№44 ქურდობა ძარცვის ელემენტებით
დეშილ ჰამეტი
ტოპლინების ოჯახი გაძარცვეს და როგორც აცხადებდნენ, ასი ათასი დოლარის ღირებულების სამკაული წაიღეს. რადგან სამკაული დაზღვეული იყო, სადაზღვევო კომპანიას კერძო დეტექტივის დაქირავება დასჭირდა, რათა კლიენტის მხრიდან ტყუილის მსხვერპლი არ გამხდარიყო. დეტექტივს სახლში ოჯახის უფროსი – ფრენკი, მისი ცოლი, ქალიშვილი ფილისი და მოახლე დაუხვდნენ.
– ვიცი, რომ უკვე პოლიციას ყველაფერი მოუყევით, მაგრამ ეს ყველაფერი უშუალოდ თქვენგან უნდა მოვისმინო, – უთხრა დეტექტივმა.
– კარგი, – დაიწყო ოჯახის უფროსმა, – გუშინ საღამოს წვეულებაზე მივდიოდით. ბანკის სეიფიდან ჩემი ცოლისა და ქალიშვილის ძვირფასეულობა გამოვიტანე. ქალებს ვაჩქარებდი, როდესაც კარზე ზარი გაისმა. მოახლემ კარი გააღო თუ არა, მძარცველმა იარაღი დაუმიზნა და ასე შემოვიდა სახლში. ისე შევშინდი, ხელიდან პორტსიგარი გამივარდა. მის ასაღებად დავიხარე, მექანიკურად, ხომ ხვდებით, ალბათ, მძარცველს, ეგონა, იარაღს ეძებსო და ფეხში მესროლა. მთელი ძვირფასეულობა წაგვართვა და ყველა ტანსაცმლის შესანახ პატარა ოთახში ჩაგვკეტა. ბრძანებებს მხოლოდ რევოლვერიანი ხელით იძლეოდა. როცა წავიდა, კორპუსის მეთვალყურემ, დევიდსმა, პოლიცია მოიყვანა და გაგვათავისუფლეს.
– ის კაცი აქ როგორ გაჩნდა, თან პოლიციასთან ერთად?
– მეზობელმა, მის ბლანშმა, სროლის ხმა გაიგონა და დაუძახა. ისიც ზემოთ გამოიქცა. სწორედ ამ დროს ბანდიტი ჩვენი ბინიდან გამორბოდა. მისმა ცოლმა კი პოლიციში დარეკა, თუმცა, ისინი, როგორც ყოველთვის, გვიან მოვიდნენ.
– როგორ გამოიყურებოდა ბანდიტი?
– დაბალი, გამხდარი, დაახლოებით, 25 წლის. ქუდი თვალებამდე ჰქონდა ჩამოფხატული. მგონი წვერიც შევნიშნე. მუქი ლურჯი პლაშჩი ეცვა. ძალიან იაფფასიანი და დაჭმუჭნილი.
დეტექტივი რამდენიმე წუთში უკვე ქალბატონ დევიდსს ელაპარაკებოდა, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ყვებოდა:
– ცხრა სრულდებოდა, არ დამინახავს, სახლიდან როგორ გავიდა, პოლიციელებმა მთელი სახლი გადააქოთეს, მაგრამ ვერ იპოვეს. ისეთი სულელი არ ვარ, იარაღიანი კაცისთვის, ჭიდაობა დამეწყო. გაკიდებასაც რა აზრი ჰქონდა, ისევ იარაღს გამოიყენებდა. ზედა სართულიდან მხოლოდ სახანძრო კიბით თუ გაიქცეოდა. მე ლიფტს და მთავარ კიბეს დავუდარაჯდი. რამდენიმე წუთში პოლიციაც მოვიდა. მაგრამ ის თითქოს აორთქლდა.
სწორედ ამ დროს სადარბაზოს კარი გაიღო და ორი მამაკაცი შემოვიდა. ერთი, ბილი ჰერენი პოლიციელი იყო, რომელიც ლომბარდებზე სპეციალიზდებოდა. მეორეს, მოდურად ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს დეტექტივი არ იცნობდა.
პოლიციელი დეტექტივს მიესალმა და აუხსნა: ეს ყმაწვილი ახლახან ერთ-ერთ ახლომდებარე ლომბარდში ბეჭდის ჩაბარებას ცდილობდა. ძალიან ჰგავს იმ ბეჭედს, რომელიც ტოპლინებს მოპარეს. ამოსაცნობად მოვიყვანე, შემდეგ კი განყოფილებაში წავიყვან.
როცა დაკავებული ზემოთ აიყვანეს, ის მეზობლის ბიჭი აღმოჩნდა, ფილისის მეგობარი. მაგრამ ბეჭედი, რომელიც მას ჩამოართვეს სწორედ ის იყო, რომელიც სახლიდან დაიკარგა.
– ახლავე აგიხსნით ყველაფერს, – თქვა ფილისმა, – ბეჭედი დერეფანში, ჩვენს კართან ვიპოვე. ეტყობა, ბანდიტმა მაშინ დაკარგა, როდესაც გარბოდა. რადგან ბეჭედი დაზღვეული იყო და ჩვენ არაფერს ვკარგავდით, მისი გაყიდვა გადავწყვიტე, ჯიბის ფული რომ მქონოდა. ეს საქმე კი ჯეკს დავავალე. რა ვიცოდი, თუ ლომბარდში დღესვე გავარდებოდა.
გამომძიებელმა არ დაიჯერა ქალიშვილის მონაყოლი, მაგრამ როგორ დაეკავებინა ადამიანი, რომელიც ვერავინ ამოიცნო და არც აუცილებლი სამხილები ჰქონდა. დეტექტივმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
– ვიღაც ცდილობს, თვალები ამიხვიოს, – თქვა მან, – თქვენი ჩვენებები თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება ერთმანეთს. არ მჯერა, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა, რატომ მაინც და მაინც იმ დღეს დაგესხნენ თავს, როდესაც ძვირფასეულობა სახლში მოიტანეთ. უცხო ადამიანმა იცის, სად და როდის შეიძლება ვინმეს სახლში ძვირფასეულობა ჰქონდეს?! განა, უცნაური არაა, რომ ის სიტყვას არავის ეუბნება და ბრძანებებს ჟესტებით გასცემს?! პატარა ტანის კაცი იყოო, მის ბლანშს პატარა ტანის ქალს ვერ დაარქმევ, მაგრამ მასთან კაცი პატარა გამოვიდოდა. ვინმე ეჭვიანს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ მის ბლანში სწორედ ის ბანდიტია. მით უმეტეს, რომ ამ სახლში საცხოვრებლად მხოლოდ ორი თვის წინ გადმოსულა. რა იცით მის შესახებ? – არაფერი.
იქ მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს. გამომძიებელმა მის ბლანში თვალით გაზომა, ქალი კი ისე უყურებდა დაზღვევის დაქირავებულ დეტექტივს, რომ სიამოვნებით მოკლავდა.
– ასეთი რამის გაკეთება მას მართლაც შეეძლო, – დაასკვნა ბილი ჰერენმა.
– სისულელეა, – გააპროტესტა ფილის ტოპლინმა, – გგონიათ, რომ ჩვენ კაცს და ქალს ერთმანეთისგან ვერ გავარჩევდით? იმ ტიპს სახეზე წვერი ჰქონდა. ჩვეულებრივი წვერი, მიწებებული წვერ-ულვაში კი არა!
– ფილისი მართალია, – მხარი დაუჭირა ქალიშვილს მამამ, – ის კაცი იყო და არა კაცად გადაცმული ქალი.
მის ბლანში აღშფოთდა და დეტექტივი უშვერი სიტყვებით გამოლანძღა. დეტექტივი ბრაზით გაწითლდა.
– წყნარად, წყნარად! – წამოიძახა ბილ ჰერენმა, – ნუ ნერვიულობთ, მალე დარწმუნდებით, რომ ეს პიროვნება სინამდვილეში ტომი, დიკი ან ჰარია. მოკლედ მისმინეთ: ამბობთ, რომ წვერი ბუნებრივს ჰგავდა. რომ არა ეს წვერი, ხომ შეიძლებოდა, მის ბლანში ის ბანდიტი ყოფილიყო? ჰოდა, რატომ არ შეიძლება კაცი-ბანდიტი იყოს მის ბლანშად გადაცმული? პარიკი და ძლიერი დეპილატორი, რითიც სახეს დაიმუშვებ და სულ ესაა. ბევრი კაცია, რომელიც ქალს წარმატებით ემსგავსება. რატომ არ შეეძლო ჩვენს „მის ბლანშს“ ბინა ექირავებინა და ეს ყველაფერი ბლანშ ეველეტის სახით მოეკვარახჭინებინა. ორი დღე დაჯდებოდა სახლში, რომ წვერი ამოსვლოდა და შემდეგ ამ კომედიას გაითამაშებდა. დეტექტივის ვარაუდები ჭეშმარიტებისგან არც ისე შორს აღმოჩნდა. მის ბლანში სინამდვილეში ფრედერიკ დადი აღმოჩნდა. ძვირფასეულობის წყალგაყვანილობის მილიდან ამოსაღებად კი სანტექნიკების გამოძახება გახდა საჭირო.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ