№43 მტკიცე სარწმუნოება
გონებით წმიდა ის არ არის, ვინც ბოროტება არ იცის (პირუტყვმაც არ იცის ბოროტება); არც ის, ვინც ბუნებითად იმყოფება ჩვილობის მდგომარეობაში; და არც ის, ვინც გაწმენდილად აჩვენებს თავს. გონების სიწმიდე სათნო საქმეებში წვრთნით მიღებული ღვთაებრივი განათლებაა. და ნურავინ გაბედავს იმის თქმას, რომ ვინმემ ის მოიპოვა ზრახვებით განსაცდელების გარეშე, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იქნებოდა სხეულში. ნურც იმის თქმას გავბედავთ, თითქოს ჩვენს ბუნებას თვით სიკვდილამდე არ უბრძოლია და ზიანი არ მიუღია. ზრახვების განსაცდელს კი იმას კი არ ვუწოდებ, რომ მათ დაემორჩილო, არამედ მათთან ბრძოლას დაუდო დასაბამი.
***
თუკი დაჰყოფ მშვენიერ სათნოებაში და ვერ იგრძნობ, რომ აგემოვნებ მის სიტკბოებას, ნუ გაგიკვირდება, რამეთუ სანამ ადამიანი არ დამდაბლდება, მანამ ვერ მიიღებს ჯილდოს თავისი ღვაწლისგან. ჯილდო მიიღება არა ღვაწლისთვის, არამედ სიმდაბლისთვის: ვინც მეორეს შეურაცხყოფს, ის პირველს დაკარგავს.
***
ვინც თავის ცოდვებს აცნობიერებს, იმაზე მეტია, ვინც თავისი ლოცვით მკვდრებს აღადგენს. ვინც ღირს იქმნა საკუთარი თავის დანახვისა, იმაზე მეტია, ვინც ანგელოზებს ხედავს.
***
ღმერთი არ სჯის და არ განიკითხავს ადამიანს უნებლიე მოძრაობისთვის, თუნდაც რომ დროებით ზრახვას დავეთანხმოთ. თუკი იმავე ჟამს უარვყოფთ ჩვენში ვნებასა და გამოვავლენთ შემუსვრილობას, მაშინ უფალი არ მოგვთხოვს პასუხს ასეთი დაუდევრობისთვის; იგი სჯის ისეთი დაუდევრობისთვის, რომელსაც გონება ნამდვილად ეძლევა ისე, რომ ამას გულგრილად უყურებს და აღიარებს მას საჭიროდ და სასარგებლოდ, და არ მიიჩნევს, რომ ეს დაუდევრობა მისთვის სახიფათოა.
***
თუ გინდა გაიგო, ხარ თუ არა თავმდაბალი, გამოსცადე შენი თავი: ხომ არ შფოთდები, როდესაც ვინმე შეურაცხყოფას გაყენებს?
***
თუკი სიმდაბლის ქალაქში შესვლამდე შენს თავში შეამჩნიე, რომ ვნებების შფოთისგან დაწყნარდი, ნუ ენდობი საკუთარ განმსჯელობას... მტერი ჩასაფრებულია და გიმზადებს შემოტევას. ამიტომ ამ დაწყნარების შემდეგ ელოდე დიდ განგაშს და ვნებების ამბოხს.
***
ნეტარია, ვინც თავისი უძლურება გააცნობიერა, რადგან ამის ცოდნა მისთვის ხდება საფუძველი, ფესვი და დასაბამი ყოველგვარი სიკეთისა. მაგრამ ვერავინ გააცნობიერებს თავის უძლურებას, თუ არ იქნა მასზე დაშვებული თუნდაც მცირე განსაცდელი იმისათვის, რომ მოიღალოს მისი სხეული ან სული. მაშინ, შეადარებს რა თავის უძლურებას ღმერთის შეწევნასთან, ის გაიგებს ამ უკანასკნელის სიდიდეს. ხოლო ვინც მიხვდა, რომ ღმერთის შეწევნას საჭიროებს, ის ბევრს ლოცულობს, და რამდენადაც ამრავლებს ლოცვებს, იმდენად მდაბლდება მისი გული.
***
ღმერთის საქმეების შესახებ არ უნდა იმსჯელო მაძღარი მუცლით, რამეთუ სავსე მუცელი ვერ ხედავს ღვთის საიდუმლოებებს.
***
ვინც სრულყოფილი სიყვარული მოიხვეჭა, ის ისე არსებობს ამ ცხოვრებაში, თითქოს არც არსებობდეს. მთლიანად იცვლება იგი ღმერთის სიყვარულით და ივიწყებს ყოველგვარ სხვა სიყვარულს. ვისაც საკუთარი თავი უყვარს, ის ღმერთს ვერ შეიყვარებს; ხოლო, ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს ღმერთის სიყვარულის გამო, მას ღმერთი უყვარს.
***
თუკი თვითნებურად დავაუძლურებთ სხეულს იქამდე, რომ სულიც დაუძლურდება, მაშინ ასეთი ძალისხმევა უსარგებლო გამოდგება, თუნდაც ამას სათნოების მოსაპოვებლად აკეთებდე. თუკი უფალი ღმერთი ინებებს, რომ ადამიანზე დაუშვს ავადმყოფობა, მაშინ იგი მას საამისო მოთმინების ძალასაც მისცემს. ასე რომ, დაე, ღმერთისგან მოვიდეს ავადმყოფობა და არა თავად ჩვენგან.
***
სხვა არის მოწყენილობა და სხვა – სულის მიხდომა, რომელსაც მოწყინებას უწოდებენ. ზოგჯერ ადამიანის სული ისეთ მდგომარეობაშია, რომ ურჩევნია, საერთოდ არ არსებობდეს, ან გრძნობა და ცნობიერება გაეთიშოს, ვიდრე ასეთ გაუცნობიერებელ სატანჯველში იმყროფებოდეს. უნდა ვიჩქაროთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. დაიცავი თავი მოწყინების სულისგან – მისგან ყოველგვარი ბოროტება იბადება.