№42 რატომ ჰგონია ნუკი კოშკელიშვილს შვილი მეზობლის ბავშვი და რატომ არის მისი ქმარი მატყუარების პრეზიდენტი
ნუკი კოშკელიშვილმა მეუღლესთან, პატარა ოლივერთან და დასთან ერთად, საზაფხულო არდადეგები ბათუმში გაატარა. ჩვენ ნუკის და ელენეს (ბუბუს) შევხვდით და შთაბეჭდილებებზე, მათ ურთიერთობასა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.
– ნუკი, ბუბუ გაცილებით პატარაა შენზე, მის მიმართ არ გქონდა დედობრივი მომენტები?
ბუბუ: მე არასდროს აღმიქვამს, როგორც დედა. ყოველთვის ჩემი მესაიდუმლე იყო და ყველაფერს ვუყვებოდი. თხუთმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბეთ და ისიც, არ მახსოვს, რის გამო.
ნუკი: მართლა, გვიჩხუბია როდესმე? მე ეგეც არ მახსოვს. სულ პატარა რომ იყო, მაშინ შვილივით იყო ჩემთვის. ბოლო ორი-სამი წელი უკვე თანატოლივითაა. აბსოლუტურად არ მაქვს შეგრძნება, რომ ასაკში ამხელა განსხვავება გვაქვს, ეს ზღვარი მთლიანად წაიშალა და მივხვდი, რომ ძალიან მაგარია, და რომ მყავს. აქამდე იყო – „რა მაგარია, ბავშვი რომ გყავს!“ და ახლა უკვე ძალიან მაგარი დაქალი მყავს, რომელიც, ყოველთვის მეყოლება. რომელიც არასდროს მომატყუებს და ჩემთვის ყოველთვის კარგი ენდომება.
– გარეგნულად ყოველთვის გგავდა, მაგრამ ბოლო დროს ძალიან დაგემსგავსა.
– მე რომ ნიუ-იორკში ვარ, ბუბუ დადებს ფოტოს, მაგალითად, ბათუმიდან და რამდენიმე წამი ვფიქრობ, როდის ვიყავი იქ. (იცინის).
ბუბუ: მსგავსებას მეც ვხედავ და „აიფონიც“.
ნუკი: ჩემი „აიფონი“ სახეს კითხულობს და ბუბუს სახესაც ისე აღიქვამს, როგორც ჩემსას. კი ამბობენ, რომ წესით, ტყუპისცალზეც არ უნდა ჰქონდეს რეაგირება, მაგრამ ბუბუს სახეზეც მშვენივრად მუშაობს.
– როგორი დაა?
ბუბუ: ვინმე თუ მომწონს, შეიძლება, დაქალს ვერ მოვუყვე, მაგრამ ნუკის აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვები.
ნუკი: მეც მყავს ისეთი ახლო დაქალები, რომლებსაც ყველაფერს ვუყვები, მაგრამ თუ ძალიან მაწუხებს რამე, რატომღაც ჩემს მწუხარებას მათ არ ვუზიარებ. მირჩევნია, ბუბუს ვუთხრა. მათთან მაინც სხვა როლი მაქვს – რომ არაფერი მწყინს და არაფერი მაწუხებს. ბუბუ ის ადამიანია, ვისთანაც არაფრის თამაში არ მიწევს.
– ბიჭებთან დაკავშირებულ რჩევებს გაძლევს?
– ძირითადად, ყველას მიწუნებს.
ნუკი: შეხედე, რა და მყავს, ამის შესაფერისი ჯერ არ მინახავს და...
ბუბუ: ჰოდა, ასე ყველას მიწუნებს. თუმცა, ვხვდები, რომ კარგ რჩევებს მაძლევს. ძირითადად, თავისი გემოვნებით მოქმედებს, ჩემსას არ ითვალისწინებს (იცინის).
ნუკი: სხვათა შორის, ჩვენს ქუჩაზე მოვდიოდი და ბუბუს ასაკის ფანტასტიკური ბიჭი დავინახე. გავაჩერე მანქანა და ვუყურებდი. სკეიტბორდზე იდგა და მივხვდი, რომ აბსოლუტურად ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში და არა ბუბუსაში (იცინის). მე რომ უკვე დედა ვარ, ეს მავიწყდება ხოლმე და ვიღაც თხუთმეტი წლის ბიჭს მივსდევდი, რომ დამემახსოვრებინა, რომელი სახლიდან გამოვიდა, რომ მერე ამისთვის მეთქვა. ძალიან კარგი ბიჭი იყო (იცინის).
ბუბუ: აი, თუნდაც სკეიტბორდი. მე არ მომწონს სკეიტბორდიანი ბიჭები (იცინის). ნუკის, ძირითადად, ქერები მოსწონს, მაგრამ რატომღაც ქმარი შავგვრემანი ჰყავს. მე, პირიქით, შავგვრემნები მომწონს.
ნუკი: ესე იგი, ქმარი გეყოლება ქერა. სინამდვილეში, თვითონ სერიოზულად არავინ მოსწონებია. ორიენტირი უფრო სწავლისკენ აქვს აღებული. ვხედავ, ყოველდღიურად რამდენს კითხულობს და სწავლობს და არა მგონია, ახლა ბიჭები იყოს მისთვის პრიორიტეტი.
ბუბუ: ჯერ მეათე კლასში ვარ, მაგრამ უკვე დამეწყო ნერვიულობა გამოცდებზე, სულ ამაზე ვფიქრობ.
ნუკი: ჩემგან განსახვავებით, ბუბუ ამ საკითხს გაცილებით სერიოზულად უდგება. მე არ მახსოვს, ოდესმე გამოცდის გამო მენერვიულა და ალბათ, ბევრად მეტსაც მიაღწევს.
– ბუბუ, როგორი დედაა?
ბუბუ: სანამ აქ არ ჩამოვიდნენ და ბავშვი არ დავინახე, ვერ მივხვდი, რომ ნუკი დედაა. მაგრამ კარგად ახლაც ვერ ვაცნობიერებ, მეზობლის ბავშვი მგონია, რომელიც რატომღაც უზომოდ მიყვარს (იცინის).
ნუკი: მეც ზუსტად ეგრე ვარ, ჯერ მეც მეზობლის ბავშვი მგონია. მე გავაჩინე, სულ ჩემთანაა, მაგრამ დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი შვილია. ბუბუც რომ დეიდაა, მაგასაც ვერ აღვიქვამ, მაგრამ საოცარი კონტაქტი აქვთ. ეტყობა, ოლივერი, „აიფონის“ მსგავსად, ვერ არჩევს დედასა და დეიდას, მასთან ძალიან კარგად გრძნობს თავს და ამ დროს მეც მშვიდად ვარ. დედაჩემს ორი შვილი ჰყავს გაზრდილი, ბუბუ ჯერ თხუთმეტი წლისაა, მაგრამ მასთან უფრო მშვიდადაა.
ბუბუ: იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ენა გვაქვს და ერთმანეთის გვესმის (იცინის). ნუკი საოცრად გიჟი დედაა. რომ ჩამოვიდა, უამრავი ნივთი ჰქონდა ბავშვისთვის – ყველაფერი, რაც კი არსებობს. მიყვებოდა, რომ აეროპორტში შეხვდა პატარა ბავშვიან ოჯახს და აღმოაჩინა, რომ მათ მსგავსი არაფერი ჰქონდათ (იცინის).
ნუკი: მართლა რაღაც დეგენერატობები მაქვს წამოღებული. იმ წყვილს ფანტასტიკური ბავშვი ჰყავდა და გაოცებული ვეკითხებოდი, ესენი არ გაქვთ-მეთქი და მიპასუხეს: არ გვჭირდება, შვილო, შენ გარეკილი გაქვსო.
ბუბუ: ნუკის „ბეიბი შუშერიც“ კი აქვს. (იცინის).
ნუკი: ეს სათამაშოა, რომელიც „შუუს“ იძახის და შენ აღარ გიწევს ამის თქმა. ყველა ამბობს, გიჟი დედა ხარო, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვეულებრივი დედა ვარ. ალბათ, ყველა ასე ზრუნავს თავის შვილზე. რა შეიძლება ცხოვრებაში გინდოდეს შვილის კეთილდღეობაზე მეტად? ყოველთვის ვფიქრობდი, ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, მეყვარება, მაგრამ – ოღონდ ის იყოს ბედნიერი და ჩემი თავი აღარ მაინტერესებს-მეთქი, ამ კონდიციაში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა და დღეს ზუსტად ასეთი ვარ.
– ბენი როგორი მამაა?
– ძალიან მზრუნველი მამაა, თავისი ენა აქვთ და განსაკუთრებული კავშირი.
– როგორც შენი სოციალური ქსელიდან ჩანს, ზედმეტ კილოგრამებს ძალიან განიცდი.
ბუბუ: წონაზე საშინლად წუწუნებს. სიმსუქნისკენ მიდრეკილება ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ამდენი არასდროს მოუმატია. პირველად რომ წავიდა ამერიკაში, მაშინაც გასუქდა, მაგრამ ასე არა. ახლა თვითონ ვერ ამჩნევს, მაგრამ ცოტა დაიკლო და მეც მინდა, რომ გახდეს (იცინის). ზღვაზე კაბით უნდოდა გამოსვლა (იცინის).
– არადა, საკმაოდ თამამი საცურაო კოსტიუმი ეცვა.
ნუკი: ექსტრემიდან ექსტრემზე გადავხტი. მართლა კაბის ჩაცმა მინდოდა, მთლიანად დაფარული ვიქნები, რომ არ შემრცხვეს-მეთქი. თან, ეს რომ მოგყვება გვერდით, ნერვები დაგაწყდება ადამიანს. ფეხი ყურიდან ეწყება, ცელულიტი ამას არ აქვს და არაფერი. აღარ გვინდა ამაზე საუბარი (იცინის).
– არადა, მშვენიერი ფორმები გაქვს.
– ასეთი ფორმები რომ მქონდეს, მაგრამ მკვრივი ვიყო, არ ვიწუწუნებდი. მაგრამ „მოფლაშული“ დავდივარ და ოდესმე დავაძალებ ჩემს თავს ვარჯიშს. ახლა ველოდები, რომ ბუნებრივ კვებას მოვრჩე და ალბათ, მერე ვიზამ რამეს. ათი კილოგრამი მაქვს მოსაშორებელი.
– ქმარი რას გეუბნება?
– ქმარი მეუბნება, ვაიმე, რა ლამაზი ხარ, მოიმატეო? მატყუარების პრეზიდენტია (იცინის). სამაგიეროდ, თვითონ გახდა. დარბის და ჭკუაზე არაა.