№42 რა ქიმიური სითხე გამოიგონა ქართველმა სტუდენტმა, რომელსაც მთელი „კაგებე“ ეძებდა
მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია, მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
უჩვეულო ქურდობები
მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) ქურდობის განყოფილების თანამშრომლები დიდ საგონებელში იყვნენ ჩავარდნილები. 1973 წლის მარტის თვეში საბჭოთა დედაქალაქში 11 უჩვეულო ქურდობა განხორციელდა, ადრე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. მილიციისთვის უცნობი ქურდი მდიდარი მოქალაქეების ბინებში შედიოდა და ქურდავდა. უჩვეულობა კი ორ რამეში გამოიხატებოდა: ქურდს მიჰქონდა მხოლოდ ის ნივთები, რომელთა მოძებნაც სირთულეს არ წარმოადგენდა და რასაც ადვილად მიაგნებდა. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ ქურდი არაპროფესიონალი იყო და ის არც კი ეძებდა კარგად შენახულ ნივთებს ან სამალავებს. მეორე და ყველაზე მთავარი კი ბინაში შეღწევის ხერხი იყო. თერთმეტივე გაქურდულ ბინას რკინის კარი და მძლავრი საკეტები ჰქონდა. ყველა საკეტი ამოჭრილი იყო და ექსპერტთა გაოცებას სწორედ ეს ფაქტი იწვევდა. მათი აზრით, ასეთი სუფთა ჭრა მხოლოდ ლაზერს შეეძლო. ასეთი დიდი და მძლავრი იარაღი კი არ შეიძლებოდა, ქურდს ჰქონოდა. ამიტომ გამოძიება ჩიხში იყო შესული და მაძებრებმა არ იცოდნენ, რა გზით წასულიყვნენ და დაბნეულობა ეტყობოდათ.
საგანგებო თათბირი
არსებული წესის თანახმად, არასტანდარტულ და უცნაურ ქურდობებზე მომუშავე ექსპერტების ვარაუდი ლაზერით ჭრის შესახებ „კაგებეში“ მოხვდა და საგანგებო თათბირი გაიმართა ყველაზე მაღალ დონეზე, რომელსაც საბჭოთა უშიშროების უფროსი იური ანდროპოვი ატარებდა და მას საბჭოთა სამხედრო მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ, აგრეთვე, ლაზერთან მომუშავე მეცნიერები, რომლებსაც ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ქურდობის საქმეში ლაზერი გამოყნებული არ ყოფილა. პროფესორმა მოისეი პენსკიმ თქვა:
– ამხანაგებო, ლაზერის მონაწილეობა ამ საქმეში გამორიცხეთ და ფოლადის საკეტების ჭრის სხვა საშუალებები ეძებეთ. რა თქმა უნდა, ლაზერს ძალუძს ასეთი ოპერაციის შესრულება, მაგრამ ქურდს რომც ჰქონდეს ლაზერი, რაც გამორიცხულია, მის გამოყენებას მაინც ვერ შეძლებდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ესაა ხუთტონიანი სტაციონარული დანადგარი, რომ არაფერი ვთქვათ მისთვის კვების წყაროს მიერთებაზე.
– იქნებ ქურდს უფრო კომპაქტური, მსუბუქი ლაზერი აქვს? – თქვა ანდროპოვმა.
– გამორიცხულია, იური ვლადიმიროვიჩ, – ღიმილით უთხრა „კაგებეს“ თავმჯდომარეს მოისეი პენსკიმ და დააყოლა, – ჩვენ გარდა, შეიძლება, მხოლოდ ამერიკელებს ჰქონდეთ ლაზერის დანადგარი და ისეთი მოწყობილობა კი, რომლის ხელით ტარება შეიძლება, დედამიწის ზურგზე არ არსებობს.
თათბირი თავად ანდროპოვმა შეაჯამა და ბოლოს თქვა:
– ჩვენ ვალდებული ვართ, ზუსტად ვიცოდეთ ლაზერის ამბავი. ამიტომ ამ ფანტომი ქურდის მოსაძებნად და დასაკავებლად ჩვენი უწყების სპეციალური ძალები ჩაერთვებიანო.
ოქროს სამაჯური
საბჭოთა უშიშროების უფროსმა იმიტომ ჩააბა ინკოგნიტო ქურდის ძებნაში საუკეთესო ძალები, რომ დარწმუნებულიყო – კომპაქტური ლაზერი კერძო პირს არ ჰქონდა. ასეთი იარაღის ფლობა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და უშიშროება გულდასმით ეძებდა ქურდს. „კაგებემ“ ქვეყნის შიგნით ფეხზე დააყენა მთელი თავისი აგენტურული ქსელი, ამ საქმეში კონტრდაზვერვაც ჩაერთო. 1973 წლის 21 აპრილს „კაგებეს“ პოლკოვნიკ სტეპან ლუნიოვს, ოქროულობის სპეკულანტმა ვარვარა სკვორცოვამ, რომელიც ფარულად „კაგებესთანაც“ თანამშრომლობდა, ათგრამიანი ოქროს სამაჯური მოუტანა და უთხრა:
– აი, ეს სამაჯური ზუსტად ისეთია, როგორიც სურათზე მიჩვენეთ. ამ დილით ერთმა კავკასიელმა ბიჭმა მომიტანა. ფულზე კი საღამოსთვის დავიბარე და როგორც კი წავიდა, აქ გამოვიქეცი.
ოქროს სამაჯური ფანტომი ქურდის ერთ-ერთი საქმიდან იყო. ლუნიოვმა მადლობა გადაუხადა თავის აგენტს და უთხრა:
– რომ მოვა, არაფერი შეიმჩნიო. ფული მიეცი და გაუშვი. დანარჩენი ჩვენ ვიცით და არავისთან არაფერი წამოგცდესო.
და, მართლაც, როგორც კი ბიჭი სკვორცოვასგან გამოვიდა, „კაგებე“ მას „კუდზე დააჯდა“ და „ძოვება“ დაუწყო. საბჭოთა კონტრდაზვერვა არ ჩქარობდა მის დაპატიმრებას. ჯერ ყველაფერი ზუსტად უნდა გაერკვიათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა მისი აყვანა.
გენიალური სტუდენტი
უშიშროებამ დაადგინა, რომ ფანტომი ქურდი, 21 წლის ქუთაისელი, აპოლონ ბუცხრიკიძე იყო. ის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ინსტიტუტში მასზე კარგი წარმოდგენა ჰქონდათ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. კონტრდაზვერვამ აპოლონი ერთი კვირა „აძოვა“ და ბოლოს ქუჩაში დააკავეს. შავ „ვოლგაში“ ჩუმად და სწრაფად შეაგდეს და „ლუბიანკაზე“ („კაგებეს“ შტაბ-ბინა) წაიყვანეს. მას გენერალი ანდრეი ბასოვი ესაუბრა და ქურდობის ამბავი გამოჰკითხა. ბუცხრიკიძემ ყველაფერი აღიარა და თავი ჩაღუნა.
– ახლა ის მითხარით, ყმაწვილო, თუ რა საშუალებით ჭრიდით ფოლადის კარებსა და კლიტეებს? – ჰკითხა გენერალმა ქართველ სტუდენტს.
– ჩემ მიერ მიღებული სუპერმჟავათი, – მიუგო ბუცხრიკიძემ.
აღმოჩნდა, რომ აპოლონ ბუცხრიკიძეს მართლაც შეუქმნია მჟავის განსაკუთრებული კონცენტრატი, რომელიც მხოლოდ შუშის ჭურჭელს ვერ ვნებდა, დანარჩენ ნივთიერებებს კი მომენტალურად ადნობდა. აპოლონს ეს სითხე შუშის პულვერიზატორში ჰქონდა მოთავსებული და კარსა და საკეტს რომ ასხურებდა, ამ მანიპულაციას ლაზერით ჭრის ეფექტი ჰქონდა და სწორედ ამან შეიყვანა ექსპერტ-კრიმინალისტები შეცდომაში. ქართველმა ყმაწვილმა თქვა, რომ ქურდობა ხელმოკლეობის გამო დაიწყო.
აპოლონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ. მას „კაგებეს“ საიდუმლო ლაბორატორიაში დააწყებინეს მუშაობა და მოსკოვში ბინაც მისცეს.
P.S. აპოლონ ბუცხრიკიძე დღესდღეობითაც რუსეთში ცხოვრობს.