№44 ჩამოვლა
ანუ სიყვარულის მსხვერპლი
ჯონ ბოლტონმა ჯერ მოსკოვი მოიარა და შემდეგ სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოებსაც ჩამოგვიარა (სანამ თქვენ და ჩემი ნაწერი ერთმანეთს შევხვდებით, უკვე ჩამოვლის პროცესიც აღსრულდება).
მზიურ თბილისში დავანებამდე კი რადიო „თავისუფლებასაც“ (სომხურ სამსახურს) გაესაუბრა (ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დეტალებზე) და აუწყა, რომ ბევრი ისაუბრეს სომხეთის მეზობლებზე (ირანი, თურქეთი, რუსეთი და საქართველო).
ჯონ ბოლტონს ჩვენი მეზობლისა და ჩვენი ოკუპანტის მოკავშირისთვის ურჩევია, რომ აუცილებელია ერევან-ბაქოსათვის მისაღები გადაწყვეტილების მიღწევა მთიან ყარაბაღზე, რის შემდეგაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარიც გაგეხსნებათ და თურქეთისაცო (თუმცა თურქეთს კი არ აქვს ჩაკეტილი საზღვარი, არამედ სომხეთს), საქართველოზე კი არ იდარდოთ – მასზე ზეწოლას რუსეთი მოახდენსო.
აი, ირანის (რომელიც რფ-ის, ანუ სომხეთის მოკავშირე და აშშ-ს მტერია) საზღვარზე კი უბრძანებია, არ გვსურს, ირანზე ზეწოლით ჩვენი მეგობრები (მაშასადამე – სომხეთი) დაზარალდნენ, ამიტომაც ერევანმა და ვაშინგტონმა დიალოგი უნდა გავმართოთო.
მე არ ვიცი, როგორ უნდა გამართონ ერევანმა და ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ დიალოგი (ვითომ პრ.-ი პუტინი ჯ. ბოლტონს ირანის გაწირვაზე დათანხმდა?!), მაგრამ დამეთანხმებით, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო პასაჟი საზღვრის ჩვენი მონაკვეთის შესახებ ნათქვამია და, თუმცა ექსპერტთა ნაწილი გვარწმუნებს, რომ ფრაზა „საქართველოზე ზეწოლას რუსეთი მოახდენსო“, ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო (ანუ ზეწოლა ზეწოლას არ ნიშნავსო), ჩნდება ეჭვი, რომ გაინაღდებენ, დახურდავება სტრატეგიულ პარტნიორობაშიც მოსულა?!