№44 როგორ დაგეგმა ბერიამ ფაშისტების წინააღმდეგ ეფექტური ოპერაცია ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე
ლავრენტი ბერია გენიალური ორგანიზატორი იყო და უზარზმარი პროექტების განხორციელებაში ბადალი არ ჰყავდა. მისი დამსახურება საბჭოთა კავშირის გაძლიერებაში განუზომელია და მხოლოდ სტალინს თუ ჩამოუვარდება, ისიც, ალბათ, ძალიან მცირედით. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პავლე ხლებნიკოვი წერს: „ალბათ, თამამი ნათქვამი გამომივა, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი – ბერიას სტალინზე მეტი შორსმჭვრეტელობა და ანალიზის უნარი თუ არ ჰქონდა, ამ კუთხით არც ჩამოუვარდებოდა. ამის თქმის უფლებას კი ის მაძლევს, რომ სტალინისგან განსხვავებით, ბერია დარწმუნებული იყო, რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირში სწორედ 1941 წლის ივნისში შემოიჭრებოდა და რაც შეეძლო, წინასწარ მოემზადა მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „მართალია, სტალინი დარწმუნებული იყო, რომ ჰიტლერი საბჭოეთზე გაილაშქრებდა, მაგრამ მისი აზრით, ეს მოხდებოდა არა უადრეს 1942 წლის ზაფხულისა. მას კი ასეთ რწმენას ის უნერგავდა, რომ ჰიტლერი ჯერ საფუძვლიანად მოემზადებოდა „რუსული კამპანიისთვის“ და მხოლოდ ამის მერე დაძრავდა თავის არმიებს აღმოსავლეთისკენ. 1941 წლის ზაფხულისთვის კი იმის უტყუარი მონაცემები არსებობდა, რომ ჰიტლერული არმია ხანგრძლივი ომისთვის არ იყო მომზადებული. არ ჰქონადათ შესყიდული ამერიკელებისგან სპეციალური ზეთი, რომელსაც ზამთრის კამპანიის დროს თავის ტანკებში ასხამდნენ, რათა მათი ძრავები არ გაყინულიყო. აგრეთვე, არ ჰქონდათ მომარაგებული ცხვრის ტყავები, რისგანაც ფაშისტები თავისი ჯარისკაცებისთვის საზამთროდ თბილ ქურქებს კერავდნენ. ჰიტლერი „ბლიც კრიგისთვის“ ემზადებოდა და საბჭოეთის დამხობას ორ კვირაში გეგმავდა. ასეთ შემთხვევაში კი მის არმიებს საზამთრო ატრიბუტიკა არაფრად სჭირდებოდათ. სტალინს კი ჰიტლერი საღად მოაზროვნედ მიაჩნდა და დარწმუნებული იყო, რომ საზამთრო კამპანიისთვის მოუმზადებელი არმიებით ფიურერი ომს არ დაიწყებდა. საბჭოთა ბელადისგან განსხვავებით, ბერიას თავისი მზვერავების ინფორმაციების სჯეროდა და იმისაც, რომ ფაშისტური ფიურერი დარწმუნებული იყო, ორ კვირაში დაგვამარცხებდა. ბერიამ ისიც გათვალა, თუ როგორ განვითარდებოდა ფაშისტური შემოჭრის დინამიკა და ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაციის ღრმა ანალიზის შედეგად, პირადად, მან მოიფიქრა ოპერაცია „ოილის“ დეტალები, რომლის განხორციელებაც ჯერ კიდევ ჰიტლერის საბჭოეთში შემოჭრამდე დავიწყეთ. ჩასატარებელი იყო დიდი კომპლექსური სადაზვერვო-სამეცნიერო და სამრეწველო სამუშაოები, რასაც ჩვენ და ჩვენი უწყების საიდუმლო ლაბორატორიების მეცნიერებმა წარმატებით გავართვით თავი...“
ბერიამ, რომელიც ხედავდა, რომ სტალინს ჰიტლერის შემოჭრის არ სჯეროდა, ვერ გაბედა, მისთვის ეთქვა, რომ ბელადი არასწორად იქცეოდა. თუმცა, ივარაუდა მოვლენების განვითარების დინამიკა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ 4-5 თვეში ფაშისტები თავიანთი მძიმე ტექნიკით მოსკოვის მისადგომებთან იქნებოდნენ. ბერიამ სინოპტიკოსებისგან ისიც დაადგინა, რომ 1941 წლის ზამთარი მოსკოვთან ძალიან ადრე დაიწყებოდა და ძალიან ცივი პერიოდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდებოდა. ამ „ძალიანებიდან“ გამომდინარე ააგო ბერიამ ოპერაცია „ოილი“.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი მოგვითხრობს: „ფაშისტები თავიანთი ჯავშანტექნიკისთვის საზამთრო ზეთს ამერიკელებისგან ყიდულობდნენ. ამიტომ ბერიამ საბჭოთა მეცნიერებს დაავალა, შეემუშავებინათ ისეთი ხსნარი, რომელსაც იმ ამერიკულ ზეთში გარევისას რამდენიმე დღის შემდეგ ისე გაიხსნებოდა, რომ საპირისპირო ეფექტს იძლეოდა – გაყინვას ხელს უწყობდა და ზეთს გამოყენებისთვის უვარგისს ხდიდა. მეცნიერებს ეს ხსნარი უკვე 1941 წლის აგვისტოსთვის მზად ჰქონდათ. ფხვნილის სახით ის ამერიკაში არალეგალურად ჩაიტანეს და საიდუმლო საწყობებში შეინახეს. 1941 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კი მოსკოვსა და მის ირგვლივ საშინელი ყინვები დაიწყო და გენერალ გუდერიანის ტანკები რუსულ ყინვას ვეღარ უძლებდნენ. ჰიტლერული „ბლიც კრიგი“, მართალია, ჩაიშალა, მაგრამ მოსკოვი დაცემის საშიშროების წინაშე იდგა და შეტევა რომ წარმატებით გაგრძელებულიყო, ფაშისტებმა საზამთრო ზეთის სასწრაფოდ შესყიდვას მიჰყვეს ხელი, რომელიც დიდი გემებით ოკეანით უნდა ჩამოსულიყო ევროპაში. აქ უკვე საბჭოთა დაზვერვა გააქტიურდა და თავისი ხალხის მეშვეობით, ფაშისტებისთვის განკუთვნილ ზეთში სწორედ ის ფხვნილი გაურიეს, რომელიც ერთი კვირის შემდეგ ხსნარად იქცეოდა, ტანკებში ჩასხმის მერე კი ხელს უწყობდა მათი მწყობრიდან უსწრაფესად გამოყვანას. ამგვარად, ბერიას მიერ წინასწარ დაგეგმილი საბოტაჟის წყალობით, 1941 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსკოვის მისადგომებთან გუდერიანის სატანკო არმიის 2 ათასამდე ტანკი მწყობრიდან გამოვიდა. მოსკოვზე შეტევა ჩაიშალა და საბჭოეთის დედაქალაქი გადარჩა...“
მოსკოვთან დამარცხების შემდეგ, მართალია, ფაშისტები კიდევ გააფრთებულები უტევდნენ და დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ წელში ვეღარ გაიმართნენ და ამაში აბსოლუტური „ლომის წილი“ ლავრენტი ბერიას მიუძღვის (რა თქმა უნდა, საბჭოთა მებრძოლებთან ერთად) თავის ხელქვეითებთან და კარგად ორგანიზებული სტრატეგიულ დაზვერვასთან ერთად. ამგვარად, ოპერაცია „ოილი“ მსოფლიო დაზვერვის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და ეფექტური ქმედება დიდი ძალების წინააღმდეგ.“