№43 როგორი ურთიერთობა აქვს ყოფილ ქმრებთან თაკო ცქვიტინიძეს და ვისი ცოლობისთვის ემზადება ის
33 წლის მსახიობი და ჟურნალისტი თაკო ცქვიტინიძე, ახლახან დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც ეროვნულ სამოსში გამოწყობილს „თბილისობის“ კონცერტი მიჰყავდა. ამბობს, იმდენი რუსი ადამიანი დაინტერესდა ქართველების შემოქმედებით, რომ თავადაც გაოცებული დავრჩიო. თაკო არასდროს საუბრობს პირადი ამბების შესახებ, არ უყვარს, როცა ეს განხილვის საგანი ხდება. ფაქტია, უკვე სამი წელია, ქმარს, მსახიობ ნიკა კუჭავას დაშორდა, თუმცა, საზოგადოებამ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცის. რა ოცნებები აიხდინა თაკომ ბავშვობიდან, რატომ არ ნანობს ადრეულ ასაკში გათხოვებას და რატომ დაშორდა ის მეორე ქმარს რვაწლიანი სიყვარულის შემდეგ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თაკო ცქვიტინიძე: ბავშვობაში სულ მიკროფონი მეჭირა ხელში, წარმოდგენებს ვდგამდი და ჩემ მიერ დახატულ ბილეთებს, მეზობლებზე და ბებოს დაქალებზე ვყიდდი. ისინი „ზალაში“ დასხდებოდნენ და მეც დიდი თავგამოდებით, გამოვდიოდი მათ წინაშე. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის აპლოდისმენტები იყო. იქიდან მოყოლებული, სულ სცენაზე დგომა და მსახიობობა მინდოდა. სახლში დიდად მოხიბლულები არ იყვნენ ჩემი არჩევნით. მამა ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა დედას უნდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი, ხათრი ვერ გავუტეხე და ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. დედის იმედი გავამართლე, ავიღე დიპლომი და შემდეგ, ჩავაბარე თეატრალურში და ამით მამის ოცნებაც ავახდინე და ჩემიც. ადრე, ტელევიზიაშიც ვმუშაობდი, გადაცემები მიმყავდა. ახლა კი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვარ.
– საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდი და მალევე გაშორდი ქმარს. დღევანდელი გადასახედიდან ამას ნანობ?
– არა, არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ. 17 წლის გაუაზრებლად გავთხოვდი. იმ მომენტში მეგონა, სიყვარული იყო, თუმცა შევცდი. წელიწად-ნახევარში გავცილდი. პირველი ქორწინებიდან 15 წლის სანდრო მყავს და ესაა ადამიანი, ვისთვისაც ცხოვრება მიხარია. ადრეულ ასაკში დედობამ უკან კი არ დამწია, პირიქით, სტიმული მომცა. ამაში ოჯახი დამიდგა გვერდით. შვილის მამასთან ურთიერთობა არ მაქვს. დღეს სანდრო მაღალი, სრული ბიჭია და ქუჩაში ერთად რომ მივდივართ, ყველას ჩემი შეყვარებული ჰგონია (იცინის). ხანდახან, რომ ვუყურებ, მეც მიჭირს დაჯერება, რომ ჩემი შვილია. ძალიან ვგავართ ფიზიკურად. „დეს“ რომ ვეძახი, ამის გამო, ხშირად უხერხულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ. ერთხელ, რეპეტიციაზე გავრბოდი, სანდრო კი მეგობარ ბიჭებთან ერთად მოდიოდა ქუჩაში, არ ვიცნობდი მათ. ვეცი, კისერში მაგრად ვაკოცე და გავაგრძელე გზა. უცბად მივიხედე უკან და დავინახე სანდროს მეგობრების უცნაური მზერა და გავიგონე გაოგნებული ხმა: ბიჭო, დედაშენია? მე და სანდროს დედაშვილური კი არა, უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მასთან, როგორც ბავშვთან, არასდროს მისაუბრია. მიზნად მქონდა, კაცად გამეზარდა და ისე ვექცეოდი და ვექცევი, როგორც კაცს. სულ ვეუბნები: კაცს, არ სტკივა, არ შია, არ ტირის... ვუნერგავდი, კაცი სხვა ფენომენია-მეთქი (იცინის).
– შვილს კი არიგებ, მაგრამ თავად კაცებში გაგიმართლა?
– კაცებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შვილში ნამდვილად გამიმართლა (იცინის). ძალიან რთულია არჩევანზე საუბარი. მამა და ბიძა არიან ის კაცები, ვისაც მინდა, სანდრო ჰგავდეს, ხოლო ბაბუა ჩემთვის მისაბაძი მამაკაცია. კიდევ ვამბობ, პირველი ქორწინება ემოციებზე აყოლილი გრძნობა იყო და სანდროს რომ ვუყურებ, არ ვნანობ. ზოგადად, ცხოვრებაში, არაფერს ვნანობ და მიმაჩნია, რომ არ არსებობს შეცდომები. უბრალიდ, ეს ის გზაა, რაც უნდა გაიარო, რომ დღეს მოხვიდე.
– ბევრმა არ იცის, რომ შენ და ნიკა კუჭავა, დიდი ხანია, დაშორდით და თქვენი ექვსწლიანი ოჯახური თანაცხოვრება დასრულდა. რატომ მალავ ამ ამბავს?
– არაფერს ვმალავ. უბრალოდ, არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი. ბევრმა არ იცის, რომ დავშორდით და ჭორი ჰგონია. არც მე ვსაუბრობ ამ თემაზე. მე და ნიკა ორი წელი შეყვარებულები ვიყავით, ექვსი წელი კი – ცოლ-ქმარი და სამი წელია, დავშორდით. უბრალოდ, მივხვდით, რომ რაღაც-რაღაცები შეიცვალა, ერთმანეთს ისე ვეღარ ვუგებდით, ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და კონფლიქტის გარეშე დავშორდით. ჩემი ცხოვრება ჩემი გადასაწყვეტია და ვერავინ ჩაერევა. მე და ნიკას დღეს ცივილური ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ. სულ ვამბობ, ცხოვრებამ ვერ დამამარცხა და პირად ცხოვრებაში, ჯერ-ჯერობით, არ გამიმართლა-მეთქი (იცინის).
– ანუ, თუ გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც შეგიყვარდება, მასთან ისევ შექმნი ოჯახს? თუ ამისთვის სულაც არ არის საჭირო ოფიციალურობა?
– რატომაც, არა? რა მიშლის ხელს? მე ემოციებზე დაყრდნობილი ადამიანი ვარ, არავის ტვინით არ მიმოქმედია და არასდროს ამიწონ-დამიწონია გრძნობები. თუ გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც შემიყვარდება, შეიძლება, თეთრი კაბა აღარ ჩავიცა, მაგრამ პირად ბედნიერებაზე უარს არ ვიტყვი. გადაღებებისთვის, ალბათ, ასჯერ მეცვა თეთრი საქორწილო კაბა, ეგონათ, ასჯერ გავთხოვდი და აღარ მინდა (იცინის). ახლა თეატრში დავით სარაჯიშვილის ცხოვრებაზე იდგმება სპექტაკლი და მე მისი ცოლი ვარ. რთულია მისი ცოლობა, მაგრამ ვცდილობ, მოვირგო. ასე რომ, დავით სარაჯიშვილის ცოლობისთვის ვემზადები და ჯერ, სხვა მამაკაცისთვის არ მცალია (იცინის).
– შენს ცხოვრებაში იყო საკმაოდ რთული პერიოდი, როცა ცხოვრების თავიდან დაწყება მოგიწია. ამაზე რას მეტყვი?
– დიახ, იყო ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა ამის გახენება არ მინდა – მეგობრის გამო, საკუთარი ცხოვრება სასწორზე დავდე. მაგრამ შეცდომა მე არ დამიშვიაო, ეს იყო უსამართლობა ჩემ მიმართ და მე ამის მსხვერპლი გავხდი. ცუდი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, 23 წლის გოგონა ზღაპრული ცხოვრებიდან სასტიკ რეალობაში აღმოვჩნდი. როცა მარტო დავრჩი საკუთარ თავთან, ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი, ძალიან ხშირად დაუნდობელი და უსამართლოა ცხოვრება, მივხვდი, ვინ ვინ არის. ეს, ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი იყო და რომ არა ჩემი ოპტიმიზმი, შვილი და ოჯახი, ამას ვერ გადავიტანდი. ზოგადად, ბევრჯერ მომაყენა ცხოვრებამ დარტყმა, თუმცა, დეპრესიამ ვერ ჩამითრია. ხანდახან ისეთი ოპტიმისტი ვარ, რეალობას ვწყდები. ზედმეტად მეოცნებე ადამიანი ვარ და ყველაზე დიდი მინუსი მაქვს – ყველას ვენდობი და სწორედ აქ ვცდები. ასე რომ, საკმაოდ ბევრი დარტყმა მომაყენა ცხოვრებამ, მაგრამ ვერ დამჩაგრა, არაფერი მაშინებს და ძლიერი ქალი ვარ. საშინელი დეპრესიებიც მაქვს, მაგრამ არავის ვაჩვენებ, ჩემში ვიკლავ და ვუმკლავდები. ამ მხრივ შენიღბვა კარგად მეხერხება. ხშირად, ვებრძვი საკუთარ თავს. მებრძოლი, მიზანდასახული ადამიანი ვარ და მიუხედავად ყველა პრობლემისა, ამ ცხოვრებაში ჩემი ადგილი მაინც ვიპოვე. ქარაფშუტულად არაფერს ვაკეთებ, რა და როგორ მინდა, ყოველთვის ვიცი.
– ახლახან მოსკოვში იყავი, სადაც ქართული საღამო მიგყავდა. ვინ მიგიწვია იქ?
– მერვე წელია, რაც მოსკოვში „თბილისობა“ ტარდება. თამთა ფულარიანის პროექტია. მან მიმიწვია და კონცერტი მე და აჩი ფურცელაძეს მიგვყავდა. პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მეგონა, მხოლოდ ქართველი ემიგრანტები მოვიდოდნენ, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, შუაგულ რუსეთში „თბილისობას“ ძალიან ბევრი რუსი დაესწრო. ყურებამდე შეყვარებული ვარ ჩემს ქვეყანაზე და მიხარია, რომ ჩვენი კულტურა ასე უყვართ.