№43 როგორ იძია შური გენერალი სიძის მკვლელობისთვის ქართველმა პოდპოლკოვნიკმა
დიდი შავი ბიზნესი
ორმოც წელიწადზე მეტია, რაც ავღანეთში პერმანენტული ომი მიმდინარეობს და ეს ქვეყანა ხელიდან ხელში გადადის. 1978 წელს განხორციელებულ საბჭოთა აგრესიას საშინელი ათწლიანი სისხლისმღვრელი ომი მოჰყვა. „წითელი არმია“ ადგილობრივმა შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა ჩაანაცვლეს, მაგრამ ომმა ახალი ძალით იფეთქა და უფრო მეტი სისხლი დაიღვარა. მათ „დასაშოშმინებლად და ტერორისტების მოსაშთობად“ კი ავღანეთი ამერიკულმა არმიამ და „ნატოს“ გაერთიანებულმა ძალებმა დაიკავეს, რომლებიც დღემდე რჩებიან იქ და მეტ-ნაკლები სტაბილურობითაც კი გამოირჩევიან. პოლიტიკოსთა განმარტებით, ყველა ავღანური კამპანია სამშვიდობო გეოპოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. სინამდვილეში კი ეს იყო (და დღემდეც ასეა) დიდი შავი ბიზნესის კონტროლი, რასაც ნარკობიზნესი ეწოდება...
საგულისხმო ფაქტია, რომ მსოფლიო ჰეროინის 45 პროცენტი „ავღანური მასალისგან“ მზადდება და ეს „მასალა“ ოპიუმის ყაყაჩოა, რომლის საუკეთესო ეგზემპლარები ავღანეთში იზრდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ავღანეთში შეჭრის საბჭოური გეგმა „კაგებეში“ შემუშავდა და მისი კოდური სახელწოდება იყო „ოპიუმის გზა“, ანუ საბჭოთა უშიშროებას იმთავითვე გამიზნული ჰქონდა ავღანეთში ფართომასშტაბიანი ნარკობიზნესის წარმოება, რომელსაც ძალიან დიდი შემოსავალი მოჰქონდა და ამ „შავი ფულით“ ფინანსდებოდა უმეტესწილად „კაგებე“, შემდგომში კი საბჭოთა შეიარაღებული ძალებიც. ნიშანდობლივია ისიც, რომ საბჭოური ოკუპაციისთანავე, ავღანეთში „კაგებემ“ ოპიუმის ყაყაჩოს თესლის დიდი პარტია შეიტანა. ისინი დათესეს და ასე დაედო საფუძველი დიდ ავღანურ ნარკობიზნესს... 1979 წლიდან ავღანეთის ყველაზე ნაყოფიერი მთიანი მიწები ოპიუმის ყაყაჩოს უზარმაზარი პლანტაციებით „შეიმოსა“ და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, საბჭოთა არმია თვალის ჩინივით დარაჯობდა.
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?
ავღანეთის ომი სამი წლის გაჩაღებული იყო და ქვეყანაში ზღვა სისხლი იღვრებოდა, როდესაც იქ 42 წლის პოლკოვნიკი, ვლადიმირ ნოვიკოვი მიავლინეს. ნოვიკოვი თბილისში დაბადებული და გაზრდილი იყო და ქართველი მეუღლე ჰყავდა. პროფესიით მედესანტე საგანგებო გამანადგურებელ პოლკს მეთაურობდა, რომლის მოვალეობაშიც მოჯაჰედების დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების განადგურება შედიოდა. ნოვიკოვმა და მისმა ბიჭებმა, ავღანეთში რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს და მოჯაჰედთა მნიშვნელოვანი ძალები გაანადგურეს. ამისთვის კი მას საბრძოლო წითელი დროშის ორდენი და გენერალ-მაიორის ჩინი უბოძეს. 1982 წლის სექტემბერში ნოვიკოვი შვებულებით ჩამოვიდა თბილისში და თავის ცოლის ძმას, 32 წლის ვახტანგ გიგაურს შეხვდა, რომელიც „კაგებეს“ სპეცჯგუფში მსახურობდა და მაიორის ჩინს ატარებდა. ოჯახური ვახშმის დროს, ვლადიმირი და ვახტანგი აივანზე გავიდნენ სიგარეტის მოსაწევად და მათ შორის ასეთი საუბარი გაიმართა:
– ვოვა, კიდევ ერთხელ გილოცავ გენერლობას! როგორც ამბობენ, ავღანეთში ჯოჯოხეთი ტრიალებს, – უთხრა სიძეს ვახტანგ გიგაურმა.
ნოვიკოვი ჩაფიქრდა და უთხრა:
– ვახო, რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ ყველაფერზე, მით უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება. ჩემი აზრით, ავღანეთში დიდი სიბინძურე ტრიალებს და ეს ყველაფერი ხელოვნურადაა მოწყობილი. ავღანეთში ჩემი მოვალეობა იმ შეიარაღებული ჯგუფების განადგურებაა, რომლებიც ნარკობიზნესით არიან დაკავებული. ეს კი ასე ხდება – მოგვდის ინფორმაცია, რომ ოპიუმის მინდორზე, ასე უწოდებენ ყაყაჩოს პლანტაციებს, მოჯაჰედთა მობილური ჯგუფი გამოჩნდა. ჩვენ ვერტმფრენებით მივდივართ იქ, ვანადგურებთ მათ და უკან ვბრუნდებით. ამით მათ საშუალებას არ ვაძლევთ, შეაგროვონ ყაყაჩო და ის ნარკოტიკად აქციონ. არადა, ამდენ სისხლისღვრას ის არ სჯობია, რომ ეს პლანტაციები ან ვერტმფრენიდან დავბომბოთ და გავანადგუროთ, ან, სულაც ჰაერიდან მოვწამლოთ ნიადაგი, რომ მოსავალი არ მოვიდეს? რაღაც სიგიჟეა ეს ყველაფერი. ზეგ მოსკოვში მივფრინავ და სამინისტროში ვიტყვი კიდეც ჩემს მოსაზრებას.
ოთხი დღის შემდეგ გენერალ-მაიორი ვლადიმირ ნოვიკოვი თავის მოსკოვურ ბინაში შუბლგახვრეტილი იპოვეს. იქვე კი მისი ტაბელური „პესეემის“ სისტემის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი ეგდო. ნოვიკოვი თბილისში ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ განერალმა თავი მოიკლა, თუმცა, მისი ოჯახის წევრებს ოფიციალური ვერსიის არ სჯეროდათ და მიაჩნდათ, რომ ის მოკლეს.
ორმაგი ძებნილი
ვოვა ნოვიკოვის იდუმალი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1984 წლის სექტემბერში, ვახო გიგაური ავღანეთში გაგზავნეს. მას უკვე პოდპოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა და როგორც უთხრეს, მისი მოვალეობა იყო ავღანელი ნარკობარონების გამოვლენა, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, თუკი შესაბამისი ბრძანება გაიცემოდა, მათი ლიკვიდაცია. გიგაური „კაგებეს“ საგანგებო-ოპერატიული ჯგუფის მეთაური იყო. მას და მის ხელქვეითებს განსაკუთრებული მომზადება ჰქონდათ გავლილი და აღჭურვილობა და შეიარაღებაც – საგანგებოდ შერჩეული. გიგაურს, სინამდვილეში, თავისი სიძის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის გაგება სურდა და წამითაც არ შეუწყვეტია ფარული გამოძიება. თანაც, კარგად ახსოვდა ნოვიკოვის სიტყვები. ამიტომ მას ამ ქვეყანაში მოხვედრა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა სურდა. ამასვე მოითხოვდა ფარული გამოძიებაც, რადგან ნოვიკოვმა თავის ცოლის ძმას ორიოდე გენერლის ვინაობა დაუსახელა, რომლებიც მისივე თქმით, ავღანური ნარკობიზნესის საბჭოური „კრიშები“ იყვნენ. ერთი სამხედრო გენერალი კირილ სოტოვი იყო, მეორე კი – უშიშროების გენერალი – კირილ პოლსკიხი. ნოვიკოვის ვარაუდით, ავღანეთში მთელ შავ ბიზნესს სწორედ ეს ორი კირილი განაგებდა და გიგაურიც სწორედ ამის გასარკვევად წავიდა ავღანეთში.
ავღანეთში ექვსი თვის ჩასული იყო და ამ ხნის განმავლობაში მან და მისმა ჯგუფმა ორი ნარკოდაჯგუფება გაანადგურეს. როგორც ვახომ დაადგინა, ხელმძღვანელობის ბრძანება ამა თუ იმ ჯგუფის ლიკვიდაციის შესახებ სწორედ იმ ორი კირილისგან მოდიოდა და ისინი მათ ისეთ ჯგუფებს ახოცვინებდნენ, რომლებიც დამოუკიდებელი ნარკოპოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ და კირილებს არ ემორჩილებოდნენ. ვახომ ისიც გაარკვია, რომ მისი სიძე, კირილების ბრძანებით იქნა მოკლული და მოსკოვში კი თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნოვიკოვს კირილებთან კონფლიქტი მოუვიდა, მათ „ნარკობარიგები“ უწოდა და შეჰპირდა, რომ გამოააშკარავებდა. ეს კი მის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა და პატიოსანი გენერალი ერთობლივი ძალებით მოიშორეს თავიდან. ყოველივე ამაში რომ გაერკვა, გიგაური ხელსაყრელ მომენტს დაელოდა, რომ სიძის მკვლელებისთვის სამაგიერო გადაეხადა და ეს მომენტი 1985 წლის მაისში დადგა. 11 მაისს გიგაურს ერთი შეკრების უსაფრთხოების დაცვა დაავალეს. ეს შეკრება ქაბულთან ახლოს, პატარა აულში უნდა შემდგარიყო. მასზე ავღანელი ნარკობარონები და საბჭოთა გენერლები – კირილები იქნებოდნენ. შეხვედრის მიზანი კი ნარკოდაჯგუფებებს შორის ტერიტორიების გადანაწილება და ურთიერთშუღლის განეიტრალება იყო. საღამოს 8 საათზე შეხვედრის ადგილზე თვრამეტი ავღანელი საველე მეთაური შეიკრიბა, რომელთა შორის რვა არაკონტროლირებადი იყო და კირილებს მოლაპარაკება სწორედ მათთან უნდა ეწარმოებინათ. ხოლო გიგაური და მისი ოცდაათი მებრძოლი კი მთელი პერიმეტრის გასაკონტროლებლად იყვნენ გადასროლილები. როდესაც კირილები შეხვედრაზე მივიდნენ და მოლაპარაკება დაიწყო, ნახევარი საათის მერე გიგაურმა თავისი ჯგუფი პერიმეტრიდან მოხსნა და დისლოკაციის ადგილისკენ დაძრა. თხუთმეტ წუთში კი შეხვედრის ადგილზე დატოვებული უმძლავრესი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. იქაურობა ცეცხლმა მოიცვა და მთელი ავღანური ნარკობიზნესის მეთაურობა, კირილებიანად, განადგურდა. გიგაური იმავე დღეს ავღანეთიდან გაქრა. მასზე ორმაგი ძებნა გამოცხადდა. მას ეძებდა როგორც „კაგებე“, ასევე ავღანელი მოჯაჰედები, თუმცა მის კვალს ვერსად მიაგნეს. როგორც მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, ვახო გიგაურმა გარეგნობა შეიცვალა და ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში დასახლდა.