№43 „ეკო სერვისი“ – წარმატებული კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით
კომპანია შპს „ეკო სერვისი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და დაარსების დღიდან ასრულებს მიწის გრუნტის ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოებს და განაბურღში სხვადასხვა დიამეტრის (20-დან 1 600 მილიმეტრამდე) პოლიეთილენისა და ფოლადის მილების გატარებას. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს „ეკო სერვისს“ აქვს სხვადასხვა სიმძლავრის დანადგარი, ეგრეთ წოდებული, „კროტი“ (4 ერთეული) და შესაბამისი მოწყობილობები.
20-დან 500 მილიმეტრამდე მილების გატარება მიწის გრუნტის გარეთ გამოტანის გარეშე, წყლისა და ბენტონიტის ხსნარით დალბობითა და ტკეპნით ხდება, ხოლო 500 მილიმეტრზე მეტი დიამეტრის მილების მიწის გრუნტში გატარების შემთხვევაში – წყლის გარეშე, გრუნტის გაბურღვით და შნეკის საშუალებით გაბურღვის შედეგად მიღებული გრუნტის გარეთ გამოტანით. თუ წინასწარ არის ცნობილი ბურღვის მიდამოში არსებული კომუნიკაციების კოორდინატები, ბურღვის ელემენტის კომპიუტერული მართვის ხარჯზე, ბურღვისა და განაბურღში მილების გატარების პროცესი უსაფრთხოა.
„ეკო სერვისის“ საქმიანობის შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით კომპანიის დირექტორი, ბატონი თენგიზ ჭიჭინაძე გვესაუბრა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
თენგიზ ჭიჭინაძე: ჩვენი ძირითადი საქმიანობა მიწის გრუნტის ჰორიზონტალური ბურღვაა, რაც საშუალებას იძლევა, სხვადასხვა კომუნიკაციები (წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ელკაბელები, კავშირგაბმულობა და სხვა) გაყვანილ იქნეს გზის ქვეშ, გზის საფარის დაუზიანებლად, ასევე მდინარეებისა და შენობა-ნაგებობების ქვეშ. ჩვენს კომპანიას შესრულებული აქვს მიწის გრუნტის ჰორიზონტალური ბურღვის ისეთი სამუშაოები, რომლის მსგავსი საქართველოში არ შესრულებულა: 315 მილიმეტრი
დიამეტრის მილის გატარება მდინარის ქვეშ ხობის მუნიციპალიტეტში 195 მეტრ სიგრძეზე, რუსთაველის გამზირზე ჩადებული წყვილი 110 მილიმეტრი დიამეტრის მილი (ერთდროულად ორი მილი გვერდიგვერდ) – „ხინკლის სახლიდან“ იმელის შენობამდე 180 მეტრ სიგრძეზე, იმავე გამზირზე „მაკდონალდსის“ შენობიდან „ხინკლის სახლამდე“ – 225 მეტრი, ქალაქ ფოთში 1 000 მილიმეტრი დიამეტრის ფოლადის მილი რკინიგზისა და საავტომობილო გზის ქვეშ – 70 მეტრზე, 580 მილიმეტრი დიამეტრის ფოლადის მილი – მდინარე სუფსის ქვეშ და უამრავი სხვა.
– რამდენად დიდი ყურადღება ექცევა მერიის მხრიდან ამ ტიპის სამუშაოებს?
– მერია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რომ სამუშაოები გზის დაზიანების გარეშე შესრულდეს და ასფალტის გადათხრის საშუალებას უკიდურეს შემთხვევაში (როცა ქუჩა ვიწროა, სახლები ახლოსაა და ტროტუარზე ვერ დგება) იძლევა, ვინაიდან დაზიანებული ასფალტი აღდგენის შემდეგ კარგავს თავის სახეს და დროთა განმავლობაში გათხრილ და აღდგენილ ადგილებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გზა ინგრევა, სკდება და დეფორმაციას განიცდის. ჩვენ დიდი წარმატებით ვასრულებთ ჩვენს საქმე და რაიმე არსებითი დაბრკოლებები არ გვაქვს.
– ალბათ, დიდი გამოცდილებაა საჭირო იმისთვის, რომ მიწის ქვეშ არსებულ კომუნიკაციებს ოსტატურად აუაროთ გვერდი და არ დააზიანოთ.
– რა თქმა უნდა, ამ საქმეს დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი სჭირდება. მიწის ქვეშ უამრავი კომუნიკაციაა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ. მოკვლევა წინასწარ ხდება: მერია აფრთხილებს კომუნიკაციის მეპატრონეებს. მოდიან მათი წარმომადგენლები და თავიანთი კომუნიკაციის ზუსტ კოორდინატებს გვაძლევენ.
– რა სიზუსტით მუშაობთ?
– ხარისხი მდგომარეობს მაღალ სიზუსტეში, რასაც საქართველოში იშვიათად თუ ახერხებს ვინმე. ჩვენს საქმეში სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი კომპანია ნამდვილად გამოირჩევა მაღალი სიზუსტით შესრულებული სამუშაოებით. 100 მეტრს რომ გავბურღავთ, აცდენა, მაქსიმუმ, 5-10 სანტიმეტრი შეიძლება იყოს. სამწუხაროდ, ქალაქში ბევრია ისეთი ობიექტი, რომლის კომუნიკაციების პატრონებმა თავად არ იციან, სად გადის მათი კაბელი, წყალგაყვანილობა თუ სხვა.
– როგორ დაახასიათებთ თქვენი კომპანიის კადრებს და ტექნიკურ აღჭურვილობას?
– ძალიან კარგი პროფესიონალები გვყავს და შესაბამისად, ანაზღაურებაც მაღალია. დიდი დატვირთვით ვმუშაობთ და თუ თანამშრომელს სათანადო ანაზღაურებას არ მისცემ, სხვაგვარად ვერ შეინარჩუნებ.
ჩვენი მანქანები და დანადგარები ამერიკული წარმოებისაა, მართალია, ტექნიკის შეძენა ბევრს შეუძლია, მაგრამ გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გარეშე მასზე მუშაობა არაეფექტურია. მჭრელ
ელემენტებსა და სხვადასხვა სპეციალურ მოწყობილობებს ჩვენ თვითონ ვამზადებთ. ძალიან ორიგინალური მოწყობილობები გვაქვს გაკეთებული. როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მარაგნაწილების მომწოდებელ კომპანიას გავუგზავნეთ ჩვენი ნამუშევრების სქემა და ნახაზები, გვითხრეს, რომ დავამზადოთ და ისინი გაუკეთებენ რეალიზაციას. იმდენად დაინტერესდნენ, რომ ეს შემოთავაზება რამდენჯერმე გაიმეორეს. ჩვენ მიერ დამზადებული მოწყობილობები და მჭრელი ელემენტები მათი ნამუშევრებისგან კონსტრუქციით განსხვავდება, ჩვენსას მეტი საიმედოობა აქვს და ეს თავადაც აღიარეს.
– ხშირია, როცა კომპანიები იწყებენ სამუშაოებს და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, თქვენ თუ გიწევთ ხოლმე სხვისი დაწყებული საქმის გაგრძელება?
– უამრავი შემთხვევაა, როცა სხვა კომპანიები იწყებენ სამუშაოებს, ვერ ასრულებენ დაკისრებულ საქმეს და მათ შესრულებას ჩვენ გვიკვეთავენ. როგორც აღვნიშნე, ყველანაირი სირთულის სამუშაოს წარმატებით ვართმევთ თავს. მთელი ჩვენი საქმიანობის პერიოდში არც ერთი დამკვეთი უკმაყოფილო არ დარჩენილა. ყოველთვის დიდი დატვირთვით ვმუშაობთ და ამჟამადაც ერთდროულად რამდენიმე პროექტი გვაქვს დაწყებული.