კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ თქვა გიორგი ვარდოსანიძის გამო მისმა მეუღლემ ავსტრალიაში ცხოვრებაზე უარი და როგორ დაქორწინდა ის ჩუმად

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე


ცოტა ხნის წინ გიორგი ვარდოსანიძემ სოციალურ ქსელში ფოტო დადო, წარწერით: „ბიძა გავხდი“. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ეუბნებიან კიდეც, რომ კარგი მამა იქნება. შეიძლება, მამობაზე საუბარი ცოტა ადრეა, თუმცა, როგორც გვითხრა, უკვე ერთი წელია, ცოლიანია და საყვარელ ქალთან ერთად ცხოვრობს.
გიორგი ვარდოსანიძე: სინამდვილეში, ეს დიდი ხნის წინ მოხდა, სამგზის ბიძა ვარ, ერთს ნოემბერში ველოდებით. რეალურად, ეს ოჯახის წევრის შვილი იყო, ამიტომ ვთქვი ბიძა, თორემ ალალ ბიძად არ ვეკუთვნი. ამბობენ, რომ ნორმალური ბიძა ვარ. უფროსი შვიდი წლისაა და ჩემზე გიჟდება. მეც ვგიჟდები ჩემს ლიზიკოზე, თან, პირველი რომაა, მასთან განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს. როცა სანახავად მივდივარ, ერთადერთი, რასაც მთხოვს, „ბორჯომია“, რატომ, არ ვიცი, მაგრამ ძალიან იშვიათად, რამე ტკბილი მოითხოვოს.
– მამის ამპლუაში როგორ წარმოგიდგენია თავი, გიყვარს ბავშვები?
– ისე რა. ბავშვები საყვარლები არიან ცოტა ხნით, მაგრამ პირველი ტირილი რომ იწყებააა... მამის ამპლუაში როგორი ვიქნები, წარმოდგენა არ მაქვს. ამბობენ, ზედმეტად კარგი მამა იქნებიო. მამაჩემი საუკეთესო მამაა, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. ვეცდები, მისი ნახევარი მაინც ვიყო და ჩათვალე, გამოვა.
– ორმოცი წლის ასაკში მილიონერი ვიქნებიო...
– ცნება „ფულზე“ ოცნება ცოტა მებინძურება. ის ყველაფერი მინდა, რაც ფულს მოსდევს. მინდა, ძალიან ბევრ ჩემიანს ვასიამოვნო. ფულით ყველაფერს ვერ იყიდიო, ხომ ამბობენ – ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს იყიდი, რითაც შეიძლება, შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ბედნიერება მიანიჭო.
– როგორ აპირებ ფულის შოვნას?
– წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ორმოც წლამდე მილიონერი ვიქნები, ან პროფესიის, ან კიდევ ბიზნესების წყალობით, რომელსაც წამოვიწყებ (იცინის). 18 წლიდან თავი არ დამიზოგავს. თეატრიდან თუ სხვა პროექტებიდან ჩემი შემოსავალი მაქვს. ვიცი, ამით მილიონერი ვერ გავხდები, მაგრამ ერთი გადასარევი თვისება მაქვს – თუ რამე დავაპირე შუბლით გავიტან. თან, ექსპერიმენტები მიყვარს. რისკიანიც ვარ, მაგრამ კარგი გაგებით: გამიხსნია რესტორანი, ბარი, შეიძლება, ისე არ წავიდა საქმე, როგორც ველოდი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ და ასე იქნება ყოველთვის. ფაქტია, რომ ორმოცი წლის მილიონერი ვიქნები.
– როგორი შვილი ხარ?
– არ ვიცი. დედისერთა ვარ, სიგიჟემდე ვუყვარვარ მშობლებს და სიგიჟემდე ვეამაყები. ამბობენ, კარგი შვილი და ადამიანი ხარო. მე რომ ჩემნაირი შვილი მყავდეს, შუაზე გავგლეჯდი – ზედმეტად ბევრს ვტლიკინებ, იმაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, ვიდრე იმსახურებენ და ხშირად არ ვუჯერებ.
– ბავშვობა როგორი იყო?
– ძალიან გემრიელი ბავშვობა მქონდა. ჩემმა თაობამ თავის ნაგვებში წოწიალითა და ბოთლების ჩაბარებით, ოცდაოთხი საათი ეზოში ფეხბურთის თამაშით, სხვანაირად შეიგრძნო ბავშვობა.
– ეს ერთგვარი შემოსავლის წყაროც იყო? დედისერთა ბიჭს გჭირდებოდა ეს ამბები?
– მჭირდებოდაზე არ იყო, რვა-ცხრა წლიდან მინდოდა, ყველაფერი ჩემი მქონოდა. არ ვიცი, მეკაცებოდა, თუ რა ჰქვია ამას. მაშინ რით უნდა გვეშოვა ფული ბავშვებს – ან სპილენძი უნდა მოგვეპარა, ან ალუმინის მავთულები, ანდა ბოთლები ჩაგვებარებინა. ორმოცდაათი თეთრი და ერთი ლარი, უკვე კარგი ფული იყო. საქეიფო ფულს  მშობლებს აღარ ვთხოვდი, ჩემი ფულით სახლში პურიც კი ამიტანია. ისე ვკაცობდი და მსიამოვნებდა, მეგონა, მამაჩემზე მაგარი ტიპი ვიყავი (იცინის).
– „წამალი“, სასმელი და სხვა ცდუნებები?
– ცდუნება ყოველთვისაა, ნებისმიერ ასაკში შეიძლება, ხელი წაგცდეს. თამამად ვიტყვი, რომ არასდროს მქონია მომენტი – „აუ,, ნეტა ახლა დამალევინა“.
ზაფხულში ლუდი მიყვარს, ვისკიც მიყვარს და კარგ სიტუაციაში 150 გრამს დავლევ. ჩემი ღვინისა და არყის სმა არავის გაუგია. ბოლო პერიოდში, დამღლელი კვირის თავზე, მსიამოვნებს სახლში ერთი ბოთლი წითელი ღვინოს თანხლებით „საკაიფო“ ფილმთან ჩაჯდომა და გემრიელად დაძინება. მაგრამ გულწრფელი ვიქნები და ის ბოთლიც კი არასდროს ჩამიცლია (იცინის). რაც შეეხება ნარკოტიკებს, რა თქმა უნდა, გამისინჯავს, მაგრამ მძიმესთან არასდროს მქონია შეხება. არის ასაკი, როცა რაღაცების გასინჯვის ინტერესი გიჩნდება და მერე ხვდები, რომ ეს მხოლოდ ინტერესია. პირველად სოფელში მომაწევინეს, თოთხმეტი წლის ვიყავი და მაშინ ვერაფერი გავიგე. „დაბოლებით“ თეატრალურში „დავბოლდი“, ისე, რომ პირველ სართულზე მოაჯირს დავადე თავი და ხახუნით ავედი ზემოთ. იმდენად არ მომეწონა სიტუაცია, რომ შემდეგ „დაბოლებამდე“ დიდი პაუზა მქონდა. მოსაწევი შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ისიც, ძირითადად, გასტროლზე. ერთი-ორჯერ კლუბური ნარკოტიკიც გამისინჯავს, მაგრამ საკმარისია ჩემი გულის რიტმს რამე შეეხოს, პანიკა მეწყება. მივხვდი, რომ „დრაგები“ ჩემი ძმაკაცები ვერ არიან.
– ქალები შენს ცხოვრებაში.
– ალბათ, ყველაზე დიდი „კაიფი“ ეგაა ჩემთვის, ადრენალინისა და ენდორფინების მანიაკი ვარ. სექსზე დიდი „კაიფი“ ჩემთვის არ არსებობს. ეგ და
მოტოციკლეტი შეიძლება, დავაყენო ერთად. ბევრჯერ უთქვამთ, მექალთანე ხარო. ჯერ ამიხსნან, რა არის მექალთანე და კი, ბატონო. თუ თავისუფალი მამაკაცი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია საპირისპირო სქესთან, არ დადის ქალებში, ანუ სექსუალური ურთიერთობა არ აქვს, ან სხვა ორიენტაციისაა, ანუ კაცებთან აქვს კავშირი, ან ჯანმრთელობის პრობლემაა. საბედნიეროდ, არც ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ორიენტაციის მხრივაც, ნატურალი ვარ – მხოლოდ ქალებისკენ მაქვს გეზი აღებული. ამიტომ, როცა თავისუფალი ვიყავი, მაქსმალურად ვცდილობდი, რომ ჩემ გვერდით ძალიან ბევრი ლამაზი ქალბატონი ყოფილიყო და იყო კიდეც. თუ მექალთანეობა ისაა, როცა დღეს ერთთან გაქვს ურთიერთობა და ხვალ სხვასთან, მაშინ კი, ბატონო, ვარ მექალთანე. მაგრამ ეს ყოველთვის გარკვეული იყო, არასდროს არავინ მომიტყუებია.
– ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– მე ცოლიანი ვარ უკვე ერთი წელია და ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი, წინა ახალ წელს დავდე პოსტი, რომ გავბედნიერდი და ეს ადამიანი ჩემთან ერთად არის. ქართველი არაა. ავსტრალიაში ცხოვრობდა, ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდან ონლაინ-ურთიერთობა გვქონდა, მერე ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა. დღეს ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. მისი დისშვილია ეს ბავშვი, ვისი ბიძაც გავხდი. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ ყველაფერზე ბევრი არ ვილაპარაკო, თუმცა არ ვმალავ.
– ქმარი გიორგი როგორია?
– არ ვიცი, ის ამბობს, რომ კარგია. სხვანაირად ავსტრალიიდან ხომ არ ჩამოვიდოდა?! 23 წელი რომ იქ ცხოვრობ, აქ ჩამოხვალ? ყველანაირად ვცდილობ, რომ კომფორტი შევუქმნა იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, თუნდაც ის, რომ აქ ჩამოვიდა. პირდაპირ ვიტყვი, მე ვერ ჩავიდოდი. აქ ჩამოვიდა საუკეთესო ქვეყნიდან, გიჟდება საქართველოზე, ჩვენს კულტურასა და ხალხზე. ბევრი მეგობარი გაიჩინა და ამბობს, რომ ასე შინაურულად და ბედნიერად სიდნეიშიც არ გრძნობდა თავს. თეატრზე გიჟდება, დადის ოპერაში, სალონებში, გალერეებს ათვალიერებს. საქართველოს საინტერესო კუთხეებში დამყავს და ბათუმზე ჭკუა ეკეტება. შეყვარებულობა წელიწად-ნახევარი გაგვიგრძელდა. ოფიციალურად ჯერ არ დავქორწინებულვართ, მაგრამ ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურობა ყელშია ამოსული. ეგ უკვე გამოვიარე და მგონია, რომ მთავარი განწყობაა. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ მეც და ისიც. მეუბნება, რომ როგორც ჩვენ ვგრძნობთ თავს საკუთარ ქალაქში, უკვე ერთი წელია, ისიც ასეა. თავიდან ცოტა რთული იყო, მარტო ვერ ვუშვებდი, იმიტომ რომ გზები არ იცოდა, ნავიგატორით დადიოდა და სადმე რომ წავიდოდა, გიჟს ვგავდი, ხომ არ დაიკარგა-მეთქი. ძალიან კომუნიკაბელურია და ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს.
– როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– დღეს ლეკვი ვუყიდე, უნდა ვაჩუქო. ჯერ არ იცის, მაგრამ ეს ინტერვიუ რომ დაიბეჭდება, უკვე ეცოდინება. ფიქრობს, რომ ერთ კვირაში უნდა წავიდეთ და ერთად ავარჩიოთ, მაგრამ ვიცი, რომ კოკერსპანიელი მოსწონს და სიურპრიზი გავუკეთე. ინტერვიუს რომ მორჩებით, ავიყვან ლეკვს და ჩემი მშობლების სახლში მივალ. მამაჩემმა დაურეკა იულიას, საღამოს ამოდი, მაიამ (დედა) გემრიელობები გააკეთაო. გიჟდება ჩემებზე, ჩათვალე, მათთან ცხოვრობს, დაქალ-ძმაკაცები არიან – ფაქტობრივად, მეორე შვილი ჰყავთ. საღამოს ავალთ, ჰგონია, რომ უნდა ვჭამოთ და გაბანტულ ძაღლს გამოვიყვან (იცინის).
– 23 წლისაა?
– არა, 23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე მოსკოვში. ორმოცის გახდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს (იცინის). გიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია.
– დასასრულს, მოდი, „ხაჭაპურის გადამყვანზეც“ მითხარი.
– ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „ხაჭაპურის გადამყვანს“ ჩემს ცხოვრებაში. უდიდეს პატივს ვცემ ტელევიზიას და მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ბევრი რამ გამაჩნია. მაგრამ ვთვლი, რომ ინტერნეტს ბევრად დიდი მომავალი აქვს. ბლოგერობა ძალიან მომწონს. „ხაჭაპურის გადამყვანი“ რამდენიმე წლის წინ ძალიან სასაცილოდ შეიქმნა და „იუთუბის“, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამისგან“ შედგება. რამდენიმე გადაცემის პროექტი მაქვს მოფიქრებული, ვთვლი, რომ ტელევიზია მაინც გადაპრანჭული და არც ისე პირდაპირია, როგორიც უნდა იყოს. მგონია, რომ მე ბევრად გახსნილი და თავისუფალი წამყვანი ვარ, რომელიც წამყვანების 95 პროცენტზე ბევრად უკეთესია. თუნდაც ამბიციურად ჟღერდეს, მე ასე მიმაჩნია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა უნდა გამომივიდეს. ამჯერად დავიწყე სერიალის კეთება, რომელსაც „ერთი ჰელსინკი“ ჰქვია. ყველას გვაქვს ალტერ ეგო და ეს ჩემი ალტერ ეგოა, რომელიც თამამად და პირდაპირ ებრძვის სიმბოლიკებს და არა კონკრეტულ ადამიანებს: პოეტების სიყალბეს, განსხვავებული ორიენტაციისადმი ზედმეტ აგრესიას და ახლა რელიგიას ამოფარებულ ფარისევლებზეც ვაკეთებ.  
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მხოლოდ ქართულში“ იღებ მონაწილეობას და რაღაც ეტაპები გადალახე კიდეც.
– დაგეთანხმები, რომ ქასთინგის მონაწილე ვარ და რაღაც ეტაპები გადავლახე, მაგრამ არ ვიცი, მერე რა მოხდება და არც თქმის უფლება მაქვს. მალე გავა ეთერში და ვნახავთ, რაც იქნება (იცინის). პროფესიონალებით სავსე პროექტია და თუ იქ მოხვდები, სანამ გამოგაგდებენ ერთ კვირაშიც შეიძლება, უდიდესი პრაქტიკა მიიღო, ამიტომ მჭირდება ეს პროექტი.
скачать dle 11.3