კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 აქვს თუ არა სიმსივნე ნინას და რა მანიაკალური თვისებები აქვს მის ქმარს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი ძალიან მოულოდნელი და დრამატული სერიებით დაიწყო. ნინას სავარაუდო ავადმყოფობამ და დათოს საქციელმა მაყურებელში დიდი ემოციები და ვნებათაღელვა გამოიწვია.
ანი ტყებუჩავა: ნინას საბოლოო დიაგნოზის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს არ იქნება მორიგი რამდენიმე სერიიანი ამბავი. ყველაფერი უფრო გრძელვადიანია, ვიდრე აქამდე ჯეკოსა და ტასოს თემები და ზოგადად, კონკრეტული წერტილოვანი დარტმები კონკრეტულ თემებზე. როგორც ვიცი, მთელ სეზონზე გასტანს, მაგრამ კონკრეტულად როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ არ ვიცი. ვიცი, რომ ნინას მკურნალობა საჭიროა, მაგრამ რა დოზით ამას ვნახავთ.
– როგორც მაყურებლისთვის, მსახიობისთვისაც, ასეთი სიახლე ალბათ, საინტერესოა.
– სეზონის პირველ და ბოლო სერიას ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდებით ხოლმე. ეს ტრადიციულად საზეიმო მომენტია. ამჯერადაც, პირველი სერია რომ მომივიდა შევეცადე, მშვიდად და წყნარად წამეკითხა და სანამ ბოლომდე ჩავედი, სამმა ადამიანმა დამირეკა: წაიკითხე? ვაიმე, მოვკვდი ნერვიულობითო და სანამ წავიკითხე, მეც მოვკვდი ნერვიულობით, მაგრამ ძალიან გამიხარდა. სერიალში ბევრი საინტერესო თემა შემოვიდა. აქაც, ისევე, როგორც ნებისმიერ სივრცესა თუ სფეროში შენკენ ყურადღების მიპყრობა ყველაზე რთულია. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი დიდია და ბევრი შანსი გაქვს, ხანდახან ისე ხდება, გარკვეულ სერიებში ნინას რუტინული ცხოვრებაა ნაჩვენები და უფრო მეტად სხვა თემებია წინ წამოწეული. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ ეს სიახლე ძალიან საინტერესოა და სასიხარულოა.
– მაყურებლის ემოციები როგორი იყო?
– აბსოლუტურად უცხო ადამიანები მწერენ და ძალიან ბევრ კომპლიმენტს მეუბნებიან. აქამდე ნინას კომენტარებში, ძირითადად, უფრო განიკითხავდნენ ხოლმე. ჯერ – რატომ არ პატიობს ქმარსო, მერე – ხუთი შვილი ჰყავს და რატომ წუწუნებსო... ზოგჯერ ისეთ კომენტარებს ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები ჩვენს რეალობაში საერთოდ არ ცხოვრობენ-მეთქი. ამჯერად, რადგან მომაკვდავია, როგორც ამ დროს ვიცით ხოლმე, ყველა გადაირია. დათოს მიადგნენ იმის გამო, რომ მეგობრებთან წავიდა და ნინა მარტო დატოვა. წყევლაზე იყვნენ გადასულები, ძალიან გამწარდნენ, მგონი, ღალატის დროს ასე არ გაგიჟებულან (იცინის). გასაგებია, ძალიან ეწყინათ, მაგრამ ის არ უფიქრიათ, რომ ასეთ მომენტებში მამაკაცი გაცილებით სუსტია? ზუსტად ეს იყო ნაჩვენები იმ სცენაში. ვიღაცას, ალბათ, ერჩივნა, დარჩენილიყო და ეტირა ნინასთან ერთად. მოკლედ, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
– იმდენი წელია, ნინას როლს ასრულებთ, ხასიათში არ გადაგივიდათ?
– მე და ნინა ერთად ვიზრდებით. ხასიათში რამდენად გადამივიდა, არ ვიცი, მაგრამ მისი ხასიათის დიდი ნაწილი ჩემიც არის. ალბათ, ხდება რაღაცების ურთიერთგაცვლა. ხანდახან დამიჭერია თავი, რომ ერთი და იმავე რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში. სერიალშიც პატარა ბავშვს ვუვლი და სახლშიც „ჩუ, ჩუ, ჩუს“ ვიძახი (იცინის). ოჯახში თუ რამეს ხმამაღლა ვლაპარაკობ ან ბავშვებს რამეს ვეუბნები, გაეცინებათ ხოლმე, ეს სერიალი არ არისო.
– „შვილები“ უკვე გაიზარდნენ.
– ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, სამაგილოთო ბავშვები არიან და ძალიან ვგულშემატკივრობ. მეიმედებიან და მეამაყებიან. მართლა ყველა ერთად გავიზარდეთ. ქეთა ჩემი მეორე შვილის ნათლიაა, მინდოდა, რომ უფრო მეტად ყოფილიყო ჩემ გვერდით. ერთი ბავშვი ნანუკა ხუსკივაძის ნათლულია და მეორე ქეთის. არის საკითხები, რაზე საუბარიც, მათი ასაკიდან გამომდინარე, მათთან უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩემს მეგობრებთან.
– დედა ნინა რამდენად ჰგავს დედა ანის?
– გოგოს დედობით, ალბათ, კი. თან, ჩემი შვილი ცოტათი ტასოს ჰგავს. ჯერ კლიპების ჩაწერა არ დაუწყია, მაგრამ ძალიან არტისტული, ემოციური და გონიერი ბავშვია. ყველაფერზე სხვანაირად ფიქრობს და განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლისაა, პატარა ბავშვივით ვერ დაელაპარაკები. რაღაცებში ჰგავს და რამდენად გაგვხვევს ტასოსავით შარებში, არ ვიცი (იცინის). ერთ მონაკვეთში ტასო ამბობს, ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ და რატომ არ შეიძლება, მეც წამოგყვეო? მე და ნენეც ვთანხმდებით, რომ მეგობრები ვართ და როცა რაღაც ნენესთვის არ არის შესაბამისი, ისიც მახსენებს ხოლმე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და რატომ მაძლევ ამაზე შენიშვნას ან იქ რატომ არ მიგყავარო? (იცინის).
– რეალური მეუღლე რამდენად ჰგავს დათოს?
– აბსოლუტურად არაფრით. გამიმართლა, რომ რეალურ ცხოვრებაში უკეთესი ქმარი მყავს, ვიდრე სერიალში. თუმცა ნინასთვის ის არის კარგი, ჩემთვის – ეს. არ მომწონს, როცა ადამიანების ცხოვრებაში რაღაცები ზედმეტად მნიშვნელოვანი ხდება. მაგალითად, ცოლს რომ მოიყვანენ და მუდმივად, ყოველ საღამოს ძმაკაცებთან ერთად სვამენ ლუდს. ძალიან უჭირთ თავისუფალი ცხოვრების სტილის შელევა. ალბათ, ყველა ადამიანმა არ უნდა მოიყვანოს ცოლი და არც შვილი უნდა ჰყავდეს. ალბათ, არც ყველა ქალი არის ამისთვის მზად. ლევანი იმიტომაც არის კარგი, რომ ყოველ საღამოს ძმაკაცებთან დალევა, ფეხბურთზე ჩაციკვლა და რაღაც მანიაკალური თვისებები, რომელიც ოჯახობასთან კონფლიქტში მოდის, არ გააჩნია. ძალიან საქმიანი და ოჯახზე და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულია.
– გენდერული თანასწორების საკითხი როგორ არის თქვენს ოჯახში?
– გენდერული თანასწორობის დასაცავად ოჯახში ბრძოლა არ მიწევს (იცინის). ჩემი ქმარი, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებს, რამდენადაც შეუძლია, ჩართულია საოჯახო საქმეებში. არცერთი არ ვართ იდეალურები, მაგრამ ორივეს ერთი საზრუნავი გვაქვს. ოჯახისთვის და შვილებისთვის რა იქნება კარგი, ამაზე გვაქვს ნერვიულობა, გადარევაც და გულის ხეთქვაც. ბუნებრივია, ყველაფერს ერთად განვიხილავთ.
– ეგრეთ წოდებულ, „კრიზისულ წლებს“ რაც შეეხება?
– ეს ბუნებრივია. როცა ბავშვი იბადება, ბევრი საზრუნავი ჩნდება და მას მეტი დრო სჭირდება. როგორც არ უნდა მოინდომო, მეუღლეს იმდენ დროს ვეღარ უთმობ, რამდენსაც ადრე. ხანდახან ჩვენც ძალიან გვენატრება ხოლმე „მარტო გაპარვა“, თუმცა ახლა ცოტა წამოიზარდნენ და ამისთვის მეტი საშუალება გვაქვს.
– როცა კიდევ ერთი შვილის დაგეგმვა დაიწყეთ სერიალში, მაყურებელს ეჭვი გაუჩნდა, ანი კიდევ ორსულად ხომ არ არისო? თქვენ რას ფიქრობთ მრავალშვილიან ოჯახზე?
– რატომაც არა. თუმცა ორივე შემთხვევაში საკეისრო კვეთა დამჭირდა და ჯერ კიდევ დროა საჭირო. რომ გითხრათ, ახლო მომავალში კიდევ ერთი შვილის გაჩენას ვგეგმავ და ამის გამო ჩართეს ეს სცენარში-მეთქი, არა. თუმცა რადგან ორჯერ დავფეხმძიმდი და სერიალშიც დააფეხმძიმეს ნინა, ფიქრობენ, რომ შეიძლება, ამჯერადაც ფეხმძიმედ ვარ. ისევე როგორც ავადმყოფობაზე – რადგან ნინა ცუდადაა, ჩათვალეს, რომ მეც მართლა ცუდად ვარ. ბევრ ჩემს ახლობელს ურეკავენ და ჩემს ამბავს კითხულობენ.
скачать dle 11.3