კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ ურჩევნიათ ქართველებს სხვა ქვეყნების მოვლა საკუთარი სახელმწიფოს შექმნას და როგორ შეიქმნა საზოგადოების ტიპი ბელადი-უსახური მასა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებას სხვისი მიზნების მიღწევას უძღვნის, ცარიელ-ტარიელი, ანუ არარეალიზებული რჩება და თითოეულმა თავის მიზნებს საკუთარი ძალითა და სურვილების მიხედვით უნდა მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგებისთვის ეს თეზა ცნობილია, ჩვენი ცხოვრების წესი საპირისპიროზე მეტყველებს: იმას გარდა, რომ ხშირად მშობლები უსაზღვრავენ შვილებს, როგორ დაგეგმონ მომავალი, არათუ რა აირჩიონ პროფესიად, ვინ აირჩიონ ცხოვრების თანამგზავრად, ისეც მოხდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების არც თუ მცირე ნაწილი უცხო სახელმწიფოებსაა მოფენილი და, შესაბამისად, თავიანთ ძალას, ენერგიასა და ინტელექტს მათ ახმარს. თუ ისე გაუმართლათ, რომ მოქალაქეობაც მიიღეს, იმ სიკეთეებითაც სარგებლობენ, რაც იმ სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი და თავადაც უწევენ სრულფასოვან მოქალაქეობას: იხდიან გადასახადებს და ემსახურებიან. მეორე მხრივ კი, ეს ენერგია აკლდება ჩვენს ქვეყანას. რა ზიანს აყენებს ადამიანს, საზოგადოებასა და ქვეყანას ენერგიის სხვისთვის გაღება და რა გამოუსწორებელ უარყოფით რეალობად შეიძლება, შემოუტრიალდეს სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების მხრიდან ასეთი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება? – ამ თემაზე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
– სხვისი მიზნების მიღწევა რატომ არ უნდა იყოს ადამიანის ინტერესი და, რაც მთავარია, რა უარყოფითი შედეგი აქვს ასეთ დამოკიდებულებას თავად ადამიანისთვის?
– ეს საკითხი სუფთა ფსიქოთერაპიულია. ადამიანმა შეიძლება, განავითაროს მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობები და აქცენტი ამაზეა გასაკეთებელი. მთავარი შეცდომაა, როდესაც დედა თავს ახვევს შვილს თავის არარეალიზებულ განწყობებს და შვილს ამ მხრივ სთხოვს აქტიურობას და ავალებს, გახდეს ფეხბურთელი, მათემატიკოსი თუ მომღერალი, იმიტომ რომ ამ მიმართულებით თავად ვერ რეალიზდა. ადამიანმა აქცენტი უნდა გააკეთოს საკუთარ თავზე და მაშინააა შესაძლებელი, რომ ძალა და მოტივაცია მიღწევებად იქცეს. როგორც არ უნდა მოუწოდოს, ერთ ადამიანს მეორის რეალიზაცია არ შეუძლია: მის მაგივრად ვერ იაზროვნებს, ვერ იმოქმედებს, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. იგივე ითქმის ოჯახზეც: სხვისი ოჯახის ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია, შეიძლება, საკუთარი ოჯახი გახადო ბედნიერი. იგივეა სახელმწიფოს შემთხვევაშიც.
– ჩვენ, ისტორიულად, ხშირად ვიბრძოდით სხვის ომებში, რითაც ირიბად თითქოს საკუთარ მიზნებსაც ვაღწევდით, იგივე გრძელდება დღესაც. ეს ჩვენი ცხოვრების სტილია?
– ჩვენი სახელმწიფოებრიობის პრობლემაშიც ჩანს ეს საკითხი – ხშირად გვერევა. ეს პრობლემა ძალიან აქტუალური იყო საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ და დღესაც დგას პრობლემად: როგორ შევქმნათ ჩვენი ინტერესების გამტარებელი ქვეყანა, რომლის განვითარებისთვის მხოლოდ ეს ქვეყანა და ჩვენ, მისი მოქალაქეები, ვიქნებით მოწადინებულები. მაგრამ გვაქვს შეთანხმების პრობლემა, რის გამოც ასეთი პარადოქსული სიტუაციაა: აქ ცხოვრობს ოჯახის ნაწილი, მეორე ნაწილი მიდის სხვა ქვეყანაში, იმ ქვეყანას ემსახურება, იქ იღებს ხელფასს და აგზავნის ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგად აქვს აღწერილი ეს პრობლემა ლევან კოღუაშვილს თავის დოკუმენტურ დრამაში, როგორ მოხვდნენ ქართველი დედები და ბებიები სხვა რეალობაში, უნდათ, რომ გადაარჩინონ საკუთარი ოჯახები, მაგრამ ამ დროს წარმოიშობა ფსიქოლოგიური პრობლემები: როგორ დაეხმარონ თავიანთი ოჯახის წევრებს, იმსახურებენ თუ არა ის ადამიანები დახმარებას. მთელი კონფლიქტია – შეიძლება, არ ცხოვრობდეთ ერთად, წარმოდგენა არ გქონდეს, ვინ რას აკეთებს და ეხმარებოდე?! ეს, გარკვეულწილად, არსებობის მახინჯი ფორმაა. მეორე მხრივ, არსებობს ემიგრაცია, როდესაც ოჯახი მოიკიდებს თავის ავლადიდებას და მიდის სხვა ქვეყანაში. იქ მათ ახალი ფონი და ახალი ცხოვრება ჰკარნახობს თავის პირობებს და ბუნებრივია, ზოგი კარგავს თავის სამშობლოს, იღებს ახალი სახელმწიფოს მოქალაქეობას, იქ რჩება და კარგავს ფესვებს, მაგრამ სხვაა მახინჯი ფორმა გახლეჩილი ოჯახისა და ამის თანმდევი ტრაგედიები, როდესაც მეუღლეებმა არ იციან, რა ხდება მათ ცხოვრებაში: ქმარი აქ ცოლს თხოულობს თუ ცოლი იქ თხოვდება. ეს გარემო ცვლის ადამიანთა იმ მიზნებს, რომლებიც თავიდან იყო ჩადებული ოჯახის წევრის უცხოეთში წასვლის მოტივაციაში. მაინც იქამდე მივდივართ, რომ ოჯახის გახლეჩვა და იქიდან ფულის გამოგზავნა სრულიად არანორმალურია და ახასიათებს ისეთ საზოგადოებასა და ქვეყანას, რომლებმაც დაკარგეს საფუძველი. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ეს დამახასიათებელია ნგრევის სიტუაციისთვის.
– ჩვენი თანამემამულეები აღზრდიან და უვლიან სხვის შვილებს, ეხმარებიან და ამყარებენ სხვების ოჯახებს, აძლიერებენ სხვა ქვეყანას, სხვა  სახელმწიფოს ახმარენ თავიანთ ენერგიას. თუ აქ არავინ ჩადო თავისი ენერგია, ამ სახელმწიფოს რა ააშენებს?
– ძლიერდება ის სახელმწიფო, რომელსაც მოახმარ ნიჭს, ფიზიკურ ძალას, ენერგიას, ენთუზიაზმს და ამ ყველაფერს კარგავს ის ქვეყანა, საიდანაც წახვედი. ამიტომ აუცილებელია ამ მოცემულობის შეცვლა, მაგრამ როგორ უნდა მოხერხდეს ეს და როგორი ქვეყნები ახერხებენ და როგორი ქვეყნები ვერ ახერხებენ მიზნის შეთანხმებას. ორი პოლუსია: ერთშია ბელადი და უსახო მასა და ასეთი ქვეყნები ვიცით ჩვენ გარშემო – ირანი, ავღანეთი, ნაწილობრივ რუსეთი და ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მეორეა პიროვნებებისგან შემდგარი საზოგადოება და სახელმწიფო, რომელშიც პიროვნებები ახერხებენ ურთიერშეთანხმებას, თუ რის აშენებას აპირებენ, როგორ, როდის და რის ხარჯზე. ასეთია ევროპული ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც შეძლეს კომპრომისი, გაუსწორეს თვალი რეალობას და ისეთი სახელმწიფო ააშენეს, რომელიც მისაღებია მისი თითოეული წევრისთვის და ისინი ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და აღწევენ შედეგს.
ჩვენთან არსებული კრიზისები მიანიშნებს, რომ პირველი ტიპის ქვეყნის ნიშნებიც გვაქვს: ბელადი და უსახური მასა, არ არის პიროვნული შეთანხმებები, ანუ, ფაქტობრივად, ადამიანური საზოგადოება არ გვაქვს. იქ, სადაც პიროვნებების საზოგადოებაა, ადამიანური გამოვლინებებიც არის და შედეგიც. ასეთი ტიპის საზოგადოება ჰუმანურია და მასში ცხოვრება შესაძლებელია. საუბედუროდ, ჩვენ არ წარმოვადგენთ პიროვნებებისგან შემდგარ საზოგადოებას. ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ, იმიტომ რომ გვქონდა მოლოდინი, ასეთად ვიქცეოდით. თუმცა, მეორე მხრივ, დიდია  ლტოლვა და სურვილი ასეთი საზოგადოებისკენ.
– არის ვითომ ასეთი ლტოლვა? ჩვენთან მოქალაქეები უჩივიან, რომ ჩინოვნიკები იპარავენ და სათავისოდ იყენებენ ძალაუფლებას, მაშინ, როდესაც მოქალაქეები ცდილობენ, არ გადაიხადონ გადასახადები. ანუ ერთი იპარავს ას ლარს, მეორე ას მილიონს, საკმარისია, ადგილები გაიცვალოს და ეს მოქალაქე გახდეს ჩინოვნიკი, ის ჩინოვნიკი კი – მოქალაქე, რომ მხოლოდ ნიხრი შეიცვლება. მე დამოკიდებულება მგონია პრობლემა. ჩვენი თანამემამულეები არ არიან მოტივირებული, რომ თავიანთ ქვეყანას მოუარონ, ნაგავი არ დაყარონ, ხეს წყალი დაუსხან, ნერგს მანქანით არ გადაუარონ...
– რაც ჩამოთვალეთ, ეს კულტურული ადამიანის, კულტურული საზოგადოების გამოვლინებაა. ამის საპირისპიროა საზოგადოება, რომელსაც არ გააჩნია არც კულტურა, არც ღირსება. ამის მიღმაა დასანახი, თვითონ ადამიანები როგორ აღიქვამენ ერთმანეთს. აფასებს თუ არა ერთი ადამიანი მეორე ადამიანს?!
– ჩვენს საგზაო მოძრაობას ხომ ეტყობა, რომ ერთმანეთს პატივს არ ვცემთ? მძღოლები თითქმის არასდროს უწევენ ერთმანეთს ანგარიშს.
– ეს ძალიან ზუსტად ავლენს ამ დამოკიდებულებას. რით გამოიხატება, რომ ჩვენ ვართ და გვიხარია, რომ ვართ?! ეს იწყება იმით, რომ ერთი ადამიანი აფასებს მეორის უნიკალობას, ამჩნევს და პატივს მიაგებს. იმას, რაც ჩვენს კულტურაში მიჩნეულია უსახურ ბრბოდ, ვაჟა-ფშაველა აღწერს თემისა და პიროვნების ქცევის მაგალითებზე: პიროვნება მტერშიც კი ხედავს ღირსებას, თემი კი – ვერა.
– თუმცა ყაზბეგთან სხვანაირადაა, ნაწარმოებში „ხევისბერი გოჩას“  თემი, ანუ მასა უსახური არ არის, პირიქით, ონისეს შეწყალებას ითხოვს.
– იქ უღირსი საქციელია და იმიტომ. სადაც ღირსეული საქციელია, იქ თემი ვერ ხედავს. არადა, მნიშვნელოვანია, როგორ აფასებს ადამიანი მისგან განსხვავებულს, რომელიც მას არ ჰგავს, მაგრამ მოსწონს. როდესაც ბაღს ვუყურებთ, იქ განსხვავებული მცენარეების დანახვა თვალს უხარია, წესით, იგივე უნდა იყოს ადამიანებთანაც, თუ ერთმანეთს არ ვგავართ და ერთმანეთის ასლები არ ვართ, უფრო გასახარი უნდა იყოს და დასაფასებელი. რეალურად ასეთი საზოგადოებაა გერმანული, ფრანგული კულტურები, ასეთი ღირსების მქონე პიროვნებების ერთობაა. თითქოს ჩვენც ეს გვინდა, მაგრამ ფაქტობრივად, ძალიან რთულად გამოგვდის. მართლაც დიდი პრობლემაა შეუთანხმებლობა – ტრანსპორტის მოძრაობით დაწყებული. ქართველ საზოგადოებას რაღაც კულტურა გვაქვს ოჯახში, მაგრამ სოციალურ გარემოში – არა.
– მე მაქვს ამის ჩემეული ახსნა: ასეთი ადამიანებისთვის საგზაო მოძრაობისას თავის გამოჩენა არის ერთადერთი სარბიელი და იქ იწონებენ თავს იმით, რომ სხვას აჯობებენ და გზას არ დაუთმობენ.
– შეიძლება, მაგრამ ეს არის თავის წარმოჩენა, როგორც მასის წევრის და არა, როგორც პიროვნების. ჩვენი საზოგადოება არა მარტო ტრანსპორტში ვერ შეთანხმებულა, არამედ ისეთ რთულ საკითხებშიც კი, როგორიცაა ქალაქის დაგეგმვა, როგორი კანონები უნდა გვქონდეს, როგორი განათლების სისტემა. ეს ყველაფერი არის ერთობლივი შემოქმედება. საზოგადოება, რომელიც ამ საკითხებზე თანხმდება, ვითარდება და ნაყოფს იძლევა. აი, ამის დეფიციტია ჩვენს დღევანდელ რეალობაში.
– იმიტომაც ხომ არა, რომ ჩვენს ენერგიას ვფლანგავთ, სხვებს ვახმართ და საკუთარ მიზნებს ვერ ვაღწევთ?
– ამის მოუგვარებლობა იწვევს ოჯახების გახლეჩვას, რომ ადამიანები წავიდნენ სხვაგან, ორგანიზებულ გარემოში და იმ გარემოდან მიაწოდონ მატერიალური რესურსი თავიანთი ოჯახის წევრებს, რომ მათ აქ შეძლონ გადარჩენა. ჩვენ გვჭირდება, რომ სადაც ვხოვრობთ, იქ მოვიხმაროთ ჩვენი ნიჭი და ენერგია და შედეგად შეიცვალოს საქართველო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რესურსს მოიხმარს ის სხვა ქვეყანა და შეიძლება, წაიყვანოს დარჩენილებიც. ასეც იქცევა ესპანეთი, ბევრი ქართველი მოხვდა იქ და ესპანელებიც ეგუებიან, მათთვის მისაღებია ჩვენნაირი კულტურის ხალხი. მით უმეტეს, როდესაც უდარებენ სხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლებს და ამ შედარებისას უპირატესობა ქართულ ემიგრაციას ენიჭება.
– უხეშად და პირდაპირ რომ ვთქვათ, მოსამსახურე ქართველი ჯობნის სხვა ეროვნებების მოსამსახურეებს.
– მით უმეტეს, თუ ეს ქართველი ქმნის მუსიკას ყანჩელივით, იღებს ფილმებს იოსელიანივით, ეს მათი კულტურის ნაწილი ხდება და ისიც ხომ აშკარაა, რომ ქართველი ხელოვანები, მეცნიერები, სპორტსმენები სხვა ქვეყნების სახელით გამოდიან. ამით ზარალდება ქართული კულტურა და სახელმწიფო. ასე რომ, ჩემი აზრით, ძალიან რთულ ეტაპზე ვართ და გვაქვს მნიშვნელოვანი ამოცანა: როგორმე მოვახერხოთ თანამშრომლობა და პიროვნული და არა ბელადისა და მასის ურთიერთობების აგება.

скачать dle 11.3