№43 მამადავიწყებულთა სასულიერო ვნებანი
ანუ ცხელი თავების გასაჭირი
მართლმადიდებელ სამყაროში დიდი არეულობაა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას აპირებს, ხოლო, რაკი უკრაინის ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ემორჩილება (ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო), რუსეთის პატრიარქმა ბრძანა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს (ანუ საქმე ორ ეკლესიას შორის ევქარისტული კავშირის გაწყვეტამდეც მიდის). ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი (რომელიც, ჩვეულებისამებრ, ერჩის ქართულ მართლმადიდებლობას, მაგრამ ეფოფინება უკრაინულ მართლმადიდებლობას) ისეთი რიხით მოითხოვს, რომ საქართველოს ეკლესიამ უპირობოდ დაიჭიროს უკრაინის ეკლესიის მხარე და ყელში სწვდეს რუსეთის პატრიარქს და, საერთოდაც, ანათემას გადასცეს, თითქოს, სულაც, არც იყოს გასათვალისწინებელი ის, რომ მოსკოვისა და კოსნტანტინოპოლის ამ დავაში ყველაზე სუსტი რგოლი სწორედ საქართველოს ეკლესიაა: მოგეხსენებათ, რუსეთის ეკლესია (ისევე, როგორც ყველა დანარჩენი) აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციად აღიარებს, თუმცა, ამის პარალელურად, აფხაზეთშიც და ცხინვალშიც ცდილობს თავისი გავლენების გაძლიერებას, ისევე, როგორც მსოფლიო პატრიარქი (აფხაზეთში მოქმედი დოროთე დბარის სასულიერო დაჯგუფება ძალისხმევას არ იშურებს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, თუ მათ ავტოკეფალიას არ აღიარებს, თავად დაიქვემდებაროს აფხაზეთის ეპარქია). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებაში ჩვენს სეპარატისტულ ეპარქიებს ან მგელი შეგვიჭამს, ან მგლისფერი ტურა.
შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოც ფრთხილობს (ბუნებრივია) და ზომიერ განცხადებებს აკეთებს (რომ არც ერთმა რელიგიურმა ცენტრმა არ დაიხვიოს ხელზე), ამიტომაც განმარატავს: 1) თუ ვის მხარეს დაიჭერს საქართველო, ამ საკითხში გადამწყვეტი არ უნდა იყოს რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ფაქტორი; 2) კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის დავა კანონიკური სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს; 3) ვიდრე ყველა არგუმენტს საფუძვლიანად არ შეისწავლის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პოზიციის გამოხატვისგან თავს შეიკავებს; 4) ქართული მხარე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების გამოთქმას დაელოდება.
საქართველოს ეკლესიის არგუმენტები, ბრმისთვისაც ნათელი უნდა იყოს, რომ ლოგიკურია და პოზიციაც ოპტიმალური, ოღონდ ჩვენი საზოგადოების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ უპირველესი ცხელი თავით მოქმედებაა; ხოლო, თუ ამას დავამატებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებლობაზე მშფოთვარენი კვლავაც ლანძღავენ ქართულ მართლმადიდებლობას, იბადება კითხვა: რატომ გახდა აქტუალური ქართულ სინამდვილეში მამადავიწყებულობის ფაქტორი?!