№43 რატომ არ სჭირდება ჩანგალი ლალი მოროშკინას გოჩა ჩერტკოევის დასაჭრელად და რა დაპირისპირებები მიდის შოუს კულუარებში
„ცეკვავენ ვარსკვლავები“ გასულ ორშაბათს თორნიკე კვერენჩხილაძისა და ანი ჯავახის წყვილმა დატოვა. მათთან ერთად პროექტი, საკუთარი ნებით დატოვა ჟურნალისტმა და პიარ-ტექნოლოგმა, ლალი მოროშკინამ. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: „მე ჩავიფსი“ – როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში „გავუტარებ“ ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს – მე აღარ ვარ მე! როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისმცემლობას ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა, რომ მე ეს არ მეხება? – მე, მე არ ვარ!!! როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24-საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები – მე მე აღარ ვარ! როდესაც ჩემი კოლეგის თორნიკე კვერენჩხილაძის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს, ხოლო მე ჩუმად ვარ – ვინ ვარ მე? ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე – დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!! არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოგრაფებმა და ტყუპებმა! უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!
ყველას დიდი მადლობა და ნახვამდის! არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე... სე ლა ვი“.
– ლალი, მონდომებით ვარჯიშობდი, პროექტისთვის ათი კილოგრამიც კი დაიკელი. რა მოხდა რეალურად, რის გამო დატოვე შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“?
– ჩემი გაღიზიანების მიზეზი ორი კომენტარი გახდა. პირველი – ზაკის კომენტარი ერთ-ერთი წყვილის ცეკვის შემდეგ, თქვა, რომ მან ჩაიფსა... კი ბატონო, ის ზაკია და ასე გამოხატა, ექსპრესიულად თავისი შთაბეჭდილება და ემოცია. მაგრამ გოჩა ჩერტკოევის მხრიდან ფრაზის გაგრძელება, რომ ყველა კონკურენტმა უნდა ჩაიფსას, ღირსებისა და მორალის შეურაცხმყოფელია პროექტის ყველა მონაწილისთვის. არსებობს ზღვარი, რომელსაც ადამიანი არ უნდა გადახვიდე და არ იკადრო.
– ანუ, მიგაჩნია, რომ გოჩა ჩერტკოევმა ამ სიტყვებით შეურაცხყოფა მოგაყენა?
– ჟიური ჩემ მიმართ ორივე ეპიზოდში ყველაზე კეთილგანწყობილი და ხმატკბილი იყო, მაღალი შეფასებებიც მქონდა და ლიდერის პოზიციასაც ვიკავებდი. მე, პირადად, როგორც ლალი მორიშკინას, კონკურსისა და ჟიურის მიმართ როგორ უნდა მქონდეს პრეტენზია, როცა ახალგაზრდა კონკურსანტებს შორის, მეოთხე ადგილზე ვიყავი და ეს, 48 წლის ასაკისთვის, საკმაოდ კარგი მონაცემია. ჟიურის, ჩემი ქებისა და დიდების გარდა არაფერი უკეთებია, ზაკიც სულ იმას იმეორებდა: ნამდვილად არ ხარ მოცეკვავე? ნამდვილად ამდენი წლის ხარ? თუმცა, არსებობს საერთო წესი და როცა კონკურსის მონაწილეებსა და ქორეოგრაფებს აყენებენ შეურაცხყოფას, ძალიან ცუდი მოსასმენია. გამოიკვეთა, რომ რატომღაც, ჩერტკოევი ებრძვის ქორეოგრაფებს და დიზაინერს, რომელიც გვაცმევდა, უნიჭიერეს ლაშა ჯოხაძეს. ვფიქრობ, ჩერტკოევს უნდა, რომ თოკო და გიორგი, არაჩვეულებრივი ტყუპები და უკრაინელი ქორეოგრაფები საკუთრი სტაფით ჩაანაცვლოს. ამ შემთხვევაში კი, „იმედის“ გადასაწყვეტია, ვის შეინარჩუნებს – უკრაინელებს და ტყუპებს თუ ჩერტკოევს. ვფიქრობ, დაპირისპირება ასე მარტივად არ დასრულდება.
– როგორც მივხვდი, პროექტში შიდა დაპირისპირებებიც არსებობს?
– ცხადია. ალბათ, თავიდან არ განისაზღვრა სწორად, ვის რა ფუნქცია აკისრია, რაღაცებში არ შეთანხმდნენ. მაგრამ, ჟიური რომ ქორეოგრაფს არ უნდა აკრიტიკებდეს, ეს არის „დედა ენა“. ტელეფონი არ ჩერდება, მირეკავენ და მეკითხებიან, ასეთი მაღალი ქულებით რატომ დატოვე პროექტიო. მე უსამართლობაზე ვერ დავხუჭავ თვალს და მიუხედავად იმისა, რომ მე არ მეხება, რაღაც-რაღაცებს, მშვიდად ვერ გავატარებ.
– ამბობენ, მოლაპარაკებები მიდის და შესაძლოა, პროექტში დაბრუნდე. ამაზე რას მეტყვი?
– სულ მალე საფრანგეთში მივფრინავ, საქმიანი შეხვედრა მაქვს დანიშნული. ასე რომ, ეს საკითხი დახურულია. ამ პროექტის გამო, ისედაც, გადადებული მქონდა ჩემი საქმეები ფრანგ პარტნიორებთან და ახლა ისევ დავუბრუნდი ტურისტულ ბიზნესს. მადლობა, რომ ამ პროექტში ლიდერად დავრჩი, მაღალი პოზიციიდან დავტოვე და ჩემი ქულები გადავეცი იმ ადამიანს, ვისაც შოუს დატოვება უსამართლობის გამო მოუწია. მე თავად შევთავაზე, ჩემ მაგივრად ისინი დააბრუნონ და ჩემი ქულები მათ აჩუქონ.
– მართლია, ჩანგალი არ გიხმარია, მაგრამ, ენითაც კარგად გამოგდის ადამიანის დაჭრა, მაგალითად, ჟიურის იასამნისფერწვერიანი მამაკაცის.
– დიახ, „იასამნისფერწვერება ბაბუაწვერა“ ვუწოდე ჩერტკოევს. ომი მან გახსნა. მონაწილეებს თუ ჩაფსმულებს გვიწოდებს, უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე ჩემგან ნათქვამი ეს სიტყვები. მამაკაცი რომ ვიყო, სხვანაირად გავცემდი პასუხს, სხვანაირად დაველაპარაკებოდი და დავანახებდი, როგორია ღირსების შელახვა! შეურაცხყოფას ვერავისგან ავიტან. დიახ, ყველა ვერ იქნება ჟანა დარკი, ვიღაცას შეუძლია, ცხოვრება შეურაცხყოფილმა გააგრძელოს, ზოგს – არა. შეურაცხყოფას თუ ერთხელ აპატიებ, აუცილებლად მეორედაც მოგაყენებენ.
– პროექტის დატოვების შემდეგ ნოე სულაბერიძე თუ დაგიკავშირდა და თუ გქონდა მასთან საუბარი? როგორც ვიცი, ხელშეკრულების თანახმად, როცა მონაწილე პროექტს თავისი მიზეზით ტოვებს, გარკვეულ თანხას იხდის.
– ზოგადად, შეურაცხყოფა დასჯადია და მე რატომ უნდა გადავიხადო ფული? იმედია, არხს ამ მხრივ, პრეტენზია არ ექნება. ნოემ რომ დამირეკა და შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა, მოლაპარაკებებიც მასთან მქონდა. ის ჩემი მეგობარია და მჯეროდა, თუ ის იქნებოდა პროდიუსერი, შოუ მაღალ დონეზე ჩაივლიდა. თუმცა, მან ჩემამდე დატოვა პროექტი და მოხდა კიდევაც ის, რაც მოხდა. ჩემთვის მისი წასვლის მიზეზები უცნობია. არც ჩამითვლია საჭიროდ, ამას ჩავღრმავებოდი. უბრალოდ, მე ჩემი ძალებისა და მონაცემების მჯეროდა, არ მითქვამს უარი, იმიტომ, რომ ცხოვრება გაძლევს შანსს, ისევ ახალგაზრდა იყო, ექსპერიმენტები აკეთო და ბოლო-ბოლო იცეკვო. ჩერტკოევმა პროექტს ბევრი რამე წაართვა და „იმედის“ გადასაწყვეტია, შოუს დატოვებენ არხზე თუ ჩერტკოევს. ეს არჩევანი აუცილებლად ექნება არხს. უბრალოდ, მე უფრო ადრე დავინახე ის ავადმყოფობა, რაც ამ შოუში უკურნებელი სენია. შეურაცხყოფას რომ გაყენებენ, უნდა წახვიდე, აბა, რა? მეც ჩემი წამოსვლით უხამსობას გავეცი პასუხი.
P.S. ლალი მოროშკინას ფოტოები მოგვაწოდა ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ.