№43 „მორჩილი“ ქმარი
სიმონს ალბერტო
დენიელ ჯონსმა არ იცოდა ცოლი უფრო მეტად სძულდა თუ მისი კატა. ცხოველი ისე უყურებდა ხოლმე, რომ კაცს მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა. ზუსტად ისე, როგორც მისი პატრონი. კლოტილდა მხოლოდ მოსაჩვენებლად იყო ნაზი. საკმარისი იყო, კაცს ოდნავი წინააღმდეგობა გაეწია, რომ ცოლი წარმოუდგენელ სცენებს უწყობდა და ცხოვრებას ჯოჯოხეთად უხდიდა.
მაგალითად, კლოტილდას უყვარდა ყავა ნაღებით და ეს ნაღები ყავაში აუცილებლად ქმარს უნდა ჩაესხა, მაგრამ ზომიერად. ზედმეტი არ უნდა მოსვლოდა. დენიელი წინააღმდეგობას აღარ უწევდა. ცდილობდა, მორჩილად შეესრულებინა ცოლის კაპრიზები. დაღალა სკანდალებმა. თან, კლოტილდას იმიჯის დანგრევაც რთული იყო. იმდენად საყვარლად აჩვენებდა ხალხს თავს, რომ ყველა მას გაამტყუნებდა. კლოტილდას, სხვა ბევრ ცუდ თვისებასთან ერთად, ერთი საშინელი თვისებაც ჰქონდა – მომენტალურად აპილპილდებოდა ხოლმე და მის ხმაში სინაზისა და თავაზიანობის ნატამალიც აღარ რჩებოდა. გაანჩხლებული იწყებდა ყვირილს და ქმარს ბრალდებების კორიანტელში ხვევდა.
– შენ ყველაფერი გააფუჭე! სპეციალურად გააკეთე, ჩემთვის ნერვები რომ მოგეშალა, წყობიდან რომ გამოგეყვანე. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აღარ გიყვარვარ...
კაცს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ ხელით არ შეხებოდა. სამაგიეროდ, სულ უფრო ხშირად ფიქრობდა ცოლის თავიდან მოშორებაზე.
– რატომ ხარ ჩემს მიმართ ასეთი უყურადღებო, – წუწუნებდა კლოტილდა და ამას ბოლო არ უჩანდა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, როცა ცოლი კატაზე ზრუნვასაც სთხოვდა, თანაც, კატეგორიულად.
– დენიელ, რატომ არ მოუტანე რობის საყვარელი ნუგბარი? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ხვალ საპარიკმახეროში უნდა წაიყვანი? დასაბანი და დასავარცხნია... დენიელ, კატას ნერვებს ნუ უშლი...
ვინ იყო, რობი? საშინლად უზრდელი და თავგასული „სიამის“ კატა, დენიელს სძულდა ცხოველი და კატაც იგივეთი პასუხობდა. სამაგიეროდ, ძალიან უყვარდა თავისი დიასახლისი, რომელსაც ყოველთვის კატის მხარე ეჭირა და არა ქმრის.
დენიელი ბოლო დროს ცოლსაც თავს არიდებდა და კატასაც. ოჰ, როგორ უნდოდა თავისუფლად გაეშალა ფრთები და ამ ორი ურჩხულის გარეშე ბედნიერად ეცხოვრა.
კლოტილდაც არ იკლავდა თავს ქმრის სიყვარულით, რომელიც მის ხარჯზე ცხოვრობდა. დიახ, კატა უფრო უყვარდა, ვიდრე ქმარი, რომელსაც მისი არ ესმოდა. ისიც ვერ დაიმახსოვრა, რამდენი ნაღები უნდა დაემატებინა ყავაში ან რატომ ვერ იტანდა კატა მანქანით მგზავრობას.
დენიელმა ზიზღით გახედა კატას, რომელიც სუფრაზე მათთან ერთად მიირთმევდა ხამანწკებს. კაცი ვერ ხვდებოდა, რატომ იყო აუცილებელი კატაც მათთან ერთად მჯდარიყო. მაგრამ ცოლს ვერ ეკითხებოდა. შეიძლება, ასეთ კითხვებს მორიგი სკანდალი გამოეწვია. დენიელს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. ჯიბის ფულსაც კი ცოლი აძლევდა, რომელიც ბარში ერთი კოქტეილის დასალევად თუ ეყოფოდა. სწორედ ბარში გაიცნო მშვენიერი ალისია, მაგრამ მხოლოდ შორიდან უღიმოდა. ახლოს მისვლას ვერ ბედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი აშკარად ამჟღავნებდა მის მიმართ ინტერესს. როცა ფულს აძლევდა ცოლი ყოველთვის უმეორებდა, რომ უფრო ეკონომიურად უნდა ხარჯოს, რადგან კუპიურები ვაშლივით ხეზე არ იზრდებიან.
– იცოდე, თუ უფრო ხელმომჭირნე არ გახდები, საერთოდ შეგიწყვეტ ამ წყაროს. შენ რა გგონია, მე ფულს ვბეჭდავ?
დანიელმა ყალბი მორჩილებით დაუქნია თავი. როცა ფულს ჯიბეში ჩაიდებდა ხოლმე, სულ მცირე შვებას გრძნობდა. მასი ზიზღი ცოლისადმი ყოველდღიურად იზრდებოდა. უნდა ეღიარებინა, რომ კლოტილდა ცოლად მხოლოდ ფულის გამო მოიყვანა, მაგრამ იმედი, რომ სარფიანი ქორწინების შემდეგ, ფუფუნებაში იცხოვრებდა, ცოლის ხელმომჭირნეობის გამო საპნის ბუშტივით გასკდა.
დენიელის გონებაში ღრმად ჩაიბეჭდა აზრი – კლოტილდა უნდა მოკვდეს! მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შეძლებდა მთელი ფულის ხელში ჩაგდებას. ცოლთან ერთად კატასაც მოიშორებდა და მის ცხოვრებაში ბევრი მშვენიერი ალისია გამოჩნდებოდა. გადაწყვეტილება მიღებული იყო, ახლა მხოლოდ მკვლელობის საშუალება უნდა მოეფიქრებინა და კარგი გეგმა შეედგინა.
კლოტილდა ყოველ ღამე დარბოდა ქუჩაში. ამას ცხოვრების ჯანსაღ წესს ეძახდა და ქმარს დასცინოდა, პროგრესულად ვერ აზროვნებო. ქალს თან პორტატული მაგნიტოფონი მიჰქონდა, რომ მოწყენილობა არ ეგრძნო.
დენიელს გონება გაუნათდა. იდეალურად გლუვი გზები, სადაც კლოტილდა დარბოდა რალის მოყვარულ ახალგაზრდებს ხშირად იზიდავდა. თუ ქალს მანქანა გაიტანდა, რასაკვირველია, ყველაფერს იმ ახალგაზრდებს დააბრალებდნენ.
რა თქმა უნდა, ცოლის გატანას საკუთარი მანქანით არ აპირებდა. მეზობელს ძველი მანქანების საკმაოდ დიდი კოლექცია ჰქონდა. რომელთა უმრავლესობა გარაჟში არ ეტეოდა და ქუჩაში ეყენა. კარის შემტვრევაც არ მოუწევდა. ერთი „შევროლე“ ჩატეხილი ფანჯრით, იქვე, მის სახლთან იდგა.
დენიელმა გადაწყვიტა, აღარ გადაედო – იმ დილით განსაკუთრებულად მოუშალა ცოლმა ნერვები. მიდიოდა და თავისთვის იმეორებდა: დღეს ან არასდროს, დღეს ან არასდროს.... როდესაც სახლის კარი გააღო, რაღაც შავმა არსებამ შხუილით ჩაურბინა. ეს ცოლის კატა იყო, რომელიც გარეთ გავარდა. დენიელი დიდი სიამოვნებით გაჭყლეტდა კატასაც, თუ ამისი საშუალება მიეცემოდა.
რამდენიმე წუთში უკვე ანტიკვარულ „შევროლეში“ იჯდა. კლოტილდა ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას, ხმამაღლა უსმენდა მუსიკას და დიდი ალბათობით, მოახლოებული მანქანის ხმა არ ესმოდა. დენიელი გაიბადრა. ისიც წარმოიდგინა, ცოლის ფულს როგორ დახარჯავდა... მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი – სრულიად მოულოდნელად, კისერში საშინელი ტკივილი იგრძნო, მთელი ხმით იბღავლა და შეეცადა, დაენახა, რა ხდებოდა მის თავს. ამ დროს საჭე ვეღარ დაიმორჩილა. მანქანა ქალის მაგივრად დიდი სიჩქარით შეეჯახა გზის პირას მდგარ მუხას...
დენიელი წამებში მოკვდა, მანქანის საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქების ხმამ იქაურობა გააყრუა. კატამ მანამდე მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა, სანამ საძულველი კაცი მას შეამჩნევდა. როცა კლოტილდამ ცეცხლის ალი შეამჩნია, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, ვინ იჯდა მეზობლის ანტიკვარულ ავტომობილში. კატა პატრონს სახლში ელოდა. თავის საყვარელ სავარძელში მოკეცილი მშვიდად კრუტუნებდა და თათებით ბეწვს ისუფთავებდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ