№43 როგორ დააბრუნებინა ბერიამ ჰიტლერს მუსოლინი ხელისუფლებაში
ლავრენტი ბერია, სტალინის შემდეგ, საბჭოეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სტალინი, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას, ბერიას რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებდა. ისტორიკოს-მკვლევარი იოსებ მარკოვი წერს: „ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირში და შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოშიც კი, ყველაზე მრავალფეროვან და დიდ საიდუმლო პოლიტიკურ ინფორმაციას ფლობდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბერიას სტრატეგიული დაზვერვა საუკეთესო იყო დედამიწის ზურგზე, იქ ამ საქმის საუკეთესო მცოდნეები მუშაობდნენ. საბჭოთა აგენტურა სად აღარ იყო ჩანერგილი. მათ მიერ გამოგზავნილი ცნობები კი ჯერ ბერიასთან ხვდებოდა და მხოლოდ მის მერე მოეხსენებოდა ხოლმე სტალინს. ლავრენტი პავლოვიჩის ნათელ ანალიტიკურ გონებას არ უჭირდა ამ ზღვა ინფორმაციიდან სწორი დასკვნების გამოტანა და ამის გამო, ბერია ხშირად ხდებოდა ხოლმე სტალინის მრჩეველი საერთაშორისო პოლიტიკაში. არადა, ამ სფეროს სტალინი არავის უთმობდა, განსაკუთრებულად პრიორიტეტულად მიაჩნდა და მასში მხოლოდ ბერიას ახედებდა. თვით საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიაჩესლავ მოლოტოვსაც კი შეზღუდული ჰქონდა საკუთარი აზრების გამოთქმა ამ სფეროში, თუკი ამას თავად სტალინი არ დაავალებდა. სამაგიეროდ, ბერიას შეეძლო საკუთარი აზრი შეეთავაზებინა სტალინისთვის და ბერია ამას ძალიან დელიკატურად და მისთვის დამახასიათებელი არგუმენტირებულობით ახორციელებდა. დიდად საგულისხმო ფაქტია ის, რომ სწორედ ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო, ეგრეთ წოდებული, „ევროპის გაწითლების“ გეგმის სულის ჩადგმა. თავად გეგმა სტალინის მოფიქრებული იყო და მიზნად ისახავდა ჰიტლერის შემოტყუებას უზარმაზარ ქვეყანაში და შემდეგ მის განდევნასა და ევროპის ტერიტორიის ფაშიზმისგან გაწმენდას, რაც ფაქტობრივად, „გაწითლებას“, გაკომუნისტებას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, ბოლოს მართლაც ასე მოხდა, თუმცა 1943 წელს, სტალინგრადში გამარჯვების შემდეგ დიდი მსხვერპლით შეძრწუნებული სტალინი მზად იყო, ომი შეეჩერებინა და ფაშისტებთან მოსალაპარაკებლად დამჯდარიყო. მაგრამ ამას ბერიამ შეუშალა ხელი. მოლოტოვი ამ ისტორიას ამგვარად იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინგრადში ფაშისტებს დიდი დარტყმა მივაყენეთ და მათი არმიები დავატყვევეთ, ჩვენც დიდი დანაკარგები გვქონდა. სტალინი შეძრწუნებული იყო ამ მსხვერპლით და ომის შეჩერებასა და ჰიტლერთან მოლაპარაკებაზეც კი იყო ყაბულს. თუმცა, ამას ლავრენტი ბერიამ შეუშალა ხელი. ინფორმაცია, რომ ჰიტლერი სტალინთან შეხვედრას და ზავს მოითხოვდა, ბელადს ბერიამ მიუტანა. გამიკვირდა, რომ სტალინმა მაშინვე თანხმობა განაცხადა. თუმცა, როგორც მივხვდი, ამას ბერია აღუდგა წინ და სტალინი ომის გაგრძელების საჭიროებაში დაარწმუნა. ჩემდა სამწუხაროდ, ორმა ქართველმა მე დელიკატურად დამითხოვა კაბინეტიდან და პირისპირ სამი საათი ილაპარაკეს. ამის შემდეგ სტალინს ჰიტლერთან მოლაპარაკება აღარ უხსენებია და სამხედროებს ახალი, ძლიერი ოპერაციის შემუშავება დაავალა“.
გენერალ სერგო გოგლიძის ცნობით, ბერია სტალინს სამი საათის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ თუკი ომის ტემპი შენელდებოდა და „წითელი არმიის“ შეტევები შეწყდებოდა ან შეფერხდებოდა, არამც თუ ევროპის გაკომუნისტებაზე იქნებოდა საუბარი, არამედ შესაძლოა, ანგლო-ამერიკელი მოკავშირეები ჰიტლერსაც კი შეკვროდნენ და საბჭოეთისთვის ახალი ძალებით შემოეტიათ. გოგლიძე ასე გადმოსცემდა ბერიას მონათხრობს: „ამხანაგო სტალინ, გარწმუნებთ, რომ როგორც კი ჩვენი შეტევა შენელდება, ანგლო-ამერიკელები, ფაშისტებთან ერთად, ტურებივით დაგვესევიან და არა მარტო ევროპის გაკომუნისტების იდეა მოკვდება, არამედ ჩვენი უსაფრთხოება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ გირჩევთ, არ დაუშვათ საომარი ტემპის დაგდება და პირიქით, მანამდე უნდა ვიომოთ, სანამ ჩვენი არმიები მთელ აღმოსავლეთ ევროპას არ გაივლიან და ბერლინში არ ჩავლენ-მეთქი... სტალინი უხმოდ მისმენდა და ბოლოს დამეთანხმა.“
ამ საუბრის შემდეგ საბჭოთა ბელადმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფაშისტებთან ომი არ შეენელებინათ და მოკავშირეებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საშუალება არ მიეცათ, რაც საბჭოეთს წინსვლაში შეუშლიდა ხელს. ბერიას ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც ანგლო-ამერიკელებსა და ჰიტლერს შორის ყოველგვარი მოლაპარაკებების დაწყების მცდელობას ჩაშლიდა და ომის გაგრძელებაზე იმუშავებდა. სწორედ ამ ჯგუფმა მოიპოვა ინფორმაცია იტალიელი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის ადგილსამყოფლის შესახებ. როგორც ცნობილია, 1943 წლის ივლისში მუსოლინი პოსტიდან გადააყენეს და აპენინის მთებში მთიან კურორტზე გადამალეს. ეს იყო საკმაოდ დიდი ნაბიჯი ომის შენელებისკენ, რადგან ჰიტლერს დიდი მხარდამჭერი გამოაცალეს ხელიდან. ფიურერი ცოფებს ყრიდა და მუსოლინის აღმოჩენასა და მის ხელისუფლებაში დაბრუნებას მოითხოვდა. გერმანელთა დაზვერვამ ეს ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ლავრენტი ბერიას მზვერავებმა მოიპოვეს ინფორმაცია მუსოლინის ადგილსამყოფლის შესახებ და საბჭოთა უშიშროებამ ეს ინფორმაცია გერმანელებს შეუცურა. ამის მერე, 12 სექტემბერს, ჰიტლერის ბრძანებით, მუსოლინი მოიტაცეს და ის ძალაუფლებას დაუბრუნდა. ომი კი ახალი ძალით გაჩაღდა და „წითელი არმია“ უკვე ევროპის გზას „შეუდგა“... მოგვიანებით, ფაშისტური გერმანიის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი უფროსი, ვალტერ შელენბერგი თავის მემუარებში წერდა: „მუსოლინის ხელისუფლებაში დაბრუნებამ, ომის გაგრძელებამ და ანგლო-ამერიკელებთან მოლაპარაკებაზე უარის თქმამ მიგვიყვანა იმ საშინელ კატასტროფამდე, რაც თავს დაგვატყდა და ამაში ლომის წილი ლავრენტი ბერიას მიუძღვის. სწორედ ბერიას თანამიმდევრულმა მოქმედებებმა გახადა შესაძლებელი ევროპის გაკომუნისტება...“
ნიშანდობლივია ფაშისტი უშიშროების გენერლის სიტყვები თავის საბჭოთა კოლეგაზე, რომელსაც, სამწუხაროდ, არ დაუფასეს ღვაწლი და მისსავე კოლეგებმა ვერაგულად და ლაჩრულად მოკლეს“.