№44 რა არის მოძრაობის ნევროზი და რა სიმპტომები აქვს მას
მოძრაობის ნევროზი ვითარდება როგორც აკვიატებული აზრების ნევროზის შემადგენელი და გამოიხატება ადამიანის მუდმივი დაძაბვით, წუხილის შეგრძნებით, მოუშორებელი აზრებით, შიშით, რასაც ზედმეტი მოძრაობითი აქტივობა ახლავს. მოძრაობის ნევროზი, როგორც წესი, იმ პაციენტებს უვითარდებათ, რომლებსაც სტრესისადმი გამძლეობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ – მათ არ შეუძლიათ თავიანთი ემოციური მდგომარეობის კონტროლი და პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ, ვიზუალურად გამოსახავენ.
მოძრაობების ნევროზი სრულიად განკურნებადია, თუმცა საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. გადაჭარბებული მოძრაობითი აქტივობა გაგრძელდება მანამ, სანამ ის კონფლიქტური სიტუაცია, რომელმაც ეს დაავადება გამოიწვია, არ ჩაცხრება და ადამიანი შინაგანად არ დამშვიდდება.
მოძრაობის ნევროზი, ასევე, შესაძლებელია განვითარდეს აკვიატებული შიშებით, რომლებიც ყალიბდება რომელიმე ფსიქიკური ტრავმის შედეგად. თავდაპირველად ის იწვევს ორგანიზმის უეცარ პასუხს უძლიერესი შეშინებისა და დაძაბვის სახით, რასაც თან სდევს ძლიერი ვეგეტატიური დარღვევები – გაძლიერებული გულისცემა, თავბრუ, ტკივილი გულის არეში. თუ შეტევა რამდენიმეჯერ მეორდება, მაშინ ადამიანს უჩნდება ქვეცნობიერი შიში, რომელიც შეიძლება, გამოწვეული იყოს ნებისმიერი მიზეზით – სიმაღლით, დახურული სივრცით, ცხოველებით, ტრანსპორტით. აკვიატებული შიშები აყალიბებს პასუხს გარეგან მოქმედებებზე, ანუ ზუსტად მოძრაობების ნევროზით, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ცდილობს, დაიცვას თავი ამ სიტუაციაში.
მოძრაობის ნევროზს მიეკუთვნება არა მხოლოდ ტიკები, ის უფრო ღრმა დონეზეც გამოიხატება: მაგალითად, რომელიმე ინფექციით დასნებოვნების შიშით ადამიანი რამდენიმე საათში ათჯერ და ოცჯერ იბანს ხელს, უარს ამბობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლაზე თავდაცვის საშუალებების (ხელთათმანი, პირბადე) გარეშე. არ იღებს სხვა ადამიანის ხელით მიწოდებულ საგნებს, არ დადის აუზზე. ზოგი სიმაღლის შიშის გამო უარს ამბობს ფრენაზე, ლიფტის გამოყენებაზე. ყველაზე ხშირად კი გვხვდება ნევროზი, როდესაც პაციენტს ეჩვენება, რომ ავადაა და დადის ექიმებთან.
აკვიატებული მოძრაობების ნევროზი შესაძლებელია გამოწვეული იყოს აკვიატებული მისწრაფებებით ან აზრებით, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მელოდია, ფრაზა, კაშკაშა ნახატი, მონაგონი, რისგანაც ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში არ შეუძლია გათავისუფლება. აკვიატებული შიშები გამოიხატება ეჭვებით საკუთარ შესაძლებლობებში. მაგალითად, წარუმატებელი სახალხო გამოსვლის შემდგომ შეიძლება, განუვითარდეს მეტყველების ფუნქციების შეჩერება. გამოთქმის ყველა საშუალებას ავადმყოფი აღიქვამს როგორც წამებას, რაც უფრო მეტად გააღრმავებს მის ღელვას და შეაჩერებს მის მეტყველებით უნარებს.
აკვიატებული მოძრაობები, რომლებსაც თან სდევს შინაგანი შიშები შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს ან რომელიმე ერთი მოძრაობით (მაგალითად, ხელების, თავის ან თვალის უნებლიე მოძრაობები) ან ამ მოძრაობების სრული კომპლექსით, რომელთა შეჩერება, როგორც არ უნდა ეცადოს, ავადმყოფს არ შეუძლია. ამ მოძრაობების შეჩერების წარუმატებელ მცდელობებს პაციენტი კიდევ უფრო ძლიერი განცდებისკენ, აღგზნებისაკენ მიჰყავს, ანუ ეს დაავადება გვაგონებს ლაბირინთს, საიდანაც გამოსვლა პროფესიონალთა დახმარების გარეშე შეუძლებელია.