№43 როგორ ამოვიცნოთ ინტროვერტი ბავშვები და რატომ არის მათთვის ენერგიის ხარჯვის შეწყვეტა აუცილებელი
„მე არ ვარ მორცხვი, მე არ ვარ მოსაწყენი, მე ინტროვერტი ვარ“... სამყარო მრავალფეროვანი ადამიანებითაა სავსე. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მუდმივად ცდილობდნენ ადამიანების კატეგორიზებას. ინტროვერტი ბავშვი ხშირად ერევათ მორცხვ ბავშვში. როგორ მივხვდეთ, ჩვენი შვილი ინტროვერტია თუ არა, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ინტროვერტი ბავშვის მიმართ და როგორ გავარჩიოთ ინტროვერტი ბავშვი მორცხვისგან, გვესაუბრა ფსიქოლოგი ანა ქურდაძე-კუხაშვილი:მეცნიერები ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფენ – ინტორვერტებად და ექსტრავერტებად. ექტრავერსია-ინტროვერსია ეს ტემპერამენტის ტიპია და ის ადამიანის ბიოლოგიურ დონეზე განპირობებული მდგომარეობაა. მათ სხვადასხვანაირი ნერვული სისტემა აქვთ. ექსტრავერტი არის ადამიანი, რომელიც სოციალურია, მარტივად ამყარებს ურთიერთობებს ადამიანებთან, სიამოვნებს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია, ყურადღების ცენტრში ყოფნა. ექსტრავერტებს ხალხმრავალი ადგილები უფრო იზიდავთ. დაბადების დღეზე უამრავი ხალხის დაპატიჟება და გართობა მათთვის საუკეთესო სტიმულატორი და მოტივატორია. ინტროვერტი კი არის ადამიანი, რომელსაც სიმშვიდე, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, სიჩუმე უყვარს. ინტროვერტები საუკეთესოდ გრძნობენ თავს, როცა ირგვლივ სიმშვიდეა და არა ქაოსი, ურჩევნიათ, მშვიდ გარემოში ხატვით ან ერთ-ორ მეგობართან ერთად საყვარელი სპორტით შეიქციონ თავი. ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი სამყარო ექსტრავერტებისაა, რადგანაც მათი რიცხვი პროცენტულად ბევრად აჭარბებს ინტროვერტების რაოდენობას. საშუალოდ, ადამიანთა 30-35 პროცენტი ინტროვერტია. სწორედ იმიტომ, რომ ინტროვერტები უმცირესობაში არიან, ორმაგი ყურადღების გამახვილებაა საჭირო, რათა მათთვის სამყაროსთან ადაპტირება ზედმეტად რთული არ იყოს.
– როგორ ამოვიცნოთ ინტროვერტი ბავშვი?
– ინტროვერტების ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ენერგიის წყაროში მდგომარეობს: ინტროვერტები ენერგიას საკუთარი ემოციების, შთაბეჭდილებებისა და იდეების შინაგანი სამყაროდან იღებენ. ისინი ენერგიის კონსერვირებას ახდენენ. ინტროვერტებს ახასიათებთ დამოუკიდებელი ხედვა, მათ შეუძლიათ ღრმად კონცენტრირება და შემოქმედებითი საქმიანობა. ინტროვერტებისათვის აუცილებელია დასვენება და პერიოდულად ენერგიის ხარჯვის შეწყვეტა, რათა ისევ დააგროვონ ენერგია. ინტროვერტი ბავშვის ამოცნობა აღმზრდელის საკმაო ყურადღებას მოითხოვს: ინტროვერტებს უყვართ ადამიანებზე დაკვირვება. ცდილობენ, ჯერ დეტალურად შეისწავლონ გარშემო მყოფი ადამიანები და ამის შემდეგ დაამყარონ მათთან ნებისმიერი სახის კონტაქტი. მათი ინტერესთა სფერო ძალიან ფართოა. მარტივად ახერხებენ ყურადღების კონცენტრირებას და საუბარს მათთვის საინტერესო თემებზე. ინტროვერტებისთვის კომფორტულია მარტო ყოფნა. ისინი ყოველთვის იპოვიან რაიმე საინტერესოს მარტო ყოფნისას. ხშირად, ბედნიერებიც კი არიან, როდესაც სახლში მარტო დარჩენა უწევთ, თუნდაც საკმაო ხნის განმავლობაში. მათთვის განსაკუთრებით დამღლელია ხალხმრავალი ადგილები და პატარა ასაკიდანვე ცდილობენ, თავი აარიდონ მსგავს სიტუაციებს. სტუმრად ყოფნისას ხშირად ითხოვენ სახლში წასვლას. ეს სიგნალია, რომ თქვენი პატარა გამოიფიტა და მისთვის აუცილებელია დასვენება. რაც შეეხება პირად სივრცეს, მათ მკვეთრად შემოსაზღვრული პირადი სივრცე აქვთ. მარტივად ღიზიანდებიან, როდესაც მათ პირად სივრცეს პატივს არ სცემენ, იძაბებიან როდესაც ადამიანები ზედმეტად უახლოვდებიან. შესამჩნევად ერიდებიან ყურადღების ცენტრში მოხვედრას. უჭირთ საჯაროდ სიტყვის წარმოთქმა, ბაღისა და სკოლის ზეიმებზე გამოსვლა. თუ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები თქვენთვის ნაცნობია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენი შვილი ინტროვერტია.
– რა საერთო აქვს ინტროვერტობასა და სიმორცხვეს?
– გავრცელებული მცდარი აზრით, ინტროვერტები მორცხვები არიან. სიმშვიდე და სიმორცხვე განსხვავებული ცნებებია და ინტროვერტი ბავშვებიც გატაცებით საუბრობენ, როცა თავიანთი ინტერესების გაზიარების საშუალება აქვთ. ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა. სიმორცხვე გახლავთ განსჯის, შეფასების შიში. ეს არის ქცევა, როცა ადამიანს არ სურს, სხვების ყურადღება მიიპყროს და მათი ესა თუ ის შეფასება დაიმსახუროს. ბევრი ინტროვერტი ბავშვი, სინამდვილეში, სულაც არ არის მორცხვი და პირიქით, შესაძლოა, ექსტრავერტი მორცხვი იყოს. როცა ექსტრავერტი ბავშვები მორცხვობას სძლევენ, ისინი თავიანთი თემის, ჯგუფის, მეგობრების წრის ეპიცენტრში ექცევიან. ასე რომ, ბავშვთან მუშაობის დროს უმნიშვნელოვანესია, კარგად გავარკვიოთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ის და ერთმანეთში არ ავურიოთ ინტროვერტობა, ექსტრავერტობა და მორცხვობა.
– რამდენად კომფორტულია სკოლა ინტროვერტი ბავშვებისთვის?
– დღესდღეობით, სკოლების უმრავლესობა ექსტრავერტებზეა მორგებული შესაძლოა, ბევრი მასწავლებელი ცდილობდეს ყველა ბავშვის ინტერესებისა და ტემპერამენტის გათვალისწინებას, მაგრამ კლასიკური სკოლის ტიპი მაინც ნაკლებადაა გათვლილი ინტროვერტ ბავშვზე. ინტროვერტი ბავშვისთვის სკოლაში ძალიან ბევრი გამღიზიანებელია, მაგალითად, ხმაური დასვენებებზე, კლასის წინაშე წარდგენა, დაფასთან გასვლა, თანატოლებთან მუდმივი ურთიერთობა, ხალხმრავალ კაფეტერიაში შესვლა და ასე შემდეგ. სკოლის ყოველდღიური გრაფიკი ზედმეტად ტვირთავს ინტროვერტ ბავშვებს. ისინი ხშირად არიან აგზნებულები და ემოციურად გადაღლილები. სკოლა ყოველთვის მზად უნდა იყოს ინტროვერტი ბავშვის მისაღებად. წამყვანი მკვლევრები გვირჩევენ, გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ინტროვერტი ბავშვების ეფექტური ადაპტირება მოხდეს. რეკომენდაციას უწევენ კლასსა და სკოლის ეზოში მშვიდი სივრცის შექმნას, სადაც ბავშვებს სურვილისამებრ შეეძლებათ მყუდროდ მოკალათება, განმარტოება, კითხვა ან სხვა რაიმე მათთვის სასურველი აქტივობით დაკავება. მნიშვნელოვანია სკოლაში გაითვალისწინონ ინტროვერტი ბავშვის ტემპერამენტი. მიიჩნევა, რომ მათ არ უყვართ საუბარი, კლასის წინაშე წარდგენა, თუმცა ინტროვერტები მათთვის საინტერესო თემაზე ბევრს და გატაცებით საუბრობენ. ამიტომაც მასწავლებელმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოს ასეთი მოსწავლეების მიმართ და ეცადოს, მაქსიმალურად მისცეს მას საკუთარი ინტერესის გამოხატვის საშუალება. მათ დრო სჭირდებათ ფიქრისა და ემოციების გადამუშავებისთვის, ამიტომ კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ასეთ ბავშვებს პასუხის მოსაფიქრებლად განსაზღვრულ დროს მისცემს, რათა ყველა მოსწავლე თანასწორ პირობებში იყოს.
– უნდა ეცადოს თუ არა მშობელი ინტროვერტი ბავშვის შეცვლას?
– ნუ ეცდებით თქვენი შვილის შეცვლას, მისი შეცვლის ყოველი მცდელობა ბავშვისთვის მატრავმირებელი იქნება. ეცადეთ, თქვენი შვილი აარიდოთ ხალხმრავლობას, ხოლო თუ მაინც მოგიწევთ ხმაურიან ადგილზე მოხვედრა, დროდადრო თქვენს პატარასთან ერთად მშვიდ ადგილზე განმარტოვდით. ამით მას ენერგიისა და ძალების აღდგენაში დაეხმარებით. ასევე მიუთითეთ, რომ თუ ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში დაიღლება, თამამად ითხოვოს შესვენება. ინტროვერტებს ძალიან უყვართ საინტერესო თამაშები, რომლებიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრირებას და ფანტაზიორობას მოითხოვს. მსგავსი თამაშების დროს ისინი „ეთიშებიან“ გარე სამყაროს და დასვენებას ახერხებენ. ასეთი აქტივობებია: ხატვა, ძერწვა, ლეგოს აწყობა, ფაზლები. აუცილებელია, ბავშვმა ხშირად იგრძნოს, რომ მათ სურვილებს პატივს ვცემთ. თუ ისინი მარტო დარჩენას ითხოვენ, ნუ შეშფოთდებით, უბრალოდ, მიეცით ამის უფლება დროის გარკვეულ მონაკვეთში.. შესაძლოა, ინტროვერტებს საკუთარი თავის მიმართ ირაციონალური დამოკიდებულება ჰქონდეთ, ამიტომაც ხშირად შეაქეთ, ეს თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარებათ. ადამიანებთან ურთიერთობა ინტროვერტებს დიდ ენერგიას ართმევს, დაეხმარეთ ბავშვს სოციალური ურთიერთობების აწყობაში. ისინი ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოთ ადამიანებთან კონტაქტს. აუცილებლად შეაქეთ ყოველი წარმატებული თუ წარუმატებელი კომუნიკაციის შემდეგ. ხშირად ისაუბრეთ მათთან ადამიანებზე. ინტროვერტები ღრმა ადამიანები არიან. ყოველთვის საინტერესოა მათთან საუბარი. პატარა ასაკიდანვე ვირტუოზულად ახერხებენ ადამიანების მოსმენას და კარგი რჩევების მიცემას. მარტივად შეუძლიათ სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი. ინტროვერტები დამოუკიდებელი და მიზანმიმართული ბავშვები არიან, დიდ წარმატებებს ჩუმად და უხმაუროდ აღწევენ. ინტროვერტები ხშირად გვხვდებიან პროგრამისტებში. ინტროვერტი შეიძლება გამოვიდეს მშვენიერი მეცნიერი, მკვლევარი, დამკვირვებელი, მწერალი.
თუ ექსტრავერტისთვის აუცილებელია მის გარშემო სხვა ადამიანების არსებობა, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს, ინტროვერტი კომფორტს მარტო ყოფნასა და ინდივიდუალურ მუშაობაში პოულობს.