კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ უნდა ანდოთ თქვენი გული მამუკა ქობალავას

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

მამუკა ქობალავა – კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში  მოთხოვნადი ექიმი, რომელსაც პაციენტები საკუთარ გულს ანდობენ.  ბატონი მამუკა  საქართველოს რამდენიმე ცნობილი კლინიკის წამყვანი კარდიოლოგია და ასევე  აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო რესპუბლიკური კლინიკის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იშვიათია ქართულ სამედიცინო რეალობაში ექიმი, რომელსაც მისივე კოლეგები ახასიათებდნენ, როგორც უზადოდ განათლებულსა და საქმისადმი განსაკუთრებულად ყურადღებიანს. ასეთია მამუკა ქობალავა.
ბატონი მამუკას პროფესიული ბიოგრაფია იმდენად ტევადია, რომ ჩვენი ჟურნალის ერთი სტატია ვერ დაიტევს. პროფესიონალი კარდიოლოგი, ექოკარდიოსკოპისტი, ევროპის კარდიოლოგთა მსოფლიოს კონგრესის არაერთგზის მონაწილე, რომელმაც მუშაობა რუსთავის საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების მორიგე ექიმობიდან დაიწყო  და დღეს საქართველოს წამყვან კარდიოლოგთა ავანგარდშია. გზად კი – უამრავი კლინიკა,  დაწყებული ს/დ „არდიდან“, კარდიოლოგიის ინსტიტუტი, კლინიკა „გული“, შემდეგ „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრი,  რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული კარდიოლოგიის განყოფილებისა და დიაგნოსტიკური მიმართულების ხელმძღვანელობა, კლინიკა „კურაციო“ და ასე შემდეგ. პარალელურად კი, იყო სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტთან არსებული პოსტდიპლომური განათლების ექოკარდიოგრაფიის სასწავლო ჯგუფის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო სტატია, ხოლო 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და იმავე წელს მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. დღემდე აქტიურადაა ჩართული ევროპის ექოსკოპისტთა მსოფლიო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.

– ბატონო მამუკა, თქვენ პაციენტები გამოგარჩევენ გულისხმიერებით. რა არის  თქვენი მათთან ურთიერთობის ძირითადი პროფესიული პოსტულატები და მიდგომები?
– დიდი მადლობა, უპირველესად, ჩემს პაციენტებს ასეთი მაღალი შეფასებისათვის. რაც შეეხება პროფესიულ პოსტულატებს, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რა მდგომარეობაში მხვდება პაციენტი. თუ ის ინტენსიური თერაპიის  ბლოკშია და მას კრიტიკული მდგომარეობა აქვს, ამ შემთხვევაში მიდგომები უნდა იყოს სწრაფი და რადიკალური, პრაქტიკულად, მექანიკურადამდე დაყვანილი. ხოლო თუ იმავე ტიპის პაციენტი, სტაბილიზაციის მერე მოდის, როგორც ამბულატორიული პაციენტი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი მდგომარეობა, ფსიქოლოგიური სტატუსიც. ხანდახან პაციენტი რომ შემოდის, დაძაბულია და ექიმს უნდა შეეძლოს, ეს მწვავე სტრესული მდგომარეობა, თუნდაც, მცირედი იუმორით მოუხსნას და შემდეგ გადავიდეს პროფესიულ მართვაზე. რაც შეეხება პროფესიულ მართვას, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია დაყენებული კლიშეები, ჩვენ ასე ვაკეთებდით, ჩემს პრაქტიკაში ასე იყო და ასე შემდეგ.  ეს არასწორია,  არსებობს მსოფლიოში დადგენილი  ნორმები, როგორ უნდა მოხდეს პაციენტის მართვა დადგენილ სიტუაციაში და ის ფაქტი, რომ „გამოცდილ“ ექიმს ეს არ სჭირდება, ისედაც იცის და ასე შემდეგ, ყველაფერი მხოლოდ ზერელე დამოკიდებულებაა კონკრეტული დაავადებისადმი.  თითოეულ კარდიოლოგიურ პათოლოგიაზე  არსებული გზამკვლევი და სახელმძღვანელო რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს და მათი ცოდნის გარეშე ადეკვატური დახმარება შეუძლებელია; ასე რომ, ღრმა თეორიული ცოდნის გარეშე, მით უმეტეს, კარდიოლოგიაში,  წარმოუდგენელია  შედეგიანი და ეფექტური მკურნალობა. მწვავე სიტუაციაში კიდევ უფრო მეტი ალბათობაა, რომ პრაქტიკული გამოცდილებით  შემოიფარგლო (თუმცა ბოლო წლებში აქაც გარკვეულწილად იცვლება მიდგომები, შემოდის ახალი ტექნოლოგიები), მაგრამ ზოგადად, კარდიოლოგია  (ისევე როგორც ზოგადად მედიცინა, მაგრამ კარდიოლოგია – განსაკუთრებით) არის მუდმივად, ყოველდღიურად განვითარებადი დარგი და ფეხდაფეხ თუ არ მიჰყევი უახლეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურას, შესაბამისი შედეგი არ იქნება; მით უმეტეს, დღევანდელ ეპოქაში, როცა მსოფლიო „დაპატარავდა“ და ინფორმაციული წვდომის პრობლემები, პრაქტიკულად, აღარ არსებობს; დაახლოებით 10-15 წლის წინ ზოგიერთები ირონიულადაც კი უყურებდნენ კოლეგებს, რომლებიც პაციენტის თანდასწრებით ან კომპიუტერში და სახელმძღვანელოში იყურებოდნენ. პირიქით, ეს გახლავთ სწორედ კეთილსინდისიერი მიდგომა. შეუძლებელია დღევანდელი ზღვა სამედიცინო ინფორმაციის პირობებში ექიმს ყველა დეტალი ახსოვდეს (არ იგულისხმება რუტინული, სტანდარტული სიტუაციები) ან ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი. ასეთი მიდგომით ხდება რთული და იშვიათი სიტუაციის სწორი ინტერპრეტაცია და საბოლოო ჯამში, უპირველესად, მოგებული რჩება პაციენტი და რა თქმა უნდა, მკურნალიც, რომლის სამედიცინო ინტელექტი მკვეთრად იზრდება.
– ბატონო მამუკა, თქვენ საკმაოდ მოთხოვნადი ექიმი ხართ და ერთდროულად, ცნობილი კლინიკების წამყვანი სპეციალისტი. მუშაობთ რესპუბლიკურ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ამავე დროს, კლინიკა „კურაციოშიც“. როგორია სტატისტიკა, თქვენი დაკვირვებით, რამდენად გაიზარდა გულის პრობლემების გამო პაციენტთა სიკვდილიანობა ჩვენს ქვეყანაში?
– მინდა გითხრათ, რომ ადრინდელ პერიოდში ძალიან ხშირი იყო ფატალური შემთხვევები, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში განვითარდა ინტერვენციული ჩარევები, კორონარული ანგიოგრაფია, სტენტირება, ამას მოჰყვა ასევე კარდიოქირურგიის საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარება, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანაში კარდიოვასკულური სიკვდილობა და ავადობა მკვეთრი შემცირდა. მედიცინა 100-პროცენტიანი შედეგით, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს არც  ჩვენთან და არც მედიცინის თვალსაზრისით ჩვენთვის მისაბაძ ქვეყნებში (აშშ, დასავლეთ ევროპა, ისრაელი და ასე შემდეგ), მაგრამ ის ფაქტი, რომ კარდიოვასკულური სიკვდილობა და ავადობა საქართველოში მკვეთრად შემცირდა უდავოა და იმედია, ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამის იმედს იძლევა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინფორმაციებზე წვდომისა და მუდმივად განათლების გაღრმავების სიმარტივე, ასევე, ახალგაზრდა თაობა, რომელიც გულახდილად უნდა ითქვას, მაოცებს თავისი შრომისმოყვარეობით, განათლებითა და მიზანსწრაფულობით; მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, სამწუხაროდ, საქართველო, ისევე როგორც ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დღემდე რჩება მაღალი კარდიოვასკულური რისკის მატარებლად; ყოფილ საბჭოთა სივრცეში ეს მაჩვენებელი საქართველოში ყველაზე დაბალია, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამშვიდების საბაბი; ეს უკავშირდება ცხოვრების წესს, კვების თავისებურებებს, თამბაქოს მოხმარებას, ადინამიასა და ასე შემდეგ. ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვანია პირველადი პრევენცია, ანუ დაავადების შეჩერება მის აშკარა გამოვლინებამდე; ხშირია შემთხვევა პაციენტს მოსვენებულ მდგომარეობაში აქვს იდეალური ელექტროკარდიოგრამა, ნორმალური ექოკარდიოგრაფიული მაჩვენებლები, მაგრამ ზომიერ და მცირე ფიზიკურ დატვირთვაზეც ტიპურ სტენოკარდიულ სიმპტომატიკას აღწერს. ასეთ შემთხვევაში დროული ინტერვენციული დიაგნოსტიკა (კორონარული ანგიოგრაფია) საშუალებას იძლევა, პაციენტს ავაცილოთ ფატალური კარდიოლოგიური გართულება, ისე რომ შევინარჩუნოთ გულის ნორმალური სტრუქტურა. ორიოდე სიტყვით რა არის ტიპური სტენოკარდიული ტკივილი – ეს არის მოჭერის, ზეწოლის, წვისა და ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან დაწყებული, ეგრეთ წოდებული, „კუჭის თავიდან“ ქვედა ყბით დამთავრებული, პროვოცირებული ფიზიკური დატვირთვით, კერძოდ აღმართზე, კიბეზე ასვლით და მძიმე შემთხვევებში სწორ გზაზე სიარულითაც. აღნიშნული დისკომფორტის განვითარება მოსვენებულ მდგომარეობაში გადაუდებლად სამედიცინო შემოწმების აუცილებლობაზე მიუთითებს. არის ტკივილის ატიპური ლოკალიზაციაც, რაც კარდიოლოგმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. მარცხენა მხარეს, ანუ როგორც ჩვენში ეძახიან „გულის მხარეს“, ჩხვლეტითი, გამჭოლი ტკივილი ყველაზე ნაკლები ალბათობით მიუთითებს კარდიოლოგიურ პრობლემაზე.
– ბატონო მამუკა, ექიმის მთავარ ღირსებებად რა მიგაჩნიათ?
– ექიმი უნდა იყოს გულისხმიერი, პროფესიონალი და არასოდეს დაიჯეროს, რომ თავის ცოდნაში სრულყოფილებას მიუახლოვდა; აი, სწორედ ამ დროს იწყება დასასრულის დასაწყისი; პაციენტს სჭირდება ექიმის როგორც პროფესიონალური ცოდნა, ასევე მისი გულისხმიერება. მარტოოდენ ტკბილი ენით ავადმყოფი ვერ მორჩება (იგულისხმება სერიოზული, მძიმე კარდიოლოგიური პაციენტი) და მაღალმა პროფესიონალიზმმაც  სითბოსა და გულისხმიერების გარეშე შეიძლება, სათანადო  შედეგი ვერ გამოიღოს.
скачать dle 11.3