№42 რა ასაკში დანიშნეს პირველად მეფე გიორგი მეთორმეტე და რა შეემთხვა მის მცირეწლოვან საცოლეს
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, გიორგი მეთორმეტე დაბადებულა 1746 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, გიორგობის დღესასწაულზე (23 ნოემბერი ახალი სტილით). ალბათ, ამიტომ უწოდეს გიორგი. მისი პაპა – მეფე თეიმურაზ მეორე, მამა – ერეკლე მეორე, დედა ახალდაბადებულისა – ანა ზაალ აბაშიძის ასული და მთელი სამეფო ძალიან ბედნიერები იყვნენ.
გიორგობა დღეს უფლისწულის დაბადებაში არ შეიძლება ღვთის მინიშნება არ დაენახათ. წმიდა გიორგი ხომ საქართველოს მფარველ წმიდანად ითვლება, ის ხომ მეფეთა უძლეველი წინამბრძოლია.
დიდი ზეიმი გამართა პაპა მეფემ. როგორც პლატონ იოსელიანი გვამცნობს, წერილები გაუგზავნეს იმერეთის მეფესა და დასავლეთ საქართველოს მთავრებს. ქართლისა და კახეთის თავადებს, კათალიკოსებს მცხეთისა და აფხაზეთისას და მღვდელმთავრებს.
მეფე თეიმურაზმა უამრავი საჩუქარი გასცა გლახაკებისა და ქვრივ-ობლებისთვის. ბევრ პატიმარს აპატიეს დანაშაული და საპყრობილედან გამოუშვეს. მოსაკითხები გაუგზავნეს მეუდაბნოე ბერ-მონაზვნებს. თეიმურაზმა თავისი მეგობარი, მღვდელმთავარი საბა ნინოწმინდელი თბილისში მოიწვია – მიმრქმელად ბატონიშვილი გიორგის ნათლობაში.
მეზობელი სახანოების ხანებს აცნობეს უფლისწულის დაბადება. სპარსეთის შაჰ ნადირ-შაჰს დესპანად გაუგზავნეს დავით თურქესტანიშვილი და იბრაიმ აღა ბორჩალოელი სულთანი, მეფე თეიმურაზის ერთგული ქვეშევრდომი. მაგრამ, ნადირ-შაჰს ვეღარ მიუსწრეს, ის გარდაიცვალა და როგორც პლატონ იოსელიანი გვამცნობს, მის მაგიერ გაყაენებული ალიყული-ხან ადილ შაჰისთვის მიურთმევიათ საჩუქრები. მაშინ, რამდენიმე თვე სჭირდებოდა სხვა ქვეყნის დედაქალაქამდე ელჩობის მისვლას.
ასეთივე წერილები და ძღვენი გაუგზავნეს ოთხივე მართლმადიდებელ პატრიარქს, კონსტანტინოპოლში, ალექსანდრიაში, ანტიოქიასა და იერუსალიმში. ასევე, სინას მთისა და ათონის წმიდა მთების წინამძღვრებს.
პოეტები საქებარ ლექსებს უძღვნიდნენ ბატონიშვილს. მჭევრმეტყველნი წყობილი სიტყვებით, მქადაგებელნი ქადაგებებით აქებდნენ უფლისწულს, მეუდაბნოენი მისთვის ლოცულობდნენ.
ცხრა დღის შემდეგ, 19 დეკემბერს, წმიდა ილარიონ ქართველის ხსენების დღეს, კათალოკოსმა ანტონ პირველმა მონათლა უფლისწული. მიმრქმელად იყო საბა ნინოწმინდელი. იმავე დღეს საბა ნინოწმინდელი, მეფის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს.
მეფისწული გიორგი მონათლეს არა სასახლეში, არც სვეტიცხოველში, არამედ სიმონ ჯანიშინის, ვახტანგ მეფის ძმის, აშენებულ წმიდა გიორგის პატარა ეკლესიაში, რომელიც შემდეგში, მეფე გიორგის დროს, კარის ეკლესია იყო.
ოთხი წლის ასაკიდან მზრდელები მიუჩინეს – კახეთიდან სვიმონ მაყაშვილი და ქართლიდან როინ ბარათაშვილი. ბარათაშვილი მალე გარდაცვლილა. ბატონიშვილებს განსაკუთრებულად ზრდიდნენ, ყველასგან გამორჩეულად. მას შესანიშნავი განათლება უნდა ჰქონოდა, უნდა შეესწავლა ქვეყნისა და ხალხის მართვის ტექნოლოგია. უნდა ყოფილიყო ნამდვილი მორწმუნე და გულისხმიერი. ამ დროს უკვე დაობლებული ყოფილა პატარა მეფისწული – დედამისი 1749 წელს გარდაცვლილა.
ქართულ წერა-კითხვას ისაკ მწიგნობარი ასწავლიდა, ძალიან განათლებული ადამიანი. შემდეგში „კანდელაკი სიონისა საუფლოèსა ეკლესიისა“. ბერძნულს – ბერძენი თეოდორე ეპისკოპოსი, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხა, გარდაიცვალა. ქართულ ენას შვიდი წლის ასაკიდან ასწავლიდა დეკანოზი იოანე წინამძღვრიშვილი, ძალიან განსწავლული კაცი, რომელიც 1751 წელს დაბრუნდა იერუსალიმიდან და თან ჩამოიტანა იერუსალიმის პატრიარქის მიერ დაწერილი მისი ქების წერილი.
ბატონიშვილს პატარაობიდან უყვარდა წმიდა მამების ცხოვრებათა შესახებ კითხვა. მშვენივრად იცოდა საქართველოს ისტორია, კარგად ერკვეოდა ღვთისმეტყველებაში. ზეპირად სცოდნია „ქართლის ცხოვრების“ ნაწილები.
უყვარდა პოეზია, ძველი და მისი თანამედროვე. ყოფილა „ზნეობითა ზრდილი მაღლად მეფურად, მოწყალე, უხვი, მდაბალი, ობოლთა და გლახაკთა შემწყალებელი, პურადი“. ძალიან მორწმუნე და ადამიანების მოყვარული, ჩაგრულთა დამხმარე.
ძველი ჩვეულების მიხედვით, რვა წლის ასაკში დანიშნეს ჩერქეზთა ბატონის გირეი ოძის ასულზე. ჩერქეზთა ბატონი მეფე ერეკლეს ახლდა მაშინ, როგორც მეგობარი. უფლისწულის საცოლის განსასწავლელად თავადი შარიდან შალიკაშვილი გააგზავნა, მსახურად – ექვსი მოახლე ქალი და კავთისხევიდან – აზნაურ ქვლივიძის ქვრივი, ნინო, ჭკვიანი, ბრძენი და მწიგნობარი ქალი. ეს ქალი განთქმული ცხენოსანი ყოფილა და სასახლეში დიდ პატივს სცემდნენ.
მაგრამ, გიორგი უფლისწულის ჩერქეზი საცოლე, ოთხი წლის მზადების შემდეგ, ჯერ კიდევ მოუნათლავი (იმ დროს მართლმადიდებლურად მონათლული თუ არ იქნებოდა, სამეფო ოჯახში რძლად არ მიიღებდნენ), ჩერქეზეთში ყვავილით გარდაცვლილა. მისი მასწავლებელი ნინო დაბრუნდა და მონაზვნად აღიკვეცა.
14 წლის ასაკში მემკვიდრე გიორგიმ მოიარა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი, ხევსურეთი, თუშეთი. გაიცნო სომეხთა კათალიკოსი იაკობ მეხუთე და ჩვენი მეფეების მაშინდელი მოხარკეები – განჯისა და ერევნის ხანები.
იმ დროს ახალი გაერთიანებული იყო ქართლი და კახეთი ერთ სამეფოდ. ერთად გამეფდნენ ქართლში მამა, თეიმურაზი და კახეთში – შვილი, ერეკლე. თუმცა, პლატონ იოსელიანი გვიამბობს, რომ ერეკლე მეფედ კი არა, კახთბატონად იწოდებოდაო. 1760 წელს, დიპლომატიური მისიით რუსეთში გამგზავრების წინ, თეიმურაზ მეფემ თავის შვილიშვილს, გიორგის, „უბოძა სკიპტრა ქართლის მეფობისა, გარემოსდვა მას თავისი სამეფო ხრმალი, დაჰკიდა მას ძალი მორწმუნეთა – ჯვარი ძელ-ჭეშმარიტითა ცმული, ოქროსა ჯაჭვითა საკიდარი და თვალ-მარგალიტითა შემკული მცხეთისა ეკლესიასა შინა, თანდასწრებითა იოსებ კათოლიკოსისა და ეპისკოპოსთა, თავადთა, აზნაურთა და კარისკაცთა. აკურთხა იგი ღვთისმშობლის მცირედითა შემკულითა ხატითა და კურთხევითა სიტყვითა და ცრემლითა გამოეთხოვა შვილსა ირაკლის, შვილისშვილსა გიორგის და სხვათაცა სახლისა თვისისა წევრთა“ და გაემგზავრა რუსეთს.
გზაში რუსებმა ძალიან აწვალეს ჩვენი მეფე. კარგა ხანი არ აძლევდნენ საშუალებას, მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში ჩასულიყო. ამით, ალბათ, მის ფსიქოლოგიურ დამორჩილებას ცდილობდნენ. როგორც იქნა, ჩააღწია მოსკოვში და მერე სანკტ-პეტერბურგში. მაგრამ მისი მიზნები განუხორციელებელი დარჩა. 1762 წელს მეფე თეიმურაზი გარდაიცვალა. რუსებმა მისი გადმოსვენებისთვის ისეთი გზები აირჩიეს, რაც გაწელავდა პროცესს. საბოლოოდ, ჩვენი ხელმწიფე ვერ ჩამოასვენეს სამშობლოში და დაკრძალეს ასტრახანში, მიძინების ტაძარში, თავისი სიმამრის, ვახტანგ მეექვსის გვერდით.
დღეისათვის მისი ცხედარი, ისევე როგორც ვახტანგ მეექვსისა, სამშობლოში ჩამოსვენებული არ არის.
გიორგი მეთორმეტე ტახტზე ავიდა მამის, ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ერთმორწმუნე რუსეთმა აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა.