კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ დაემშვიდობა მექალთანეობას პრეზიდენტობის კანდიდატი ბესარიონ თედიაშვილი და რატომ არ აინტერესებს მას პოლიტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

პრეზიდენტობის მსურველ 25 კანდიდატს შორის ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის შვილი, ბესარიონ თედიაშვილია. მან არჩევნებში მონაწილეობა მოულოდნელად გადაწყვიტა, რა გახდა ამის მიზეზი და რა გზა განვლო დღემდე, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბესარიონ თედიაშვილი: ვიცი, რომ ბევრი რამის შეცვლა შემიძლია. დავიღალე ამ პოლიტიკოსების ყურებით. ვიცნობ ამ ხალხს, ლაპარაკის გარდა არაფერი იციან. პრაქტიკოსი კაცია საჭირო, რომელიც საქმეს გააკეთებს. ამ კანდიდატებს, მინიმუმ, 25 მილიონ ლარს ახარჯავენ და როგორ უნდა მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება? მათ უკან სერიოზული ფინანსური ჯგუფები დგანან. გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ და არა კონკრეტული კანდიდატები. დამფინანსებლების ინტერესი კი ჩვენსას არასდროს ემთხვევა. სახლში ჩარჩოში ჩასმულ ლარიანს ვინახავ. ერთი პერიოდი საქმეები ცუდად წავიდა, მხოლოდ ამ ერთი ლარის, უამრავი პრობლემისა და ვალის ამარა დავრჩი, მაგრამ ყველაფერი შემოვაბრუნე. შესაბამისად, გაჭირვებული მდგომარეობაც გამომიცდია.
– ასე უცებ როგორ გადაწყვიტეთ, პრეზიდენტობის კანდიდატად  წამოგეყენებინათ თავი?
– ანაკლიიდან ფეხით წავედი განმუხურში. სანაპიროზე, ჟანგიან მავთულხლართთან, ეგრეთ წოდებულ, „საზღვართან“ მივედი. ზღვაში ჩავხტი და აფხაზეთისკენ გავცურე. ცოტა ხანს გავედი ნაპირზე და უკან გამოვცურე. ემოციებმა შემიპყრო, მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი. მერე ბეთანიაში, აგარაკზე ავედი ბავშვების სანახავად და მაშინ მოვისმინე მთავრობის განცხადება, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს არ აყენებდნენ. სავარაუდო კანდიდატებს რომ გადავხედე, მივხვდი, კარგი არაფერი გველოდა. გავაცნობიერე, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში მე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, მხოლოდ საქმის კეთება მინდა. ჩემს თავს ველაპარაკებოდი: პრეზიდენტობის ვადა რომ დამთავრდება, რით გინდა, თავი დაამახსოვრო ხალხს-მეთქი? და მინდა, ხალხს ვახსოვდე, როგორც ბესო დამსაქმებელი.
– როგორ აფასებთ თქვენს შესაძლებლობას?
– თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმა მომცეს, ამ ყველაფერს გავაკეთებ, თუ არადა, მე არ დავიკარგები, ჩემი საქმის კეთებას გავაგრძელებ. არც ბანკის ვალი მაქვს და არც კაცის. ვიცი რა უნდა ვაკეთო და ჩემს ცხოვრებას მივხედავ. მაგრამ ახლა არ მინდა გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ვუყურო, რა ხდება ჩემს ქვეყანში, პრეზიდენტის სტატუსი ჩემთვის მოქმედების ბერკეტია. მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ მე ვარ ატომური ბომბი, რომელიც შეუძლიათ, მთავრობაში შეაგდონ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არავინ აკონტროლებს, აქვს ნება, რომ შეცვალოს რაღაც და საამისოდ გამოცდილებაც აქვს და ნიჭიც.
– თქვენი ცხოვრების შესახებ ვისაუბროთ, ბავშვობა გაიხსენეთ.
– 12 წლამდე ძიუდოთი ვიყავი დაკავებული, მაგრამ რა უნდა მეჭიდავა ისეთი, რომ ლევანის მიღწევები გადამეფარა, ამიტომ თავი დავანებე. სწავლაზე გავაკეთე აქცენტი. კარგად ვსწავლობდი და ცოტა „ხულიგანი“ ბავშვიც ვიყავი. ბოროტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩხუბი მიწევდა ხოლმე. მე არასდროს ვიწყებდი, მაგრამ თუ იწყებდნენ, ვამთავრებდი. დამრტყმელი ძალა ვიყავი. 90-იანი წლებია, მხედრიონის პერიოდი და მამას იარაღით დავყვებოდი ხოლმე. დაცვაც ჰყავდა, მაგრამ მე მაინც დავყვებოდი. ერთხელაც მეუბნება, გუდაურში მივდივარო, მე კი გავიგონე, გუდაუთაში მივდივარო და აფხაზეთში მარტო როგორ გავუშვებდი?  აუცილებლად მოგყვები-მეთქი. ავედი სახლში, ავისხი თუკი რამე იარაღი მქონდა და რომ დამინახეს, გაოცებულები მიყურებდნენ. წავედით გუდაუთაში-მეთქი და გუდაუთაში კი არა, გუდაურში მივდივართო. ისე შემრცხვა, თავი დავხარე და უკანმიუხედავად გამოვბრუნდი (იცინის).
სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ–იორკში წავედი და კოლუმბიის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. ჩემში რადიკალური ცვლილება მოხდა. აქედან რომ ჩავედი, 90-იანი წლების ცოტა მოძველბიჭო ტიპის მენტალობით, იქ სრულიად სხვა სამყარო დამხვდა. იქ არავის აინტერესებდა შენ ვინ ხარ, ან ისწავლე, ან ნახვამდის. ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ რუზველტი და ობამა, მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულში შედის. თავიდან გამიჭირდა შეგუება, სტუდენტობა ჩემთვის დროსტარებასთან ასოცირდებოდა. იქ კი, რეალურად, ბიბლიოთეკაში ვცხოვრობდი, იყო ღამეები, როცა იქ მეძინა. მაგრამ ძალიან საინტერესო წლები იყო, ამერიკაში, ბროდვეიზე საკუთარი ბინა მქონდა, ავტომობილიც მყავდა და ძალიან კარგი შემოთავაზება სამსახურთან დაკავშირებით. საწყის ეტაპზე ანაზღაურება ასი ათასი უნდა მქონოდა, მაგრამ საქართველოს გარდა სხვაგან ცხოვრებაზე არც მიფიქრია. მაშინ ჯერ არ ვმუშაობდი და ეს ყველაფერი
ოჯახის დამსახურებით იყო, თუმცა ბოლო წელს ძალიან გამიჭირდა. ჩემს ძმას, ომიდან წამოსვლის წინ ბიჭებისთვის უთქვამს, მამა დაეხმარებოდა იქ დარჩენილ ბიჭებს საჭირო ნივთებით და მისი დაღუპვის შემდეგ მამამ პირობა აასრულა – თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვერტმფრენი ვაჩუქეთ. იმ პერიოდში მამა ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანი იყო საქართველოში, მაგრამ ბევრი რამ გაყიდა და ჯარს იარაღი გაუგზავნა. შესაბამისად, ბოლო წლებში ამერიკაში ძალიან გამიჭირდა, უკვე საჭმლის ფულიც კი მოსაპოვებელი გახდა. ამიტომ ის სამყაროც ვიცი, სადაც ყველაფერი გაქვს და ისიც, სადაც საჭმლის ფულისთვის გიწევს ბრძოლა. სწავლის პარალელურად, ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა, მერე მეგობარიც დამეხმარა და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. ამერიკიდან რომ წამოვედი ბინა გავყიდე, აღარაფერში მჭირდებოდა, ახლა ვფიქრობ, ნეტავ დამეტოვებინა და გამექირავებინა-მეთქი. ახლა მილიონზე მეტი ღირს ის ბინა და რამდენიმე თვეში ის ფულიც აღარ მქონდა. მაგრამ მალე დამიკავშირდნენ ისინი, ვინც ამერიკაში მთავაზობდა სამსახურს და ბიზნესი დავიწყეთ. მერე სახელმწიფო მინისტრის მრჩევლად ვმუშაობდი, მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროში გადავედი, ვმუშაობდი ნავთომკორპორაციაში და 2003 წლიდან კერძო ბიზნესში ვარ.
– ისევ 90-იანი წლების თბილისი გავიხსენოთ, ბევრ ცდუნებასთან მოგიწევდათ გამკლავება.
– მინდა გითხრათ, რომ ამერიკაშიც ბევრი ცდუნება მქონდა. კოლუმბიის უნივერსიტეტში ხშირად იყო საღამოები, სადაც საჭმელ-სასმლის გვერდით კოკაინიც იყო. ერთხელ ვიფიქრე, გავსინჯავ-მეთქი, მაგრამ ჩემს თავს „არა“ ვუთხარი. მართლა ისე ვიცხოვრე, არცერთი ნარკოტიკი არ გამისინჯავს. ჯაფარიძის საუბრის შემდეგ ვიხსენებდი, რომ 22 წლის წინ მოვწიე მარიხუანა და ცუდად გავხდი. იმას კი არ ვამბობ, რომ ვინც ეწევა, ცუდი ადამიანია, უბრალოდ, ეს საჩემო არაა.
– ნარკოპოლიტიკისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ნარკოპოლიტიკაში საქართველოში ლიბერალური არ უნდა იყო. 22 წლის წინ მქონდა მარიხუანა გასინჯული, თუმცა ამ დროის განმავლობაში არასდროს გამივლია თავში, კიდევ მომეწია. მაგრამ ახლა იქამდე მივიდა პროპაგანდა, რომ მე, ადამიანმა, რომელიც ტოტალურად ნარკოტიკის მოწინააღმდეგე ვარ, ერთი-ორჯერ ჩემი თავი დავიჭირე, რომ ვფიქრობდი: კიდევ ერთხელ ხომ არ გამესინჯა, 22 წლის წინ იქნებ, რაღაც კარგი არ მოვწიე-მეთქი. მე რომ გამკრავს ეს აზრი თავში, წარმოგიდგენიათ, ბავშვებში რა იქნება? ქუჩაში რომ გავდივარ, ვხედავ, „გახეულ კაიფში“ დადიან, ასე არ შეიძლება. ვიღაცას თუ აგარაკზე შაბათ-კვირას მოწევა უნდა, დაჯდეს და ჩუმად მოწიოს. ამის გამო ნუ დაიჭერ ადამიანს, მაგრამ ჯარიმა უნდა არსებობდეს, რომ ხალხს შიში ჰქონდეს. ნარკოტიკი ტაბუდადებული თემა უნდა იყოს. ახლა, პირიქით, „კაიფის“ პროპაგანდა ხდება. მარიხუანათი „კაიფის“ მუღამს, მერე სხვა რამის სურვილი მოჰყვება და ასე წაგველეკება თაობა.

– მამამ რა გითხრათ პრეზიდენოტობის შესახებ გადაწყვეტილება რომ მიიღეთ?

– ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, პირველ რიგში, ჩემი თავისთვის უნდა დამემტკიცებინა, ვიქნებოდი თუ არა კარგი პრეზიდენტი. საღამოს რომ დავჯექი და ფიქრი დავიწყე, თავზე დამათენდა, საკუთარ თავს ვუსვამდი კითხვებს. პრეზიდენტობა თამაში არაა. ამის შემდეგ მივედი მშობლებთან და ვუთხარი, რომ საქართველოს პრეზიდენტობაზე გადავწყვიტე კენჭისყრა. პაუზა ჩამოვარდა, დედას გაეღიმა, მამამ კი მითხრა: მიდი, შვილო, მიაწექიო.
– ძმა...
– მე და ჩემი ძმა ტყუპებივით ვიზრდებოდით. წლინახევრით იყო ჩემზე უფროსი, შობას დაიბადა. ფრთამოტეხილი ბარტყივით ვიყავი მისი წასვლის შემდეგ. ჩვენს ოჯახში ის მოუშუშებელი ტკივილია. ველოსიპედის ჯაჭვს რომ ერთი თვალი აკლია, გაწყვეტილია და ვერ მთლიანდება, ასე იყო ჩვენი ოჯახი ვახოს გარდაცვალების შემდეგ. ჩემი ბიჭი რომ გაჩნდა, ყველა ამბობდა ლევან თედიაშვილი დაიბადაო. ვუყურე და კეთილი იყოს ვახუნა შენი მობრძანება-მეთქი, ვთქვი – ჩემი ძმის სახელი დავარქვი. სიცოცხლეს ვერ გააჩერებ, ერთი ვახო თედიაშვილი წავიდა, მეორე დაიბადა და მან ეს ჯაჭვი გაამთელა.
ჩემი ძმა 19 წლის იყო რომ დაიღუპა, მამას ჩააკვდა ხელში. სოხუმში რომ არეულობა დაიწყო, მამა იმ მომენტში სახლში არ იყო და ვახომ დედას უთხრა, რომ სახლში ვერ გაჩერდებოდა, ხალხი შეკრიბა და საომრად წავიდა. მამა ჩამოვიდა და ომში გაჰყვა შვილს. ყველაფერი რომ გამოიარეს და უკან ბრუნდებოდნენ, ვახოს დაუნახავს, როგორ ასუფთავებდნენ იმ ადგილს, სადაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს. როგორ ექცეოდნენ დამწვარი ბიჭების ცხედრებს და ჩემს ძმას უთქვამს: რას აკეთებთ, მოდი, ხელით გადავასვენოთ ბიჭებიო. ზუსტად ამ დროს მოყვა დაბომბვაში. მამა იხსენებს, თედიაშვილი გავიგონე და რომ გავიხედე, დავინახე, რომ ჩემი შვილი ეგდო ძირსო. ფეხის არტერია ჰქონდა გახეთქილი, მამა პანიკაში ჩავარდნილა და დაუძახია: ხალხო, მიშველეთო. ვახოს უთქვამს, მამა ნუ მარცხვენ, დაჭრილი კაცი არ გინახავსო?! მერე ექიმებისთვის ანეკდოტი მოუყოლია და მათ სიცილზე, მამას უფიქრია, ყველაფერი კარგად არისო. შეუხედავს, მამაო,  უთქვამს და თავი გადაუგდია. ეგ იყო და ეგ.
– ბოლოსკენ, თქვენი ქორწინების ისტორიაც მოგვიყევით.
– ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე. ხუთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და ცხრა წელია ერთად ვართ, თუმცა, ოფიციალურად არ დავქორწინებულვართ. ისე, ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს, ბავშვობიდან მექალთანე ვიყავი და ჩემს გაძლებას კარგი ნერვები უნდა (იცინის). ვერ შევეგუები, ოჯახში რომ გეჯინავებიან, რაღაც გაუგებრობა რომაა. სახლის კარს რომ გააღებ, ოჯახში იდილია უნდა გხვდებოდეს. თავის დროზე, მომავალ მეუღლეს მშობლები გავაცანი. არ მიყვარს ოჯახური კონფლიქტები და იმასაც დავაკვირდი, როგორ შეეწყვნენ ერთმანეთს. ყველაფერი კარგად რომ აეწყო, ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ და დღეს ორი შვილი გვყავს.
– ოფიციალური ქორწინება რატომ არა?
– არ მიყვარს ქორწილები, თან მე პატარა ქორწილი არ გამომივა. იმიტომაც არ მომყავდა ცოლი ამდენ ხანს, ქორწილს რომ წარმოვიდგენდი, ცუდად ვხდებოდი, ამის ფობია მაქვს (იცინის). მაგრამ ჩემი მეუღლე არაფერზე ნერვიულობს, იცის, რომ ოჯახი ჩემთვის ყველაფერია.
– მექალთანეობას რაც შეეხება?
– მექალთანე ვიყავი, მაგრამ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, გაკეთებული მაქვს და ახლა ჩემს ოჯახთან ერთად ბედნიერი ვარ. გვინდა, კიდევ ერთი ბავშვი გვყავდეს. საერთოდ, ბევრი შვილი მინდა. ორივე მშობიარობას თავიდან ბოლომდე დავესწარი და ვფიქრობ, რომ ეს ყველა მამამ უნდა გააკეთოს. მშობიარობა რომ დაეწყო, არავის გავაგებინე, მშობლებსაც კი, მხოლოდ ჩვენ წავედით სამშობიაროში. გვინდოდა, იმ მომენტში მარტოები ვყოფილიყავით. ბავშვებიც სიმბოლურ დროს დაიბადნენ:  ნანუკა –10.10. 10-ში და ვატო – 29 თებერვალს.
скачать dle 11.3