კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ეკა ჩხეიძე: ოჯახი აღარ მაქვს, რვა წელია ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ოღონდ დაშორებულები არ ვართ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ეკა.
გვარი: ჩხეიძე.
პროფესია: მსახიობი.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– ვნება ძალიან ძლიერი გრძნობაა. სიყვარულზე ძლიერიც შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო მოკლევადიანია. ეს არის ლტოლვა ადამიანის, რომელსაც ამოძრავებს ჰორმონები. სიყვარული გაცილებით უფრო ღრმაა. სიყვარულის თავიდან ამოგდება ძნელია, ის ჰორმონები, ვნება ჩაცხრება, თუ იქ სიყვარული არ არის, იმის ჩანაცვლება მარტივად მოხდება. ჩემი სიყვარულის ჩანაცვლება არ ხდება, იმიტომ რომ ტვინში მაქვს. შეიძლება, ვნება აღარ მაქვს, მაგრამ სიყვარული მაქვს. სიყვარული გაცილებით რთული, ძლიერი გრძნობაა.
– სიყვარული და ვნება ერთმანეთში აგრევიათ?
– არა, იმიტომ რომ, როცა იცი, ადამიანი იმის იქით აღარ გინდა, ვნებაა. ეს არ არის სამარცხვინო, ეს ბუნებრივია, ტრაგედია იქნებოდა, რომ არ იყოს. მერე ხვდები, რომ ერთ კვირაში სხვას, უკეთესს რომ შეხვდე, დაგავიწყდება. სიყვარულში ეს არ მოგივა. შეიძლება, ფიზიკურად გადაერთო, მაგრამ ის გონებაშია და ვერ დაივიწყებ.
– რას ნანობთ?
– ვნანობ, ნათქვამ სიტყვას, რომელიც არაერთხელ მითქვამს და არასწორად იქნა გაგებული და ამის გამო ურთიერთობაში რაღაც გამიფუჭებია, ვიღაცისთვის გული მიტკენია. მე ამ ჩემი სიმართლით ცოტა ტვინი წავუღე ყველას, იმიტომ რომ პირდაპირ სიმართლის მოსმენა არავის უყვარს. ამ ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებ ყოველთვის. ჭკუა ვერ ვისწავლე, არც ასაკმა მასწავლა და არც გამოცდილებამ. ხშირად მეც არასწორად ვიქცევი. ძალიან პირდაპირი და უხეში ვარ. ამ ბოლო დროს, თუ ვიცი, რომ სიმართლე არ უნდა ვთქვა, ვჩუმდები და გამოდის, რომ ძალიან ხშირად ვარ ჩუმად.
– ინტუიციას ენდობით?
– ინტუიცია არასდროს მღალატობს. მაგალითად, ჩემმა ქმარმა ჩემი შვილი და მისი მეგობრები ჩაისვა მანქანაში და ქალაქგარეთ მიდიოდნენ. მარტო მიგყავს ეს ოთხი ბიჭი-მეთქი? კიო, რამე არ დაგჭირდეს, მანქანას რამე არ მოუვიდეს, საბურავი არ დაგეშვას-მეთქი. მოვიდა გიჟივით, საბურავიც დამეშვა და ყველაფერი გაუფუჭდა, რატომ მითხარიო. რა ვიცი, ასე ვიფიქრე-მეთქი. გამიფიქრებია, რომ ამ ადამიანთან არ ამეწყობა ურთიერთობა, ეს სპექტაკლი არ გამოვა... და ასე ხდება.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– პატიება ყველაფრის შეიძლება. სამწუხაროდ, დავიწყებით, არ მავიწყდება.
– რისი ფობია გაქვთ?
– ვირთხების. ადამიანი-ვირთხების უფრო მეშინია
– ვის იზიდავთ?
– მანიაკებს, ეჭვიანებს, შურიანებს.
– ოჯახი თქვენთვის არის...
– ოჯახი აღარ მაქვს. რვა წელია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, სხვადასხვა სახლში, ევროპულად. ოღონდ დაშორებული არ ვართ. არც გვიჩხუბია, არც  მიზეზი
გვაქვს მაგის, არც მესამე პირი ჩარეულა და ვინმეს გამო არ მომხდარა. ასე გადავწყვიტეთ, რადგან იმდენად კარგად იყო ყველაფერი აწყობილი, დავარცხნილი, ეტყობა, ცოტა „დრაივი“ გვჭირდებოდა, ცხოვრების გაფერადება, გადახალისება. თავისუფლება მივანიჭეთ ერთმანეთს, მაგრამ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ახლო მეგობრები ვართ და დღემდე სხვა ასეთი დიდი სიყვარული არცერთს არ გვწვევია. მივხვდით, რომ ეს ყოველდღიურში გადავიდა, რუტინულში, უინტერესოში და ვთქვით, იქნებ ცოტა ხანს დავშორდეთ და მერე თავიდან დავიწყოთ, იქნებ მონატრებამ რაღაც ახალი მოიტანოსო, მაგრამ ეს დაშორება ორივეს მოგვეწონა და გაგრძელდა, თუმცა ეს არაფრით არ დატყობია ჩვენს ოჯახს, ჩვენს ურთიერთობას, მით უმეტეს ბავშვებს – არაჩვეულებრივი მამაა. დღემდე არავინ მირჩევნია მას და თვითონაც იგივე სჭირს. მივხვდი, რომ გავცივდი, აღარ მაქვს ლტოლვა. ერთმანეთთან ისე ვართ, რომ გაგიჟებულია ყველა, ამ დროს ცალ-ცალკე გვძინავს. ამ ზაფხულსაც დასასვენებლად ერთად ვიყავით, ოჯახით, შვილებით... ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრია. ოცი წელი ვიყავით ერთად და მე მგონი ძალიან დიდი დროა. მივხვდი, რომ ეს სიყვარული  და პატივისცემა უნდა შევინარჩუნოთ, დავიშალეთ და გადავხალისდით. პატივისცემა და სიყვარული არ დავკარგეთ.
– როგორი ცოლი იყავით?
– ვერ ვარ ცოლი, იმიტომ რომ თვითონ მიმაჩვია ასე. თავიდანვე რომ ეთხოვა, ისწავლე საჭმლის გაკეთებაო, შეიძლება, მესწავლა. სახლის დალაგება მიყვარს და მე თვითონ ვალაგებ, არაფრის გაკეთება არ მეზარება. რაც არ მიყვარს, ვამბობ და არც არავის დაუძალებია. ბავშვობიდან დედა და ბებია რომ გამომაგდებდნენ სამზარეულოდან, წადი, წადი, შენ არ იციო, არც ვისწავლე.
– შეიძლება, რომ ისევ ერთად იყოთ?
– ვერც წარმომიდგენია, იმიტომ რომ უკვე მეგობრები ვართ, შევეჩვიეთ ცალ-ცალკე ყოფნას. გაუთავებლად ერთად არასდროს ვყოფილვართ. დიდ დროს ვატარებდით ჩვენს საქმეში. საღამოს ჩუსტებში, ტელევიზორთან ქმარი საერთოდ არ მინახავს. შეიძლება, ეს მობეზრებაც არ დადგა. ყოველთვის თავისუფლად ვცხოვრობდით. ვთქვათ, ოფისში დარჩა შუაღამემდე სამუშაოდ, არასდროს მითქვამს, რა გვიან მოდიხარ. ვიცი, რომ საქმე აქვს და იღლება. ბევრი თავისუფალი სივრცე გვქონდა, როდესაც თავისუფალ სივრცეს შენი პარტნიორი არ გიზღუდავს, არ გაქვს ის კომპლექსი, რომ ვიღაც გბოჭავს. ცოლქმრობა არ იყო ჩემთვის ბორკილი და დადექი, სადილი გააკეთე. არ არის სადილი, ნუ არის, წავალთ, შევჭამთ კაფეში. „გრუზინული“ კომპლექსი, რომ ცოლმა საჭმელი უნდა გააკეთოს და სახლში იყოს, არასდროს არ ჰქონია. ამიტომ გავძელი ამდენ ხანს, ამიტომ ვცემდი პატივს. მე მისთვის ვიყავი საყვარელი ქალი, შვილების დედა და არა, მონა და მოსამსახურე.
– მეორედ  გათხოვდებით?
– ურთიერთობა შეიძლება გქონდეს, მეორედ შეიძლება გათხოვდე, მაგრამ მეორედ რომ გავთხოვდე, მე იმის თავს არავინ არ მირჩევნია და როგორ? მისი თვისებები ჩემთვის იმდენად მისაღებია, იმდენად მომწონს მისი საქციელები, ჩემდა უნებურად, სულ შედარებებს ვახდენ და ეს უკვე ხელს მიშლის – ასე რომ, ვერ იქცევა, ასე რომ ვერ აკეთებს, ის ამ შემთხვევაში, ასე იზამდა... ვცდილობ, რომ არ ვთქვა, მაგრამ ძირითადად, ჩემს ყველა თაყვანისმცემელთან ვლაპარაკობ, რა კარგი ქმარი მყავს და მეუბნებიან, თავი დაგვანებე, ნუ შეგვჭამე ამ შენი ქმრითო. ეს იმიტომ, რომ სამაგალითო მყავს. არც მიფიქრია მეორედ გათხოვება, აზრადაც არ მომსვლია.
– დაოჯახება გინანიათ?
– შემთხვევით გავთხოვდი, თორემ მე რომ დავმჯდარიყავი და ამაზე მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი. ტრადიცია მგონია, რომ მაინცდამაინც უნდა გათხოვდე, შვილი გააჩინო, ეს მარწუხებია. შვილი ვისთანაც გინდა, გააჩინე, თუ კარგი ადამიანია, ის კარგი მამაც იქნება. მაინცდამაინც იმასთან დაიძინო, გაიღვიძო, დანახვა რომ აღარ შეგიძლია, რა სავალდებულოა. შეყვარებულობის პერიოდი კარგია, მერე იწყება კონფლიქტი და არეულობა, ამას ეს დისტანცია არ ჯობია? მომბაძეთ, უკონფლიქტოდ ვცხოვრობ აქამდე. სანამ დავქორწინდებოდი, პირველ კურსზე მყავდა შეყვარებული, რომელმაც ცოლობა მთხოვა და ეგრევე დავიმალე. მერე სხვამ მთხოვა ცოლობა და იმასაც ვუთხარი, არ შემიძლია-მეთქი. ცოლობა ჩემთვის მარწუხებთან ასოცირდება, მგონია, რომ მორჩა, სიცოცხლე დამთავრდა. მერე ისეთ მსუბუქ ადამიანს შევხვდი, სიტყვა ცოლი, ქმარი თვითონაც არ უყვარდა. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით. მერე ცუდად ვიყავი, რეანიმაციაში ვიწექი და ამ ყოველდღიური მოკითხვებით, მოსვლით, ყვავილების მოტანით და ყურადღებით დანაშაულის შეგრძნება გამიჩნდა და რომ მითხრა ცოლად გამომყევიო, გავყევი.
– გშორდებოდნენ თუ შორდებოდით?
– ყოველთვის ჩემი ბრალია, ასეთ ქმართან რომ არ ვცხოვრობ, ესეც ჩემი ბრალია. მე მოვაკელი სითბო, ყურადღება და სიყვარული. ჩემში მოხდა რაღაც, ამის პროვოცირება მე მოვახდინე და მერე ერთად მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, გაგვეწელა და ახლა ერთმანეთს არცერთი არ ვახევთ კალთებს.
– რომელ პერსონაჟს ამსგავსებთ საკუთარ თავს?
– არავისთან ცხოვრება რომ აღარ მინდა და ყველაფერს რომ თავისფულება მირჩევნია, ასეთი პერსონაჟი არის სპექტაკლში, რომელშიც მე ვთამაშობ „პეიზაჟს აკლია სითბო“, ეს არის ქალის ცხოვრებაზე, ხელოვანი, ლაღი, თავისუფალი ქალია. არავინ უნდა, არ სჭირდება ბორკილები, ტრადიციებიდან გამომდინარე შეზღუდვები. ბოლოს ირჩევს მარტოობას – ადამიანს, რომელსაც უყვარს და ეუბნება, ერთად ვიცხოვრთო, პასუხობს: არა გულში სიცარიელე მაქვს, წადიო. ალბათ, მეც ასე ვიქნები ცხოვრების ბოლომდე, მარტო.

скачать dle 11.3