№44 როგორ ამოვიცნოთ ჰიპერთირეოზი და ჰიპოთირეოზი
ჰიპერთირეოზი ჩიყვის განვითარებას უწყობს ხელს – დიდდება ფარისებრი ჯირკვალი, გადიდებული ჯირკვალი კი უფრო მეტი ჰორმონის პროდუცირებას ახდენს. ამ მდგომარეობის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:
1. მემკვიდრეობა – თუ ახლობელ ნათესავთა (დედა, ბებია, დეიდა...) შორის მსგავსი პრობლემები შეიმჩნეოდა, მაშინ მემკვიდრეობით გამოწვეული ჰიპერთირეოზით დაავადების ალბათობა 70 პროცენტს აღწევს.
2. ჰორმონთა ჭარბი გამომუშავების პროვოცირება შესაძლებელია სტრესით, უეცარი ნეგატიური ემოციით – ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, ავტოკატასტროფა და სხვა.
3. ჰიპერთირეოზი ხშირად ვითარდება მენოპაუზის ფონზე. ამ დროს ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად მცირდება და ქვეითდება სისხლში ესტროგენების – ქალის სასქესო ჰორმონების დონე, საკომპენსაციოდ ფარისებრი ჯირკვალი ცდილობს დანაკლისი მის მიერ გამომუშავებული ჰორმონების გაძლიერებული სეკრეციით შეავსოს.
4. ჩიყვი შესაძლოა, განვითარდეს რომელიმე ვირუსული ინფექციის შემდგომი გართულების სახითაც.
ჰორმონთა გაძლიერებული სეკრეციისთვის დამახასიათებელია:
* ჰიპერთირეოზის პირველი სიმპტომი – სხეულის ტემპერატურის უმიზეზო მატება, თუმცა 38 გრადუსამდე უეცრად მომატებული სხეულის ტემპერატურა ყოველთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა გაძლიერებულ სინთეზს და გააქტიურებულ მუშაობას არ ნიშნავს.
* გაღიზიანება და ადვილად ფეთქებადობა – ადამიანი, რომელსაც ჩიყვი აქვს, ჩვეულებრივ, ძალიან გაღიზიანებული და ადვილად ფეთქებადია, დამახასიათებელია გუნება-განწყობის სწრაფი ცვლა, შესაძლოა, მან ხასიათი დღეში 10-ჯერ შეიცვალოს და ამასთან, ყოველთვის უარყოფითისკენ. მსგავს მდგომარეობაში იშვიათია სიხარულის გამოხატვა და გულიანი სიცილი, პირიქით, ისინი ყოველთვის უმიზეზო სიბრაზესა და მრისხანებას ავლენენ.
* წონის უმიზეზო კლება – ეს ტენდენცია ზოგჯერ გაძლიერებული კვების პირობებშიც კი შესამჩნევია.
* თუ ჰიპერთირეოზისას ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, ჰიპოთირეოზის დროს მისი ტემპი საგრძნობლად მცირდება, შესაბამისად, პაციენტები განსაკუთრებული სისწრაფით იმატებენ წონაში ამ პროცესის შეჩერება კი დიეტებით და გაძლიერებული სპორტული დატვირთვითაც კი შეუძლებელი ხდება.
* ჰიპოთირეოზიც აისახება განწყობასა და ხასიათზე – ადამიანი მოშვებული, მოდუნებული და აპათიურია. დამახასიათებელია ყურადღების გაფანტვა, ახალი ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები და მეხსიერების გაუარესება.
* მას ადვილად სძლევს სიზარმაცე.
* არცთუ იშვიათად ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელია ძლიერი დეპრესიის განვითარებაც.
* ჰიპოთირეოზის კიდევ ერთი სიმპტომია შეშუპება.
ჰიპოთირეოზის მკურნალობა ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიაა, მაგრამ თუ მიზეზი სიმსივნური წარმონაქმნია, ასეთ დროს ხუმრობა არ შეიძლება, ამიტომ ჰიპოთირეოზის პირველივე ნიშნების აღმოჩენისას აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც სიმსივნური ქსოვილის ტიპის დიაგნოსტირების შემდგომ მკურნალობის სტრატეგიასა და გეგმას შეგიდგენთ. კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელი არ არის, მით უფრო, თუ სიმსივნე მცირე ზომისაა. სპეციალისტი ამ შემთხვევაში ნიშნავს ჰორმონულ თერაპიას – პაციენტმა უნდა მიიღოს პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში შეავსებენ ტრიოდთირონინისა და თიროქსინის დეფიციტს. თუ სიმსივნე ზომაში მუდმივად იმატებს, მაშინ ქირურგების დახმარებით დროულად უნდა მოცილდეს.