№43 ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 22 წლის გოგო. თმა ძალიან მცვივა. შესაძლებელია, ეს ჩირქოვანი გლანდებისგან იყოს გამოწვეული?
პასუხი: თმის ცვენის შესაძლო მიზეზებად განიხილება ორგანიზმში ინფექციის ქრონიკული კერების არსებობა (ჩირქოვანი კბილები, ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთება, ნუშურა ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება, საკვერცხეების ანთება და სხვა), ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლის – ფარისებრი ჯირკვლის ან საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა, სტრესი.
კითხვა: როცა პურს ვჭამ ან ნებისმიერ ცომეულს, მაშინვე საშინლად მაყრის სახეზე, მკერდზე და თავში. იქნებ მითხრათ, რა ხდება?
პასუხი: ეს არის ხორბალზე ალერგიული რეაქცია. იმისთვის, რომ დადგინდეს კონკრეტულად რომელ ცილაზე გაქვთ ალერგია ან ხართ თუ არა ალერგიული სხვა მარცვლეულზეც, უნდა მიმართოთ ალერგოლოგს.
კითხვა: მაინტერესებს, თუ შეიძლება, აპენდიციტმა გამოიწვიოს კანის ალერგიის მსგავსი, მაგალითად, სიწითლე?
პასუხი: არა, ასეთი რამ აპენდიციტმა არ იცის.
კითხვა: ვარ 21 წლის. ნერვიულობის დროს მაქვს გულისრევის შეგრძნება, რაც უკვე 4 წელია, მაწუხებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? კუჭ-ნაწლავის პრობლემა არ მაქვს.
პასუხი: ეს არის ნეიროცირკულატორული დისტონიის გამოვლინება, ანუ შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ვეგეტატიური რეგულაციის დარღვევა.
კითხვა: მაინტერესებს ჩანს თუ არა ანევრიზმა თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ კვლევაში? რას ნიშნავს მრტ კვლევა კონტრასტით და უკონტრასტოდ?
პასუხი: ანევრიზმის დიაგნოსტიკითვის საჭიროა, ეგრეთ წოდებული, დიგიტალური ცერებრული ანგიოგრაფია, ანუ თავის ტვინის სისხლძარღვების რენტგენოკონტრასტული კვლევა. ეს არის ინვაზიური მეთოდი, ანუ სპეციალური კათეტერის შეყვანა ხდება ბარძაყის არტერიაში. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კი უმტკივნეულო, არაინვაზიური პროცედურაა, რომლის დროს თავად სისხლის ნაკადი ასრულებს კონტრასტის როლს და სისხლძარღვთა გამოსაკვლევად დამატებითი ჩარევა საჭირო აღარ არის. თუმცა ამ მეთოდის მგრძნობელობა შედარებით ნაკლებია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე