№44 გოგრის საოცარი თვისებები
ეს ნარინჯისფერი ბაღჩეული შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, შაქარს, ასევე ვიტამინებს – C, B, B2, PP-ს, ცილებს, რა თქმა უნდა, კაროტინს და ძალიან იშვიათ ვიტამინ T-ს, რომელიც მძიმე საკვებს ანეიტრალებს. ამიტომაც, გოგრას ხშირად მიირთმევენ გარნირად ღორის, ძროხისა და სხვა ცხიმიან ხორცთან. გოგრაში შემავალი E ვიტამინი კი, უბრალოდ, საჩუქარია მათთვის, ვისაც სურს, მუდამ ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეს – ის აფერხებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. გოგრის გასაკაჟებელ თვისებას უზრუნველყოფს კაროტინი, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსისგან და ბაქტერიისგან, ასევე, ამცირებს კიბოს უჯრედების გაჩენის რისკს. PP ვიტამინებს კი გამოაქვს წიდები, ტოქსინები და ქოლესტერინი. რკინის მაღალი შემცველობა კანის ბუნებრივ ფერსა და სიჯანსაღეზე ზრუნავს. სამკურნალო თვისებები არა მარტო გოგრის ჯადოსნურ რბილობს, მის თესლსაც აქვს. ალბათ, ყველას ეცოდინება ბებიების რეცეპტი, რომელიც ორგანიზმიდან ჭიებს გამოდევნის. გოგრის თესლი შეუცვლელია ნაწლავური თერაპიისთვის. მიირთვით დღეში 20-30 ცალი გოგრის თესლი და პარაზიტები აღარ დაგემუქრებიან.
გოგრის თესლის სამკურნალო თვისებები:
* ძილის ნორმალიზება და დეპრესიის განვითარების რისკის შემცირება;
* ჰიპერტონიული დაავადებების პროფილაქტიკა;
* თირკმლისა და შარდსასქესო ორგანოების დაავადებების მკურნალობა;
* დამწვრობისა და ჭრილობების მკურნალობა;
* ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება, ათეროსკლეროზის განვითარების პროფილაქტიკა;
* ხელს უწყობს კანის სილამაზეს და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას, აბრკოლებს ნაოჭების წარმოქმნას;
* ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, სახსრების ართრიტის შემცირება,
* პროსტატიტის პროფილაქტიკა;
* ორგანიზმიდან ჭიებისა და სხვა პარაზიტების გამოდევნა;
* გულის დაავადებებისგან დაცვა;
* შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა;
* ნაწლავური სისტემის მუშაობის ნორმალიზება, ქრონიკული შეკრულობა;
* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკა;
* სისხლის ნორმალური შედედება;
* მხედველობისა და ფერთა აღქმის გაუმჯობესება;
* იმუნიტეტის ამაღლება;
* როგორც მამაკაცის, ისე ქალის ჰორმონების გამომუშავების ხელშეწყობა;
* კოგნიტური უნარების გაუმჯობესება, განსაკუთრებით – მეხსიერების;
* პირღებინების პროფილაქტიკა — ავტომობილში, ზღვაზე, ასევე ორსულებისთვის – ზომიერი რაოდენობით;
* მამაკაცის უნაყოფობის პროფილაქტიკა — სპერმატოზოიდები უფრო მოძრავი ხდება, რაც ბავშვის ჩასახვის შანსს ზრდის;
* ცილების მნიშვნელოვანი წყარო, რაც ძალიან წაადგებათ ვეგეტარიანელებს და მათ, ვინც მარხვას ინახავს.
გოგრის თესლი მამაკაცებისთვის
მამაკაცებისთვის ძალზე სასარგებლოა რაციონში გოგრის თესლის ჩართვა – ის თუთიის სრულფასოვანი საბადოა, რომელიც ასე ესაჭიროება მამაკაცის ორგანიზმს, მის სქესობრივ სისტემას. წინამდებარე ჯირკვლის ადენომისგან თავის დასაცავად, მათ დღეში დაახლოებით გოგრის 50 ცალი თესლი უნდა მიიღონ.
გარდა ამისა, თუთია ტესტოსტერონის – მამაკაცის მთავარი ჰორმონის მოლეკულის ნაწილია. თესლის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები ზრდიან სპერმატოზოიდების მოძრაობას, რაც მამაკაცის უნაყოფობის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
გოგრის თესლი ქალებისთვის
ცნობილია, რომ ქალებს უფრო ხშირად აქვთ ოსტეოპოროზი, ვიდრე მამაკაცებს. კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნა განსაკუთრებით 45 წლის შემდეგ აქტიურდება. გოგრის თესლში შემავალ მინერალებს კი ამ პროცესის შეჩერება შეუძლია.
ქალების კიდევ ერთი გახშირებული პრობლემაა სისხლნაკლებობა. რადგან გოგრის თესლი რკინის ერთგვარი საბადოა, ქალებისთვის დღეში 100 გრამის მიღება საკმარისია, რომ ამ მიკროელემენტის დღიური ნორმა შეივსონ.
გოგრის თესლი სასარგებლოა ქალებისთვის მენოპაუზის დროს, რადგან მასში შემავალი ფიტოესტროგენები ხელს უწყობს განწყობის ნორმალიზებას, ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს ძილს, ხსნის თავისა და სახსრების ტკივილს.