კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ ამჯობინა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის ეგზარქოსმა ფილარეტმა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოყოფა უკრაინაში მოქმედ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან შეერთებას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, მხოლოდ დროის ამბავია, თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში არეულობა უკვე გამოიწვია: მოსკოვის საპატრიარქომ ევქარისტული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და რუსი სასულიერო პირები პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში აღარ მოიხსენებენ. თავის მხრივ, იერუსალიმის პატრიარქმაც არ მოუწონა გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქს და ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნებათ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, ოღონდ ფაქტია, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლიანობისა და საეკლესიო წესების ფარგლებში.
რეალურად, როგორი ვითარებაა და რა საფრთხედ შეიძლება, შემოუტრიალდეს მართლმადიდებელ სამყაროს აზრთა ასეთი სხვადასხვაობა, გახდება თუ არა ეს ფაქტი პრეცედენტული და რა ბედი ელით ჩვენს სეპარატისტულ ეპარქიებს, რომლებზეც თვალი უჭირავთ რუსეთის საპატრიარქოსაც, ბერძნულ ეკლესიასაც და  მოსკოვის პატრიარქსაც – თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.

– პირადად მე მომეწონა ჩვენი საპატრიარქოს განცხადება, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველა მხარეს მისასვლელი პირი დაგვიტოვა. რა ხდება რეალურად, როგორ მიდის პროცესი?
– ლაპარაკია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე. ამ ნაბიჯს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, საქართველო, მოვესალმებით, მაგრამ ამ პროცესში არის რამდენიმე საფეხური: ჯერჯერობით გაკეთდა ერთადერთი რამ: გაცხადდა ავტოკეფალიის პროცესი და პრაქტიკული ნაბიჯებიდან განხორციელდა ის, რომ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ფილარეტისთვის დადებული ანათემა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ახსნა.
– რის საფუძველზე? აქვს ერთ პატრიარქს უფლება, მეორე პატრიარქის მიერ დადებული ანათემა ახსნას?
– მოსკოვის საპატრიარქოს მიერ დადებული ანათემის მოხსნის უფლება სამართლებრივად დაეფუძნა 1686 წელს კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის რუსეთისთვის გადაცემის დადასტურებას.
– თუ კონსტანტინოპოლმა გადასცა რუსეთს უკრაინა, მასვე ეკუთვნის, დააბრუნოს უკან.
– ესე იგი, პროცესი წავიდა რამდენიმე საუკუნის წინანდელ სამართლებრივ რეალობაში. ჩვენ, სხვათა შორის, იქამდეც შეიძლება, მივიდეთ, რომ თვითონ რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიაც დადგეს ეჭვქვეშ, იმიტომ რომ მან ავტოკეფალია თავის დროზე თვითონ მიიკუთვნა.
– ისევე, როგორც მეხუთე, ანუ ჩვენი ადგილი დიპტიქში კონსტანტინოპოლის ერთ-ერთმა პატრიარქმა, როგორც ამბობენ, ფულის სანაცვლოდ მისცა რუსეთის ეკლესიას.
– დიახ. პროცესი კი ისტორიულად ასე ვითარდებოდა: დე-ფაქტოდ, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან შეთანხმების გარეშე დანიშნა რუსეთმა პირველი მღვდელმთავარი. ეს მოხდა 1448 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლს უტევდნენ და კონსტანტინოპოლის პატრიარქი რომის უნიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. ამ მოტივით დანიშნა რუსეთის ეკლესიამ თავისი პირველი იერარქი და თითქმის ასი წლის შემდგომ თვითონვე გამოაცხადა ავტოკეფალია. დევნილობაში მყოფ კონსტატინოპოლის პატრიარქს კი არანაირი ძალა არ ჰქონდა. ამიტომ ჯერ ავტოკეფალიას დაეთანხმა, 1686 წელს კი უკრაინის ეკლესიას, რომელიც მანამდე კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იყო, გადაცემაზეც თანხმობა განუცხადა. ამ აქტის დეზავუირების პროცესი დაიწყო და, იმიტომაც ვამბობ, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, რუსული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გაუქმებამდეც მივიდეს საქმე.
– არ არის ჩვენთვის ურიგო სცენარი.
– დიახ, მაგრამ უკრაინაში არის მეორე ეკლესიაც.
– განვმარტოთ, რომ არა ის, რომელიც ემორჩილება მოსკოვის საპატრიარქოს და ჰყავს ყველაზე მეტი მრევლი უკრაინაში.
– არა, ეს მეორე ეკლესია არის უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია, ასე უწოდებენ საკუთარ თავს. ეს ეკლესია აღდგა მეოცე საუკუნის ოციან წლებში სიმონ პეტლიურას დროს, ისევე, როგორც ჩვენმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, უკრაინაშიც დაიწყო ანალოგიური მოძრაობა. ამ ეკლესიას მიტროპოლიტი ლიპოვსკი ხელმძღვანელობდა, რომელიც ბოლშევიკებმა დახვრიტეს, უკრაინის ეკლესია კი დევნილობაში წავიდა. თავდაპირველად დასავლეთ უკრაინაში ფუნქციონირებდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მთლიანად განდევნეს და მისი მრევლი ამერიკაში, კანადასა და მთელ მსოფლიოშია მოფენილი. მეოცე საუკუნის ბოლოსკენ, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ეს ეკლესია გაძლიერდა და თავის თავზე მართლმადიდებლური ლიდერობა აიღო. მას ხელმძღვანელობდა სიმონ პეტლიურას ძმისშვილი, რომელიც 1988 თუ 1989 წელს, როდესაც უკრაინაში ამ ეკლესიის ლეგალიზაციისთვის პირველი ღონისძიება ჩატარდა, საბჭოთა მთავრობამ უკრაინის ტერიტორიაზე არ ჩამოუშვა. იმდენად ეშინოდათ ამ ეკლესიის გაძლიერების, რომ 1992 წლამდე არ მისცეს საშუალება, ჩამოსულიყო. 1992 წელს ჩამოვიდა, მცირე ხანში გარდაიცვალა და ამ ეკლესიას სხვა ჩაუდგა სათავეში. დღეს უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის ხელმძღვანელია მიტროპოლიტი მაკარი, რომელსაც ფილარტთან კარგი ურთიერთობა არ აქვს.
– მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავთ?
– ბევრი არა, მაგრამ ეს ის მრევლია, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული და მათ ანტისაბჭოური და ანტიმოსკოვური პოზიცია აქვთ. მათ ფილარეტთან, როგორც რუსეთის ეკლესიის უკრაინის ყოფილ ეგზარქოსთან, რთული ურთიერთობა ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ფილარეტი მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო, შესთავაზეს, აღვადგინოთ ჩვენი ძველი ეკლესიაო. ფილარეტს ეს არ უნდოდა და ახლაც ეს თემა გახდა მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რომ ერთი რომელიმე ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მიცემა, ან ფილარეტისთვის, ან მაკარისთვის, ავტომატურად, კვლავ განხეთქილებას ნიშნავს, ამიტომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა: შეთანხმდით, შექმენით ერთიანი სტრუქტურა და ამის შემდეგ ვაღიარებთ ავტოკეფალიას. ანუ მოცემულ ეტაპზე ფილარეტის ანათემაა მოხსნილი. სხვათა შორის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის დადგენილებაში ნახსენებია მაკარიც, თუმცა მოსკოვის საპატრიარქოს მაკარი ანათემაზე არ გადაუცია – რუსეთის ეკლესია მიტროპოლიტ მაკარს თავიდანვე არ ცნობდა. ჯერჯერობით რთულდება მოლაპარაკება მაკარსა და ფილარეტს შორის.
– ძალაუფლების განაწილების გამო?
– უნდობლობის გამო. ეს ადამიანები არ ენდობიან ფილარეტს, იმიტომ რომ თავის დროზე ფილარეტი ამ ადამიანებს ებრძოდა, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეგზარქოსი. ამდენად, მათ შორის საუბარი იოლი არ არის, ამიტომ საკითხი ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, მაგრამ გადაწყდება.
– რომ ვერ მოილაპარაკონ?
– საკითხი დროში გაიწელება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მხარეები დათმობენ თავიანთ პრეტენზიებს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, საუბარია იმაზე, რომ მიტროპოლიტი მაკარი თანახმაა ფილარეტის პატრიარქობაზე, მაგრამ მოითხოვს, რომ ავტოკეფალია მიიღოს არა 1992 წელს მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფილმა უკრაინულმა ეკლესიამ, რომელსაც დღეს ფილარეტი ხელმძღვანელობს, არამედ 1922 წელს დაფუძნებულმა ეკლესიამ.
– მშვენიერი წინადადებაა, რატომ არ უნდა დათანხმდეს ფილარეტი?
– ფილარეტს ის პრობლემა აქვს, რომ 1992 წლამდე მოსკოვის საპატრიარქოში იყო.
– ანუ მორალური პრობლემა.
– ისევე, როგორც საქართველოში, ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ საბჭოთა სისტემის და არა ეროვნული მოძრაობის ნაწილი, ეწინააღმდეგებიან 26 მაისს. ერთი სიტყვით, უკრაინაში ამ პრობლემას პოლიტიკური საკითხებიც ემატება და ისიც, რომ კონსტანტინოპოლის  პატრიარქი თურქეთის მოქალაქეა, თუმცა არ ვიცით, როგორ ჩაერთვება თურქეთის ხელისუფლება ამ პროცესში. ასეთი ძალიან რთული და დაძაბული ვითარებაა.
– მაკარისა და ფილარეტის შეთანხმების შემდეგ რა ხდება?
– იწყება ავტოკეფალიის აღიარების პროცედურა.
– ამ საკითხს მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა წყვეტს?
– სამართალი ისეთი რამაა, რომ არავინ იცის, საიდან მოაბამენ ყურს. 1993-1994 წლებში იყო შეთანხმება, რომ ახალი ეკლესიების ავტოკეფალია ყველას უნდა ეცნო. ეს საკითხი დადგა იმიტომ, რომ მსგავსი პრობლემა წარმოიშვა გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც რუსეთის იმპერიისგან გამოყოფილმა პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა მოსკოვის საპატრიარქოს. იყო პრობლემა რუმინეთის ეკლესიაშიც. სულ რაღაც, 20 წლის წინათ ანალოგიური პრობლემა იყო ესტონეთშიც და მოსკოვის საპატრიარქომ იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ესტონეთის ეკლესია თავის იურისდიქციაში მიიღო, რამდენიმე თვით კავშირი გაწყვიტა მასთან, ანუ მოხდა ის, რაც დღეს ხდება. ანუ ასეთი პრეცედენტი არსებობდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ კონტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოები შერიგდნენ. თუმცა ესტონეთის ეკლესიას ვერ შევადარებთ უკრაინის ეკლესიას. ეს უკვე გასცდა სუფთა რელიგიურ ჩარჩოებს და საკითხი პოლიტიკურ პრიზმაში გადავიდა. იმიტომ რომ ავტოკეფალია ეძლევა არა ქვეყნებს, არამედ ეკლესიებს, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე მოქმედებენ და დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან მოაბამენ ყურს სამართალს. მაგალითად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ ცნობს რუსეთის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიამინიჭებულ ამერიკულ ეკლესიას და მის პატრიარქს ლოცვებში არ მოიხსენიებს. ასევე, იყო პერიოდი, როდესაც იერუსალიმისა და ანატოლიის პატრიარქები ლოცვებში ერთმანეთს არ მოიხსენიებდნენ. ეს არის მრავალმხრივი მოლაპარაკებების საკითხი. ამით არც არაფერი კეთდება და არც ფუჭდება, უბრალოდ, ამ პროცესში თითეულმა თავისი ადგილი უნდა ნახოს.
– თქვენ როგორ ხედავთ ჩვენს ადგილს ამ პროცესში? ისევ დაიწყო შეტევა ქართულ ეკლესიაზე, უკრაინელი მიტრპოლიტები ვერ მორიგებულან და აქ საქართველოს საპატრიარქოსგან მოითხოვენ, უმალ ცნოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და არც კი იციან, რომლის, იმიტომ რომ ჯერ თავად მსოფლიო პატრიარქმაც არ იცის.
– თუ საქართველოს საზოგადოება და სახელმწიფო ქართულ ეკლესიას ამ საკითხში გვერდში დაუდგება, ჩვენი პოზიციები უფრო ქმედითუნარიანი გახდება. უპირველესად, ეს ეხება მაქსიმალური გარანტიების მიღებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მხოლოდ სიტყვით კი არ აღიარონ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია, არამედ საქმითაც – შეიძლება, გამოიძებნოს მექანიმზი, რის დახმარებითაც ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინებას შევძლებთ. ეკლესიას თავისი რელიგიური საქმიანობისთვის კი არ სჭირდება დახმარება, არამედ სახელმწიფოებრივი საქმისთვის.

скачать dle 11.3