№43 როგორ უნდა გამოჩნდეთ უფრო გამხდარი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სწორად შერჩევით
მომატებული წონა ძალიან ბევრ ქალს აკომპლექსებს, თუმცა არ ჰყოფნით იმის ნებისყოფა, რომ დიეტა დაიცვან ან ივარჯიშონ. ამიტომ, ზედმეტი კილოგრამების დასამალად გასწავლით რამდენიმე მარტივ ხრიკს. უპირველესად, დაიმახსოვრეთ, რომ თუ გინდათ, არასასურველი ადგილები არ გამოგიჩნდეთ, უნდა გამოკვეთოთ თქვენი საუკეთესო ნაწილები და ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სწორად აარჩიოთ.
* მაღალწელიანი, შავი, ვიწრო შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხებს საოცრად მიმზიდველს და გრძელს გამოაჩენს. ასევე, ატარეთ სწორი, მუხლამდე კაბები, რომლებიც ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს;
* საშუალო სიმაღლის გოგონებმა უნდა ატაროთ არა ფართო, არამედ მოკლე ტოპები და ბლუზები, რათა უფრო მაღალი გამოჩნდეთ. თუმცა, უნდა შეუხამოთ მაღალწელიან ქვედაბოლოებს, შორტებსა და შარვლებს. ხოლო, თუ დაბალი ხართ, უნდა დაივიწყოთ გრძელი ჟაკეტი, რადგან ის ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს და კიდევ უფრო დაბალს გამოგაჩენთ. თავისუფალი ჟაკეტები, ოდნავ წელს ქვემოთ, ზუსტად ის არის, რაც გჭირდებათ;
* მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ვიწრო შარვალი ქალს უფრო გამხდარს აჩენს. ამ ჩაცმულობას შეგიძლიათ, დიდი ზომის პერანგები შეუხამოთ;
* ვერტიკალური პრინტიანი სამოსი ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით კი – ზოლიანი. ჩაიცვათ ტანსაცმელი ვერტიკალური პრინტით და ზოლებით, ეს უფრო გამხდარსა და მაღალს გამოგაჩენთ;
* თუ მუცლის პრობლემა გაქვთ, ჩაიცვით ფართო პერანგი ან სპორტული ზედა. ხოლო, თუ თქვენი პრობლემა განიერი თეძოებია, გირჩევთ, ჩაიცვათ დაშვებული კაბები ან ქვედაბოლოები, რომლებსაც ვიწრო, ტანზე მომდგარ ზედებს შეუხამებთ.
* მაისურის სიგრძე საჯდომს ოდნავ უნდა ფარავდეს. ყურადღება მიაქციეთ, პერანგი არ იყოს წელში გამოყვანილი. ტანზე მოტმასნილი ზედატანი, ცელულიტს გამოკვეთს. მაისური აუცილებლად თქვენი ზომის უნდა იყოს, სხეულის მასას ერთი ზომით დიდი პერანგიც კი ზრდის;
* თუ ქალი მსუქანია, რასაკვირველია, ჭრელი სამოსი არ მოუხდება. თუმცა, იმ გოგონებს, მაქსიმუმ, 5-7 კილოგრამით მოიმატეს, უფლება აქვთ, შედარებით ღია ფერის სამოსი შეარჩიონ. რასაკვირველია, ყველა შემთხვევაში, სხეულის გარშემოწერილობას მუქ ფერში გადაწყვეტილი სამოსი ამცირებს. არასწორია ჰორიზონტალური ზოლებიანი სამოსის ტარებაც, რადგან მასში სხეული გაცილებით დიდი ჩანს. ასევე, არასწორია ბევრი ღილით, ელვითა და სხვა დეტალებით გაფორმებული სამოსის ტარება;
* თუკი დიდი მუცელი გაქვთ, მაგრამ თეძოები უფრო სუსტი, ტანზე მომდგარ კაბას ნუ იყიდით. უარი თქვით ისეთ კაბასა და მაისურზე, რომელსაც წელზე ქამარი აქვს. ასეთ სამოსში ღიპი ორად იყოფა, ზედმეტი ქონი კი გვერდებზე უადგილოდ ამოიზრდება.
არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლემ ან სისქემ შეიძლება თქვენი გარეგნობა სრულიად შეცვალოს. ჭარბწონიანი ქალი, რომელიც წვრილქუსლიან და წაწვეტებულცხვირიან ფეხსაცმელს იცვამს, უფრო მსუქანი ჩანს. უკეთესია, თუ დაბალი და ჭარბწონიანი ადამიანი, ოდნავ მაღალ „პლატფორმის“ ძირიან ფეხსაცმელს ატარებს. თუ მაღალი და მსუქანი ხართ, მუქი ფერის დაბალძირიანი ფეხსაცმელი შეარჩიეთ. კრემისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში კი, ვიზუალურად ქალი უფრო მაღალი ჩანს.
მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შერჩევით თქვენი ვიზუალის სწორად დემონსტრირებას ვერ შეძლებთ, თუ არ იქნებით თავდაჯერებული და წელში გამართული – ეს ქალის მთავარი „კოზირია“. ყურადღება მიაქციეთ სიარულის მანერას. სხეულის სწორი მდგომარეობა ფიგურას მნიშვნელოვნად ცვლის. მოხრილი ქალბატონი სიმაღლეშიც იკლებს და დიდი ზომის მუცელი უფრო წინ იწევა. ამ დროს, იმალება მკერდის ღირსებაც, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მკერდი პატარაა. როდესაც ქალი გამართული დადის, მკერდი უფრო ლამაზი და მიმზიდველი ჩანს.
ზოგადად კი, ქალბატონები ხშირად ცდებიან, როდესაც ზედმეტი წონის დასამალად დიდი ზომის სამოსს ყიდულობენ.