№42 ვინ დააბა საწოლზე ტრუსებიანი ნოდიკო ტატიშვილი და ვისგან მიუღია მას მორალური ზიანი
ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი თავისი კარიერის ყველა საფეხურზე აქტიურად მუშაობს და მსმენელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. ამ ეტაპზე ის ორ ახალ სიმღერაზე მუშაობს. თბილისობის დღესასწაულზე ნოდიკო მაყურებელმა რიყის პარკში, მიუზიკლ „თბილისურ ვოდევილში“ იხილა და კიდევ ერთხელ არაერთი დადებითი შეფასება და ოვაციები დაიმსახურა.
ნოდიკო ტატიშვილი: ღმერთმა დამიფაროს, რომ როდესმე გავჩერდე. ზოგადად, როცა გინდა, რაღაც გააკეთო, იმას აუცილებლად აკეთებ. თუმცა მე „გრემიც“ მინდა, მაგრამ ჯერ არ მაქვს... მაგრამ მექნება. მთავარია, გჯეროდეს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ გაჩერდები. ღმერთი სულ მაჩვენებს გზას, ან ხელს მკრავს: მიდი, მიდიო. რა თქმა უნდა, მქონია შემთხვევა, როდესაც ვერ მივხვდარვარ, რომელია სწორი გზა, ეს უფრო პირად ცხოვრებას ეხება. როცა პრობლემებს ვეჯახები, სხარტად ვიცი ხოლმე გადაწყვეტილების მიღება, გამოსავლის პოვნა. მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილვარ და მითქვამს: ახლა, რა ვქნა... გამოსავალს რომ ვერ ხედავ ან ორი გამოსავალია და არ იცი, რომელია სწორი.
– შენთვის მოუყენებიათ ზიანი?
– როგორ არა, ჩემთვის მოუყენებიათ მორალური ზიანი. ჩვენს სფეროში ეს საერთოდ არ მაღელვებს, ადრე უფრო ვნერვიულობდი, როცა ვარდისფერი სათვალე მეკეთა. მიხაროდა, ხალხი ღიმილით რომ ხვდებოდა ერთმანეთს და მერე, რომ ვიგებდი ამ ღიმილის მიღმა რა იმალებოდა, ეს შოკში მაგდებდა. ახლა ზუსტად ვიცი, ვინ როგორ მხვდება, უკვე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული, უფრო სწორედ ამას გამოცდილება ჰქვია. იმდენად დაკავებული ვარ, შემოქმედებითად იმდენად საინტერესო ცხოვრება მაქვს, რომ სისულელეებზე ყურადღებას აღარ ვამახვილებ.
– როგორ იქცევი მაშინ, როდესაც ვინმე მორალურ ზიანს გაყენებს?
– მე ხომ „მორიელი“ ვარ. თან, ერთ-ერთი ყველაზე ჩმორი „მორიელი“ ვარ, საკუთარ თავთან რომ განიცდის ყველაფერს, საკუთარ თავს რომ ჭამს. ბევრჯერ მქონია შანსი, რომ ადამიანისთვის სამაგიერო გადამეხადა ან სილა შემომერტყა, მაგრამ არ გამიკეთებია. თუმცა არის რაღაცები, რაც არ მავიწყდება. რამდენიმე ადამიანმა, ვინც ცუდად მახსენდება, თავისი მიიღო, მე არ გადამიხდია სამაგიერო. თუმცა ყველაფერს ზღვარი აქვს და როცა ზედმეტი მოსდით, შენც ზომებს იღებ. მეც ერთ-ორჯერ სათანადო პასუხი გამიცია, თან, ისე, რომ მთელი ცხოვრება მორიელის შხამივით დაღად დარჩებათ.
– რას ნანობ ყველაზე მეტად?
– რაღაცებს ვნანობ. თავიც დამიკარგავს, ვნებებსაც ავყოლივარ. რამდენჯერაც მეგონა, რომ კარგი იყო თავის დაკარგვა, მერე მივხვდი, რომ ცოტა შორს უნდა გაიხედო. ეგრევე გადაირიო, თვალები დაგებინდოს, უსაქციელო გახდე, თურმე, არ ყოფილა კარგი. ნოდიკო უსაქციელოა, ადეკვატურობას რომ კარგავს. ეს უფრო ადრე ხდებოდა. ბოლო პერიოდში აღარ დამიკარგავს თავი, არადა, მინდა, რაღაც იყოს და თავი დავკარგო.
– რისგან მიიღე ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება?
– პრობლემებისგან, რომელთაც ძალიან პატარა ასაკში გადავაწყდი. პრობლემები ოჯახთან მიმართებაში. იმ პერიოდში რომ ყველას გვიჭირდა, ამაზე აღარ ვსაუბრობ. თავიდან ხომ ყველას მომენტალურად გაუჭირდა და ჩვენ – ცოტა მოგვიანებით, სწორედ მაშინ, როდესაც მე ბევრი რამ მჭირდებოდა. საუბარი კი არ იყო იმაზე, რომ ახალი შარვალი გვჭირდებოდა – დაიხეოდა, დედა დამიკერებდა და თუ ვინმე უბეში არ შემხედავდა, ვერც მიხვდებოდა გაკერილი იყო თუ არა. საჭმელზე იყო საუბარი. დედა მაშინ პედაგოგი იყო, მამას სამსახური აღარ ჰქონდა, მეც რაღაცებს ვხლაფორთობდი. ამ დროს ყველაზე მეტად ის მანადგურებდა, რომ მინდოდა, დიდ სცენაზე მემღერა და ვერ ვმღეროდი. ეს ძალიან მრთგუნავდა. მაგრამ, რასაც მეტად მოითმენ, უფრო მეტად მიხვალ მიზნამდე. ბევრჯერ მომითმენია და არცერთხელ არ წამიგია. თუმცა, რაც უფრო მეტად ვიზრდები, უფრო მეტად მიჭირს მოთმენა. მახსოვს, დედაჩემი ნელ-ნელა როგორ ყიდდა თავის ოქროულობას. ძალიან ცუდად მახსოვს, როდესაც დედამ მასიური ოქროს ჯაჭვი, რომელიც მის წინაპრებს ეკუთვნოდა, ჩააბარა. მახსოვს, როგორ ტიროდა ჩუმად. ვამბობდი ხოლმე: დიდი რომ გავიზრდები, ასეთს აუცილებლად ვუყიდი-მეთქი. ვცდილობ საყოველთაო გაჭირვების დროს რაც დააკლდა, შევუვსო.
– მიუზიკლ „თბილისურ ვოდევილზე“ მინდა, გკითხო, სადაც ერთ-ერთ სცენაში ტრუსებით დარჩი.
– ეს რამდენიმე პიესის ერთობლიობა იყო, მუსიკა – რუსა მორჩილაძის, ხოლო რეჟისურა – დოის. დოიმ ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო როლი მომცა.
მითხრა, სცენაზე საცვლით დარჩენა მოგიწევსო. ეს ტრუსი ამერიკიდან მქონდა ჩამოტანილი. აღმოჩნდა, რომ ტყუილად არ მიყიდია. უხერხულობა არ მიგრძნია. არაფერი ისეთი არ ყოფილა, თან სასწაული რეაქციები მოჰყვა, როდესაც მაგიდის უკნიდან საცვლებით გამოვედი. თიკა ფაცაცია სულ მიყვარდა და ახლა უფრო მეტად შემიყვარდა. პარტნიორიც ისეთი უნდა გყავდეს, რომ არ დაგაკომპლექსოს. ერთმანეთს კარგად ავუბით მხარი. სახლში რომ ვთქვი: საცვლები უნდა მოვძებნო, სცენაზე მის ამარა ვრჩები-მეთქი, დედაჩემი უცებ შეწუხდა – ვაიმე, ჩემი სიკვდილიო... მეორე სასაცილო თემა საწოლზე ჩემი დაბმა იყო. ამაზე იმდენი ვიცინეთ... თიკა ისე შედიოდა ხოლმე როლში, რომ ძლივს ვახერხებდი სახის დალაგებას.
– რეალურ ცხოვრებაში ქმრიან ქალთან ურთიერთობა გამორიცხულია?
– ეს ჩემი მისწრაფება და მიზანი არასდროს ყოფილა. არც მაქვს არანაირი მიზანი, რადგან ძალიან ცუდი რაღაცაა. მაგრამ, რაც წლები მემატება, ვხვდები რომ აბსოლუტურად სწორია გამოთქმა: არასდროს თქვა არასდროსო, რადგან არაფერია გამორიცხული. კაცმა არ იცის, რა მოხდება. ამიტომაც არის ცხოვრება ასეთი საინტერესო.
– ამ კუთხით ხშირად ვარდები უხერხულ სიტუაციებში?
– ადრე სასწაულები ხდებოდა ხოლმე. მომეწონებოდა გოგო და მეორე ნახვაზე ვეუბნებოდი: მგონი, მიყვარხარ-მეთქი. ერთ თვეში ვხვდებოდი: არა, რა მიყვარს ან სხვა მომეწონებოდა. მერე დასტრესილი ვიყავი და იმის გამო, რომ ეს სისულელე მქონდა ნათქვამი, საკუთარ თავს ვაბიჯებდი და ძალდატანებით ვაგრძელებდი ურთიერთობას, არადა, აღარ მინდოდა. თან, მერე ძალიან რთულად გამოვდიოდი ამ სიტუაციიდან: რატომ მითხარი, რომ გიყვარდიო, ერთი ომები იყო. ჩხუბებიც ყოფილა, გავულანძღივარ კიდეც. ახლა საუკუნე უნდა გავიდეს, რომ ასეთი რამ ვთქვა. პირველივე ნახვაზე არ შეიძლება ადამიანს უთხრა, რომ მოგწონს და გიყვარს. ძალიან უნდა ვუყვარდე და მიყვარდეს, რადგან ზოგჯერ არ მაქვს მარტივი ხასიათი. ერთი რამ ვიცი, რომ ჩემს მეუღლეს დედოფალივით ვაცხოვრებ, თუმცა, მომენტებში გარკვეული სირთულეებიც არის. რომ დავინახავ, ჩემი საყვარელი ქალი დედოფალივით გრძნობს თავს, ჩათვალე, რომ საკუთარი თავი მეც მეფე მეგონება. ისე, მგონი, იმდენად გამივიდა ვადა, სასურველი სასიძოც აღარ ვარ.
– ცოტა ხნის წინ შენი და ხატია ბუნიათაშვილის ფოტო დადე. მეგობრები გიწერდნენ: ასეთი გოგო გვიდნა შენთვისო.
– ხატიაზე ვგიჟდები, განსაკუთრებით მაშინ, როცა როიალთან ზის და ამა თუ იმ ნაწარმოებს ასრულებს. მასზე პლატონურად ვარ შეყვარებული და ამას, ალბათ, ეტყოდნენ ჩემი მეგობრები. მის კონცერტზე რომ ვიყავი, ჩავისუნთქე და სანამ არ მორჩა დაკვრას, ვერ ამოვისუნთქე, ამიტომაც ავუტანე სცენაზე წითელი ვარდები. შემდეგ კულისებშიც შევხვდით, ერთ-ორი სიტყვაც ვუთხარი. ხუმრობითაც დავწერე ფოტოზე: ხომ მეკითხებით, რატომ არ მომყავს ცოლი. მომყავს, მაგრამ არ მომყვება. ახლა რომ მითხრას ცოლად გამოგყვებიო, დღესვე შევქმნი ოჯახს-მეთქი.