავარია, მტერს მიაგნოთ, რომ ავ საქმეში შეუშალოთ ხელი. დაბოლოს, ნეკი – მალე ფულთან დაკავშირებით სიძნელეები შეგექმნებათ. მოერიეთ შურსა და ბოღმას, ნუ ცდილობთ სხვისი საკუთრების მითვისებას და თქვენც გეშველებათ. ამავე თემაზე არის სხვა მინიშნებებიც, მაგალითად: გოგონა ახალ წელს თუ გაიჭრის თითს, ეს იგი, იმ წელს გათხოვდება. კარში მოგყვათ თითი? – იმავე დღეს უსიამოვნო ამბავს გაიგებთ ან ისეთ საჩუქარს მიიღებთ, კარგს რომ არაფერს მოგიტანთ. ხოლო, თუ სამზარეულოს დანით თითი კი არა ფრჩხილი დაიზიანეთ, მართალია, ეს თითის გაჭრაზე ნაკლებმტკივნეულია, მაგრამ შედეგი არც ისე – უკეთესი: ვიღაც ან რაღაც ძალიან გაგამწარებთ, თან, პრობლემები გექნებათ ფულთან და მგზავრობასთან დაკავშირებითაც.