კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ არის რთული ნატალია ქუთათელაძისთვის ნანი ბრეგვაძის შვილიშვილობა და რის გამო უწევს მას მეუღლესთან განშორებები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ნატალია ქუთათელაძე ბებიის – ნანი ბრეგვაძისა და დედის – ეკა მამალაძის კვალს გაჰყვა. სცენაზე დგას, თუმცა, მათგან განსხვავებით, ესტრადას ოპერა არჩია და უცხოეთში, საკმაოდ წარმატებული კარიერა შეიქმნა. მაგისტრატურა ამერიკაში, ჯულიარდის ცნობილ სამუსიკო სასწავლებელში გაიარა და ახლა ის გერმანიაში, მიუნხენში, ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს, სადაც ერთწლიანი კონტრაქტი აქვს და ამბობს, რომ აქ მოხვედრა, მისთვის წარმოუდგენელი, თუმცა, სასიხარულო ფაქტია.
ნატალია ქუთათელაძე: ნიუ-იორკში, ჯულიარდის მუსიკალურ სასწავლებელში მაგისტრატურის კურსი მაისში დავამთავრე. დიპლომი რომ ავიღე, არანაირი გეგმა არ მქონდა. ჩემმა ამერიკელმა პედაგოგმა მიუნხენში, ბავარიის ოპერაში გამიკეთა მოსმენა. რამდენიმე დღეში მითხრეს, რომ ამიყვანეს და აქ გადმოვედი საცხოვრებლად. ამ გარემოში მოხვედრა ძალიან სასიამოვნო და საუკეთესო დასაწყისია დამწყები ოპერის მომღერლისთვის და მე გამიმართლა.
– ერთხელ თქვი, სულ ვამბობდი, საქართველოს არაფერი ეშველება და უცხოეთში ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ ყველაზე ნიჭიერი, განსაკუთრებული და დიდი პოტენციალის ხალხი ვართ, უფრო კარგად დავინახე ჩემი ქვეყანაო. უცხოეთში ჩასულმა, რა გადააფასე?
– დიახ, ასეა. ქართველები, მართლაც უნიკალური პოტენციითა და ნიჭიერებით გამორჩეული ხალხი ვართ. დღითი დღე ვრწმუნდები, რომ მართლაც ფანტასტიკური ქვეყანა გვაქვს, იმხელა შესაძლებლობებია ყველა მხრივ, რომ ორმაგად მწყება გული. სრულიად შესაძლებელია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაგარი ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ, ამას ბევრი შრომა სჭირდება. არ მომწონს, ყველაფერს მთავრობას რომ აბრალებენ. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან: გერმანიაში ადამიანები თავის ქალაქზე, სადარბაზოზე თუ კიბეზე, თავად ზრუნავენ, გვიან, ასუფთავებენ. ამას ცოდნა ხომ არ სჭირდება? უბრალოდ, კულტურის ნიშანია. ადამიანებში უნდა იყოს ეს შეგნება და კულტურა და არ უნდა ველოდოთ, როდის მოვა ქვეყანაში ჯადოქარი და ყველას გახდის მილიონერს, დაალაგებს და მოაწესრიგებს...
– თქვი, ამერიკას ევროპას ვერც შევადარებო, რატომ?
– ამერიკასა და გერმანიას შორის, სადაც ვცხოვრობდი და ახლა სადაც ვცხოვრობ, საოცარი კონტრასტია, აბსოლუტურად სხვა გარემო, სხვა ტემპია. გერმანია, ორგანიზებული, მოწესრიგებული და „მკაცრი“ ქვეყანაა, მაგრამ ამერიკასთან შედარებით, უფრო მოდუნებული და ჰუმანური.
– ეს მკაცრი ჩარჩოები როგორ მოირგე?
– თეატრის ხელმძღვანელმაც კი მითხრა, ალბათ, ჯულიარდის მერე, აქ არ გაგიჭირდებაო (იცინის). ზოგადად, ამერიკიდან აქ ჩამოსულები, გერმანიის ტემპს რთულად ეგუებიან, თუმცა, თუ მოერგე, მერე, აღარ გიჭირს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
– გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ?
– მარტო ვცხოვრობ. ხშირად, ჩემი ქმარი ჩამოდის, ნანი და ეკაც ჩამოდიან. ასე რომ, ჩემი ოჯახის წევრები ხშირად მსტუმრობენ.
– პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობ. თუმცა, უნდა გკითხო: ქმარი როგორ ეგუება შენგან სიშორეს და რამდენად გიწყობს ხელს კარიერული თვალსაზრისით?
– სულ ვამბობ, როგორც კარიერაში, ისე პირადშიც ძალიან გამიმართლა. ძალიან ბედნიერი ვარ. ქმარი ყველაფერში ხელს მიწყობს და ცდილობს, სტიმული უფრო მომიმატოს, რომ მეტი ვიშრომო და მიზნის მისაღწევად ვიყო ორიენტირებული. არჩილი ამერიკაშიც ხშირად ჩამოდიოდა. მაქსიმალურად ცდილობს, გვერდით მედგეს როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ის მთავარი მასტიმულირებელი ძალაა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ბევრს ვწვალობ. მიმაჩნია, რომ დიდი შრომა და გაძლება მჭირდება. ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და ფაქტობრივად, ჩემი ქმარი სულ გზაშია.
– თქვი, ბევრს ვშრომობო. ნოსტალგიისთვის თუ გრჩება დრო?
– საქართველოში ყველა და ყველაფერი მენატრება – მეგობრები, ახლობლები, ის დაბინძურებული ჰაერიც კი... ეს ყველაფერი ჩემია. საქართველოდან უცხოეთში წასულს ისეთი პატრიოტული ნოსტალგიები დამეწყო, ვერც კი წარმომედგინა. სულ თბილისის ფოტოებს ვათვალიერებ და ჩემს ქალაქზე სოციალურ ქსელში ვიდეოებს ვუყურებ. ბებიისა და დედის გარეშეც მიჭირს, იმდენად ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან. თუმცა, სულ ხაზზე ვართ და ვსაუბრობთ.
– ამბობენ, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილობა ძალიან რთულია – სულ უნდა, რომ მისი ოჯახის წევრებმაც მასავით გადაპრანჭულებმა იარონ და ამის გამო, ბევრ შენიშვნებს აძლევსო. ასეა?
– ნანის შვილიშვილობა რთულია, მაგრამ სასიამოვნო. ყველაფერში, შენიშვნას იძლევა (იცინის). მას უნდა, რომ სულ და ყოველთვის მოწესრიგებული ვიყო.
– მისგან, გარდა სასიმღერო ნიჭისა, გენეტიკურად რა დაგყვა?
– სიჯიუტე (იცინის). სხვათა შორის, იმდენად ვგავარ მამის მხარეს, უკვე დავიბენი, დედის გენეტიკა უფრო მძლავრობს ჩემში თუ მამის. ბაბუაც, ვახტანგ ქუთათელაძე, კარგად მღეროდა და მგონია, ბაბუა-ბებიის გენეტიკა, იქიდანაც და აქედანაც, ერთობლივად ზის ჩემში. წარმოშობით იმერელი ვარ და ამ კუთხის ქალების დამახასიათებელი სიამაყე და თავმოყვარეობაც მახასიათებს.
– ასეთი ფიზიკური მონაცემები, დიეტების ბრალია თუ ამაშიც გენეტიკა გშველის?
– ამ მხრივ, ნანისა და ეკას გენეტიკას, ჩემთან ახლოსაც არ ჩაუვლია (იცინის). უბრალოდ, ძალიან ვცდილობ ფორმაში ვიყო. ამერიკაში ჩასულს ისეთი სტრესი მქონდა, წონაში კლება ამან გამოიწვია. არ ვვარჯიშობ და ვერც მოწესრიგებული კვებით ვცხოვრობ. არ შემიძლია შიმშილი. მირჩევნია, ცხოვრებით დავტკბე. ისეთი დაკავებული და სტრესული სამუშაო გრაფიკი მაქვს, შიმშილით ორგანიზმს ვეღარ დავტანჯავ. ზოგადად, არ მიყვარს გეგმების დაწყობა, საშინლად არაპროგნოზირებადი ადამიანი ვარ. რაც დავგეგმე, სულ სხვანაირად წამივიდა საქმე. ამიტომ გადავწყვიტე, არაფერი დავგეგმო და მივყვე ცხოვრებას იმ მიმართულებით, როგორც მას მივყავარ, რასაკვირველია, ცოტა ჩემი დახმარებით. მაგალითად, ადრე ვამბობდი, ამერიკაში უნდა გავაგრძელო კარიერა-მეთქი და ახლა გერმანიაში ვარ.
– ძირითადად, ვინც ოპერის განხრით მიდის, კარიერას ან იტალიაში აგრძელებს, ან ავსტრიაში. ამ ქვეყნებთან შენ რატომ არ მოინდომე პროფესიონალური ურთიერთობა?
– იტალიაც და ავსტრიაც გადასარევია, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს, ამ ეტაპზე  ჩემი კარიერისთვის, საუკეთესო ქვეყანა ავარჩიე. ერთი თვეა აქ ვარ და გარემოს ვეგუები. თუმცა, მიუნხენში, როგორც სახლში, ისე ვარ. კომფორტულად და თბილად ვგრძნობ თავს. ძალიან საინტერესო პროექტში, ორ სპექტაკლში ვიღებ მონაწილეობას და ერთი წლის გრაფიკი უკვე გაწერილია. ბალეტი „ანა კარენინა“ დაიდგა. ამ ნაწარმოებთან ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. მთელი ბავშვობა ბალერინობაზე ვოცნებობდი, ხუთი წელი ვიარე, მაგრამ ვერ დადგა ჩემგან ბალერინა და ამ ჯადოსნურ სამყაროში ფეხი ვერ შევდგი. ეს ბავშვობის ოცნება გერმანიაში ამიხდა და დღეს, ბალერინების გვერდით, ამ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი და სულ გავგიჟდი (იცინის). თან, რახმანინოვის სამ რომანსს ვმღერი, სადაც საქართველოა ნახსენები.  ამას დამატებული ის, რომ ბოლო ორი ცეკვა იოსებ ვარდანაშვილისა და სულხან ცინცაძის მუსიკაზეა დადგმული. ეს ჩემთვის სამმაგი ფოიერვერკია და მეც რომ ვიღებ მონაწილეობას, ძალიან ბედნიერი ვარ.
скачать dle 11.3