№42 ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი – წარმატებული ისტორიითა და მრავალწლიანი გამოცდილებით
ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანის, მათ შორის, ბატონი ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების დამცველი – იურისტი მამუკა ღვინიაშვილი „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის“ დამფუძნებელი და ადვოკატია, რომელსაც მრავალწლიანი წარმატებული ისტორია და არაერთი მოგებული საქმე უკავშირდება.
მამუკა ღვინიაშვილი: გურჯაანში დავიბადე, მცხეთაში გავიზარდე და თბილისში ვცხოვრობ. 1993 წელს დავამთავრე სკოლა. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში სრული უიმედობა იყო. ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენელი წავიდა უცხოეთში, მათ შორის, ჩემი კლასელებიც. მეც მქონდა ევროპაში წასვლის სურვილი, რაც გავაჟღერე კიდეც ოჯახში, მაგრამ მშობლებმა სამშობლოში დარჩენა და საკუთარი კარიერის აქ შექმნა მირჩიეს. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, მათი აზრი რომ გავითვალისწინე. მშობლებს შვილების მიმართ განსაკუთრებული და შეუცდომელი ინსტინქტები აქვთ და რა ასაკშიც უნდა იყო, მათი რჩევა ყოველთვის ფასეულია.
უსამართლობას და ადამიანების ჩაგვრას ბავშვობიდან ვერ ვეგუებოდი და ასეთი შემთხვევების მიმართ ყოველთვის შინაგანი პროტესტი მქონდა. ჩემი პროფესიული არჩევანიც გარკვეულწილად ამან განაპირობა – იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და ადვოკატი გავხდი.
– როდის დააფუძნეთ „საქართველოს საარბიტრაჟო პალატა“ და რა შემთხვევაში ამბობთ უარს ადამიანების დაცვაზე?
– 2005 წელს დავაფუძნე კომპანია „საქართველოს საარბიტრაჟო პალატა“. ამ კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპი სამართლიანი სამართალწარმოებაა და ვფიქრობ, რომ ეს პრინციპი ამ ცამეტწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში უზრუნველყოფილია. რაც შეეხება ჩემს საადვოკატო პრაქტიკას, პროფესიული კარიერის განმავლობაში უამრავი რთული და გახმაურებული საქმე იყო, მათ შორის შემიძლია გავიხსენო დავა საქართველოს რკინიგზასთან, სადაც მე ბრიტანული კომპანია „სოპაკის“ ინტერესებს ვიცავდი, დავა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდის საქმეებს შორის კი, ჩხარტიშვილ-პატარკაციშვილების დავაა.
თუ ადვოკატი საქმეს ხელს მოჰკიდებს, ის ვალდებულია, ბოლომდე მიჰყვეს მას, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება და შინაგანი განწყობა აქვს თავისი კლიენტის თუ საქმის დეტალების მიმართ. შესაძლოა, სხვადასხვა საკითხის გამო საზოგადოებაში არსებობდეს ნეგატიური განწყობა კლიენტის მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში ადვოკატი არ უნდა გავაიგივოთ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადვოკატი ამ შემთხვევაში მხოლოდ თავისი პროფესიული მოვალეობის შემსრულებელია.
ვიდრე საქმეს ხელს მოვკიდებ, პირველ რიგში, ვსწავლობ, ვისი დაცვა შეიძლება მომიწიოს და თუ ეს საქმე ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, თავიდანვე უარს ვამბობ.
– რაში მდგომარეობს ადვოკატის თავისუფლება?
– ადვოკატი თავის კლიენტთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს და მისი სამოქმედო არეალი მხოლოდ კლიენტის ინტერესების დაცვაა. ადვოკატის თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ მის საქმიანობაში ჩარევა ან შეზღუდვა დაუშვებელია და ეს პრინციპი კონსტიტუციითა და კანონით არის
გათვალისწინებული.
– რა როლი ენიჭება ეთიკის კოდექსს ადვოკატის საქმიანობაში?
– ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ელემენტი. სასამართლო სხდომის დარბაზი ადვოკატებისთვის, კარგი გაგებით, „ბრძოლის ველია“, რასაც ემოციური ფონიც თან სდევს. მაგალითად, შესაძლებელია ადვოკატს ნერვებმა უმტყუნოს და თუნდაც, სასამართლო დარბაზში ან მის გარეთ, კოლეგის მიმართ იყოს არაკორექტული, რაც, პირველ რიგში, პროფესიის შეურაცხყოფაა და დაუშვებელია. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს რეგულაციები ადვოკატთა ეთიკის კოდექსში. მეც ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის კონტროლი. კოლეგის პატივისცემა ჩემთვის დაუწერელი წესია. მიუხედავად ერთ საქმეში არსებული ოპონირებისა, კოლეგის მიმართ პატივისცემა აუცილებელია. ის საქმე დამთავრდება, მაგრამ ერთმა უღირსმა საქციელმა კოლეგიალური ურთიერთობების გაგრძელება შეუძლებელი არ უნდა გახადოს.
– რა წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობის მთავარ პრინციპებს?
– პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და წესიერება. ჩემთვის ეს ის აუცილებელი კომპონენტებია, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს უნდა ჰქონდეს.
– რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტის ინტერესის პრიორიტეტულობა?
– თუ ადვოტაკი დებს ხელშეკრულებას კლიენტთან, მთავარი და პრიორიტეტული უკვე კლიენტია. არსებობს ასეთი გამონათქვამი „იმისთვის, რომ ადვოკატმა დაიცვას კლიენტის ინტერესები, ჯერ თვითონ უნდა დაიჯეროს, რომ კლიენტი მართალია“. ამიტომ საქმეზე სრული ინფორმაციაა საჭირო – ადვოკატმა უნდა იცოდეს ყველა წვრილმანი დეტალიც კი, რაც საქმის ირგვლივ არსებობს, იმისთვის, რომ სწორი სტრატეგია დაგეგმოს და შედეგს მიაღწიოს. შესაძლოა, კლიენტს მიაჩნდეს, რომ ზოგიერთი დეტალი უმნიშვნელოა და დამალოს, თუმცა შეიძლება, სწორედ ასეთი „უმნიშვნელო დეტალი“ გახდეს წარმატებული შედეგის მომტანი. ადვოკატი ვალდებულია, დაიცვას კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
– რამდენად რთულია, იყო კარგი ადვოკატი?
– რთული არ არის, თუ, რა თქმა უნდა, ამისთვის გაქვს შესაბამისი განათლება და ის ღირებულებები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მთავარია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. შეიძლება, ადვოკატს ჰქონდეს კარგი თეორიული განათლება, მაგრამ კანონის სწორად გამოყენება არ იცოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები და წარმატების მისაღწევად შეგეძლოს საკუთარ თავთან ოპონირება.
– განსაზღვრავთ თუ არა წინასწარ საქმის სავარაუდო შედეგებს და რამდენად მართლდება ის?
– ბუნებრივია. პროფესიონალიზმიც სწორედ ეგ არის, როდესაც საქმეს ეცნობი, აფასებ რისკებს და წაგება-მოგების შანსებს განსაზღვრავ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ გაქვს უფლება, გარანტიები მისცე კლიენტს – ადვოკატს შეუძლია, თავისი პოზიცია მხოლოდ სავარაუდო შედეგების თაობაზე გააცნოს. ჩემ შესახებ შემიძლია, გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში საქმის განხილვიდან სწორედ ის შედეგი მიმიღია, რასაც ველოდებოდი.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე – თინათინ გახუტიშვილი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი და იურისტია. ერთმანეთი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მუშაობის დროს გავიცანით. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს თავისი პროფესიით. გვყავს ვაჟი – ლუკა, ქალიშვილი – ანა და მესამე შვილს ველოდებით. ჩემი ოცნება იყო სცენაზე დგომა ბავშვობაში ანსამბლ „მართვეში“ ვმღეროდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავის დანებება მომიწია. დღეს კი ლუკა მღერის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფოლკლორულ ანსამბლ „მძლევარში“, მის ყველა გამოსვლას ვესწრები და მიხარია, რომ ეს ბავშვები სწორ ღირებულებებზე იზრდებიან. (9 ოქტომბერს ლუკა ღვინიაშვილს 12 წელი შეუსრულდა, ჟურნალი „თბილისელები“, მოგვიანებით, ულოცავს დაბადების დღეს და ჯანმრთელობასა და წარმატებულ მომავალს უსურვებს!)
ოჯახის მხარდაჭერას და გულშემატკივრობას მუდმივად ვგრძნობ.