№44 ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 21 წლის. 1 კვირის წინ გონება დავკარგე, ჯერ ხელის კანკალი დამეწყო და გულიც წამივიდა, თავზე კტ და ეეგ გამოკვლევები ჩამიტარეს. დასკვნაში იდიოპათიური ეპილეფსია დამიწერეს. შეიძლება, ადამიანს ასეთი რამ ამ ასაკში დაემართოს და სხვა რამ ხომ არ იყო გულის წასვლის მიზეზი?
პასუხი: მსგავსი პათოლოგიის გამოვლენა ამ ასაკში შესაძლებელია. აუცილებელია ჩაიტაროთ კვალიფიციური ნევროლოგიური მკურნალობა.
კითხვა: ჩემს 3 წლის გოგონას ტყვიაზე გავუკეთე ანალიზი. პასუხი მომივიდა „ნორმა – 35“ და „შედეგი – 33“ ჩემმა ექიმმა მითხრა: ნორმას არ სცილდება, მაგრამ კარგიც არისო და დამინიშნა თუთია. იქნებ მირჩიოთ დავალევინო თუ არა?
პასუხი: ეს მაჩვენებელი არის ნორმის ფარგლებში, განზომილება ლაბორატორიას მკგ/ლიტრში უწერია, ანუ, თუ გადავიყვანთ მკგ/დეცილიტრში, ტყვიის მაჩვენებელი გამოდის 3,3 და ბავშვი არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ომეგა 3-ს მიღება ლაქტაციის პერიოდში? პატარა 10 თვისაა. ძალიან გამოვიფიტე და გავხდი.
პასუხი: ასეთ დროს უმჯობესია, მიიღოთ მეძუძურებისთვის განკუთვნილი პოლივიტამინურ-მინერალური კომპლექსი და რაც მთავარია, იკვებოთ სრულფასოვნად.
კითხვა: გთხოვთ ამიხსნათ, პაპილომავირუსი და კიბო რა შუაშია ერთმანეთთან? თუ პაპილომავირუსი წარმოიქმნება, კიბოში გადავა?
პასუხი: პაპილომავირუსის 100 ტიპს გამოყოფენ. ზოგიერთი მათგანი მაღალი რისკისაა (ონკოგენური ანუ სიმსივნესთან ასოცირებული) და 70 პროცენტში იწვევს სასქესო ორგანოების კიბოს; დაახლოებით 40 ტიპი დაბალი რისკისაა და გენიტალიური (სასქესო) ორგანოების მეჭეჭების წარმოქმნას იწვევს. მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები მოწმობს, რომ მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსი სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებების მიზეზია და კიბოს განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს. ვირუსის ტიპის დადგენა გამოკვლევებით ხდება.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა აივის ორგანიზმში მოხვედრიდან 2 კვირაში დაგემართოს სოკო ან ჰერპესი ან რამე მსგავსი? ანუ 2 კვირაში არის შანსი, რომ იმუნიტეტი დაგიქვეითოს?
პასუხი: აივის კლინიკური სურათი ვლინდება ინფიცირებიდან მინიმუმ 3-6 თვის შემდეგ. ვერც სოკო და ვერც ჰერპესი ვერ იქნება დაკავშირებული აივ-ინფექციასთან, რომელიც 2 კვირის წინ გადაგედოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე