№42 ვინ ატარებს ხელისგულზე მანანიკო ცენტერაძეს და რის გამო სჭირდება მას მუდმივად „პალაჟენიის“ დაყენება
მანანიკო ცენტერაძე ცოტა ხნის წინ ჯგუფ „მიქსტურას“ შეუერთდა და მათ არაერთი ერთობლივი კონცერტი ჩაატარეს.
მანანიკო ცენტერაძე: საკმაოდ დატვირთული ზაფხული იყო. ძირითადად თბილისში ვიყავი, მაგრამ ჩემს ჯგუფთან, „მიქსტურასთან“ ერთად, რომელსაც ცოტა ხნის წინ შევუერთდი, ძალიან ბევრი გასვლა მქონდა. ძირითადად, კახეთის მეღვინეობის კურორტებზე დავდიოდით. ერთ-ერთიდან საჩუქრებით ხელდამშვენებულები წამოვედით – გამოგვატანეს ლიმიტირებული გამოშვების ღვინო და ჭაჭა, ძალიან მომეწონა.
– გიყვარს ქართული ღვინო?
– კი. თეთრი ღვინო მიყვარს, ოღონდ, რამდენიმე ჭიქით შემოვიფარგლები ხოლმე. დღესასწაულებიდანაც ისე არ მოვდივარ, რომ არ დავლიო. სახლშიც მაქვს ხოლმე. ცუდად გამომდის, მაგრამ იაფფასიანი ღვინოები არ მიყვარს. თუ კარგი ღვინოა, სიამოვნებით ვსვამ. ძირითადად მჩუქნიან ხოლმე და ხანდახან მეც ვყიდულობ. ნელ-ნელა ვსვამ და კარგ ხასიათზე მაყენებს. ღვინით არასდროს ვთვრები.
– არასდროს დამთვრალხარ?
– კი, როგორ არა. ადრეც და ახლახანსაც, ოღონდ ღვინით არა, არყით. თუმცა ისე არასდროს ვთვრები, რომ გავითიშო, აღარაფერი მახსოვდეს. თუმცა ახლა არაყს ვეღარ ვსვამ, ეტყობა, ღვინის ასაკში გადავედი. ღვინო უფრო კარგ ხასიათზე მაყენებს, ვიდრე სპირტიანი სასმელები, ცოტა მამძიმებს ხოლმე. დეპრესიული ტიპი არც ვარ. ზოგჯერ, როცა რაღაცაზე ვფიქრობ, ვალაგებ პრიორიტეტებს, ამ დროს შეიძლება, შემომეპაროს პატარ-პატარა სევდა. მაგრამ სულ ვცდილობ, პოზიტივი შევინარჩუნო, თუ ვინმე არ შემიშლის ამაში ხელს. ადამიანებისგან ბევრი ნეგატივი მოდის. მეგონა, ამას ავიცილებდი, მაგრამ არ გამომივიდა.
– რას გერჩიან?
– პროექტის შემდეგ გამომცდელი, კრიტიკული თვალით მიყურებენ: აბა, რას აკეთებს მანანიკო, საქმიანობს თუ არა... ჩემი რეაქცია, ძირითადად, ღიმილია ხოლმე და ვამბობ იმას, რაც სიმართლეა.
– „მიქსტურაში“ სულ ბიჭები არიან, მხოლოდ ერთი გოგონა ხარ. ალბათ, განევრივრებენ.
– კი, ხელის გულზე მატარებენ. სავსე ვარ ყურადღებით, მოფრთხილებით, ყველაფრით. ძალიან კარგი ადამიანები არიან და მათ გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობ.
– თაყვანისმცემლებსაც ხომ არ გიფრთხობენ?
– არა, უცხო ბიჭის თვალით დანახული ჩვენი მეგობრობა, მხოლოდ მეგობრობაა. არანაირად არ მიშლიან ხელს. თუ დაინახავენ, რომ ვიღაც მაწუხებს, ან ცუდად შემომხედავს, რაღაცას იზამენ, მაგრამ დღეს ბიჭები არავის ახტებიან, პირიქით, ურთიერთობაში გოგოს პოზიცია უფრო მოსწონთ.
– რას გულისხმობ?
– ვიღაც იფიქრებს, ბიჭებზე გამწარებულიაო, მაგრამ არ ვარ გამწარებული. ურთიერთობაში ძალიან ყურადღებიანი ვარ. არ მაქვს ის პოზიცია, რომ მე გოგო ვარ და ჩემ მიმართ უნდა იყოს მეტი ყურადღება, უნდა გამეგოს ბიჭი ფეხქვეშ და მე თავი დავიფასო, ასეთი ურთიერთობა არ მიყვარს, უფრო თავისუფალი მომწონს – რომ არ იზღუდავ საკუთარ თავს იმაში, რომ გამოუტყდე, გრძნობები გაუმხილო, არ შეიკავო თავი იმის გამო, ის რას იფიქრებსო. თუ ადამიანი მომეწონება, შემიძლია, პირველი ნაბიჯი მე გადავდგა, მაგრამ ეტყობა, ეს გოგონების მხრიდან ტენდენციური გახდა და ბიჭები გოგონების პოზიციას იჭერენ. ვგულისხმობ იმას, რომ ბიჭები აქეთ ელოდებიან, ქალმა ერთი ორად მეტი ყურადღება გამოიჩინო, იაქტიურო, თავზე შემოევლო. მე არ მომწონს ასეთი ბიჭები. ყველაფერი თანაბრად, ზომიერად უნდა იყოს. ზოგადად, ურთიერთობები შეცვლილია, მეგობრობაშიც კი. სულ ტონუსში უნდა იყო, მომართული, „პალაჟენია“ უნდა გქონდეს, რომ ვინმემ არ დაგჩაგროს და შენი წონა შეიგრძნოს. მიხვდეს, რა საფეხურზე ხარ, თუნდაც მეგობრობაში, თუნდაც სხვა ურთიერთობაში. თუ ასე არ მოიქცევი, თავისუფლად გადაგაბიჯებენ. მე კი ვფიქრობ, მეგობართან „პალაჟენიის“ დაყენება არ უნდა გჭირდებოდეს, რომ შენს ფასს მიხვდეს. პრობლემა, ალბათ, უფრო ისაა, რომ ადამიანებს ერთმანეთის გაცნობა არ უყვართ.
– ახლა არ ხარ შეყვარებული?
– ამ ეტაპზე საქმეებზე ვარ გადართული, თუმცა, არც ფემინისტური არ მიჭირავს: არიქა, ბიჭს არ გავიკარებ-მეთქი. ჩემს გეგმებს მივყვები და ვინმე თუ გამოჩნდება, გამომყვეს. ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ კარგად გამიცნოს. მე თუ ადამიანი გამიცნობს, პირობას ვაძლევ, რომ ჩემთან ძალიან კომფორტულად იქნება. ვინც არ მიცნობს, იმისთვის პრობლემური ვარ. მეგობრობაში, ქალ-ვაჟურ ურთიერთობაშიც ყოფილა, როდესაც ადამიანს არ მოუნდომებია ჩემი კარგად გაცნობა ან ზედაპირულად ვაინტერესებდი და ჩვენი ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა. როცა მე ვფიქრობ შენზე, ვცდილობ გაგიცნო, ვზრუნავ შენზე, შენც იგივენაირად უნდა მოიქცე. მეც დამიშვია შეცდომა და სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობაც მქონია, რომელიც დასრულებულა. ზედმეტად მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ცოტა სერიოზულისკენ რომ მიდის ურთიერთობა, სამომავლო გეგმებისკენ – ასე ვიცხოვროთო, ცოტა ვირევი და „ვატორმუზებ“. ალბათ, მეშინია. ოჯახის შექმნა ჩემთვის მარტივი არ არის. თუმცა, ვფიქრობ, არც აუცილებელია, მთავარია, ბედნიერი იყო. დედაჩემის თაობას, ნახევარზე მეტს, არც ხელი მოუწერია, არც ჯვარი აქვთ დაწერილი, უბრალოდ, ახლა დაარქვეს ბოიფრენდ-გერლფრენდი. დოგმები, რაც წინა წლებში არსებობდა და ის საშინელი სიბნელე – ქორწინებამდე შეხებულებიც არ უნდა იყვნენ, უინტელექტობა და სიბნელეა. მეც არ შევიზღუდავ თავს, თუ მომინდება იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება, გადავწყვეტ და დამალული არ იქნება. ფურცელზე ვიქნებით თუ არა ცოლ-ქმარი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
– ხელზე დიდი ნაიარევი შეგამჩნიე. შეიძლება, გკითხო, რა დაგემართა?
– დამწვრობის იარაა. წლისა და 9 თვის ვიყავი, რომ დავიწყვი. მაშინ ფოთში ვცხოვრობდი, შვიდნი – ერთ სახლში. დიდი ქვაბით მზადდებოდა ლობიო, 90-იანი წლების სპირალიან „პლიტაზე“. ფარდას გამოვყევი, დავეჯახე, გადაყირავდა და ზემოდან გადამესხა. ორივე ხელი, ფეხი, ტანი დამწვარი მქონდა. რაღაცები მახსოვს კადრებად. ამას ჩემთვის არასდროს შეუქმნია დისკომფორტი, არც დავუკომპლექსებივარ, არასდროს დამიმალავს და მოკლემკლავიანის ჩაცმაზეც არ მითქვამს უარი. ნეტავ ასეთი უკომპლექსობა სხვა რამეშიც მქონდეს. დედის წინ დავიწვი და სულ თავის თავს აბრალებს – ჩემი უყურადღებობის გამო დაგემართაო. ცუდად ხდება, როდესაც ამ ამბავს იხსენებენ და ეკითხებიან.